ქ. ზუგდიდის საარჩევნო ოლქი

წარმოგიდგენთ ქ. ზუგდიდის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატთა ინტერვიუებს. ესენი არიან:მერაბ ქვარაია („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“), ლევან კონჯარია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა), გიორგი თოდუა („რესპუბლიკური პარტია“), ირაკლი ჩიქოვანი („ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“), გონერი პაპავა („ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“), ოთარ ჭითანავა („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“), ვახტანგ ცხადაია („პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“).

ინტერვიუები მომზადდა წინასწარ შედგენილი კითხვარის მიხედვით, რომელიც ყველა კანდიდატისთვის ძირითადად ერთნაირი იყო. მიღებული პასუხები იმგვარადაა დაჯგუფებული, რომ მკითხველს კანდიდატთა პოზიციების შედარება გაუადვილდეს.

კითხვა 1. რატომ იყრით კენჭს ამ კონკრეტულ ოლქში?

მერაბ ქვარაია („ქართული ოცნება“)

რა თქმა უნდა იმიტომ, რომ ზუგდიდი ჩემი მშობლიური ქალაქია. მე აქ დავიბადე და გავიზარდე. მე ზედმიწევნით კარგად ვიცი რა სჭირდება ჩემს ქალაქს განვითარებისთვის, რა პრობლემები აქვს მოსახლეობას და როგორ მოვაგვაროთ.

გიორგი თოდუა („რესპუბლიკური პარტია“)

ზუგდიდი არის ჩემი მშობლიური ქალაქი, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ჩემთვის კარგად არის ცნობილი ზუგდიდი და თითოეული ზუგდიდელი თუ რა პრობლემების წინაშე დგას. ზუსტად ვიცი მათი მოგვარების გზები, რაშიც თვითმმართველობაში დაგროვილი გამოცდილება დამეხმარება.

ლევან კონჯარია (“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

იმიტომ, რომ ამ ოლქში ვცხოვრობ და კარგად ვიცნობ ადგილობრივ პრობლემებს.

ირაკლი ჩიქოვანი („ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“)

მე ვარ ირაკლი ჩიქოვანი, ქალაქ ზუგდიდში დავიბადე, აქ გავიზარდე, ჩემი ოჯახიც აქ ცხოვრობს და ეს იყო ბუნებრივი არჩევანი, რომ კენჭი ქალაქ ზუგდიდში მეყარა.

გონერი პაპავა („ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“)

ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში კონკურენტების რაოდენობა საკმაოდ დიდია, შესაბამისად კონკურენციაც მაღალი იქნება. ამიტომ, გადავწყვიტე გამერკვია, ვარ თუ არა კონკურენტუნარიანი.

ოთარ ჭითანავა („პატრიოტთა ალიანსი“)

ამ კითხვას ცნობილი ზუგდიდელი პოეტის დილარ ივარდავას სიტყვებით მინდა ვუპასუხო: „აქ პაპაჩემის ნასახლარია, მე საქართველო აქედან ვიცი, აქ ნანას მიმღეს ქარი დამცხრალი, ნაკლებად ვბოლავ და მეტად ვიწვი“.

ვახტანგ ცხადაია („პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“)

აქ არის ჩემი წინაპრებისა და ჩემი დაბადების ადგილი. მიყვარს ჩემი ქალაქი, აქ არიან ჩემი მეგორები, თანამებრძოლები. ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, ვიყო მათი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში.

კითხვა 2. ჩამოთვალეთ 3-5 (ან მეტი) მთავარი პრობლემა, რომელიც თქვენი ოლქის ამომრჩევლებს (და არა ზოგადად ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას) განსაკუთრებით აწუხებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?

