2016 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 811 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 11%-ით მეტია. ქუმსიშვილის თქმით, ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პირველი შემთხვევაა, როდესაც უცხოური ინვესტიციების ზრდა საარჩევნო წელს დაფიქსირდა.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის შესახებ სტატისტიკას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) აქვეყნებს.საქსტატის მონაცემებით, 2016 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 388 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, ხოლო მეორე კვარტალში 445 მილიონი დოლარის. ჯამში, 2016 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში, საქართველოში 884 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. 2015 წელს, ანალოგიურ პერიოდში, 754 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. შესაბამისად, წინა წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 10.5%-ით არის გაზრდილი.
ცხრილი 1:
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მილიონი აშშ დოლარი
ჯამში | I | II | III | IV | |
2005 | 449 | 89.4 | 105.9 | 75.6 | 178.9 |
2006 | 1 190 | 146.0 | 306.9 | 280.7 | 456.7 |
2007 | 2 014 | 421.4 | 401.5 | 489.1 | 702.9 |
2008 | 1 564 | 537.7 | 605.4 | 134.7 | 286.2 |
2009 | 658 | 114.0 | 177.2 | 173.2 | 194.0 |
2010 | 814 | 166.5 | 208.3 | 225.6 | 214.1 |
2011 | 1 117 | 209.7 | 248.3 | 316.6 | 342.6 |
2012 | 911 | 261.2 | 217.7 | 199.0 | 233.7 |
2013 | 941 | 252.3 | 207.9 | 254.8 | 226.9 |
2014 | 1 758 | 309.5 | 196.2 | 726.0 | 526.7 |
2015 | 1 564 | 291.5 | 462.7 | 483.2 | 327.1 |
2016 | 834 | 388.6 | 445.3 | - | - |
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადების მეორე ნაწილი საარჩევნო წლებში განხორციელებულ ინვესტიციებს ეხება. იმის გამო, რომ ქუმსიშვილი წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებულ ინვესტიციებზე საუბრისას 2016 წლის ორი კვარტლის მონაცემებს ეყრდნობა, წინა არჩევნებთან შესადარებლად საჭიროა 2012 წლის ორი კვარტლის მონაცემები გამოვიყენოთ. 2012 წელს, პირველ კვარტალში, 261 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, მეორე კვარტალში კი - 217 მლნ. ჯამში, 2012 წლის პირველ და მეორე კვარტალში ინვესტიციებმა 479 მილიონი დოლარი შეადგინა. 2011 წლის ორ კვარტალში 458 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, ანუ 2012 წლის პირველ ნახევარში ინვესტიციები 4.5%-ით გაიზარდა.
2012წელს ინვესტიციები მკვეთრად არჩევნების წინ, ბოლო სამ თვეში შემცირდა. ამის გამო, 2012 წლის პირველ სამ კვარტალში ინვესტიციებმა დაახლოებით 6%-ით იკლო. ჯერჯერობით უცნობია მიმდინარე წლის მესამე კვარტალში შემოსული ინვესტიციების მოცულობა. აქედან გამომდინარე, არ შეგვიძლია ვთქვათ წელს სამი კვარტლის ჩათვლით ინვესტიციები გაზრდილია თუ შემცირებული.
ეკონომიკის მინისტრის განცხადების სრულყოფილად გადასამოწმებლად, აუცილებელია გავეცნოთ სხვა საარჩევნო წლების დინამიკასაც. 2008 წელს, როგორც საპრეზიდენტო, ასევე საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საპრეზიდენტო არჩევნები 5 იანვარს გაიმართა, ხოლო საპარლამენტო 21 მაისს. საპრეზიდენტო არჩევნებამდე, 2007 წელს, სარეკორდო რაოდენობის - ორ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. ჯამში, 2008 წელს უფრო ნაკლები ინვესტიცია შემოვიდა, მაგრამ კლება მესამე და მეოთხე კვარტალში ინვესტიციების მკვეთრად შემცირების დამსახურებაა. საპრეზიდენტო არჩევნებამდე, 2007 წლის მესამე კვარტალში, სარეკორდო - 489 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. იგივე შეგვიძლიათ ვთქვათ 2007 წლის ბოლო კვარტალზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ფართომასშტაბიანი აქციები იმართებოდა და პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა, საქართველოში 702 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. 702 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია საქართველოში ერთ კონკრეტულ კვარტალში არასდროს განხორციელებულა. ინვესტიციების ზრდის ტემპი გაგრძელდა 2008 წელსაც, საპარლამენტო არჩევნებამდე. 2008 წლის პირველ ორ კვარტალში (იანვარი-ივნისი) 1.14 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 38%-ზე მეტი იყო. 2008 წლის მესამე კვარტლიდან ინვესტიციები მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც აგვისტოს ომით და მსოფლიო ფინანსური კრიზისით იყო განპირობებული.
დასკვნა
ეკონომიკის მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ წელს ინვესტიციები იზრდება, სიმართლეა. პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, ინვესტიციები 10.5%-ითაა გაზრდილი. რაც შეეხება იმას, რომ წელს პირველად, საარჩევნო წელს უფრო მეტი ინვესტიციაა ვიდრე წინა წელს, არასწორია. 2012 წლის პირველ ორ კვარტალში ინვესტიციები გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯამში, პირველ სამ კვარტალში, არჩევნებამდე პერიოდში შემცირება დაფიქსირდა. 2016 წლის მესამე კვარტლის მონაცემები ჯერჯერობით უცნობია და არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ წელს, სამი კვარტლის ჩათვლით, ინვესტიციები გაზრდილია ან შემცირებული. მართალია, ჯამში, 2008 წელს ნაკლები ინვესტიცია განხორციელდა ვიდრე 2007 წელს, თუმცა 2008 წლის წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში სარეკორდო რაოდენობის ინვესტიცია შემოვიდა.
ამ მონაცემების გათვალისწინებით, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი.