წარმოგიდგენთ მცხეთა-მთიანეთის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატთა ინტერვიუებს. ესენი არიან: დიმიტრი ხუნდაძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“), ირაკლი ბერიაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა), კოკა მორგოშია („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“).

ინტერვიუები მომზადდა წინასწარ შედგენილი კითხვარის მიხედვით, რომელიც ყველა კანდიდატისთვის ძირითადად ერთნაირი იყო. მიღებული პასუხები იმგვარადაა დაჯგუფებული, რომ მკითხველს კანდიდატთა პოზიციების შედარება გაუადვილდეს.

რაც შეეხება კიდევ ერთ, დამოუკიდებელ კანდიდატს - ცეზარ ჩოჩელს, მან უშუალოდ ჩვენს კითხვებზე პასუხი არ გასცა, თუმცა მისი შტაბიდან მივიღეთ გარკვეული სახის წინასაარჩევნო ხედვა, რომელსაც ქვემოთ უცვლელად შემოგთავაზებთ.

  რატომ იყრით კენჭს ამ კონკრეტულ ოლქში? დიმიტრი ხუნდაძე („ქართული ოცნება“)

მე ვარ მცხეთელი, გასული 4 წლის მანძილზე ვიყავი მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი, ამ ხნის მანძილზე მცხეთაში ჩემი ინიციატივით ბევრი რამ გაკეთდა და მსურს განვაგრძო ჩემი რაიონისთვის მოღვაწეობა.

ირაკლი ბერიაშილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

მცხეთა არის ჩემი მშობლიური ქალაქი, მე დავიბადე და გავიზარდე ჩემს ულამაზეს ქალაქ  მცხეთაში, შესაბამისად ძალიან კარგად ვიცნობ მცხეთის რაიონს, ვიცი ყველა პრობლემა, რაც აწუხებს მცხეთელებს და მცხეთის რაიონში მცხოვრებ მოსახლეობას.

პროფესიით ვარ ექიმი, ზოგადი ქირურგი, თუმცა ცხოვრების ყველა ეტაპზე აქტიურად ვიყავი ჩართული საზოგადოებრივ აქტივობებში.ყოველთვის ვებრძოდი უსამართლობას და გულთან მიმქონდა თითოეული მოქალაქის პრობლემა. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მუდმივად ადამიანებზე მზრუნველობით ვიყავი დაკავებული, თუმცა ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა კრიზისმა გადამაწყვეტინა გადამედგა ეს ნაბიჯი და წავსულიყავი პოლიტიკაში. ჩემთვის პოლიტიკა არის მეტი შესაძლებლობა გავაგრძელო ადამიანებზე ზრუნვა უკვე ფართო მასშტაბებით.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აქვს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის კონკრეტული გეგმა, ასევე გამოცდილება,  შესაბამისად, უნარიც, სწორედ ამან გადამაწყვეტინა ვყოფილიყავი ამ გუნდის  ნაწილი  დაპროფესიონალი ადამიანების რიგებს შევერთებოდი. ახალი ენერგიით, წარსულის პოზიტიური და ნეგატიური გამოცდილების გააზრების საფუძველზე ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნის შენებას. ჩვენ შეგვიძლია წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობა!

კოკა მორგოშია („პატრიოტთა ალიანსი“)

ამ კონკრეტულ ოლქში კენჭს მაჟორიტარ დეპუტატად იმიტომ ვიყრი, რომ 30 წელია, ჩემი ოჯახი მცხეთის რაიონში ცხოვრობს და ზედმიწევნით კარგად ვიცი, თუ რა პრობლემები აქვს რაიონს და საერთოდ, რეგიონს. გარდა ამისა, საინვესტიციო კომპანიამ, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, ოთხი წლის მანძილზე  მცხეთის რაიონში ათეულობით მილიონის ინვესტიცია უკვე განახორციელა.  შესაბამისად, ვიცი  რა არის იმისთვის საჭირო, რომ რაიონი ეკონომიკური კრიზისიდან გამოვდიეს.

