წარმოგიდგენთ ჭიათურის #56 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატთა ინტერვიუებს. ესენი არიან:სულხან მახათაძე („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“), გოგი (პროკოფი) ჩიკვილაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა), მალხაზ წერეთელი („რესპუბლიკური პარტია“, ჭიათურის მოქმედი მაჟორიტარი), თეიმურაზ გაფრინდაშვილი („ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“), ანი მიროტაძე („ეროვნული ფორუმი“), გურამ კაპანაძე („ერთიანი კომუნისტური პარტია“).
ინტერვიუები მომზადდა წინასწარ შედგენილი კითხვარის მიხედვით, რომელიც ყველა კანდიდატისთვის ძირითადად ერთნაირი იყო. მიღებული პასუხები იმგვარადაა დაჯგუფებული, რომ მკითხველს კანდიდატთა პოზიციების შედარება გაუადვილდეს.
კთხვა 1: რატომ იყრით კენჭს ამ კონკრეტულ ოლქში?
სულხან მახათაძე („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“)
ჭიათურა ჩემი მშობლიური ქალაქია. მამა სამთოელია და, როგორც ცხონებული ოტია იოსელიანი იტყოდა, მაღარო და ჭიათურა კაცების სამჭედლოა. კაცობა ჩემთვის მშობლიური მხარის სიყვარულს ნიშნავს და ამ სიყვარულს ჭიათურის მუნიციპალიტეტისათვის არ დავიშურებ. აუცილებლად ვემსახურები მას ჩემი სამსახურებრივი პოზიციის მიუხედავად! ჭიათურას დიდი ხნის ისტორია არ აქვს. ის 150 წელიც არაა, რაც არსებობს და როგორც ვიცი, მე ვიყავი ყველაზე ახალგაზრდა ჭიათურის ხელმძღვანელთა შორის. არც ისე დიდი ხნის წინ მითხრა ერთმა მოხუცმა, რომ ამდენი ვაშაძის შემდეგ ჭიათურაში არავის მმართველობისას არ გაკეთებულაო. ეს ყველაზე დიდი ჯილდო და შეფასება იყო ჩემთვის! მმართველმა პარტიამ ჩემი კანდიდატურა შეარჩია, მაქვს მოსახლეობისთვის სათქმელი, რომ იმ შეზღუდული რესურსით, რასაც ბიუჯეტი ჰქვია, გავაკეთე მაქსიმუმი და ამიტომ გადავწყვიტე, რომ მაქვს მორალური უფლება, ჩემი კანდიდატურა შევთავაზო ამომრჩეველს.
გოგი (პროკოფი) ჩიკვილაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)
მე კეჭს ვიყრი ჩემს რაიონში, სადაც ვცხოვრობ.
მალხაზ წერეთელი („რესპუბლიკური პარტია“)
მთელი ჩემი ცხოვრება ამ რაიონთან არის დაკავშირებული. აქ დავიბადე, 30 წელი ვმუშაობდი ექიმ-პედიატრად. პარალერულად, ვცდილობდი რაიონის პრობლემათა მოგვარებისათვის ჩემი წვლილი შემეტანა. ვარ 2002-2006-2010 წლების მოწვევის საკრებულოს წევრი, 2012 წლიდან პარლამენტის წევრი. კარგად ვიცი ჩემი რაიონის პრობლემები, მაქვს ხედვები პრობლემათა მოგვარების გზებსა და საშუალებებზე.
თეიმურაზ გაფრინდაშვილი („ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“)
მინდა, ჩემს ქალაქს, ჩემს რაიონს დავუდგე გვერდით არა როგორც აქტიური პოლიტიკოსი, არამედ როგორც პრაქტიკოსი, მეწარმე. ვიმუშაო პარლამენტში იმ საკანონმდებლო ბაზის დახვეწაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას, ჭიათურაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და უკვე დასაქმებულებისათვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. მიყვარს ჩემი რაიონი. ჭიათურაში დაბადებული და გაზრდილი კაცი ვარ. მთელი ჩემი ცხოვრება ჭიათურას უკავშირდება. ბუნებრივია, მაქვს სურვილი, მონაწილეობა მივიღო ამ მუნიციპალიტეტისა და მისი მოსახლეობისათვის ცხოვრების უკეთესი პირობების შექმნაში. ჭიათურაში ხალხი დაიღალა იმით, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები, თუნდაც მაჟორიტარი მათ მხოლოდ წინასაარჩევნოდ იხსენებს დაპირებებისთვის და მომდევნო ოთხი წელი მათთან არავინ მიდის. ხალხი დაიღალა იმით, რომ სოფლებსა თუ ქალაქში არსებულ მათ უამრავ პრობლემაზე არავინ ზრუნავს. ხალხი დაღალა დაპირისპირებამ. ჭიათურაში უნდა დასრულდეს ის დრო სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირების გამო, ხალხი რომ ერთმანეთს დააპირისპირეს და ახლობლებს, ნათესავებს თუ მეგობრებს ერთმანეთის მისალმება ეშინიათ. ამის გამო გადავწყვიტე, ვიბრძოლო მაჟორიტარობისათვის. ჭიათურაში უნდა დასრულდეს პოლიტიკური დაპირისპირებები და საქმის კეთება დაიწყოს. საქმე კი ცენტრალურმა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ და მაჟორიტარმა ერთად უნდა აკეთონ, პოლიტიკური სიმპათიის თუ ანტიპათიის მიუხედავად.
