წარმოგიდგენთ ინტერვიუებს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის მაჟორიტარობის იმ კანდიდატებთან, რომლებმაც ჩვენს კითხვებს უპასუხეს.

კახა ნუცუბიძე - ვაკის № მე-2 საარჩევნო ოლქი რატომ იყრით კენჭს ამ კონკრეტულ ოლქში?

დავიბადე და გავიზარდე ვაკეში. ჩემი ოჯახიც ამ ოლქში ცხოვრობს, მოღვაწეობს და ნუცუბიძეების თაობა იზრდება ვაკეში. თავს ვალდებულად ვთვლი და ვფიქრობ, ჩემი გადაწყვეტილება სწორია, რადგან ყველაზე მეტად მე მესმის ვაკის პრობლემები.

ჩამოთვალეთ 3-5 (ან მეტი) მთავარი პრობლემა, რომელიც თქვენი ოლქის ამომრჩევლებს (და არა ზოგადად ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას) განსაკუთრებით აწუხებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?

უმუშევრობა. ესაა ძირითადი პრობლემა, ასევე მაწუხებს 40 000 სტატუსშეჩერებული სტუდენტების ბედი, პენსიონრების მწირი პენსია. ჩვენი გუნდი და პირადად მე დიდი ხანია ვმუშაობთ ამ პრობლემების მოგვარების გზებზე. ჩვენი პარლამენტში მოსვლისთანავე დავიწყებთ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელიც დაიწყებს ეტაპობრივად ამ უმძიმესი სამი პრობლემის მოგვარებას. მოგეხსენებათ სხვა პრობლემებიც ჯაჭვურადაა გადაბმული ამ თემებთან.

რა არის თქვენი მთავარი წინაასარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის? რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი.

შეიქმენება ვაკის განვითარების ფონდი, რომელიც მოემსახურება სოციალურად დაუცველებს, პენსიონრებს მრავალშვილიანებს და რა თქმა უნდა სტატუს შეჩერებულსტუდენტებს. ასევე, ბიურო გაუწევს უფასო იურიდიულ მომსახურებას და კონსულტაციას. აუცილებელია წვრილი ბიზნესის ხელშეწყობა რომელიც ავტომატურად შეამცრებს უმუშევრობას რაღაც დონეზე. ამ ყველაფერს ჩემი მაჟრიტარად არჩევის შემთხვევაში დავიწყებთ არჩევის დღიდან. აუცილებლად მე, როგორც სპორტსმენი ახალგაზრდებს შევუწყობ ხელს მიიღონ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა და გამოავლინონ თავის ნიჭი. ჩემთვის პრიორიტეტი ახალგაზრდების განვითარებაა. ვფიქრობ, ისინი უნდა აღვზარდოთ საჭიროებისამებრ, რაც მყისიერად განავითარებს მომავალში ქვეყანას.

გვითხარით ის რეალური გზები, თუ როგორ აპირებთ დაპირებების შესრულებას მაშინ, როდესაც ამ ტიპის საქმიანობა ძირითადად ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში აღმასრულებელი ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმართველობის კომპეტენციაა?

ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენცია და პარლამენტის დეპუტატის ძალიან განსხვავდება. ჩემი ოპონენტები დაპირებებს თავიდანვე ტყუილით იწყებენ. პარლამენტის დეპუტატი ვერ დაეხმარება მოსახლეობას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გასაკეთებელ საქმეებში. ჩვენ გვაქვს ჩვენი საქმე; ჩვენ უნდა ვიყოთ კანონმდებლები, რომლებიც გააკონტროლებენ სხვადასხვა სამსახურებს. რა თქმა უნდა, ჩემი ბიურო მუდმივად ითანამშრობლებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან და გაუწევს რეკომენდაციებს სხვადასხვა თემებზე და დაეხმარება ამომრჩევლებს პრობლემების მოგვარებაში.

რომელი კანონების ინიცირებას გეგმავთ პარლამენტში თქვენს საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით?

ჩვენი გუნდი ერთობლივად დაიწყებს კანონპროექტების ინიცირებას რადგან ყველა უბნის სატკივარი ქვეყნის სატკივარიცაა.

პარლამენტში თქვენი არჩევის შემთხვევაში თუკი ოპოზიციაში იქნებით, რა გზებით შეეცდებით თქვენი დაპირებების განხორციელებას?

იმ შემთხვევაში, თუ ვიქნები ოპოზიციიდან წარმოდგენილი მაჟორიტარი, ჩემს დაპირებებს ყველანაირი კანონიერი გზით შევასრულებ.