  ჩამოთვალეთ 3-5 (ან მეტი) მთავარი პრობლემა, რომელიც თქვენი ოლქის ამომრჩევლებს (და არა ზოგადად ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას) განსაკუთრებით აწუხებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები? დიმიტრი ხუნდაძე („ქართული ოცნება“)

ძირითადი პრობლემაა უმუშევრობა. მუნიციპალური პრობლემები სულ მალე თითქმის ყველა სოფელში დამთავრდება. მცხეთაში უკვე შექმნილია 800-მდე სამუშაო ადგილი, სადაც დასაქმება იწყება მიმდინარე წლის ოქტომბრიდან. რაც შეეხება სოფლის პრობლემებს, ყველა სოფლეში სულ რამდენიმე თვეში დასრულდება ყველა დასამთავრებელი პროექტი.

ირაკლი ბერიაშილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

მცხეთის რაიონში, როგორც მთელს ქვეყანაში პრობლემები თითქმის იდენტურია, ყველაფერი  ქვეყნის ეკონომიკურ სტაგნაციას უკავშირდება, არ არის სამუშაო ადგილები, გაძვირებულია ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები, გაზრდილია კრიმინალი, შეჩერებულია ინფრასტრუქტურული პროექტები, არასამართლიანად ხორციელდება ქვეყნის სოციალური პოლიტიკა და სხვა.

ჩვენს გვაქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა მოვაგვაროთ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აღნიშნული პრობლემები და როგორ უნდა უპასუხოთ ამ გამოწვევებს. მაგალითად,  მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათების დაშვებით შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს; სოციალურად დაუცველთა სტატუსის მინიჭებისთვის შევიმუშავებთ სამართლიან პრინციპებს; გვექნება ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული და არა ჩინოვნიკების პირად სიამოვნებაზე მორგებული ბიუჯეტი; ჩვენი სამოქმედო გეგმა ქვეყანაში დაასრულებს გაჭირვებას, უმუშევრობასა და ხალხში გაჩენილ უიმედობას.

უკეთესი განათლებისთვის, 2017 წელსვე სასკოლო ვაუჩერი 50%-ით გაიზრდება, რის შემდეგაც სასკოლო სამეურვეო საბჭო მასწავლებელთა ხელფას მინიმუმ 650 ლარამდე გაზრდის; 5000-ით გაიზრდება სახელმწიფო გრანტით დაფინანსებული სტუდენტების ოდენობა და სხვა.

ბიზნესის განვითარებისა და დასაქმებისთვის, გამოვაცხადებთ სრულ საგადასახადო ამნისტიას; გავაუქმებთ ფინანსურ პოლიციას; შევზღუდავთ ეკონომიკური სახის დანაშაულზე წინასწარი პატიმრობის გამოყენებას; საშემოსავლო გადასახადს შევამცირებთ 2017 წელს 20% დან 15% მდე,  შემდეგი სამი წლის განმავლობაში 10% მდე; დღგ-ს შევამცირებთ 4 წლის განმავლობაში 18-დან 10%-მდე; დღგ-ს საერთოდ არ გადავახდევინებთ მას, ვინც დღეში საშუალოდ 550 (ანუ წლიურად 200 000) ლარზე ნაკლებს ვაჭრობს; საერთოდ არ დავბეგრავთ მას, ვინც დღეში საშუალოდ 250 (ანუ წლიურად 90 000) ლარზე ნაკლებს ვაჭრობს; მხოლოდ ბრუნვის 3-5%-ით დავბეგრავთ მათ, ვინც დღეში საშუალოდ 550 (ანუ წლიურად 200 000) ლარზე ნაკლებს ვაჭრობს; რაც ჩვენი გათვლებით შექმნის 45 000 ახალ სამუშაო ადგილს.

ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ სოფლის მეურნეობას, საჯარო რეესტრში აღვრიცხავთ დარეგისტრირებულ მიწებს; მცხეთის რაიონში მოვაწყობთ საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემებს, მოვაწესრიგებთ ქალაქისა და სავარგულებთან მისასვლელ გზებსა და მოვაწყობთ სანიაღვრეებს; მრავალსართულიან სახლებზე შევაკეთებთ სახურავებს, მოვაწესრიგებთ სარდაფებსა და ეზოებს; სოფლებში დავასრულებთ უწყლობას. მოვაწესრიგებთ შიდა გზებს, სანიაღვრე სისტემებს, გავიყვანთ გარე განათებას; მოვახდენთ სკოლების აღდგენას და მძიმე მდგომარეობის შემთხვევაში ავაშენებთ ახალს.