მერაბ ქვარაია („ქართული ოცნება“)

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელებამდე მე ვიყავი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე და ყოველდღიურ რეჟიმში მქონდა ურთიერთობა ჩემს თანაქალაქელებთან. ძირითადი პრობლემა სტაბილური სამსახურის არქონაა, ასევე მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა. ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც არა აქვთ წყალი, არ არის წყალარინების სისტემა. მოსახლეობას აწუხებს სოციალური პრობლემები, დევნილების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ საკმაოდ მძიმე პირობებში ცხოვრობს. ხელისუფლებამ უკვე დაიწყო ამ პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა. მოგეხსენებათ, ჩვენი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი გზავნილია მოსახლეობის დასაქმებაზე აქტიური მუშაობა და 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა. ზუგდიდში ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის მოწყობა მთელი ქალაქის მასშტაბით, ასევე უახლოეს დღეებში დაიწყება და ზუგდიდის ყველა ქუჩაზე მოეწყობა წყალარინების (საკანალიაზიო) სისტემა. აქტიურად მიმდინარეობს სანიაღვრე არხების მოწყობა, რაც საბოლოოდ მოაგვარებს წლების განმავლობაში არსებულ პრობლემას -საცხოვრებელი სახლებისა და ეზოების დატბორვას. დევნილებისთვის უკვე დაწყებულია კორპუსების მშენებლობა და 2 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი მიიღებს საკუთარ ბინას, მშენებლობის დასრულებისთანავე.

გიორგი თოდუა (“რესპუბლიკური პარტია“)

ზუგდიდში, სხვა ქალაქების მსგავსად, მწვავე პრობლემას უმუშევრობა, სოციალური სიდუხჭირე და ინფრასტრუქტურული პრობლემები წარმოადგენს. „რესპუბლიკურ პარტიას“ თავის წინასაარჩევნო პროგრამაში წარმოდგენილი აქვს ამ პრობლემების მოგვარების გზები. საქართველოს ყველა რეგიონში რეგიონული განვითარების სააგენტოები შეიქმნება, სადაც მცირე და საშუალო ბიზნესის დამწყები ან განმავითარებელი მოქალაქეებისა და მათი მცირე ჯგუფებისათვის გათვალისწინებული პროგრამისთვის - „დამწყებთათვის რეგიონებში“ წლის განმავლობაში არანაკლებ 60 მლნ ლარი 20 000 ლარამდე ღირებულების (თანადაფინანსების გარეშე) ინდივიდუალური და ჯგუფური პროექტებისათვის გამოიყოფა. პროექტების კონკურსი წელიწადში 6-ჯერ ჩატარდება, ყოველ 2 თვეში, თითო კონკურსზე 10 მლნ ლარის გამოყოფის გათვალისწინებით.

რეგიონებში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება-გაფართოების ფინანსური მხარდაჭერისთვის გათვალისწინებული პროგრამისთვის წლის განმვალობაში არანაკლებ 200 მლნ ლარი გამოიყოფა, ინდივიდუალური და ჯგუფური პროექტების ღირებულება 50 000 – 1 000 000 ლარი იქნება (თანადაფინანსების გარეშე). პროექტების კონკურსი წელიწადში 4-ჯერ ჩატარდება, ყოველ 3 თვეში, თითო კონკურსზე 50 მლნ ლარის გამოყოფით.

ლევან კონჯარია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”)

უმუშევრობა, სოციალური საკითხები, შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები.

ირაკლი ჩიქოვანი („ალასანია-თავისუფალი დემოკრატები“)

ძალიან გაჭირდება ისეთი კონკრეტული პრობლემების მოგვარება და დასახელება, რომელიც აწუხებს მხოლოდ ზუგდიდს და არ აწუხებს სხვა მუნიციპალიტეტს. ქალაქში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, ერთის მხრივ, მათი დაწყება დაგვიანდა და მეორე - შესრულების ვადები და გრაფიკები დაგვიანდა. ასევე, ზუგდიდელებისთვის ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს ანაკლიის პორტი საკითხი, ადამიანები ძალიან დიდი მოლოდინით ელოდებიან ანაკლიის პორტის მშენებლობას, აქედან გამომდინარე, მათთვის გაუგებარია ეს პროცესი რატომ ჭიანურდება. მე პრემიერ-მინისტრთან მქონდა ამ საკითხზე საუბარი, რომელმაც მითხრა, რომ ეს პროექტი 2016 წლის 1 ივლისიდან დაიწყებოდა, თუმცა ახლა არის სექტემბერი და ჯერ კიდევ არაფერია დაწყებული. მესამე პრობლემა უფრო ლოკალური ხასიათისაა, გარევაჭრობის საკითხი, რომელიც ზუგდიდში დღემდე მოუგვარებელია. ვინაიდან პრაქტიკულად პრობლემები არის ერთგვაროვანი და თვალსაჩინო, მე მაქვს მოსახლეობასთან შეხვედრები და მათთგანაც ირკვევა, რომ პირველი და უმთავრესი პრობლემა ეს არის, რა თქმა უნდა, დასაქმების პრობლემა, მეორე პრობლემა არის სოციალურად უზრუნველყოფის საკითხები, მესამე განათლების ხელმისაწვდომობა, რომელიც საზოგადოებაში არსებობს.

