ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, სადაც ქალაქის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცეს, საკრებულოს რესპუბლიკელმა დეპუტატმა ნატო ქათამაძემ რეგიონული განვითარების ფონდიდან ქუთაისისთვის გამოყოფილი თანხის ტერიტორიულ ორგანოებში არათანაბრად გადანაწილება გააპროტესტა.
"12 მილიონ ლარზე მეტია რეგიონული განვითარების ფონდიდან ქუთაისში წამოსული, თუმცა არაპროპორციულად იქნა მაჟორიტარულ ოლქებში განაწილებული", – განაცხადამოგვიანებით ტელეკომპანია "რიონის" ეთერში ნატო ქათამაძემ.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
პირველ რიგში, ნატო ქათამაძეს დავუკავშირდით, რომელმაც ფაქტ-მეტრთან დამატებითი განმარტება გააკეთა. "ქუთაისში ყველგან ერთი და იგივე პრობლემაა, ამიტომ თანხა თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს თანაბრად სჭირდება. ქალაქის მერს კი ჰყავს ფავორიტი მაჟორიტარები და მათ მუნიციპალიტეტებში უფრო მეტი, მილიონობით ლარი იხარჯება" - აღნიშნა საკრებულოს დეპუტატმა.
ჩვენ დავინტერესდით, რეგიონული განვითარების ფონდის მიერ გამოყოფილი თანხა მუნიციპალიტეტების მიხედვით 2015 წელს როგორ გადანაწილდა და 2016 წელს რა პროექტებია დაგეგმილი.
ქუთაისში სულ 12 ადმინისტრაციული მართვის ერთეული – მუნიციპალიტეტია. გასულ წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან ქუთაისისთვის 13.5 მილიონამდე ლარი გამოიყო.თანხის დიდი ნაწილი – 10.5 მილიონ ლარამდე, გზების რეაბილიტაციისთვის დაიხარჯა. დარჩენილი 2 მილიონი ლარი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობას, მაღალსართულიანი კორპუსების ფასადების რეაბილიტაციას, ლიფტების აღდგენას, ბაგა-ბაღებისთვის სათავსოების მიშენებას და ქალაქში მარეგულირებელი კუნძულების დამონტაჟებას მოხმარდა.
ამ წელს რგფ-დან დასაფინანსებელი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხაში ვერ მოხვდა გამარჯვების მუნიციპალიტეტი, სადაც მდინარე ოღასკურა მნიშვნელოვან პრობლემებსუქმნის დასახლებას.
2015წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან გზების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:
№ | მუნიციპალიტეტები | თანხა რგფ-დან (ლარებში) |
1 | საფიჩხია | 5 561 815 |
2 | ძელქვიანი | 1 139 686 |
3 | ვაკისუბანი | 443 219 |
4 | კახიანაური | 35 071 |
5 | გამარჯვება | 327 514 |
6 | უქიმერიონი | 1 514 722 |
7 | ქალაქ-მუზეუმი | 604 515 |
8 | ავტოქარხანა | 780 000 |
9 | სულხან-საბა | 501 310 |
სულ | 10 407 552 |
მართალია, რგფ-დან ნიკეას მუნიციპალიტეტს გზებისთვის არაფერი შეხვდა, მაგრამ აქ ქალაქის მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე დიდი თანხა დაიხარჯა. ნიკეას ქუჩის სრული რეაბილიტაცია – გზის საფარის, განათების და სამი მეტრის სიგანის გამყოფი ზოლის მოწყობა მსოფლიო ბანკმა 7.5 მილიონი ლარით დააფინანსა,
სამუშაოები ამჟამადაც გრძელდება.
გამოდის, რომ რეგიონული განვითარების ფონდმა 2015 წელს საფიჩხიის მუნიციპალიტეტში ყველაზე მეტი თანხა – 5.5 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, საიდანაც 3 მილიონი ლარი გელათის ქუჩის, ქალაქის ყველაზე გრძელი ქუჩის რეაბილიტაციას მოხმარდა.
1.5მილიონი ლარი უქიმერიონის მუნიციპალიტეტში გზების მოწესრგიგება დაჯდა. ამ ტერიტორიულ ერთეულში მდებარეობს ბაგრატის ტაძრი, რომელიც ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტია.
ქალაქის მერმა არაერთხელ განმარტა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსთან დამაკავშირებელი ქუჩის კეთილმოწყობადა უქიმერიონის ტერიტორიაზე გზების რეაბილიტაცია ქალაქისთვის პრიორიტეტული იმიტომ აღმოჩნდა, რომ ამ ქუჩებით ტურისტების დიდი ნაკადი მოძრაობს.