გექნებათ თუ არა კონკრეტული ინიციატივები, რომლებსაც მთავრობას და პარლამენტს შესთავაზებთ სამუშაო ადგილების გაზრდისა და უმუშევრობის შესამცირებლად?

აუცილებლად, ჩემი გუნდი მუშაობს საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომელიც ჩვენი პარტიის მიერ პარლამენტში იქნება გასული სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გახდებით პარლამენტის წევრი, რა ინტენსივობით და როგორ გააგრძელებთ ამომრჩეველთან კომუნიკაციას?

ამომრჩევლებთან მე მექნება მუდმივი კომუნიკაცია მე ვიქნები ვაკელების ხმა პარლამენტში. ბიურო იმუშავებს ყოველდღე და გაუწევს მომსახურებას ჩემს ვაკელებს. ხოლო, რაც შეეხება ჩემს შეხვედრებს, გრაფიკიდან გამომდინარე, დაიგეგმება, მაგრამ კვირაში ორი დღე მინიმუმ განკუთვნილი იქნება მხოლოდ მოსახლეობასთან შეხვედრისთვის.

რას ფიქრობთ პარლამენტში ქალთა სავალდებულო კვოტირების იდეაზე? თქვენი აზრით, თქვენი პარტიის მიერ წარმოდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებში და საარჩევნო სიაში დაცულია თუ არა გენდერული ბალანსი და თუ არ არის დაცული - რატომ?

მოგეხსენებათ, ჩვენი პარტიის სიის პირველი სამი ნომერი ქალბატონია. ჩვენი პარტია ზედმიწევნით ასრულებს ყველა მოთხოვნას და იცავს მას. ვფიქრობ, კარგია ქალბატონების აქტიური ჩართულობა პოლიტიკაში.

თქვენი აზრით, უნდა ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში, რომ ქორწინება არის ქალის და მამაკაცის კავშირი? რატომ?

აუცილებლად. ოჯახი, როგორც ყველა ნორმალური ქართველი ადამიანისათვის არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ვეთანხმები კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთებას.

აპირებთ თუ არა პარლამენტში საქართველოს ევროატლანტიკური საგარეო კურსის მხარდაჭერას? თქვენი აზრით რა პოლიტიკა უნდა გაატაროს საქართველომ რუსეთთან და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით? უნდა შეიცვალოს თუ არა რაიმე ამ პოლიტიკაში?

მოვიქცევი ისე, როგორც ჩემი ქვეყნის მდგომარეობის გაუმჯობესებას აწყობს.

რა მიგაჩნიათ მთავარ პრობლემებად/გამოწვევებად ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტეგრაციის გზაზე და რა მთავარი ნაბიჯებია გადასადგმელი ინტეგრაციული პროცესების გასაუმჯობესებლად?

ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება და ვფიქრობ, რელიგიური და ენიკური უმცირესობები ნელ-ნელა ინტეგრირდებიან ჩვენს საზოგადოებაში და არც ადრე იყო ამის პრობლემა. თბილისი იყო უერთიერთობები და ყოველთვის ჩვენს ქვეყანაში იყვნენ განსხვავებული ეთნოსის და რელიგიური მრწამსის ადამიანები, მაგრამ ამის გამო არ ყოფილა საზოგადოებრივი კონფლიქტები.

თამარ ბარამიძე - საბურთალოს მე-6 ოლქი რატომ იყრით კენჭს ამ კონკრეტულ ოლქში?

ჩემი ოლქი არის საბურთალოს მე-6 ოლქი. მე დაახლოებით 40-45 წელია საბურთალოს ტერიტორიაზე ვცხოვრობ. სკოლა ამ უბანში დავამთავრე, უნივერსიტეტიც, ჩემი შრომითი საქმიანობაც მთლიანად ამ უბანს უკავშირდება. მოკლედ რომ ვთქვა, მთელი ჩემი ბიოგრაფია  საბურთალოს და კონკრეტულად ამ ოლქთან არის დაკავშირებული.

ჩამოთვალეთ 3-5 (ან მეტი) მთავარი პრობლემა, რომელიც თქვენი ოლქის ამომრჩევლებს (და არა ზოგადად ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას) განსაკუთრებით აწუხებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?

