აღნიშნული ოლქის საარჩევნო სიებში გარდაცვლილი ადამიანები არიან რეგისტრირებულნი. ცამციშვილი აცხადებს, რომ მისი შტაბის წარმომადგენლებმა 15 სხვადასხვა უბანში არსებული სიები თავად გადაამოწმეს და 130 ადამიანი აღმოაჩინეს, რომლებიც რამდენიმე წელი ან თვე გარდაცვლილები არიან.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
თავდაპირველად, ჩვენ თემურ ცამციშვილს დავუკავშირდით, რომელმაც მის ხელთ არსებულ საარჩევნო სიებში შეყვანილი გარდაცვლილი ადამიანების სიამოგვაწოდა.
თემურ ცამციშვილის მიერ მოწოდებულ სიაში 2016 წლის 6 ივნისს, ქუთაისში, ჭომის დასახლებაში მოკლული მაიზერ ბანძელაძე აღმოჩნდა.გარდაცვლილი ქუთაისში, ჭომის დასახლებაში, ლესელიძის მე-3 ჩიხის #6-ში ცხოვრობდა და ხმას 32-ე უბანზე აძლევდა. ბანძელაძის ოჯახი აცხადებს, რომ გარდაცვალების ცნობა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში აღებული აქვთ, პიროვნების საარჩევნო სიაში არსებობის შესახებ "ქართული ოცნების" შტაბსაც აცნობეს და განცხადება საარჩევნო უბანზეც დაწერეს, თუმცა მაიზერ ბანძელაძე ამომრჩეველთა სიაში ამ დრომდე რჩება.
ფაქტ-მეტრი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საარჩევნო კომისიის პოზიციით დაინტერესდა. ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ავთანდილ ოსეფაიშვილი სიებში ე.წ. "მკვდარი სულების" არსებობას არ გამორიცხავს, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ მსგავსი შემთხვევები საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასა და სამართლიანობაზე გავლენას ვერ მოახდენს.
ოსეფაიშვილის განცხადებით, როდესაც ოჯახი იუსტიციის სახლიდან პირის გარდაცვალების ცნობას იღებს, ამ ადამიანის საარჩევნო სიიდან ამოშლა ავტომატურად ხდება. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის მიერ ამ საბუთის დამზადება არ ხდება, პიროვნება სიაში რჩება.
იმ შემთხვევაში, თუ გარდაცვლილი პიროვნება მაინც დარჩა ამომრჩეველთა ერთიან სიაში, საუბნო საარჩევნო კომისიებში და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურებში განაცხადის სპეციალური ფორმა არსებობს, რომელიც ოჯახის წევრების მიერ ივსება. ასეთ დროს პირის გარდაცვალების მოწმობის წარდგენა აუცილებელია. ამის შემდეგ ინფორმაცია საუბნო კომისიიდან საოლქოს, შემდეგ კი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიეწოდება. ოსეფაიშვილი აღნიშნავს, რომ ცესკო იღებს შესაბამის ზომებს, რომ გარდაცვლილი ადამიანები არ მოხვდნენ საარჩევნო სიებში. კომისია მზადაა ითანამშრომლოს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და რიგით მოქალაქეებთან და მიიღოს მათგან ცნობები მსგავსი პირების სიებში არსებობის შესახებ.
ფაქტ-მეტრმა, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, სიაში დასახელებულ პირებზე ინფორმაცია გადაამოწმა. აღმოჩნდა, რომ ყველა მათგანი რამდენიმე თვის ან კვირის წინ გარდაიცვალა (ენდი ჯანაძე, ზაზა ბოდოკია, ლიანა კოტიადი, ოთარ ჩაგუნავა, ნელი ეფრემიძე, ლეილა ფხაკაძე, რამაზ ხარაბაძე, სარდიონ მარდალეიშვილი, ლენა ასათიანი, ვენერა გუგუციძე, ზენიკო შარაშენიძე, ლევან ლორთქიფანიძე, ედიკო ცაციაშვილი, ვაჟა კიკვაძე). მათი უმრავლესობის სახელზე გარდაცვალების მოწმობა გარდაცვალებისთანავე, ან გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეშია გაცემული. 27 სექტემბრის მდგომარეობთ, საარჩევნო უბნებში გამოკრულ სიებში სინი მაინც ფიგურირებდნენ, თუმცა რამდენიმე მათგანი ცესკოს მიერ საიტზე გამოქვეყნებულ ამომრჩეველთა სიაში აღარ იძებნება. ოჯახის წევრები ფაქტ-მეტრთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ ამ ადამიანების სახელზე ამომრჩევლის მონაცემთა ბარათებიც მიიღეს და შესაბამისი ზომების მიღებას აპირებენ.