კოკა მორგოშია („პატრიოტთა ალიანსი“)

მცხეთის რაიონის მოსახლეობას ისევე, როგორც მთელ საქართველოს, უმუშევრობა აწუხებს. გარდა ამისა, მცხეთაში წყლისა და სარწყავი არხების პრობლემაცაა. ყველა ეს პრობლემა, რომ მოგვარდეს, ერთადერთი გამოსავალი არსებობს: ინვესტიციები, ანუ იმის თქმა მინდა, რომ მცხეთის რაიონში ადგილობრივმა თუ უცხოელმა ბიზნესმენებმა, რაც შეიძლება მეტი ფული უნდა დააბანდონ. ამით რაიონის ბიუჯეტი გაიზრდება, რაც არა თუ სამუშაო ადგილებს შექმნის, არამედ, ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც განავითარებს.

რა არის თქვენი მთავარი წინაასარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის? რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი. დიმიტრი ხუნდაძე („ქართული ოცნება“)

პარლამენტში ვაპირებ განვაგრძო  აქტიური საკანონმდებლო მუშაობა. რაც შეეხება ქალაქ მცხეთასა და მცხეთის რაიონს, შემუშავებული მაქვს ჩემი საარჩევნო პროგრამა.

ქალაქ მცხეთასა და მცხეთის რაიონში განსახორციელებელი პროგრამა მომდევნო 4 წელიწადში:

დასაქმება:

ქალაქ მცხეთაში 800-მდე სამუშაო ადგილი დამთავრებულ და მიმდინარე ობიექტებში უკვე შექმნილია, რომლებიც მიმდინარე წლის ოქტომბრიდან ეტაპობრივად გაიხსნება  და დაიწყება ადგილობრივი მოქალაქეების დასაქმება.

ჩვენი ხელშეწყობით, ქალაქ მცხეთასა და მცხეთის რაიონში მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში კიდევ დაიწყება  10 ახალი მსხვილი ბიზნეს-პროექტის  განხორციელება,  სადაც ათასობით ადგილობრივი მოქალაქე დასაქმდება.

ახალი პროექტები: 

განახლდება თეატრონის ტერიტორია, სადაც მოეწყობა ახალგაზრდული გასართობი ცენტრის მთლიანი კომპლექსი. თეატრონის ტერიტორიაზე, ასევე განხორციელდება საბავშვო გასართობი ცენტრის უპრეცედენტო პროექტი, რომელიც იქნება ქართული ზღაპრის გმირების საბავშვო ქალაქი: ატრაქციონები,  ზღაპრის სახლი, მულტფილმების საჩვენებლად განკუთვნილი დარბაზი და საბავშვო სადღესასწაულო ცენტრი.

ინფრასტრუქტურული მიმართულებით: 

ქალაქ მცხეთაში მოპირკეთდება შიდა გზები; იუნესკოსთან შეთანხმებით, გაგრძელდება მცხეთის ქუჩების რეაბილიტაცია; აღდგება სვეტიცხოვლისა და ჯვრის მონასტრის დამაკავშირებელი ძველი საცალფეხო ხიდი; გაგრძელდება ქალაქის უბნებში სკვერების და მინი სტადიონების მოწყობა. მცხეთა კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება ტურისტებისთვის.

ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ხელს შევუწყობ იმას, რომ მცხეთის რაიონში გაგრძელდეს ბაღების, სკოლების, ამბულატორიების, სტადიონების და სკვერების მშენებლობა. უკლებლივ ყველა სოფელს ექნება 24-საათიანი სასმელი წყლით მომარაგება. სრულად დამთავრდება გაზიფიცირება, სარწყავი არხების რეაბილიტაცია, გზების მშენებლობა. ლისი-წოდორეთის მიმართულებით არსებული პრობლემების უსწრაფესი მოგვარებისათვის, ვიზრუნებთ დედაქალაქთან მრავალმხრივ ინტეგრაციაზე.

მაქსიმალურად ვიზრუნებთ დევნილი მოსახლეობის და მათ შორის, ვეტერანების საცხოვრებელი და ყოფითი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.