ცოტა ძნელია ისეთი პრობლემების ჩამოთვლა, რომელიც ზოგადად არ აწუხებს ქვეყნის მოსახლეობას. ეს არის ეკონომიკური პრობლემები, უმუშევრობა, მაგრამ კონკრეტულად საბურთალოსთვის, მაგალითად, გამოვყოფდი განაშენიანების პრობლემას, რომელიც საბურთალოს რაიონში უსისტემოდ და დაუგეგმავად მიმდინარეობს. ცოტა ხანში ამ ტერიტორიაზე მწვანე საფარი საერთოდ აღარ იქნება. არ არის პატარა სკვერებიც კი.  ძალიან რთული სიტიაციაა დოლიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე. გაიჩეხა, განადგუდა ხეები და „ვენდისი“ შესაძლებელია სადმე სხვაგან აშენებულიყო. ასეთივე პრობლემა აქვს სპორტის სასახლის მიმდებარე ტრიტორიას. ამ ოლქში ცხოვრობენ სოციალურად დაუცველი ადამიანები. მიუხედავად იმისა, რომ ამ სტატუსის მიღება ახლა უფრო გამარტივებულია, პრობლემა მაინც რჩება. მე კარდაკარ სიარულისას შევხვდი ოჯახებს, რომლებსაც  ეს დახმარება მოუხსნეს. აღნიშნული კატეგორიის ადამიანებს განსაკუთრებით აწუხებთ მედიკამენტების პრობლემები და ა. შ. მე კიდევ ვარძელებ მოსახლეობასთან შეხვედრებს, სადაც უფრო კარგად გამოჩნდება სხვა პრობლემებიც.

რა არის თქვენი მთავარი წინაასარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის? რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი.

მე დავიწყებ სამედიცინო სფეროდან, რადგან ჩემთვის ეს სფერო  უფრო ახლოსაა. ვთვლი, რომ ჯანდაცვის რეფორმა ხელისუფლების საკმაოდ წარმატებული რეფორმაა, მაგრამ ამ პროგრამას შემდეგ განვითარება არ მოჰყოლია. საჭიროა პირველად ჯანდაცვას  ჰქონდეს სახელმწიფოსგან ხელშეწყობა. ამასთან ვთვლი, რომ უმწეო ადამიანებისათვის წამალი უნდა იყო უფასო.

რაც შეეხება განაშენიანებას, ამ სფეროში კომპეტენტური პირები, არქიტექტორები უნდა ჩაერთონ, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. დანარჩენი, რაც ჩვენი პროგრამით არის გათვალისწინებული, მოხდება ეტაპობრივად.

ზოგადად, ჩვენი პარტიის დაპირებებს რაც შეეხება, მე ცოტა შორიდან დავიწყებ. დიდხანს ვფიქრობდი მეყარა თუ არა კენჭი, რადგან  აქამდე საერთოდ არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში არ ვყოფილვარ გაწევრიანებული. პატრიოტთა ალიანსის მთავარი მახასიათებელი არის ის, რომ ჩვენ ვართ ქართველები, ქართული ტრადიციების, ადათ-წესების დამცველები და ყველა ჩვენი მოქმედება საქართველოს ინტერესებს ემსახურება. ჩვენ არ ვლაპარაკობთ პოლიტიკური ლოზუნგებთ, ჩვენი ყველა დაპირება არის რეალური, შესრულებადი იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ პარლამენტში მოვალთ  და ჩვენი იდეების განხორციელების საშუალება გვექნება. რაც შემეხება პირადად მე, თავადაც ვყოვილვარ ამომრჩეველი და თავადაც ვიცი, რომ  წინასაარჩევნოდ დაპირებებს იძლევიან და მერე, აღარც კი გვახსოვს ვინ არის ჩვენი მაჟორიტარი. მე ყველას ვეუბნები, რომ უნდა ვიცხოვრო, ვიმუშავო თქვენ გვერდით და ჩემი კარები იქნება ყოველთვის ღია და ტელეფონი ჩართული. მე ყოველთვის მზად ვიქნები ხალხის მოსასმენად და იმ ვალდებულებების შესასრულებლად, რასაც ჩემი ამომრჩეველი დამაკისრებს.

გვითხარით ის რეალური გზები, თუ როგორ აპირებთ დაპირებების შესრულებას მაშინ, როდესაც ამ ტიპის საქმიანობა ძირითადად ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში აღმასრულებელი ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმართველობის კომპეტენციაა?

ჩვენ, ყოველ შემთხვევაში გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცებაში მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენ უნდა შევასრულოთ შუამავლის როლი.

რამდენად არსებობს შესაბამისი საკონონმდებლო ბაზა (ანუ, რა უფლებები გაქვთ ან არ გაქვთ როგორც მაჟორიტარს და ამ მხრივ რას შეცვლიდით) და ეკონომიკური რესურსი იმ დაპირებების შესასრულებლად, რასაც თქვენ იძლევით?