თუ როგორ უნდა მოვაგვაროთ ჩვენ ეს პრობლემები, დასაქმების თვალსაზრისით „თავისუფალ დემოკრატებს“ გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იყოს გაზრდილი სამუსაო ადგიების რაოდენობა, რაც შეეხება ზუგდიდს, მე მგონია, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ აქცენტი, და მე ამაზე მოსახლეობასთან ყველა შეხვედრაზე ვსაუბრობ, რაც ჯერჯერობით სამწუხაროდ არცერთ კანდიდატს არ წარმოუდგენია, მე მიმაჩნია, რომ ზუგდიდში უნდა განვითარდეს ტურისტული პოტენციალი. დღეს სახელმწიფოში ყველაზე მეტად განვითარებადი დარგი ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობაა, რომელასც ზუგდიდთან მიმართებაში არ აქვს კავშირი, მეორე საინტერესო თემა არის ტურიზმი და სწორედ ამაში მგონია, რომ ზუგდიდს აქვს იმის პოტენციალი და შესაძლებლობა, რომ ტურიზმის მიმართულებით განვითარდეს.

გონერი პაპავა („ნინო ბურჯანაძე -დემოკრატიული მოძრაობა“)

პრობლემები ქალაქსა და მუნიციპალიტეტში თითქმის ერთნაიარია, დასაქმების პრობლემა, სამართლიანობის აღდგენა, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში სასმელი წყლის არარსებობა, სველი წერტილების მოუწესრიგებლობა, ქალაქში სანიაღვრე საიტების გაუმართაობა და ასე შემდეგ. ჩვენთან პრობლემებს რა გამოლევს. ჩამოთვილი პრობლემები მასშტაბურია და კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს, კონკრეტული პროგრამების შედგენას და ადგილოვბრივი ბიუჯეტიდან თუ შესაბამისი სამინისტროების მეშვეობით გამოყოფილი თანხების მიმართვას. ყველა პრობლემა მოგვარებადია თუ მართველ პარტიას აქვს შესაბამისი სურვილი და განწყობაც.

ოთარ ჭითანავა („პარტიოტთა ალიანსი“)

უამრავ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემის მოგვარებაზე მუშაობის გარდა, ხელისუფლების გააქტიურებისთვის ხელის შეწყობა, სამართლიანობის აღდგენის, წართმეული ქონების დაბრუნება და დამნაშავეების დასჯა იქნება ყველაზე პრიორიტეტული მიმართულება, არა მხოლოდ ჩემი, არამედ მთლიანად ჩვენი ალიანსისათვის. აგრეთვე იმ პრობლემებზე ზრუნვა, რომელიც აწუხებს თითოეულ ზუგდიდელს და ეს საკითხებია - ბოტანიკური ბაღის აღდგენა-მოწესრიგება, თეატრის აღდგენითი სამუშაოებისთვის თანხების მოძიება, სკოლების რაბილიტაციისთვის ხელის შეწყობა, ტექნიკუმის აღდგენა, ვაჭრობისა და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების საქმეში აქტიურად ჩართვა.

ვახტანგ ცხადაია („პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“)

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, უპირველესად, მოვაგვარებთ დასაქმების, ჯანდაცვისა და სოციალურ პრობლემებს. ხელს შევუწყობთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ახალი ინვესტიციების მოზიდვას, ახალგაზრდების ხელშეწყობას, ინოვაციების დანერგვას.

კითხვა 3. რა არის თქვენი მთავარი წინაასარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის? რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი.

