რომ როცა ის ქალაქის მერი გახდა, ქუთაისის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო ამ ეტაპისათვის მობილიზებულმა სახსრებმა (ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებასთან ერთად) 500 მილიონ ლარს მიაღწია.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
შოთა მურღულია ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად ადგილობრივმა საკრებულომ 2013 წლის დასაწყისში დანიშნა. იმავე წელს, მურღულია ქუთაისის არჩეული მერი გახდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ 2013 წლის ბიუჯეტის მდგომარეობით დავინტერესდით. ქუთაისის ბიუჯეტი ხელმისაწვდომია როგორც საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს, ასევე ქუთაისის მერიისოფიციალურ ვებგვერდებზე.
ქუთაისის ბიუჯეტი 2013 წელს 53.9 მლნ ლარს შეადგენდა, მიმდინარე წელს კი 73.5 მლნ ლარით დაიგეგმა. 2013-2016 წლებში ბიუჯეტის ზრდის დინამიკა შემდეგნაირად გამოიყურება:
ცხრილი 1:
ქუთაისის ბიუჯეტი 2013-2016 წლებში, მლნ ლარი
წლები | დაგეგმილი | ფაქტობრივი |
2013 | 58.8 | 53.9 |
2014 | 64.8 | 58.1 |
2015 | 72.2 | 65.2 |
2016 | 73.6 |
ჩვენ ქუთაისში მიმდინარე იმ ინფრასტრუქტურული პროექტებით დავინტერესდით, რომლებიც 2010-2012 წლებში (მურღულიას მერად არჩევამდე) განხორციელდა (ან დაიწყო), ამ ეტაპზე ხორციელდება (არამხოლოდ თვითმმართველობის ბიუჯეტის სახსრებით) ან უახლოეს წლებში არის დაგეგმილი და შესაბამისი ინფორმაცია ქუთაისის მერიიდან გამოვითხოვეთ.
მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით,2016-2019 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ჯამური ღირებულება 488.6 მლნ ლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტების დამფინანსებლებს მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, KFW და აზიის განვითარების ბანკი წარმოადგენენ. 2010-2012 წლებში განხორციელებულ და დაწყებულ პროექტებზე მერიისგან ინფორმაცია ვერ მივიღეთ. როგორც მერიაში დაგვიზუსტეს, წინა წლების შესახებ მსგავსი ინფორმაცია არ მოიპოვება.
ამავდროულად, მერიამ მოგვაწოდა ინფორმაცია 2016 წელს რეგიონული განვითარების ფონდის (რგფ) სახსრებით დასაფინანსებელი პროექტების შესახებ. ასევე, მოგვაწოდა ინფორმაცია 2010-2012წლებში რგფ-დან ქუთაისში განხორციელებული პროექტების ღირებულების ჯამის შესახებ. 2016 წელს ფონდიდან ქუთაისში ჯამში 9.6 მლნ ლარი დაიხარჯება, მათ შორის 8.7 მლნ გზების რეაბილიტაციას, 226 ათასი ლარი ღვარსადენების მოწყობას, 738 ათასი ლარი კი სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას მოხმარდება. ცხრილში 2 მოცემულია რგფ-დან მიღებული სახსრები 2010-2012 წლებში.
ცხრილი 2:
რგფ-დან გამოყოფილი სახსრები, ათასი ლარი
წყარო: ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია
მერიისავე ინფორმაციით, 2010 წლის დაფინანსების 90%, დაახლოებით 69 მილიონი ლარი ქუთაისის პარლამენტის მშენებლობისთვის გამოყოფილი სახსრებია, 2017-2019 წლებში კი რგფ-დან მისაღები სახსრების სავარაუდო მოცულობა 40 მლნ ლარამდეა.
დასკვნა
კვლევამ აჩვენა, რომ 2013 წელს, მაშინ როდესაც შოთა მურღულია ჯერ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ხოლო მოგვიანებით ქალაქის არჩეული მერი გახდა, ქალაქის ბიუჯეტი 53.9 მლნ ლარი იყო. მურღულიას განმარტებით, იგი მხოლოდ ბიუჯეტის საკუთარ შემოსავლებს გულისხმობდა (მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების გამოკლებით), რაც დაახლოებით 40 მლნ ლარია.
ამავდროულად, მერმა ისაუბრა 500 მილიონი ლარის მობილიზების შესახებ უახლოეს პერიოდში განსახორციელებელი პროექტებისათვის. 2016-2019 წლებისათვის უკვე დაგეგმილი პროექტების შესახებ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დასახელებული მაჩვენებელი რეალობას შეესაბამება. თუმცა, აღნიშნული რიცხვის დასახელება საბიუჯეტო სახსრებთან კონტექსტში გარკვეულ გაუგებრობას იწვევს და იქმნება შთაბეჭდილება, რომ მაჩვენებლები ერთმანეთის საპირწონედ არის მოყვანილი, რაც მიზანშეუწონელია.
იმის დასადგენად, თუ რამდენად დიდი პროგრესია ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 500 მლნ ლარის მობილიზება, ეს მაჩვენებელი წინა წლებში, ამ შემთხვევაში 2010-2012 წლებში შესრულებული და დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების საერთო ღირებულებას უნდა შედარდეს. აღნიშნული მაჩვენებლების დადგენის მიზნით, ჩვენ ქუთაისის მერიას შესაბამისი წერილითმივმართეთ, თუმცა, წინა (2010-2012) წლების ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ჩვენს კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ (გარდა რგფ-დან დაფინანსებული პროექტების საერთო ღირებულებისა). როგორც მერიაში განგვიმარტეს, მსგავსი ინფორმაცია არ მოეპოვებათ.
ამდენად, ფაქტ-მეტრი შოთა მურღულიას განცხადებას უვერდიქტოდტოვებს.
რედაქტორის შენიშვნა: აღნიშნული სტატიის პირველი ვერსია მიმდინარე წლის 12 აგვისტოს გამოქვეყნდა. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ჩვენ ქუთაისის მერიიდან დაგვიკავშირდნენ და ქალაქის მერის, შოთა მურღულიას არგუმენტები მოგვაწოდეს. როგორც აღმოჩნდა, სტატიაში დაშვებული იყო ფაქტობრივი შეცდომები, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საბოლოო ვერდიქტზე, რის გამოც რედაქცია ბოდიშს იხდის. ამდენად, ფაქტ-მეტრის რედაქციამ მოწოდებული არგუმენტები გაიზიარა, შესაბამისად, სტატია განახლდა და ვერდიქტიც შეიცვალა.