ჩვენ არ გვაქვს არარეალური დაპირებები. ჩვენ ვთვლით, რომ არსებული ბიუჯეტის საშუალებითაც შეიძლება ამ დაპირებების შესრულება. მაგალითად, ვთვლით, რომ ქვეყნის ძლიერება დამოკიდებულია მცირე და საშუალო ბიზნესის ძლიერებაზე. მცირე ბიზნესი უნდა გათავისუფლდეს გადასახადებისაგან. უნდა შეიქმნას ფონდი, რომლისთვისაც  ბიუჯეტის 4 %გამოიყოფა. დაახლოებით 8 000 ოჯახს შესაძლებლობა ექნება წარმოადგინოს ბიზნეს იდეა და თუ ეს იდეა იქნება ფონდისთვის საინტერესო გამოიყოფა 20-დან 80 ათასამდე უპროცენტო, გრძელვადიანი სესხი. ასეთ იდეებს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება, ჩვენ უნდა დავეხმაროთ ამ ადამიანებს ფართითაც, იურისტითაც და ა.შ. წარმოიდგინეთ სამ-ოთხ წელიწადში  ეს რა შედეგს მოიტანს, რამდენი ოჯახი თვითონ დასაქმდება,თვითონ გახდება მეწარმე და ხელს შეუწყობს გარშემომყოფების დასაქმებასაც.

რას ფიქრობთ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების იდეაზე? უნდა გაუქმდეს თუ არა და რატომ?

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდათი ვარ, ვთვლი, რომ უნდა გაუქმდეს. ეს სისტემა არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს კანდიდატებს, რადგან მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს მოსახლეობის ნაწილი და არა მთლიანად მოსახლეობა. ხშირად, ეს სისტემა ხდება პარტიული ვაჭრობის წყაროც და ვთვლი, რომ უნდა გაუქმდეს.

პარლამენტში თქვენი არჩევის შემთხვევაში თუკი ოპოზიციაში იქნებით, რა გზებით შეეცდებით თქვენი დაპირებების განხორციელებას?

ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა პარტიასთან, რომელიც ემსახურება ქვეყნის ინტერესებს, თუმცა არ ვაპირებთ თანამშრომლობას ნაციონალურ მოძრაობასთან.

გექნებათ თუ არა კონკრეტული ინიციატივები, რომლებსაც მთავრობას და პარლამენტს შესთავაზებთ სამუშაო ადგილების გაზრდისა და უმუშევრობის შესამცირებლად?

მცირე მეწარმეობისათვის ხელის შეწყობა, იმ ფონდის შექმნა, რომელიც ვახსენე იქნება უმუშევრობის შესამცირებლად გადადგმული ნაბიჯები. ძალიან ბევრი კარგი იდეებია, რომელთაც ხელშეწყობა სჭირდება. როგორც აღვნიშნე თუ წელიწადში 8 000 პროექტს განვახორციელებთ, 3-4 წელიწადში ეს უკვე საკმაოდ დიდ რაოდენობას მოგვცემს.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გახდებით პარლამენტის წევრი, რა ინტენსივობით და როგორ გააგრძელებთ ამომრჩეველთან კომუნიკაციას?

მე ამომრჩევლებს რომ ვხვდები სულ იმას ვეუბნები, რომ მე ვარ თქვენთან ერთად, მე არ ვაპირებ არსად წასვლას. რაც შეეხება გარანტიებს, რამდენად შევასრულებ ჩემს დაპირებებს, ეს გარანტია არის სწორედ ჩვენი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობა შეძლებს დეპუტატის გამოწვევას, რაც მაჟორიტარი დეპუტატის პასუხისმგებლობას ზრდის.

არჩევის შემთხევევაში მომდევნო წლები იქნებით დეპუტატი, თუ შეიძლება აღმასრულებელ ხელისუფლებაში გიხილოთ?

ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. არ ვიცი, თუ ჩემი გამოცდილება საჭირო იქნება აღმასრულებელ ხელისუფლებაში, რატომაც არა.

უჭერთ თუ არა მხარს, რომ პარლამენტმა საქმიანობა ქუთაისში განაგრძოს?

არა, რადგან ვთვლი, რომ ეს ზედმეტი ხარფია და ამის ფუფუნება ჩვენ არ გვაქვს.

  რას ფიქრობთ პარლამენტში ქალთა სავალდებულო კვოტირების იდეაზე? თქვენი აზრით, თქვენი პარტიის მიერ წარმოდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებში და საარჩევნო სიაში დაცულია თუ არა გენდერული ბალანსი და თუ არ არის დაცული - რატომ?