მერაბ ქვარაია ("ქართული ოცნება“)

პირველ რიგში, მინდა განვაცხადო, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგაც არ ვაპირებ ჩემი ქალაქიდან წასვლას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მომიწევს პარლამენტში ჩემი ფუნქციის შესრულება. მე ძველებურად ვიცხოვრებ აქ და რაც მთავარია ვიქნები კონტაქტური. მოსახლეობისთვის პრობლემა არ იქნება ჩემთან შეხვედრა და ყველა ჩემს ხელთ არსებული საშუალებით შევძლებ მათი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე მუშაობას. ჩემი ბიურო იქნება აქტიური. ზუგდიდს სამწუხაროდ დღემდე არ უგრძვნია ის სიკეთე, რასაც აქტიური მაჟორიტარი ქვია. მე ვიქნები ჩემი თანაქალაქელების ლობისტი, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებაში.

გიორგი თოდუა („რესპუბლიკური პარტია“)

ძირითადი დაპირებები, რომელთა განხორციელებასაც „რესპუბლიკური პარტია“ არჩევნებში გამარჯვებისთანავე დაიწყებს, არის: დასაქმება - რეგიონული განვითარების სააგენტოები უზრუნველყოფენ წელიწადში მინიმუმ 30 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას; საპენსიო რეფორმა - დაგროვებით პენსიაზე გადასვლა და პენსია დამსახურების მიხედვით, რაც პირველ ეტაპზე არსებული პენსიის გაორმაგებას გამოიწვევს; დევნილთა პრობლემები - მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება, სათანადო ფინანსური რესურსების გამოყოფა. დევნილთა დასახლებებში სოციალური საწარმოების დაფუძნება.

ლევან კონჯარია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

ეს დამოკიდებულია იმაზე, რა შედეგი გვექნება ამ საპარლამენტო არჩევნებზე. მთავარი დაპირებები არის 50 ლარით გაზრდილი პენსია, მასწავლებლის მინიმალური ხელფასი 650 ლარი, სოციალური დიფერენციაცია და უფასო მედიკამენტები, სუსის და ფინანსური პოლიციის გაუქმება, 45 000 სამუშაო ადგილის შექმნა, სასამართლოს რეფორმა.

ირაკლი ჩიქოვანი („ალასანია-თავისუფალი დემოკრატები“)

ზუგდიდი უნდა გავხადოთ სამეგრელოს ტურისტული ჰაბი, ახლა ტურიტული ინფრასტრუქტურა არის ნულის ტოლი. მე მაქვს ინფორმაცია გამოთხოვილი ტურიზმის დეპარტამენტიდან, სადაც რეალურად მინიშნებულია, რომ ამ მიმართულებით არაფერი არ კეთდება, ქალაქში რამდენიმე საინფორმაციო ცენტრის გახსნა საკმარისი არ არის, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისეთი რამ, რაც იქნება ყველასათვის თვალსაჩინო და თვალნათელი. ამ თვალსაზრისით მგონია, რომ მე გავაკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ სახელმწიფოს ცენტრალური ხელისუფლება ვაიძულო, დადიანების კომპლექსი, რომელიც ზუგდიდში მდებარეობს და ასევე ბოტანიკური ბაღი იქნეს ადეკვატურად მომზადებული და შესაბამისად წარდგენილი იუნესკოში, როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, მისი უნიკალურობიდან გამომდინარე.

გონერი პაპავა („ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“)

წინასაარჩევნო დაპირებებიდან ყველაზე მთავარია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა, უვიზო რეჟიმის შემოღება, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დალაგება-განვითარება, რაც ყველაზე მეტად ზუგდიდისა და სამეგრელოს მოსახლეობის სოციალ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას გამოიწვევს, რადგან ჩვენი ქალაქი და რეგიონი ჩიხშია მოქცეული.

ოთარ ჭითანავა („პატრიოტთა ალიანსი“)

ის, რაც წინა კითხვაში მოგახსენეთ და ამას დამატებული ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარება როგორიცაა: აფხაზთა და ქართველთა განსაკუთრებით სამეგრელოს მხარისა და ზუგდიდს მოსახლეობის სახალხო დიპლომატიის ანაბარა დატოვებული კავშირების უფრო ეფექტურობისთვის საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიურ-პოლიტიკურ-კულტურული მოლაპარაკების ახალ, უფრო ქმედით საფეხურზე აყვანა იქნება მთავარი საზრუნავი საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტში ჩემი დეპუტატად არჩევის პირველივე დღეებიდან.