ანი მიროტაძე („ეროვნული ფორუმი“)
გადაწვეტილება, რომელიც ჭიათურის სამაჟორიტარო ოლქში კენჭისყრასთან დაკავშირებით მივიღე, განაპირობა რამდენიმე გარემოებამ. პირველ რიგში, ჭიათურა, თავისი პრობლემების სიმრავლით და სიმძიმით, ერთ-ერთ ყველაზე რთულ რაიონად ითვლება. აქ ძალიან სწრაფად არის დასაწყები ასევე სწრაფ შედეგებზე ორიენტირებული პროექტები, რომლებიც აქაურებს გაუადვილებს ცხოვრებას.
მეორე, ეს არის კატასტროფული მიგრაცია, რომელმაც პრაქტიკულად გადამაწყვეტინა აქ წამოსვლა. ბოლო მონაცემებით, რომელიც მაქვს, ზოგიერთ სოფლებში 60-65%-იანი მიგრაციაა. ეს ნიშნავს, რომ ხვალ-ზეგ რაიონი უბრალოდ დაიცლება. ბევრი ტოვებს აქაურობას და მიდის სხვაგან სამუშაოდ. სოფლებში დარჩენილი არიან ძირითადად მოხუცები.
და ერთი კიდევ, მთავარი - ჩემი რაიონია! სადაც ცხოვრობენ ჩემი ნათესავები, დედას და მამას მეგობრები. მგონია, როდესაც იღებ გადაწყვეტილებას პოლიტიკაში, უნდა დაიწყო იქედან, საიდანაც არის შენი ფესვები, მით უმეტეს, თუ ამ გარემოს ძალიან სჭირდები და გაქვს იმის სურვილი, რაღაცები შეცვალო, ამაში გარკვეული ვალდებულებებაც არის. ამიტომ წამოვედი აქ.
გურამ კაპანაძე („საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“)
იმიტომ, რომ ჭიათურელი ვარ და კარგად ვიცნობ ქალაქის პრობლემებს.
კითხვა 2: ჩამოთვალეთ 3-5 (ან მეტი) მთავარი პრობლემა, რომელიც თქვენი ოლქის ამომრჩევლებს (და არა ზოგადად ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას) განსაკუთრებით აწუხებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?
სულხან მახათაძე („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“)
ჭიათურა ის მუნიციპალიტეტია, სადაც პრობლემები მიწისქვეშიდან იწყება და ატმოსფეროში მთავრდება. ამაზე ყველას აქვს ინფორმაცია: ჭიათურაში მოიპოვება მანგანუმი, რასაც მიწის შრეების რღვევა, წყლისა და ჰაერის დაბინძურება მოსდევს. კომუნისტური ეპოქის დასრულების მერე მოიშალა წყლის სისტემა, განადგურდა გზები, დაიცალა ქალაქი და სოფლები, ჭიათურას გაუუქმეს ქალაქის სტატუსი, ფაქტობრივად, აღარ არსებობდა ინფრასტრუქტურა, გაუქმდა საავადმყოფოები, დაიხურა სკოლები (მოსწავლეთა კონტინგენტის შემცირების გამო). ბოლო 4 წელში თითქმის ორჯერ გაიზარდა ბიუჯეტი და ამ ბიუჯეტის გონივრული, ეფექტური ხარჯვით ჩვენ შევძელით მაქსიმუმის გაკეთება. სწორედ მუნიციპალური და ცენტრალური ბიუჯეტის მეშვეობით შეიძლება პრობლემების ეტაპობრივი აღმოფხვრა. 4 წელში, თუნდაც მეტი ფინანსური რესურსი ყოფილიყო, დროის რესურსი ვერ ეყოფოდა პრობლემების მოგვარებას! ჩემი აზრით, ორი რამეა საჭირო ჭიათურის პრობლემების აღმოსაფხვრელად: გონივრულად გათვლილი ფინანსური და დროის რესურსები.