მე მხარს ვუჭერ პარლამენტში ქალთა სავალდებულო კვოტირებას. ვთვლი, რომ ქალები პოლიტიკაში აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები. ჩვენი პარტიის შემთხვევაშიგენდერული ბალანსი  დაცულია.

თქვენი აზრით, უნდა ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში, რომ ქორწინება არის ქალის და მამაკაცის კავშირი? რატომ?

უნდა ჩაიწეროს. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ვართ ქართველები და პატივს ვცემთ ტრადიციებს, ადათ-წესებს, რელიგიას, ვთვლი, რომ უნდა ჩაიწეროს.

აპირებთ თუ არა პარლამენტში საქართველოს ევროატლანტიკური საგარეო კურსის მხარდაჭერას? თქვენი აზრით რა პოლიტიკა უნდა გაატაროს საქართველომ რუსეთთან და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით? უნდა შეიცვალოს თუ არა რაიმე ამ პოლიტიკაში?

საქართველო პატარა ქვეყანაა და ჩვენ უნდა დავაბალანსოთ პოლიტიკა დიდ ქვეყნებთან. რა თქმა უნდა, უნდა გავაგრძელოთ ევრო-ატლანტიკური კურსი, მაგრამ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთთანაც უნდა მოვილაპარაკოთ. უნდა გავაკეთოთ ის, რასაც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები მოითხოვს. ეს არ ნიშნავს, რომ ან პრო-დასავლურები ვართ ან პრო-რუსები, ჩვენ ვართ ქართველები და ის პოლიტიკა უნდა გავატაროთ, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს.

რა შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, რა თქმა უნდა ევროატლანტიკური ხაზიც უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ უნდა დავილაპარაკოთ რუსეთთან.

რა მიგაჩნიათ მთავარ პრობლემებად/გამოწვევებად ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტეგრაციის გზაზე და რა მთავარი ნაბიჯებია გადასადგმელი ინტეგრაციული პროცესების გასაუმჯობესებლად?

ვთვლი, რომ ეროვნულმა უმცირესობებმა უნდა დაიცვან თავიანთი ენა, ტრადიციები, ადათ-წესები და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ, მაგრამ ასეთივე პატივს უნდა სცემდნენ და საქართველო მათაც ისევე უნდა სტკიოდეთ, როგორც ჩვენ. ქართული ენიც ცოდნა არის პრობლემა. ინტეგრაციული პროცესების გასაუმჯობესებლად, ვთვლი, რომ მათ ფართოდ უნდა გავუხსნათ გზა ისწავლონ ქართულ სკოლებში, ქართულ უნივერსიტეტებში. აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ ადგილობრივ და საპარლამენტო საქმიანობაში. ქართული ენა უნდა ისწავლონ  და შემდეგ აქტიური მონაწილეობა მიიღონ ყველა პროცესში, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს.

ალეკო ამზაშვილი - საბურთალოს მე-4 საარჩევნო ოლქი რატომ იყრით კენჭს ამ კონკრეტულ ოლქში?

ცნობადობა პირველ ყოვლისა. მე თვითონ საბურთალოს მკვიდრი გახლავართ და ასე თუ ისე, ვიცნობ მათ პრობლემებს. ბევრი შეხების წერტილი მაქვს კონკრეტულად ამ ოლქში და ამ უბანთან.

ჩამოთვალეთ 3-5 (ან მეტი) მთავარი პრობლემა, რომელიც თქვენი ოლქის ამომრჩევლებს (და არა ზოგადად ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას) განსაკუთრებით აწუხებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?

ჩემი ოლქის ამომრჩევლებს ძირითადად ის პრობლემები აწუხებთ, რომელთა მოგვარებაც თვითმმართველობის კომპეტენციაა. საქმწუხაროდ, იქიდან გამომდინარე, რომ თვითმმართველობა თავის სიმაღლეზე ვერ დგას, ადამიანები იძულებულები ხდებიან თავიანთი გადაუჭრელი პრობლემების გამო ნებისმიერს შესჩივლონ. ამიტომ, მოსახლეობა ხშირად შეცდომაში შედის, მათ ჰქონიათ რომ პარლამენტარმა უნდა მოუგვაროს ეს პრობლემები.