ვახტანგ ცხადაია („პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“)

ჩვენი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პენსია გახდება 250 ლარი. სოციალურად დაუცველებს შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ სოციალურად დაუცველის სტატუსი, რომელიც არ შეიცვლება მათი დასაქმების შემთხვევაში.

კითხვა 4. გვითხარით ის რეალური გზები, თუ როგორ აპირებთ დაპირებების შესრულებას მაშინ, როდესაც ამ ტიპის საქმიანობა ძირითადად ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში აღმასრულებელი ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმართველობის კომპეტენციაა?

მერაბ ქვარაია („ქართული ოცნება“)

ვფიქრობ, ამ კითხვას უკვე გავეცი პასუხი.

გიორგი თოდუა („რესპუბლიკური პარტია“)

„რესპუბლიკური პარტია“ არჩევნებში გამარჯვებისთანავე თვითმმართველობის რეფორმის ბოლომდე მიყვანას აპირებს, რომელიც თავის დროზე უშუალოდ „რესპუბლიკელების“ ინიციატივით იქნა დაწყებული, მაგრამ მთელი რიგი წინააღმდეგობების გამო ვერ მივიდა საბოლოო ეტაპამდე. ადგილობრივ დონეზე უფლებამოსილებების გაზრდა უნდა მოხდეს და დამატებითი ფინანსური გარანტიების გაჩენა.

ლევან კონჯარია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

პარლამენტი წევრი, გარდა საკანონმდებლო საქმიანობისა, აღმასრულებელ ხელისუფლებსაც აკონტროლებს.

ირაკლი ჩიქოვანი („ალასანია-თავისუფალი დემოკრატები“)

ამაზე უკვე გიპასუხეთ.

გონერი პაპავა („ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“)

დაპირებები რეალურად საპარლამენტო კოალიციაში ჩვენი პარტიის მონაწილეობის დროს ხორციელდება, რაც გარდაუვალია.

ოთარ ჭითანავა („პატრიოტთა ალიანსი“)

ვინაიდან ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები სცილდება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და თვითმმართველობის კონპეტენციას აქტიურად ჩავერთვები ამ პრობლემათა მოგვარებისთვის, აუცილებელი სამართლებრივი ბაზის სრულყოფისათვის საჭირო კანონშემოქმედებით პროცესებში.

ვახტანგ ცხადაია („პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“)

მონაწილეობას მივიღებთ მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და გვაქვს რესურსი მოვიდეთ უმრავლესობით და გადავწყვიტოთ მრავალი პრობლემა. საკანონმდებლო ბაზა შეიქმნება, რათა ადგილობრივ თვითმმართველობას ჰქონდეს ყველა ბერკეტი.

კითხვა 5. რამდენად არსებობს შესაბამისი საკონონმდებლო ბაზა (ანუ, რა უფლებები გაქვთ ან არ გაქვთ როგორც მაჟორიტარს და ამ მხრივ რას შეცვლიდით) და ეკონომიკური რესურსი იმ დაპირებების შესასრულებლად, რასაც თქვენ იძლევით?

მერაბ ქვარაია („ქართული ოცნება“)

კანონმდებლობით დადგენილია, რომ მაჟორიტარს უნდა ყავდეს ბიურო, რომელიც ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან. ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არსებობს. რაც შეეხება ჩემს გზავნილს, ვიყო ჩემი ქალაქის, ჩემი თანაქალაქელების გვერდით, აქტიურად ვისაუბრო და ვიმუშაო აქ არსებული პრობლემების მოგვარებაზე, მერწმუნეთ ამას არ ჭირდება განსაკუთრებული ეკონომიკური რესურსი. მოგეხსენებათ, პარლამენტი განიხილავს და ამტკიცებს ქვეყნის ბიუჯეტს. ამ შემთხვევაში მე ვიქნები კატეგორიული, რათა მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული სახსრების გამოყოფა სწორედ იმ სეგმენტისთვის, რომელიც მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული. რაც მთავარია, პარლამენტში მე არ ვიქნები მარტო. ზუგდიდიდან პარლამენტში ჩემთან ერთად წარმოდგენილი იქნება ედიშერ თოლორაია, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ჩვენი სიის ათეულის წევრი თამარ ხულორდავა და პაატა გოგოხია, ჩვენი სიის კიდევ ერთი წევრი, რომელიც ასევე აქტიურად იმუშავებს ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის. ამას გარდა, ჩვენ მხარს დაგვიჭერს ჩვენი, „ქართული ოცნების“ გუნდი, რომელიც აბსოლუტური უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი პარლამენტში.