ირაკლი ბერიაშილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

ჩვენი მთავარი დაპირება არის ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა, ქვეყნის სწრაფი ტემპებით განვითარება, ჩვენი გამოცდილების, ჩვენი და ამჟამინდელი მთავრობის შეცდომების გაანალიზებით ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რაც სახელმწიფო სისტემებში არსებობს.

ჩვენი მიზანია ახალი ენერგიით საქმის კეთება, ჩვენი მიზანია ქვეყანაში ყველა მშრომელი ადამიანი იყოს სათანადოთ  დაფასებული, დაცული და  ჰქონდეს დამოუკიდებლად განვითარების საშუალება.  ჩვენ  მთავარი დაპირებაა გადასახადების  შემცირება და 45000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა, 1 მილიარდი ლარით ბიუროკრატიაზე გაწეული ხარჯის შემცირება და პენსიის 50 ლარით გაზრდა, მასწავლებლის ხელფასი 650 ლარიდან და 50% ით გაზრდა, გაზრდილი სასკოლო ვაუჩერის ღირებულება,  სოციალური დახმარების აღდგენა და ეს ყველაფერი 2017 წელსვე.

კოკა მორგოშია („პატრიოტთა ალიანსი“)

საერთოდ, დაპირებები არ მიყვარს, მაგრამ მცხეთის რაიონის ყველა ოჯახის ერთი წევრი მაინც დასაქმებული უნდა იყოს და სტაბილური ანაზღაურება ჰქონდეს. შეიძლება, მკითხოთ, ამას როგორ მოახერხებთო. როგორ და, - ჩემს მიერ მოზიდული ინვესტიციებით, ანუ პარლამენტმა საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე უნდა იმუშაოს. პარლამენტში სწორედ ამ მიზნით მივდივარ - მე მხოლოდ ინვესტიციების მოზიდვა კი არა, წვრილი, საშუალო და მსხვილი ბიზნესისთვის ხელშეწყობაც შემიძლია!

  გვითხარით ის რეალური გზები, თუ როგორ აპირებთ დაპირებების შესრულებას მაშინ, როდესაც ამ ტიპის საქმიანობა ძირითადად ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში აღმასრულებელი ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმართველობის კომპეტენციაა? დიმიტრი ხუნდაძე („ქართული ოცნება“)

მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური საკითხები ადგილობრივი თვითმმართველობების პრეროგატივაა, მე როგორც დეპუტატი მაქსიმალურად ხელს შევუწყობ დიდი პროექტების განხორციელებას და ვიქნები კარგი გაგებით ლობისტი ჩემი რაიონის.

ირაკლი ბერიაშილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

ჩვენ ყველა დაპირებას შევასრულებთ აღმასრულებელი ხელისუფლების და საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკით, მიზნობრივი პროგრამებით, იქნება ეს სოციალური ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა თუ სხვა. რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობას, ჩვენ მცხეთის რაიონის მოსახლეობას კარდაკარ ვხდებით და მათ პრობლემებს ადგილზე ვეცნობით, შესაბამისად მომავალშიც ჩემი პარლამენტში დეპუტატობის შემთხვევაში მექნება ესეთივე უშუალო და პირდაპირი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, მათ პრობლემებს, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შედის გაუწევ ადვოკატირებას, როგორც ნდობით აღჭურვილი პირი ვიქნები მათი შუამავალი და მათი ინტერესების დამცველი, იქნება ეს ადგილობრივი თვითმმართველობა თუ აღმასრულებელი ხელისუფლება. ყველა კანონიერ ბერკეტს გამოვიყენებ იმისთვის, რომ დავიცვა მცხეთელების ინტერესები და მოუგვარო მათ  არსებული პრობლემები.

კოკა მორგოშია („პატრიოტთა ალიანსი“)

მაჟორიტარი, პირველ რიგში, კანონმდებელია. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოში ისეთი კანონების ლობისტი ვიქნები, რითიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე ფესვგამდგარ ბიუროკრატიას მოსპობს. ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლას  სწორედ ეს ბიუროკრატია უშლის ხელს, რადგან ინვესტორი რამდენიმე თვე არ დაელოდება, ადგილობრივი ბიუროკრატები როგორ გადაწყვეტილებას მიიღებენ. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ პარლამენტში ჩემი მოღვაწეობის მთავარი, ასე ვთქვათ, ხაზი, ინვესტიციებისა და ბიზნესის ხელშეწყობა იქნება, რაც რეგიონს და, ზოგადად, ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს.