რაც შეეხება თვითონ პრობლემებს, უნდა მოგახსენოთ, რომ ჩემი ოლქი საკმაოდ მრავალფეროვანია. ის აერთიანებს ქალაქის ნაწილს და ასევე სოფლის ნაწილს, სოფელ დიღომს და ვეძისის ზედა დასახლებას, სადაც ქალაქისგან განსხვავებული პრობლემებია. ქალაქს აწუხებს გამწვანება, უნებართვო მშენებლობები, ავტო-სატრანსპორტო კოლაფსი, გზები, ხოლო, მაგალითად, სოფელ დიღომში არის წყლის, კანალიზაციის პრობლემები, მიუხედავად იმისა, რომ სოფელი დიღომი ქალაქს შემოუერთდა, დღემდე მაინც პრო-ენერგო აწვდის ელექტროენერგიას, რის გამოც განსხვავებულია ტარიფი და მომსახურების დონეც დაბალია. ამასთან დაკავშირებით რამდენჯერმე მივმართეთ პრო-ენერგოს, თუმცა ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

მე მოსახლეობას ვეუბნები პირდაპირ, რომ ამ პრობლემების მოგვარება პარლამენტის პრეროგატივა არ არის, თუმცა მე ყველანაირად ვეცდები თვითმმართველობაზე ვიქონიო ზეგავლენა და მათ მოახერხონ აღნიშნული პრობლემების მოგვარება. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, თავს ზემოთ ძალა არ არის, თუ შევძელი და ეს საკითხები  განსახილველად  გავიტანე, მაშინ თავს ბედნიერად ჩავთვლი და ვიტყვი, რომ ჩემი ერთ-ერთი პატარა მისია შევასრულე.

რა არის თქვენი მთავარი წინაასარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის? რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი.

მე დიდი ხანია ვმუშაობ მოსახლეობის ძირითად პრობლემებზე და პირველ ყოვლისა ამ საკითხების საკანონმდებლო დონეზე დაყენება არის ჩემს ინტერესში. რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, ესენი იქნება საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, იპოთეკით დაზარალებულთა შესახებ კანონი, ჩვენ დაახლოებით 4 წელია ამ თემაზე ვმუშაობთ და ჩამოყალიბებული გვაქვს ის ღონიძიებები, რომლებიც სახელმწიფომ უნდა გაატაროს ამ ადამიანების პრობლემის მოსაგვარებლად. უნდა მივიღოთ კანონი პიროვნების გაკოტრების შესახებ და სახელმწიფომ უნდა აღიაროს იპოთეკური კრიზისი, რომელიც დღეს არის შექმნილი. კიდევ ერთი კანონპროექტი რომლის ინიცირებასაც ვგეგმავთ ეხება მცირე ბიზნესის განვითარებას.

რამდენად არსებობს შესაბამისი საკონონმდებლო ბაზა (ანუ, რა უფლებები გაქვთ ან არ გაქვთ როგორც მაჟორიტარს და ამ მხრივ რას შეცვლიდით) და ეკონომიკური რესურსი იმ დაპირებების შესასრულებლად, რასაც თქვენ იძლევით?

რა თქმა უნდა არსებობს რესურსები. უნდა დაიგეგმოს ბიუჯეტი და თავიდანვე უნდა გავითვალისწიიონოთ აღნიშნული საკითხები. უნდა გადავხედოთ სახელფასო ფონდს, პრემიებისა და დანამატების ოდენობას და იქიდან გამომდინარე შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა.

რომელი კანონების ინიცირებას გეგმავთ პარლამენტში თქვენს საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით?

იპოთეკით დაზარალებულთა შესახებ კანონის.

რას ფიქრობთ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების იდეაზე? უნდა გაუქმდეს თუ არა და რატომ?

მაჟორიტარული სისტემა ძალიან მანკიერი სისტემაა. იმის მიუხედავად რომ თვითონ მაჟორიტარი კანდიდატი ვარ, ჩვენი კანონმდებლობის პირობებში არ შეიძლება ამ სისტემის არსებობა. მთავარი პრობლემაა, რომ არჩევნებში, საარჩევნო უბნებზე არ არის პარიტეტი როგორც ცესკოში ასევე ოლქებში. წარმომადგენლობა სუბიექტებს შორის არათაბრად არის გადანაწილებული. ვიღაცას მეტი უფლება და პრივილეგია აქვს, ვიღაცას კიდევ საერთოდ არ აქვს. სხვათა შორის, ჩვენნაირი სისტემა მხოლოდ რუსეთში და ბელორუსიაშია.

პარლამენტში თქვენი არჩევის შემთხვევაში თუკი ოპოზიციაში იქნებით, რა გზებით შეეცდებით თქვენი დაპირებების განხორციელებას?

პირველ ყოვლისა გავახმოვანებ ამ პრობლემებს. შევეცდები მმართველ პარტიაში ვნახო ის ხალხი, რომლებიც დაეთანხმებიან ჩვენს ინიციატივებს და მათთან თანამშრომლობით ვეცდები დაპირებების შესრულებას.

