ვარაუდი იმის შესახებ, რომ მმართველი პარტია კორუფციას ეწევა, დადასტურებულია. აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების შესაბამისად, "ოცნების" მიერ დასახელებულმა მაჟორიტარობის კანდიდატებმა: კობა ნარჩემაშვილმა, გენადი მარგველაშვილმა, ელგუჯა გოცირიძემ, გიორგი ლილუაშვილმა და გოჩა ენუქიძემ ოფიციალურად "ოცნების" საარჩევნო ფონდში შეიტანეს, თითომ 60 000 ლარი, არაოფიციალურად, მათ ამაში გადაიხადეს ნახევარი მილიონი დოლარი. მოვითხოვ, ზემოთ ჩამოთვლილ პირებს ჩამოერთვათ კანდიდატობის მანდატი და არ გავიდნენ არჩევნებზე", - განაცხადა გიორგი გუგავამ.
გუგავას განცხადებას გენადი მარგველაშვილი ასე გამოეხმაურა: "არ არის სიმართლე, არც ოფიციალურად და არც არაოფიციალურად თანხა არ გადამირიცხავს. მოვუწოდებ გუგავას, წარმოადგინოს აუდიტის დასკვნა ან რაიმე სახის დოკუმენტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გააჟღეროს მსგავსი ბრალდება".ფაქტ-მეტრი მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ფიზიკა-მათემატიკის სკოლის დირექტორი გენადი მარგველაშვილი ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად 18 ივლისს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა. მაჟორიტარობის კანდიდატის მიერ "ქართულ ოცნებისთვის" თანხის ჩარიცხვას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიადასტურებს. გენადი მარგველაშვილი იმ მაჟორიტართა სიაშია, რომელთაც მათსავე წარმდგენ პარტიას თანხები გადაურიცხეს. მიმდინარე წლის 27 ივლისს მან "ქართულ ოცნებას" 55 000 ლარი შესწირა.
ფაქტ-მეტრი მაჟორიტარობის კანდიდატს დამატებითი კომენტარისთვის დაუკავშირდა. ამჯერად, გენადი მარგველაშვილმა პირველი კომენტარი შეცვალა და თავისი წინა განცხადება ასე განმარტა: "მე ვთქვი, რომ გუგავას განცხადება იყო ტყუილი. არ მითქვამს, რომ თანხა არ გადამირიცხავს. ვთქვი, რომ არც 60 000 და არც ნახევარი მილიონი არ გადამირიცხავს. თავიდან მკითხეს, თუ გადავრიცხე დასახელებული თანხა და გითხარით, რომ გუგავას მიერ ნათქვამი თანხა არ გადამირიცხავს. 55 000 გადავრიცხე, გუგავამ 60 000 თქვა და 5 000 ლარი არც თუ ისე ცოტაა. რაც შეეხება ნახევარი მილიონის გადარიცხვას, ჩემი ცხოვრება ვინც იცის, ვისაც მოუდევნებია თვალი გენადი მარგველაშვილისთვის, დაგიდასტურებთ, რომ ნახევარი მილიონის გადარიცხვა იმისთვის, რომ მე სიაში მოვმხვდარიყავი, არის მტკნარი ტყუილი".
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი სანტურიანის განცხადებით, კანონი მსგავს ქმედებას არ კრძალავს და მაჟორიტარობის კანდიდატს აქვს უფლება საკუთარი პარტიის შემომწირველი იყოს.
დასკვნა
აუდიტის სახელმწიფო სამსახურის ანგარიშით ირკვევა, რომ გენადი მარგველაშვილი "ქართული ოცნების" შემომწირველთა სიაში მართლაც არის. მან პარტიის სახელზე 55 000 ლარი გადარიცხა. კანდიდატმა ეს ფაქტი თავდაპირველ კომენტარში უარყო, შემდომში კი, ამ განცხადების გაბათილებას სიტყვებით მანიპულირებით შეეცადა.
ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გენადი მარგველაშვილის განცხადება: "... არც ოფიციალურად და არც არაოფიციალურად თანხა არ გადამირიცხავს...", არის ტყუილი.