რამდენად არსებობს შესაბამისი საკონონმდებლო ბაზა (ანუ, რა უფლებები გაქვთ ან არ გაქვთ როგორც მაჟორიტარს და ამ მხრივ რას შეცვლიდით) და ეკონომიკური რესურსი იმ დაპირებების შესასრულებლად, რასაც თქვენ იძლევით? დიმიტრი ხუნდაძე („ქართული ოცნება“)

ამ დაპირებების შესასრულებლად ეკონომიკური რესურსი თითქმის უკვე მოძიებულია. ახლად გაცხადებულ პროებქტებზე  მსურველები უკვე არიან. კანონის დაცვით, ყველა პროექტის კონცეფცია და შემდგომში თავად პოროექტები განხორციელდება.

ირაკლი ბერიაშილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

ჩვენი პოლიტიკური გუნდი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, საქართველოს პარლამენტში შევქმნით უმრავლესობას, დავაკომპლექტებთ აღმასრულებელ ხელისუფლებას, ჩვენი დაპირებებიდან გამომდინარე  დავამტკიცებთ ბიუჯეტსა და სახელმწიფო პროგრამებს, რითაც შევძლებთ შევასრულოთ ჩვენი ყველა საარჩევნო დაპირება.

კოკა მორგოშია („პატრიოტთა ალიანსი“)

მხოლოდ გამოცდილება კი არა, შესაბამისი კონტაქტებიც მაქვს, რომ არათუ დიდი ინვესტიციები შემოვიტანო, არამედ, მუნიციპალიტეტებსა თუ ბიზნესჯგუფებს დავეხმარო, რომ რეგიონში საკმარისი თანხები გაჩნდეს, რითიც, როგორც წეღან გითხარით, სამუშაო ადგილები შეიქმნება. ამით ხალხის სოცილურ-ეკონომიკური პრობლემებიც მოგვარდება.

  რომელი კანონების ინიცირებას გეგმავთ პარლამენტში თქვენს საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით? დიმიტრი ხუნდაძე („ქართული ოცნება“)

კანონების არა, მაგრამ ვგეგმავ წინა ხელისუფლების პერიოდში მცხეთისთვის თბილისის სასარგებლოდ  წართმეული ტერიტორიების დაბრუნებას, რომელიც გაზრდის ქალაქის შემოსავლებს.

ირაკლი ბერიაშილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

პრობლემების ანალიზიდან გამომდინარე, რომელსაც მუდმივად ვახდენთ, შევიმუშავებთ ისეთ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელიც მოაგვარებს ქვეყანაში და მათ შორის მცხეთაში არსებულ პრობლემებს და ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას.

კოკა მორგოშია („პატრიოტთა ალიანსი“)

პირველ რიგში, პარლამენტმა ისეთი კანონები უნდა მიიღოს, რაც ხელს ტურიზმის განვითარებას შეუწყობს. საერთოდ, მცხეთის რაიონში ტურისტული ბიზნესის განსავითარებლად კარგი პოტენციალი არსებობს და ამ პოტენციალის არგამოყენება დანაშაულია!

  რას ფიქრობთ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების იდეაზე? უნდა გაუქმდეს თუ არა და რატომ? დიმიტრი ხუნდაძე („ქართული ოცნება“)

დღევანდელი შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობები არ არიან იმდენად ძლიერნი, რომ მათ შეძლონ მაჟორიტარების გარეშე რაიონის მოვლა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტები აუცილებლად უნდა გაძლიერდნენ და ამის შემდეგ ვიმსჯელებთ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე. თუმცა, დღესვე შემიძლია დავადასტურო ჩემი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ  სოფლის გზებზე, წყალზე და სხვა ადგილობრივ პრობლემებზე დეპუტატი არ უნდა საუბრობდეს.

ირაკლი ბერიაშილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

არსებული მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და უნდა შემოვიღოთ მაჟორიტარულ პროპორციული სისტემა, რომ  ყველა რეგიონს ყავდეს თავისი წარმომადგენელი პარლამენტში, ყველა დეპუტატი უნდა იყოს ხალხის ხმა პარლამენტში.