ჩამონათვალში არ არის გუმათისა და მუხნარის ტერიტორიული ერთეულები. მათ რგფ-დან გასულ წელს თითქმის არაფერი ერგოთ.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით,რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქუთაისი წელს 12.593 მილიონ ლარს მიიღებს. თანხის დიდი ნაწილი წელსაც გზების მოწესრიგებას მოხმარდება და ძირითადად ასე გადანაწილდება:
№ | მუნიციპალიტეტები | რგფ-დან გზების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა (ლარებში) |
1 | საფიჩხია | 846 533 |
2 | ძელქვიანი | 144 188 |
3 | ვაკისუბანი | 1 753 187 |
4 | კახიანაური | 983 965 |
5 | უქიმერიონი | 1 054 072 |
6 | ქალაქ-მუზეუმი | 1 157 112 |
7 | ავტოქარხანა | 1 078 624 |
8 | სხვა | 1 454 395 |
სულ | 8 175 976 |
გზის მოწყობის ინფრასტრუქტურული სამუშაოების გარდა, ქალაქი დაახლოებით 4 მილიონ ლარს მიიღებს სხვადასხვა პროექტებისთვის – ღვარსადენების, ლიფტების, ფასადების, მოედნების, ბინების ეზოების მოსაწყობად. ეს თანხა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გადანაწილდება. ასევე უქიმერიონის მუნიციპალიტეტში 234 314 ლარით დაფინანსდება ბაგრატის ტაძრამდე მისასვლელი კიბეების რეაბილიტაცია.
როგორც ვხედავთ, მუნიციპალიტეტების მიხედვით დასახარჯი ფინანსების არათანაბარი განაწილება 2016 წლის ჩამონათვალშიც ჩანს (ცხრილი 2). წელს გამარჯვების, სულხან-საბასა და ნიკეას მუნიციპალიტეტებს რგფ-დან გზის რეაბილიტაციისთვის თითქმის არაფერი ერგოთ. ამ მუნიციპალიტეტებში სხვა, რაიმე მსხვილი პროექტის განხორციელებაც არ იგეგმება, თუ არ ჩავთვლით ნიკეას ქუჩის პროექტს, რომელიც გასულ წელს დაიწყო და წელს მთავრდება.
ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტების ჩამონათვალში მდინარე ოღასკურას გაწმენდა გამარჯვების მუნიციპალიტეტში ვერც წელს მოხვდა. მდინარე მოსახლეობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ადგილობრივებმა არაერთხელ მოაწყვეს აქცია მისი კალაპოტის მოწესრიგების მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ. ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით, რამდენიმე წყალმოვარდნის შემდეგ, გასული წლის ბოლოს, მერიის ა(ა)იპ "სპეციალური სერვისების" მიერ მდინარის მხოლოდ მცირე ნაწილის გაწმენდამოხერხდა.
ფაქტ-მეტრმა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას სთხოვა, მოეწოდებინა ინფორმაცია, რას გეგმავს მერია მდინარე ოღასკურას კალაპოტის გაწმენდასთან დაკავშირებით, საიდანაც გაირკვეოდა, გამარჯვების მუნიციპალიტეტში დაიხარჯება თუ არა წელს რაიმე მნიშვნელოვანი თანხა. ოფიციალურ პასუხშიზოგადად განგვიმარტეს, რომ მერიას დაგეგმილი აქვს კალაპოტის გაწმენდა და პროექტი რეგიონული განვითარების ფონდში უკვე გაგზავნილია. როდის, რამდენით დაფინანსდება, ან განახორციელებს თუ არა რგფ ამ პროექტს საერთოდ, უცნობია.
დასკვნა
რეგიონული განვითარების ფონდიდან ქუთაისისთვის 2016 წელს გამოყოფილი 12.5 მილიონი ლარიდან ქალაქის ტერიტორიული მართვის ორგანოებში თანხა სხვადასხვა მოცულობით გადანაწილდა. ზოგიერთი მუნიციპალიტეტი გზების, ან სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის გარეშე დარჩა. გასაგებია ქალაქის ხელისუფლების პოზიციაც, რომ გამოყოფილი თანხები არა თანაბრად, არამედ პროექტების პრიორიტეტულობის მიხედვით უნდა ნაწილდებოდეს. თუმცა, წლებია, გამარჯვების მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მნიშვნელოვანი პრობლემა - მდინარე ოღასკურას კალაპოტის გაწმენდა - ყურადღების მიღმა რჩება.
გარდა გამარჯვებისა, არის რამდენიმე სხვა ერთეულიც, სადაც რეგიონული განვითარების ფონდიდან თითქმის არაფერი იხარჯება. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში კი 2015-2016 წლებში რამდენიმე მილიონის ღირებულების პროექტია განხორციელებული.
ფაქტ-მეტრი ვერ დაადასტურებს საკრებულოს წევრის განცხადებას იმის შეახებ, რომ თანხების გადაწილება ქუთაისის მუნიციპალიტეტებს შორის მაჟორიტარი კანდიდატების მიმართ პირადი დამოკიდებულების საფუძველზე ხდება. თუმცა, დადასტურებულად მიიჩნევს იმას, რომ რეგიონული განვითარების ფონდიდან ქუთაისისთვის გამოყოფილი თანხების ტერიტორიულ ორგანოებში არათანაბრად გადანაწილება ხდება, ასევე იმას, რომ ქალაქის ზოგიერთ ნაწილში ინფტრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება წლების განმავლობაში ჭიანურდება.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრი აღნიშნულ განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.