რომ "ქართული ოცნებიდან" თელავი-ყვარლის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი სესიაშვილის საარჩევნო შტაბს არაადამიანურ მოპყრობაში მხილებული პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე აკა საჩიშვილი ხელმძღვანელობს. აკა საჩიშვილი ამჟამად ქალაქ თელავის მერის მოადგილეა.
ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
როგორც მეგუთნიშვილმა ფაქტ-მეტრს უთხრა, 2010 წელს, როცა ის დააკავეს,კუდ-ის და პოლიციის კახეთის სამხარეო სამმართველოს სხვა ხელმძღვანელებთან ერთად თელავის პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე (აკა) საჩიშვილი სასურველი ჩვენების მიღების მიზნით პოლიციის განყოფილებაში წყლით სავსე ბოთლით ცემდა. მისივე თქმით, პროკურატურას აკა საჩიშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების თხოვნით არაერთხელ მიმართა, მაგრამ გამოძიება არ დაწყებულა. ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ, 2012 წელს, აკა საჩიშვილი ჯერ თელავის გამგებლის მოადგილედ, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ კი ქალაქ თელავის მერის მოადგილედ დაინიშნა და ახლაც ამ თანამდებობაზე მუშაობს.
"ქარხანაში კუდ-ის და პოლიციის თანამშრომლები 8 მანქანით შემოვიდნენ. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს ახმეტა-თელავის განყოფილების უფროსთა ზაზა უზუნაშვილთან და კახეთის კუდ-ის უფროსის მოადგილე დავით ლორთქიფანიძესთან ერთად იქ იყვნენ თელავის პოლიციის მაშინდელი უფროსი შოთა ბეჟანიშვილი, ასევე მისი მოადგილე აკა საჩიშვილი. ჩემთან ერთად კიდევ საწარმოს სამი თანამშრომელი დააკავეს. გადაგვიყვანეს პოლიციის შენობაში, სადაც ბეჟანიშვილი და საჩიშვილი წყლით სავსე ბოთლებით გვცემდნენ და გვაიძულებდნენ გვეთქვა, რომ თითქოს, ქარხანაში ყურძნის ჩაბარების საკითხით დაინტერესებული მათი თანამშრომლი, ზურაბ გრძელიშვილი ვცემეთ და მანქანა დავუმტვრიეთ. მერე გადამიყვანეს გლდანის ციხეში, სადაც 4 თვე ვიყავი პატიმრობაში. ჩემს ჩვენებებში პოლიციის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად აკა საჩიშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულზე ვუთითებდი, მაგრამ ის არ დააკავეს. პირიქით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის არაერთხელ დააწინაურეს. დავიღალე ამაზე ლაპარაკით. რაც მეტს ვსაუბრობ, მეტი პრობლემა მექმნება. ახლა, როგორც ვიცი, ის სესიაშვილის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს", - აღნიშნა ალექსანდრე მეგუთნიშვილმა.
2010 წლის 3 დეკემბერს, ალექსანდრე მეგუთნიშვილი და ამავე საქმეში ბრალდებული ალექსი მეგუთნიშვილი (მისი ბიძაშვილი) 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლეს. მეგუთნიშვილის საქმის გამოძიება 2012 წლის ნოემბერში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო. ალექსანდრე მეგუთნიშვილის მიერ პოლიციის სხვა მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე მიცემული ჩვენებების მიუხედავად, 2012 წლის დეკემბერში, პროკურატურამ მხოლოდ შს მინისტრის ყოფილი მოადგილის გია ლორთქიფანიძის ძმა დავით ლორთქიფანიძე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავა. დავით ლორთქიფანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათასი ლარის ოდენობით გირაო აქვს შეფარდებული. ზურაბ ლალიაშვილი კი მიმალვაში იმყოფებოდა და მასზე ძებნა იყო გამოცხადებული. იგი პოლიციას 2013 წლის 16 ივლისს ჩაბარდა. 