პარლამენტში თქვენი არჩევის შემთხვევაში თუკი ოპოზიციაში იქნებით, რა გზებით შეეცდებით თქვენი დაპირებების განხორციელებას? დიმიტრი ხუნდაძე („ქართული ოცნება“)

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს ყოველთვის უჭირთ დაპირებების შესრულება. ეს საშიშროება არ ემუქრება მცხეთას, რადგან, ამ გადასახედიდან არ ვაპირებ ოპოზიციაში წასვლას.

ირაკლი ბერიაშილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

ჩვენ პოლიტიკური გუნდი, ნაციონალური მოძრაობა, დღეს ვართ ოპოზიციაში და ყველა კანონიერ ბერკეტს ვიყენებთ და შესაძლებლობას რომ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოებრივი და მოსახლეობის ინტერესები, 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩვენ ვიქნებით უმრავლესობაში  და გავაგრძელებთ ქვეყნის განვითარებას.

კოკა მორგოშია („პატრიოტთა ალიანსი“)

საინტერესო პროექტებისა და რეგიონში ინვესტიციების შემოტანის ლობირებას ოპოზიციიდანაც მოვახერხებ, რადგან წეღანაც გითხარით, რომ პარლამენტში პირადი კეთილდღეობისთვის კი არა, იმისთვის მივდივარ, რომ ხალხს ვემსახურო! ჩვენ ხალხისთვის და ხალხთნ ერთად ყველაფრის გაკეთებას შევძლებთ!

გექნებათ თუ არა კონკრეტული ინიციატივები, რომლებსაც მთავრობას და პარლამენტს შესთავაზებთ სამუშაო ადგილების გაზრდისა და უმუშევრობის შესამცირებლად? დიმიტრი ხუნდაძე („ქართული ოცნება“)

კონკრეტული ინიციატივები უკვე მაქვს დასაქმების ადგილების გასაზრდელად და არჩევნები შემდეგ დავიწყებ ამ ინიციატივების განხორციელებას.

ირაკლი ბერიაშილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა და ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა ეკონომიკურად, როგორ უნდა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, როგორ უნდა მოვიზიდოთ ინვესტიციები, გამოვიყენოთ საერთაშორისო შესაძლებლობები და სხვა.

კოკა მორგოშია („პატრიოტთა ალიანსი“)

მართალია, ამ შეკითხვაზე უკვე გიპასუხეთ, მაგრამ დავაკონკრეტებ: დიახ, უკვე მაქვს რამდენიმე კანონპროექტის იდეა, რომელიც საშუალებას მოგცემს, მცხეთის რაიონში და, საერთოდ, მთელ საქართველოში უმუშევრობის პრობლემა დავძლიოთ და ბინეზესის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემო შევქმნათ!

  იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გახდებით პარლამენტის წევრი, რა ინტენსივობით და როგორ გააგრძელებთ ამომრჩეველთან კომუნიკაციას? დიმიტრი ხუნდაძე („ქართული ოცნება“)

გასული 4 წლის მანძილზე მე ყოველი წლის ბოლოს ვაბარებდი ანგარიშს ჩემს ამომრჩეველს. როგორც ქალაქში, ასევე სოფლებშიც ვაწყობდი დიდ შეხვდრებს და ვესაუბრებოდი ადგილობრივ მოსახლეობას უკვე განხოციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე.

ირაკლი ბერიაშილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

ჩვენ მცხეთის რაიონის მოსახლეობას კარდაკარ ვხვდებით და მათ პრობლემებს ადგილზე ვეცნობით, შესაბამისად მომავალშიც, ჩემი პარლამენტში დეპუტატობის შემთხვევაში მექნება ესეთივე უშუალო და პირდაპირი კომუნიკაცია მოსახლეობასთან.

კოკა მორგოშია („პატრიოტთა ალიანსი“)

ჩემი პარლამენტში მოქმედების გეგმა, მარტივად რომ გითხრათ, ასეთია: ხალხისთვის და ხალხთან ერთად! შესაბამისად, მოსახლეობასთან ერთად, შევადგენ გრაფიკს და დათქმულ დროს დათქმულ ადგილას მივალ, ხალხს იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებ პარლამენტში, ანგარიშს ჩავაბარებ და მისგან რჩევებსაც მოვისმენ, ანუ ჩვენ - მე და მცხეთის რაიონის მოსახლეობა ყველაფერს ერთად დავგეგმავთ და განვახორციელებთ!

