ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატის, მალხაზ წერეთელის განცხადებით: „ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ბოლო 25 წლის განმავლობაში 43%-ით შემცირდა. ჭიათურის რაიონი იმერეთის რეგიონში სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობით ლიდერობს. 2013-2014 წლებში ქვეყნის მასშტაბით გარემოზე მიყენებული ზიანის 89% ჭიათურის მუნიციპალიტეტზე მოდის. ეს ზიანი თანხობრივად 358 მლნ ლარს შეადგენს. დღემდე ვერ მოხერხდა მუნიციპალური საავადმყოფოს შექმნა, 14 000 ადამიანს სამედიცინო სერვისების მისაღებად ქალაქ ზესტაფონში უწევთ სიარული. პრობლემად რჩება მუნიციპალიტეტის სასმელი წყლით უზრუნველყოფა, მოსახლეობის 50%-ზე მეტი დღემდე უხარისხო წყლით სარგებლობს”.
ფაქტ-მეტრი ჭიათურის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემებით დაინტერესდა და მალხაზ წერეთელის განცხადება გადაამოწმა.
საქსტატის მონაცემებით, 1990 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით,ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა 68.8 ათასს შეადგენდა, 2002 წლის აღწერის მიხედვით 56.3 ათასამდე შემცირდა, ხოლო 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 39.9 ათასს შეადგენს. შესაბამისად, ბოლო 24 წლის განმავლობაში ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 42%-ით შემცირდა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით,ჭიათურის რაიონში საარსებო შემწეობის მიმღები 3 636 ოჯახია (11 176 ადამიანი). სოციალურად დაუცველი მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობასთან 28.1%-ს შეადგენს, მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის 12.6%-ია სოციალურად დაუცველი. ამ მაჩვენებლით ჭიათურა იმერეთის რეგიონში ხარაგაულის და ონის შემდეგ მესამე ადგილზეა.
მალხაზ წერეთელი ჭიათურის რაიონში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზეც მიუთითებს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2013 წელს ჭიათურაში გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 2 246 955 ლარი, 2014 წელს კი 355 148 337 ლარი შეადგინა. 2013 წელს საქართველოს მასშტაბით გარემოსადმი მიყენებული ზიანის 35% ჭიათურაზე მოდიოდა. 2014 წელს ეს მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა და ჭიათურაზე გარემოსადმი მიყენებული ზიანის 89% მოდიოდა. ფაქტ-მეტრი ამ თემაზე ადრეც მუშაობდა (იხილეთ სტატია). ჭიათურის მოსახლეობისთვის ასევე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს სასმელი წყალი. ადგილობრივების ინფორმაციით, წყალი, რომელიც მათ მიეწოდებათ დაბინძურებულია და ეს ერთი შეხედვითაც ჩანს (ჭიათურის ეკოლოგიურ პრობლემებზე იხილეთ ფაქტ-მეტრის სიუჟეტი).რაც შეეხება სამედიცინო მომსახურებას, ესეც პრობლემურია. ჭიათურაში ჯეო-ჰოსპიტალის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი და ამბულატორიული ცენტრი ფუნქციონირებს. ჯეო-ჰოსპიტალის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრს გააჩნია: ქირურგიის, ინფექციური, თერაპიის, სამეანო-გინეკოლოგიური, ანტირაბიული, ლაბორატორიული, რენტგენისა და ექოსკოპიის განყოფილებები. თუმცა, სამედიცინო ცენტრი ძირითადად გადაუდებელ შემთხვევებზეა ორიენტირებული. ამასთან, ჯეო-ჰოსპიტალის სამედიცინო ცენტრი 25 საწოლიანია, მაშინ, როდესაც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა 39 900-ს შეადგენს.
ფაქტ-მეტრი ჭიათურის სამედიცინო ცენტრის ხარისხის მართვის მენეჯერს, ექიმ ზურაბ ლოლაძეს ესაუბრა. მისი თქმით, ეს არის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრი და შესაბამისად ძირითადად გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღებაა შესაძლებელი. სამედიცინო ცენტრში მოწვეული ექიმის მიერ ასევე კეთდება გეგმიური ოპერაციების ნაწილი (მუცლის ღრუს ოპერციები, კატარაქტა, გინეკოლოგიური ოპერაციები).
თუმცა, როგორც ჩვენი საუბრიდან გაირკვა, გადაუდებელი შემთხვევების დროსაც, პაციენტი ყველა სახის სამედიცინო მომსახურეობას ვერ მიიღებს. მაგალითად, ნეიროქირურგიულ დახმარებას ან ინტერვენციულ კარდიოლოგიურ დახმარებას. "ინფარქტის დროს ჩვენ ვმკურნალობთ პაციენტს და გარკვეულ ეტაპამდე მიგვყავს ის. თუმცა, თუ პაციენტს დასჭირდება სტენტირება ან შუნტირება მაშინ ის იგზავნება სხვა კლინიკაში".