კიდევ ერთი გარდაცვლილი, ცამციშვილის მიერ მოწოდებულ სიაში, ქუთაისში, ჯავახიშვილის #20/2-ში მცხოვრები შურა ლაღაძეა, რომელიც ხმას 49-ე უბანზე აძლევდა. ქალბატონი 12 სექტემბერს გარდაიცვალა. ოჯახმა გარდაცვალების ცნობა იმავე დღეს აიღო. ლაღაძის ოჯახში აცხადებენ, რომ მათ არ დაუწერიათ განცხადება პირის გარდაცვალების შესახებ საუბნო საარჩევნო კომისიაში, რადგანაც ფიქრობდნენ, რომ უბანს ინფორმაციას ამ ფაქტის შესახებ იუსტიციის სახლი მიაწოდებდა. შურა ლაღაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტზე არსებულ ამომრჩეველთა ერთიან სიაშიც(27 სექტემბრის მდგომარეობით) იძებნებოდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ვებგვერდზე სიის განახლების ბოლო თარიღად 12 აგვისტოა მითითებული, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ცვლილება ასახული ჯერ ვერ იქნება.
ამომრჩეველთა განახლებული მონაცემები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 16 სექტემბერს მიიღო.ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიასა და თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარავიძეს მონაცემების ელექტრონული ვერსია იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი პატარიძემ და მისმა მოადგილემ, მამუკა სამხარაძემ გადასცეს. სააგენტომ ცესკოს 3 577 375 პოტენციური ამომრჩევლის მონაცემები გადასცა, რომლის დამუშავების შემდეგ ამომრჩეველთა ერთიანი სია კიდევ ერთხელ განახლდება. უკვე არსებულ სიებში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს საარჩევნო კომისიის ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის 2016 წლის 22 სექტემბრის 18 საათამდე უნდა მიემართათ და შესაბამისი ცვლილებების შეტანა მოეთხოვათ.
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო სიებში არსებული გარდაცვლილი პიროვნებების შესახებ ინფორმაცია მედიის წარმომადგენლებისთვის 22 სექტემბერს გახდა ცნობილი. თემურ ცამციშვილი ფაქტ-მეტრთან საუბარში აცხადებს, რომ განაცხადი და გარდაცვლილ პირთა ჩამონათვალი საოლქო საარჩევნო კომისიაში იმავე დღეს შეიტანა.
ფაქტ-მეტრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ქუთაისის რეგიონალურ კოორდინატორს, თეონა გოგიშვილს ესაუბრა. გოგიშვილის განცხადებით, გარდაცვლილი ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც საარჩევნო სიებშია, არა მხოლოდ მმართველ გუნდს, არამედ ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას შეუძლია გამოიყენოს, ვის ხელთაც ეს სია აღმოჩნდება. იმისათვის, რომ ამ ადამიანების ხარჯზე არჩევნების გაყალბება არ მოხდეს, რამდენიმე დამცავი მექანიზმი არსებობს. მათ შორის ერთ-ერთი საარჩევნო უბანზე მისული პირების ფოტოსურათით იდენტიფიცირებაა. ყველაზე მთავარი კი, გოგიშვილის განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების, პარტიების წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების კეთილსინდისიერი მუშაობაა.
დასკვნა
ფაქტ-მეტრმა თემურ ცამციშვილის მიერ მოწოდებული სია, სადაც 130 გარდაცვლილ პირზე არის საუბარი, შერჩევითი პრინციპით გადაამოწმა. ჩვენ კონკრეტულ მისამართებზე ვიყავით და აღმოვაჩინეთ, რომ ეს პიროვნებები რეალურად გარდაცვლილები არიან, თუმცა საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებულ სიებში ამ დრომდე ფიგურირებენ.
აღსანიშნავია, რომ ცამციშვილის მიერ გასაჯაროებულ სიაში ისეთი პირებიც არიან, რომლებიც ცესკოს ვებგვერდის საშუალებით გადამოწმებისას საარჩევნო სიაში არ აღმოჩნდნენ.
ცესკოს ოფიციალურ გვერდზე ამომრჩეველთა სიები ჯერ არ განახლებულა, შესაბამისად, 22 სექტემბრის ჩათვლით დაფიქსირებულ უზუსტობებზე, ცესკოს შესაბამისი რეაგირების შედეგად, სიები შეიძლება კვლავ შეიცვალოს.
რაც შეეხება საუბნო საარჩევნო კომისიაში არსებულ სიებს, როგორც 102-ე საუბნო კომისიის მდივანმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, განახლებულ სიებს 7 ოქტომბრისთვის ელოდებიან.
ამ ეტაპზე, ფაქტ-მეტრი თემურ ცამციშვილის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს, თუმცა ამ საკითხს სიების განახლების შემდეგ დაუბრუნდება.