გიორგი თოდუა („რესპუბლიკური პარტია“)

მაჟორიტარი, პირველ რიგში, თვითონ არის კანონშემოქმედი და თუ ფიქრობს, რომ არ არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიები მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად, მაშინ შესაბამისი კანონპროექტების ინიცირება თვითონ უნდა მოახდინოს. რაც შეეხება, ეკონომიკურ რესურსებს, პირველ რიგში, ეს არის ქვეყნის ბიუჯეტი, რომლის სწორად დაგეგმვისა და განხორციელების შემთხვევაში, ასევე უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ხელშეწყობის შემთხვევაში, დაპირებების შესრულება შესაძლებელი იქნება.

ლევან კონჯარია („ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

მაქსიმალურად ვეცდები ზუგდიდის პრობლემების გადაჭრის ფინანსური გზები ჩადებული იქნას ბიუჯეტში.

ირაკლი ჩიქოვანი („ალასანია-თავისუფალი დემოკრატები“)

საკანონმდებლო ბაზის თვალსაზრისით თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ არანაირი განსხვავება არ არსებობს პროპორციული და მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტარს შორის, რაც არის ჩემთვის არგუმენტი, რის გამოც ვეწინააღმდეგები ზოგადად მჟორიტარულ სისტემას მაგრამ ის შემოთავაზებები რაც მე გამაჩნია, ეს გულისხმობს იმას, რომ მე აქტიურად ვიყო ლობისტი ზუგდიდში არსებული პრობლემების მოგვარებისა. ამას მე ვერც საკანონმდებლო ბაზა დამავალდებულებს და ვერც წამართმევს, ამიტომ ჩემს აქტივობაზე და მაჟორიტარის აქტივობაზე იქნება თავიდან ბოლომდე ყველაფერი დამოკიდებული.

გონერი პაპავა („ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“)

საკანონმდებლო ბაზა წლების განმავლობაში დაიხვეწა და გამართულია, ჩვენ დაპირებების აბსოლუტური უმრავლესობის შესრულებას საკანონმდებლო ბაზა ხელს არ უშლის, ხელის შეშლა მიმდინარეობს აღმასრულებელ ხელისუფლებაში, რომელიც სამწუხაროდ ამ კანონებს ვერ ასრულებს, რაც მოსახლეობის მხრიდან უკმაყოფილებას იწვევს.

ოთარ ჭითანავა („პატრიოტთა ალიანსი“)

ჩემი დაპირებების შესასრულებლად სამართლებრივი ბაზის სრულყოფის აქტივობებს უპირატეს რესურსად მივიჩნევ, რომლის ეკონომიკური რესურსებით უზრუნველყოფა სახელმწიფოს საბიუჯეტო სააღსრულებო, სააღმასრულებლო შტოს პრეროგატივაა.

ვახტანგ ცხადაია („პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“)

ჩვენ პარლამენტში ინიციატივით შევალთ, რათა სრულყოფილ იქნას მაჟორიტარის უფლება- მოვალეობანი. წინასაარჩევნო პერიოდში წარმოჩენილი ყველა პრობლემა მაჟორიტარის მიერ დასმული იქნება ცენტრალური ხელისუფლების წინაშე, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობას შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მიღებაში ხელს შევუწყობთ.

კითხვა 6. რომელი კანონების ინიცირებას გეგმავთ პარლამენტში თქვენს საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით?

მერაბ ქვარაია („ქართული ოცნება“)

პასუხი არ არის.

გიორგი თოდუა („რესპუბლიკური პარტია“)

პასუხი არ არის.

ლევან კონჯარია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

ადგილობრივი თვითმმართველობის სრულყოფაზე, ჯანდაცვის პრობლემებზე, ბიზნესის ხელშეწყობაზე.