ამასთან, ჭიათურის მაღაროს 3 700 თანამშრომელი, რომელიც ჯანმრთელობის დაზღვევის სპეციალური პაკეტით სარგებლობს, სამედიცინო დახმარებას ზესტაფონში, "ფერომედში" ღებულობს. მათ სამედიცინო მომსახურების ჭიათურაში მიღება მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევების დროს შეუძლიათ.
ჭიათურის მოქმედი მაჟორიტარი მალხაზ წერეთელი 2016 წლის არჩევნებშიც ჭიათურის მაჟორიტარობის კანდიდატია ("რესპუბლიკური პარტიიდან"). მართალია, ის კარგად იცნობს რეგიონში არსებულ პრობლემებს, თუმცა საინტერესოა რა გააკეთა მან 4 წლის განმავლობაში ამ პრობლემების მოსაგვარებლად და რას ჰპირდება ის ამომრჩევლებს.
ფაქტ-მეტრისთვის მიცემულ ინტერვიუში მალხაზ წერეთელმა განაცხადა: "წინასაარჩევნო დაპირებაა ყველა იმ პრობლემის მოგვარებისათვის ბრძოლა, რისთვისაც ვიბრძოდი მანამდე. მოგვარების დრო დამოკიდებულია ცენტრალური ხელისუფლებისა და საკანონმდებლო ორგანოს გამართულ და ინტენსიურ მუშაობაზე. ვაგრძელებ აქტიურ მუშაობას გარემოსდაცვის კანონპროექტთა პაკეტზე, რომელიც მზადდება სამინისტროში".
მის თქმით, იგი ორი წელია სთხოვს ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ შეიქმნას კომპლექსური კომისია, რათა დაიდოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გადარჩენა-განვითარების გეგმა.
"ჩემი წინადადები გაგზავნილი მაქვს შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების თაობაზე, სადაც მაღაროელთა ინტერესებია გათვალისწინებული. 3-ჯერ მივმართე საქართველოს პრეზიდენტს, გამოეცხადებინა მუნიციპალიტეტის ნაწილი ეკოლოგიური კატასტროფის ზონად, პასუხს დღემდე ველი. ორი წელია, ვთანამშრომლობ საპენსიო უზრუნველყოფის დეპარტამენტთან, წარდგენილი მაქვს წინადადებები მძიმე სამუშაოზე დასაქმებულთათვის საპენსიო ასაკის დაწევაზე, ასევე ამ დარგში დასაქმებულთათვის დაგროვებით საპენსიო სისტემაში დამსაქმებლის მხრივ განსხვავებული თანადაფინანსება და სხვა. გაგზავნილი მაქვს ფინანსთა სამინიტროში თხოვნა, რომ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გაითვალისწინონ რეგრესის პენსიონერთა 2007-2013 წლების კომპენსაცია", - განაცხადა დეპუტატმა ფაქტ-მეტრთან საუბრისას.
დასკვნა
მალხაზ წერეთელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე სწორად მიუთითებს. საქსტატის მონაცემებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტში ბოლო 24 წლის განმავლობაში მოსახლეობის რაოდენობა 42%-ით შემცირდა. მოსახლეობის დაახლოებით 28% სოციალურად დაუცველია, ამ მაჩვენებლით იმერეთის რეგიონში ის მესამე ადგილზეა. ჭიათურაში უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებლი საქართველოში არსებულ მაჩვენებელზე ორჯერ მეტია.
2013წელს საქართველოს მასშტაბით გარემოზე მიყენებული ზიანის 35%, ხოლო 2014 წელს 89% ჭიათურაზე მოდიოდა. 2013-2014 წლებში ჭიათურაში გარემოსადმი მიყენებული ზიანი თანხობრივად 357 მლნ ლარს აღემატებოდა.
ჭიათურის მოსახლეობისთვის დღემდე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს სასმელი წყლის ხარისხი. ადგილობრივების ინფორმაციით, სასმელი წყალი, რომელიც მათ მიეწოდებათ დაბინძურებულია.
ამასთან, ჭიათურიის მოსახლეობას ადგილზე ძირითადად მხოლოდ ამბულატორიული და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიღება შეუძლია, თუმცა, გადაუდებელი შემთხვევების დროსაც, პაციენტი ყველა სახის სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებს.
ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, მალხაზ წერეთელის განცხადება არის სიმართლე.