გექნებათ თუ არა კონკრეტული ინიციატივები, რომლებსაც მთავრობას და პარლამენტს შესთავაზებთ სამუშაო ადგილების გაზრდისა და უმუშევრობის შესამცირებლად?

მცირე ბიზნესის განვითარების გეგმა, რომელიც ჩვენ გვაქვს პროგრამაში, სწორედ ამას ემსახურება.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გახდებით პარლამენტის წევრი, რა ინტენსივობით და როგორ გააგრძელებთ ამომრჩეველთან კომუნიკაციას?

მე მეყოლება წარმომადგენლობა ამომრჩევლებთან და მე თუ ვერ შევძლებ, ჩემი წარმომადგენლების საშუალებთ მექნება კომუნიკაცია ჩემს ამომრჩევლებთან.

არჩევის შემთხევევაში მომდევნო წლები იქნებით დეპუტატი, თუ შეიძლება აღმასრულებელ ხელისუფლებაში გიხილოთ?

დავრჩები დეპუტატი, რადგან ჩვენ დიდი ხანია ვემზადებით ამისთვის და ეს იდეები და ეს პროქტები, რომლებიც ზემოთ ვახსენე, პარლამენტარის მანდატით უნდა მოგვარდეს.

უჭერთ თუ არა მხარს, რომ პარლამენტმა საქმიანობა ქუთაისში განაგრძოს?

არა. ძალიან ბევრი ხარჯია და მერე გზა, სიარული აქეთ-იქით, იკარგება დრო. აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კომუნიკაცია თბილისიდან უფრო ადვილია, რადგან სამინისტროები აქ არის. ქუთაისს ისეთი შენობა აქვს, სიმართლე გითხრათ, კარგი აკვა-პარკი გაკეთდებოდა იქ.

რას ფიქრობთ პარლამენტში ქალთა სავალდებულო კვოტირების იდეაზე? თქვენი აზრით, თქვენი პარტიის მიერ წარმოდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებში და საარჩევნო სიაში დაცულია თუ არა გენდერული ბალანსი და თუ არ არის დაცული - რატომ?

ჩვენს პარტიაში პირველი სამი ქალბატონია და ამით მგონი ყველაფერია ნათქვამი. ჩემთვის მნიშვნელოვანია არა გენდერი არამედ ის, თუ რამდენად პროფესიონალია ამა თუ იმ სფეროში ადამიანი.  სავალდებულო კვოტირების საკითხი თუ დადგება პარლამენტში ალბათ დავუჭერ მხარს.

თქვენი აზრით, უნდა ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში, რომ ქორწინება არის ქალის და მამაკაცის კავშირი? რატომ?

ვისთვისაც ეს პრობლემაა უნდა კონსტიტუციაში ჩაწეროს და უნდა კედელზე ჩამოიკიდოს სახლში. ჩემთვის ეს პრობლემა არ არის და არ ვთვლი, რომ კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს.   კანონი თვითონ არეგულირებს ამ საკითხს და მისი კონსტიტუციაში ჩაწერის აუცილებლობას ვერ ვხედავ.

აპირებთ თუ არა პარლამენტში საქართველოს ევროატლანტიკური საგარეო კურსის მხარდაჭერას? თქვენი აზრით რა პოლიტიკა უნდა გაატაროს საქართველომ რუსეთთან და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით? უნდა შეიცვალოს თუ არა რაიმე ამ პოლიტიკაში?

საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსს აუცილებლად ვუჭერთ მხარს, მაგრამ არა პრო-ამერიკული, პრო-ფრანგული ან რამე სხვა „პრო“-ს კუთხით, არამედ, მხარს ვუჭერთ ქართული თვითმყოფადობის შენარჩუნებით ქვეყნის ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში.

რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობებს, შეცვლით ვერაფერს ვერ შევცვლით, ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, რადგან ძალთა თაფარდობა აბსოლუტურად შეუსაბამოა, ამიტომ რუსეთთან მიმართებით უნდა ვიყოთ თავშეკავებულები და ნელ-ნელა უნდა მივიდეთ სასურველ მიზნამდე. თუ საჭროა დიალოგიც უნდა გავმართოთ, მაგრამ ამ დიალოგის გზით მიღწეულ შეთანხმებებში თუ არ გვექნება მყარი გარანტიები, მაშინ რუსეთის ნაკლებად მჯერა, მგონია, რომ დაარღვევენ ნებისმიერ შეთანხმებას.

რა მიგაჩნიათ მთავარ პრობლემებად/გამოწვევებად ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტეგრაციის გზაზე და რა მთავარი ნაბიჯებია გადასადგმელი ინტეგრაციული პროცესების გასაუმჯობესებლად?