17 ივლისს, სასამართლომ მას 2 000 ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა. ალექსანდრე მეგუთნიშვილის გარდა, თელავის პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილის აკა საჩიშვილის მიერ ცემის ფაქტი 2014 წლის 23 ივნისს, თელავის რაიონულ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა "ძველი მარნის" ჩამოსასხმელი საამქროს უფროსმა ვალერიან ზარნაძემაც დაადასტურა. ზარნაძის თქმით, 2010 წელს, კახეთის პოლიციის უფროსი დავით ქოქიაშვილი და თელავის პოლიციის უფროსის მოადგილე აკა საჩიშვილი ფიზიკურად გაუსწორდნენ და ცრუ ჩვენებაზე ხელი ძალით მოაწრინეს. ამავე წელს კახეთში სამმა ბიზნესმენმა თავი მოიკლა.საჩიშვილი პროკურატურამ და სასამართლომ მხოლოდ მოწმის სახით დაკითხა.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს აჟამად თელავის რაიონული სასამართლო იხილავს. ამ ხნის განმავლობაში სასამართლო პროცესი უკვე დაახლოებით 25-ჯერ გადაიდო და დღემდე არ დასრულებულა. ბიზნესმენის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმის განხილვის დასრულებას კახეთის საოლქო პროკურატურა განზრახ აჭიანურებს. "საქმეზე, რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ, აკა საჩიშვილი დაკითხულია, საქმე სასამართლო განიხილავს და გადაწყვეტილებასაც მიიღებს",- განაცხადა კახეთის საოლქო პროკურორის მოადგილემ ვაჟა მაღრაძემ.
ზაზა უზუნაშვილი, ვისზედაც ზემოთ დაზარალებული ალექსანდრე მეგუთნიშვილი საუბრობს, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში კუდ-ის ახმეტა-თელავის წარმომადგენლად მუშაობდა. მეგუთნიშვილის თქმით, უზუნაშვილი მონაწილეობდა მისი უკანონოდ დაკავების და ქონების წართმევის პროცესში. ამის მიუხედავად, ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ, უზუნაშვილის მიმართ გამოძიების დაწყების ნაცვლად, ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
ალექსანდრე მეგუთნიშვილის განცხადება "ქართული ოცნებიდან" ყვარელი-თელავის მაჟორიტარობის კანდიდატის ირაკლი სესიაშვილის საარჩევნო საარჩევნო შტაბში უარყვეს. მათი თქმით, საარჩევნო შტაბს კახეთის გუბერნატორის მოადგილე, გივი მეტრეველი ხელმძღვანელობს.
თელავის მერის მოადგილე, აკა საჩიშვილი, ფაქტ-მეტრთან ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრებს დაესწრო.თუმცა, მისი თქმით, შეხვედრებში არასამუშაო საათებში მონაწილეობდა და კანონი არ დაურღვევია. საჩიშვილი არც მეგუთნიშვილის წყლით სავსე ბოთლებით ცემის ფაქტს ადასტურებს.
"სესიაშვილის საარჩევნო შტაბში არანაირი სტატუსი არ მაქვს. გიდასტურებთ, რომ მოსახლეობასთან მის შეხვედრებს არასამუშაო საათებში დავესწარი. ასევე, რამდენიმე დღე შვებულებაში ვიყავი. რაც შეეხება მეგუთნიშვილის საქმეს, ამ საქმეს ყავს ბრალდებულები და მეგუთნიშვილის მიერ ჩემს მიერ გამოთქმული ბრალდებები არის სიცრუე. მე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში დაკითხული ვარ მოწმის სახით", - გვითხრა აკა საჩიშვილმა.
დასკვნაალექანდრე მეგუთნიშვილმა და მასთან ერთად დაზარალებულმა "ძველი მარნის" ჩამოსასხმელი საამქროს უფროსმა ვალერიან ზარნაძემ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებებში დაადასტურეს, რომ პოლიციის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, აკა საჩიშვილის მხრიდან მათ მიმართ ფიზიკური ძალადობა განხორციელდა. თუმცა, საჩიშვილი საქმეში მხოლოდ მოწმის სახით მონაწილეობს. რაც შეეხება აკა საჩიშვილის მიერ ირაკლი სესიაშვილის შტაბის ხელმძღვანელობას, აღნიშნული ფაქტი ფაქტ-მეტრს არც "ქართულმა ოცნებამ" და არც აკა საჩიშვილმა დაუდასტურეს.
ამდენად, ალექსანდრე მეგუთნიშვილის განცხადებას ფაქტ-მეტრი ვერდიქტის გარეშე ტოვებს.