ირაკლი ჩიქოვანი („ალასანია-თავისუფალი დემოკრატები“)

ძალიან ძნელია თქვენ პარლამენტში დამისახელოთ ისეთი საკანონმდებლო აქტები და პროექტები, რომლებიც არის კონცენტრირებული მხოლოდ კონკრეტულ გეოგრაფიულ ტერიტორიასთან. თუ ეს არ ეხება თავისუფალ ინდუსტრიული ან თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ საკითხს. მე ჩემს დაპირებებში წინასწარ არ მიდევს, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან რთული დაპირება და ასე ვთქვათ კომპლექსურად შესასწავლი და რომელიც ქვეყნის საგადასახადო სისტემის ერთგვაროვნებაზეა დამოკიდებული, რადგან ჩვენ გვინდა ტურიზმის განვითარება ზუგდიდში, ტურიზმი ხელს შეუწყობს აქ სამუშაო ადგილების შექმნას, შესაძლებელია აქ გარკვეულ საგადასახადო შეღავათებზე ვიფიქროთ. თუმცა, ეს საგადასახადო შეღავათი არ არის შესული ჩემს დაპირებაში, იმიტომ, რომ ეს ვერ იქნება საგამონაკლისო ხასიათის და მნიშვნელოვანია მთლიან კონტექსტში დავინახოთ. ჩემი ერთ-ერთი სურვილი იქნება ამ მიმართულებით წავიდეთ მაგრამ ერთიან საგადასახადო სისტემაში დავინახოთ, ამიტომ კონკრეტულთან მიმართებაში კანონპროექტი არ იქნება, მაგრამ იქნება იმ შემთხვევაში, თუ ამას საერთო პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო მოგვცემს.

გონერი პაპავა („ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“)

საარჩევნო ოლქთან კონკრეტულად გამოკვეთილი კანონის ინიცირება არ მოხდება, რადგან კანონები სრულიად საქართველოს მოსახლეობაზე იქნება გათვლილი, ამიტომ ვგეგმავ საგანმანათლებლო სისტემაში და რეგიონული მოწყობის მიმართულებით საკანომდებლო სისტემაში ცვლილებების შეტანას.

ოთარ ჭითანავა ( „პატრიოტთა ალიანსი“)

პარლამენტში იმ კანონების ინიცირებას ვაპირებთ, რომელიც საშუალებას მოგვცემს რეფორმები განვახორციელოთ, რომლებიც ჩვენი წინასაარჩევნო დებულებებით გათვალისწინებულია, რაც ჩვენი მიზნების განხორციელებას ხელს შეუწყობს.

ვახტანგ ცხადაია („პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“)

ხელს შევუწყობთ ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკის სრულყოფას .

კითხვა 7. რას ფიქრობთ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების იდეაზე? უნდა გაუქმდეს თუ არა და რატომ?

მერაბ ქვარაია („ქართული ოცნება“)

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ეს სისტემა 2020 წლიდან გაუქმდება და ამ თემაზე, ჩემი აზრით, ყურადღების გამახვილება არ ღირს.

გიორგი თოდუა („რესპუბლიკური პარტია“)

ჩვენ, „რესპუბლიკელები“ საარჩევნო სისტემის ცვლილებას აქტიურად ვუჭერდით და ვუჭერთ მხარს. „რესპუბლიკური პარტია“ 2020 წლისთვის საარჩევნო სისტემის რეგიონალურ-პროპორციულ მოდელზე გადასვლას აქტიურად დაუჭერს მხარს.

ლევან კონჯარია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

მაჟორიტარულ სისტემის გაუქმებაზე „ნაციონალური მოძრაობა“ ხელმოწერებსაც კი აგროვებდა და ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს ცვლილებები მიღებული იქნება.

ირაკლი ჩიქოვანი („ალასანია-თავისუფალი დემოკრატები“)