უნდა განვითარდეს მცირე ბიზნესი. ეს არის ის, რაც აკავშირებს და აახლოვებს ადამიანებს ერთმანეთთან. გავიხსენოთ რითი იყო თბილისი გამორჩეული; მეიდანზე იკრიბებოდნენ სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური წარმოშობისა და აღმსარებლობის ადამიანები, ისინი ვაჭრობდნენ ერთმანეთთან, მათ შორის იყო კომუნიკაცია, რაც ხელს უწყობდა მათ დაახლოებას.

კახა კუკავა - გლდანის 22-ე ოლქი რატომ იყრით კენჭს ამ კონკრეტულ ოლქში?

აქ ვიყრიდი კენჭს 2008 წელს გაერთიანებული ოპოზიციიდან, მაშინ ავიღე 22 000 ხმა და მე ვფიქრობ, რომ ყველა მაჟორიტარმა, რომელიც მოიგებს ან ყოველ შემთხვევაში დიდ მხარდაჭერას მიიღებს ამა თუ იმ მაჟორიტარულ ოლქში, სწორი იქნება შემდგომშიც გააგრძელოს ურთიერთობა ამ ამომრჩეველთან. ჩემთვის გაუგებარია, მაგალითად ქართული ოცნების ან სხვა პარტიის წარმომადგენლების პოზიცია, რომლებმაც  მოიგეს 2012 წელს საარჩევნო ოლქები, მისცეს ამომრჩეველს დაპირება და ახლა სხვა ოლქებში გადავიდნენ კენჭის საყრელად. ეს პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ მათ ამომრჩეველთან მისასვლელი პირი აღარ აქვთ. მე თუ მოვიგებ ამ საარჩევნო ოლქს, მით უფრო, ყოველთვის, ვიდრე პოლიტიკაში ვიქნები ამ საარჩევნო ოლქიდან ვაპირებ კენჭისყრას.

ჩამოთვალეთ 3-5 (ან მეტი) მთავარი პრობლემა, რომელიც თქვენი ოლქის ამომრჩევლებს (და არა ზოგადად ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას) განსაკუთრებით აწუხებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?

ამდენი პრობლემა, რომელიც სპეციფიური იქნებოდა მუხიანისთვის და გლდანისთვის ნამდვილად არ არსებობს. ეს არის, ზოგადად, რაიონი, რომელიც არ გამოირჩევა სიმდიდრით და ამიტომ, რაც აწუხებს ღარიბ და საშუალო ფენებს ის პრობლემები აქ უფრო მწვავეა. ასე რომ გამოვყოთ, ძალიან სპეციფიური, დავუშვათ მუხიანისთვის არის მუხიანის აგარაკებზე კანალიზაციის და გზის პრობლემა, რაც ქალაქის უბნების უმეტესობაში გადაწყვეტილია. მე შემიძლია გამოვყო ზოგადად 3-5 პრობლემა, რომელიც მიმაჩნია, რომ არა მარტო ჩემი ამომრჩევლისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის არის პრობლემური. პირველი, ეს არის საპენსიო უზრუნველყოფა, რომელიც არანაირ თანაფარდობაში არ არის საარსებო მინიმუმთან. მეორე, გამოვყოფდი მონოპოლიების პრობლემას და ფასებს, რაც გულისხმობს იმას, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებში ჩვენი ამომრჩეველი იხდის ბევრად უფრო მეტს, ვიდრე ეს არის საბაზრო ფასი. მესამე, დავასახელებ სესხების პრობლემას, სადაც ასევე რეალურად კაბალის მსხვერპლი ხდება ხოლმე ჩვენი მოსახლეობა და ბოლოს გამოვყოფდი ყველაზე მთავარს, ეს არის უმუშევრობის პრობლემა. რეალურად შრომის ბაზარის არ არსებობს და შემთხვევით რამე თუ არ განმოჩნდა, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში დასაქმება პრაქტიკულად შეუძლებელია უბრალო ადამიანებისათვის.

რა არის თქვენი მთავარი წინაასარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის? რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი. ჩვენ გვაქვს ზუსტი, წერილობით შედგენილი გრაფიკი, რომელსაც აქვს ამომრჩეველთან ხელშეკრულების ფორმა. თუ მე მოვიგე მაჟორიტარული ოლქი და გავხდი დეპუტატი, დეპუტატს შეუძლია კანონპროექტის ინიცირება და მე ვამბობ, რომ წლის ბოლომდე ანუ საშემოდგომო სესიის ბოლომდე მოვახდენ 19 კანონპროექტის ინიცირებას. მიიღ