არჩევის შემთხევევაში მომდევნო წლები იქნებით დეპუტატი, თუ შეიძლება აღმასრულებელ ხელისუფლებაში გიხილოთ? დიმიტრი ხუნდაძე („ქართული ოცნება“)

გამორიცხული არაფერი არ არის. სადაც უფრო მეტად დავჭირდები ჩემს ქვეყანას, იქ ვიქნები.

ირაკლი ბერიაშილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

მე ვიქნები უშუალოდ ხალხის მიერ არჩეული დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოში, ხალხის ხმა პარლამენტში, შესაბამისად  ოთხი წლის ვადაში ვაპირებ დავიცვა მცხეთელების ინტერესები პარლამენტში და აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყოფნას არ ვაპირებ.

კოკა მორგოშია („პატრიოტთა ალიანსი“)

ადამიანმა არასოდეს არ უნდა თქვას „არასოდეს“, მაგრამ გპირდებით, ოთხი წელი დეპუტატი ვიქნები და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ხალხის ცხოვრება უკეთესი გავხადო!

  რა წინადადებები გექნებათ ადგილობრივი თვითმართველობის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად? დიმიტრი ხუნდაძე („ქართული ოცნება“)

მეტი დამოუკიდებლობა ჩარევებისგან და მეტი ხელშეწყობა მთავრობისგან.

ირაკლი ბერიაშილი( „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

მეტი დამოუკიდებლობით და ჯანსაღი კონკურენციით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ეფექტიანობა გაიზრდება, რასაც დღეს არსებულ სიტუაციაზე და მმართველობის სტილზე ვერ ვიტყვით.

კოკა მორგოშია („პატრიოტთა ალიანსი“)

აუციელებლია, რომ საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის წევრებმა ვიწრო პარტიულ ინტერესებზე უარი თქვან და რეგიონის განვითარების მიზნით, კომპრომისზე წავიდნენ, ანუ მოკლედ რომ გითხრათ, ხელისუფლების ყველა შტოში, მათ შორის, მუნიციპალიტეტში სახელმწიფოებრივად მოაზროვე ადამიანები უნდა იყვნენ, რაც დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა!

გაქვთ თუ არა კონკრეტული მოსაზრებები რეგიონში სტიქიური მოვლენების პრევენციისა და მათზე რეაგირებისათვის? დიმიტრი ხუნდაძე („ქართული ოცნება“)

ამის შესახებ მე დამოუკიდებლად ინიციატივები არ მაქვს.

ირაკლი ბერიაშილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

მცხეთის რაიონს კონკრეტულად, სხვა რაიონებისგან განსხვავებით, ლოკალური სტიქიური პრობლემები არ აწუხებს და ამიტომ, ეს საკითხი გლობალურად ქვეყნის მასშტაბით უნდა იქნას განხილული.

კოკა მორგოშია („პატრიოტთა ალიანსი“)

ამ მხრივ მცხეთის რაიონში ბევრი საქმეა გასაკეთებელი და, ბუნებრივია, საკანონმდებლო ორგანოში ყურადღების მიღმა არც ეს საკითხი დამრჩება!

უჭერთ თუ არა მხარს, რომ პარლამენტმა საქმიანობა ქუთაისში განაგრძოს? დიმიტრი ხუნდაძე („ქართული ოცნება“)

არა, რადგან ამ შემთხვევაში იკარგება დრო და ენერგია. ქუთაისი უკვე არის საუნივერსიტეტო ქალაქი და ეს არის მისი სწორი ფუნქცია.

ირაკლი ბერიაშილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

დიახ, საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული, რომ ქალაქი ქუთაისი არის საპარლამენტო ქალაქი და ეს უნდა შენარჩუნდეს.