დიახ, უნდა გაუქმდეს იმიტომ რომ, მე ირაკლი ჩქოვანი, ვიყავი ერთ-ერთი ჩემპიონი საარჩევნო რეფორმისა, რომელიც გულისხმობს მაჟორიტარული ოლქების გაუქმებას. საქართველო და ლიტვა არის ორი ქვეყანა მსოფლიოში, რომელთაც აქვთ ასეთი სისტემა, რომელიც არის აბსოლიტურად არაადეკვატური, ვინაიდან მოქალაქეთა მიცემული ხმების რაოდენობა პროპორციულად არ აისახება მანდატებში. ჩვენს ფეისბუქ გვერდზე გვაქვს გრაფიკა გაკეთებული წლების მიხედვით ყველა იმ არჩევნებისა, რომლიც ამ სისტემით არის ჩატარებული და მინიმუმ 18 %-იანი არის სხვაობა ხელისუფლების სასარგებლოდ, ანუ მიღებულ ხმათა პროცენტსა და მიღებულ მანდატიის პროცენტებს შორის. ეს არის ჩემთვის მიუღებელი, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს არის აბსოლიტურად არაადეკვატური, მანამ სანამ არ აღდგება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, როდესაც ჩვენ ორპალატიან პარლამენტზე ვისაუბრებთ და ეს ჩანაწერი კონსტიტუციაში არსებობს. დღესდღეისობით, „თავისუფალი დემოკრატების“ მოსაზრებით, ეს არის სამხარეო პროპორციული სისტემა, დღეს ჩვენ გვინდა-არგვინდა საქართველოში მხარეები არსებობენ და არ ვსაუბრობ რეგიონულ პროპორციულზე, ვსაუბრობ ამიტომ სამხარეო პროპორციულზე.

გონერი პაპავა („ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობა“)

ვეთანხმები ამ სისტების გაუქმებას, დღევანდელი ფორმიდან გამომდინარე, ვემხრობი რეგიონული საპარლამენტო და მაჟორიტარული სისტემის დანერგვას.

ოთარ ჭითანავა („პატრიოტთა ალიანსი“)

გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე ეს პრობლემა დღის წესრიგში არ იდგება, რადგან ხშირ შემთხვევაში, ამ სისტემას მმართველი პარტიები უმრავლესობის მოსაპოვებლად იყენებენ.

ვახტანგ ცხადაია („პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“)

ამ საკითხთან დაკავშირებით პარტიაში მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას.

კითხვა 8. პარლამენტში თქვენი არჩევის შემთხვევაში თუკი ოპოზიციაში იქნებით, რა გზებით შეეცდებით თქვენი დაპირებების განხორციელებას?

მერაბ ქვარაია („ქართული ოცნება“)

მერწმუნეთ, „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებს დამაჯერებლად მოიგებს და მთავრობას დააკომპლექტებს.

გიორგი თოდუა („რესპუბლიკური პარტია“)

მე ვიბრძვი გამარჯვებისთვის და მჯერა, რომ ზუგდიდი 8 ოქტომბერს გზას პარლამენტისკენ დამილოცავს. ძალისხმევას არ დავიშურებ, რათა ვიყო თითოეული ზუგდიდელის ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში და ზუგდიდისთვის მნიშვნელოვანი საკითხები აქტიურად წამოვწიო.

ლევან კონჯარია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებას ვგეგმავთ ამ არჩევნებზე. ვფქირობ, ოპოზიციაში ყოფნის დროსაც ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გზით შესაძლებელია აღნიშნული პრობლემების გადაჭრა.

ირაკლი ჩიქოვანი („ალასანია-თავისუფალი დემოკრატები“)

არც ერთი დაპირება, რომელიც მე მაქვს ამომრჩევლის მიმართ წარმოდგენილი, არ ინება დამოკიდებული იმაზე მე ვარ ოპოზიციის წარმომადგენელი თუ ხელისუფლების. თვითონ შინაარსი, რომელიც აქ წარმოდგენილია, პირდაპირ გეტყვით - არცერთი დაპირება არ გულისხმობს ამას. ამაზე მე ნაფიქრი მაქვს ვიდრე შევიმუშავებდი ჩემს პროგრამას და ნამდვილად არ მინდოდა ჩემს ამომრჩეველს ჰქონოდა ქეჯნა იმისა, რომ ირაკლი ჩიქოვანი თუ არ იქნა უმრავლესობაში იგი ვერ აასრულებს ამ დაპირებებს. დაპირებები, რომლებიც მე მათ მივეცი და ის ფორმა და ის გზა, რომელიც მე მათთვის მაქვს წარდგენილი და მათი წარმატებულობა ნამდვილად არ არის დამოკიდებული ჩემს ასე ვთქვათ კუთვნილებაზე უმცირესობის ან უმრავლესობის მიმართ, შესაბამისად არ იქონიებს ზეგავლენას და ამას ბოლომდე შ

თეგები: