სამტრედიის რაიონში, სოფელ ჩხენიშში, მოწესრიგებული გზის საფარი არასოდეს ყოფილა. წელს კი, სოფლის მხარდაჭერისა და რეგიონული განვითარების პროგრამების ფარგლებში გზა სხვა რამდენიმე სოფელთან ერთად ჩხენიშშიც დაიგო.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამტრედიის მუნიციპალიტეტში ჩასატარებელი სხვადასხვა სამუშაოებისთვის, მათ შორის გზების რეაბილიტაციისთვის, 2016 წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან, ასევე სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში ჯამში 729 471 ლარია გამოყოფილი.პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია და მოსაცდელების შეძენა-დამონტაჟება ხორციელდება, ასევე ხდება ხიდებისა და ბოგირების რეაბილიტაცია, ქალაქის ქუჩების ორმოული შეკეთება, ვიდეოთვალების დამონტაჟება და გზების დახაზვითი სამუშაოები.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული თანხიდან 70 000 ლარი ნაბაკევის თემში შემავალ სოფლებში ჩასატარებელი სხვადასხვა სამუშაოებისათვის გადანაწილდა. მათ შორისაა ჩხენიშიც. ჩხენიშში რეგიონული განვითარების ფონდის პროექტით ასფალტო-ბეტონის გზა დაიგო. სამტრედიის საკრებულოს 2016 წლის 6 ივნისის დადგენილებაშივკითხულობთ, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ნაბაკევის თემის სოფლებში ჩხენიშსა და ნინუაკუთხეში საავტომობილო გზებზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება ჯამში 245 546 ლარი დაჯდა. ფინანსები როგორც სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული თანხიდან, ასევე რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
ფაქტ-მეტრი სამტრედიის გამგებელს, ვალერიანე გაფრინდაშვილს ესაუბრა. გამგებლის განცხადებით, რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში სამტრედიის სხვადასხვა თემის სოფლებში ჯამში 4 კილომეტრიანი გზის მონაკვეთი იგება. სამუშაოები მხოლოდ ისეთ სოფლებში ტარდება, სადაც აქამდე მხოლოდ ქვაღორღიანი გზა იყო. რაც შეეხება კონკრეტულად ნაბაკევის თემის სოფელ ჩხენიშს - ამ დრომდე სოფელში ასფალტო-ბეტონის საფარი არასოდეს ყოფილა. გამგეობამ სამუშაოების ჩატარებამდე ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნა გაითვალისწინა და ყველაზე პრიორიტეტული - გზის პრობლემა მოაგვარა.
სოფელ ჩხენიშის მცხოვრებმა ჯამბულ არაბიძემ ფაქტ-მეტრთან საუბარში დაადასტურა, რომ სოფელში თანამედროვე სტანდარტის გზა ადრე არ ყოფილა.
დასკვნასამტრედიის რაიონის სოფელ ჩხენიშში, რეგიონული განვითარების ფონდის პროექტით, ასფალტ-ბეტონის გზა დაიგო. სამტრედიის მუნიციპალიტეტმა ნაბაკევის თემში შემავალი სოფლებისთვის, მათ შორის ჩხენიშისთვის 70 000 ლარი გამოყო. როგორც ფაქტ-მეტრს სამტრედიის გამგებელმა, ასევე ადგილობრივმა მოსახლეობამ დაუდასტურეს, სოფელში ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა.
ამდენად, იმერეთის გუბერნატორის განცხადება არის სიმართლე.