კოკა მორგოშია („პატრიოტთა ალიანსი“)

მოკლედ გიპასუხებთ: არა! პარლამენტი ქვეყნის სახეა და ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ვფიქრობ, საკანონმდებლო ორგანო დედაქალაქში უნდა ფუნქციონირებდეს! ყველამ კარგად ვიცით, „ნაციონალებმა“ პარლამენტი ქუთაისში რატომაც გადაიტანეს, თუმცა ვერც ამან უშველათ და ხალხის რიხვას მაინც ვერ გადაურჩნენ!

რას ფიქრობთ პარლამენტში ქალთა სავალდებულო კვოტირების იდეაზე? თქვენი აზრით, თქვენი პარტიის მიერ წარმოდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებში და საარჩევნო სიაში დაცულია თუ არა გენდერული ბალანსი და თუ არ არის დაცული - რატომ? დიმიტრი ხუნდაძე („ქართული ოცნება“)

სავალდებულო ქვოტირება ქალთა საკითხებთან დაკავშირებით არ მიმაჩნია მართებულად. პოლიტიკაში უნდა იყოს ის, ვინც ნამდვილად იმსახურებს. თუმცა, ქალები უფრო მეტად უნდა იყვნენ წარმოდგენილი პოლიტიკაში.

ირაკლი ბერიაშილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

ჩვენს პარტიაში არის და ყოველთვის იყო დაცული გენდერული ბალანსი, შესაბამისად ეს მომავალშიც გაგრძელდება, რაც ბუნებრივი პროცესია და არ საჭიროებს ხელოვნურ ჩარევებს.

კოკა მორგოშია („პატრიოტთა ალიანსი“)

„პატრიოტთა ალიანსში“ გენდერული თანასწორობა დაცულია, რასაც მივესალმები. ჩვენ, „პატრიოტებს“ ძალიან მონდომებული და მოტივირებული ქალბატონები გყვავს და ამის მაგალითი პარტიის გენერალური მდივანი ირმა ინაშვილია!

  თქვენი აზრით, უნდა ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში, რომ ქორწინება არის ქალის და მამაკაცის კავშირი? რატომ? დიმიტრი ხუნდაძე („ქართული ოცნება“)

დიახ, უნდა ჩაიწეროს. ამით მყარად იქნება დაცული ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ფასეულობა - ოჯახი.

ირაკლი ბერიაშილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

მე პირადად, ვერც ამის საჭიროებას და ვერც  აუცილებლობას ვერ ვხედავ.

კოკა მორგოშია („პატრიოტთა ალიანსი“)

კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერის გაკეთება აუცილებელია, რადგან ეს ხალხის დაკვეთაა!

აპირებთ თუ არაპარლამენტში საქართველოს ევროატლანტიკური საგარეო კურსის მხარდაჭერას? თქვენი აზრით რა პოლიტიკა უნდა გაატაროს საქართველომ რუსეთთან და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით? უნდა შეიცვალოს თუ არა რაიმე ამ პოლიტიკაში? დიმიტრი ხუნდაძე („ქართული ოცნება“)

რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს, ისევე როგორც მხარს ვუჭერ საქართველოს დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას.

ირაკლი ბერიაშილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

მე პირადად  ყველაფერს გავაკეთებ, რომ ევრო ატლანტიკური კურსი არ შეიცვალოს, გაძლიერდეს და მოხდეს ქვეყნის სრული ინტეგრაცია მის სტრუქტურებში. რაც შეეხება რუსეთთან დიალოგს, ეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით  უნდა მოხდეს. დიალოგის მთავარი საკითხი იქნება საქართველოს დეოკუპაცია და შემდეგ სავაჭრო კულტურული ურთიერთობები. არცერთ შემთხვევაში სახელმწიფო ინტერესების სანაცვლოდ არ უნდა  მოხდეს რუსულ მხარესთან საუბარი და უპირობოდ უნდა მოხდეს იძულებით გადაადგლებულ პირთა დაბრუნება საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე.

კოკა მორგოშია („პატრიოტთა ალიანსი“) ევროპასთან ურთიერთობა უნდა გავაორმაგოთ. მესმის, ამის გაკეთება რთული იქნება, მაგრამ საერთო ენა ოკუპანტ ქვეყანასთანაც თუნდაც იმიტომ უნდა გამოვნახოთ, რომ ჩვენი დაკარგული ტერიტორიები დავიბრუნოთ და შევქმათ ერთიანი და ძლიერი საქართველო! ყვ