გოგი (პროკოფი) ჩიკვილაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)
ქალაქის წყალმომარაგება, სოფლების გაზიფიცირება და ელექტრო მრიცხველების მონტაჟი. ტყით სარგებლობა, სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა განვითარების ხელშეწყობა. თ. მაღრაძის სახელობის სტადიონის რეაბილიტაცია...
მალხაზ წერეთელი („რესპუბლიკური პარტია“ ჭიათურის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი)
მუნიციპალიტეტის მრავალ პრობლემათა შორის გამოვყოფდი შემდეგს: ა) უმძიმესი ეკოლოგიური მდგომარეობა - ქვეყნის მასშტაბით გარემოზე მიყენებული ზიანის 88.5% მოდის ჭიათურის რაიონზე.
ბ) სასმელი წყლით მოსახლეობის უზრუნველყოფა და სამელი წყლის ხარისხი.
გ) სტაციონარული საწოლების მწვავე უკმარისობა, რის გამოც 13 ათასზე მეტი ადამიანს სამედიცინო სერვისების მისაღებად 80 კმ-ის გავლა უწევს ზესტაფონამდე.
დ) გაზიფიცირების პრობლემა, გაზიფიცირებულია სოფლების 0.6%, ქალაქიც არ არის სრულად გაზიფიცირებული.
ე) მიგრაციის პრობლემა - 1989 წლიდან 2014 წლამდე 43%-იანი კლება გვაქვს მოსახლეობის.
მოგვარება:
ა) საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, არსებული კანონმდებლობის დაცვა. მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის სათავეა ის განუკითხავობა და უკანონობა, რაც საბადოზეა გამეფებული. არ ჩანს ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკური ნება, როცა გარემოზე მიყენებული ზიანის რაოდენობა რაიონში 358 მლნ ლარს შეადგენს.
ბ) აუცილებელია სასმელი წყლით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის მიღება, რომელმაც უნდა განსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოები,შესრულების ვადები, ეტაპები და ა.შ. საჭიროა უახლოეს ხანებში მოხდეს წყალმომარაგებისა და წყალარინების შესახებ მომზადებული კანონპროექტის მიღება.
გ) ჩემი სამწლიანი მცდელობით, მთავრობისაგან მიღებულია თანხმობა ქ. ჭიათურაში 30 საწოლიანი მუნიციპალური საავადმყოფოს შექმნის თაობაზე. საბოლოო ნაბიჯი გამგეობის გადასადგმელია.
დ) ცენტრალური ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული. 2015 წელს იმერეთის რეგიონში გაიყვანეს 1300 კმ გაზსადენი, აქედან, არც ერთი მეტრი ჩვენს რაიონში. ასე იყო 2012-13 წლებში. კომენტარი თქვენთვის მომინდვია.
ე) რაიონი მონოდარგობრივია. საჭიროა ალტერნატიული სამუშაო ადგილები მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებით. ჩვენთან პერსპექტიულად მიმაჩნია სოფლის მეურნეობის კუთხით მეჩაიეობისა და მეხილეობის განვითარება.
თეიმურაზ გაფრინდაშვილი („ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“)
1) ეკოლოგიური პრობლემა;
2) მასიური უმუშევრობა, რის გამოც დაცლილია როგორც ჭიათურის სოფლები, ასევე ქალაქი;
3) მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა.
რაც შეეხება აღნიშნული პრობლემის გადაჭრის ჩემეულ ხედვას, დავიწყებ ეკოლოგიური პრობლემით, რომელიც ჭიათურაში მუდმივად განხილვის საგანია. არსებობს საქართველოს კანონი „წიაღის შესახებ“, ასევე, სხვა კანონები თუ ნორმატიული აქტები, რომელიც დაკავშირებულია სამთო წარმოებასთან. აღნიშნული კანონები პრაქტიკოს-ექსპერტების მიერ დახვეწას საჭიროებს. კანონებში დასახვეწია მთელი რიგი ნორმები, რაც საშუალებას მოგვცემს ჭიათურაში ეკოლოგიური თვლსაზრისით სიტუაცია რადიკალურად შეიცვალოს.
რაც შეეხება დასაქმების პრობლემას, კეთილსინდისიერ მეწარმეებს უნდა ჰქონდეთ იმის განცდა, რომ მათ სახელმწიფო გვერდით უდგას. ამ შემთხვევაშიც უნდა მოხდეს საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, უნდა გატარდეს ძირეული რეფორმები როგორც კონკრეტული ბიზნესის საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესების, ისე საგადასახადო კუთხით. აღნიშნული ღონისძიებების გატარება მოგცემს როგორც დასაქმებულთა შრომის პირობების გაუმჯობესების, ისე დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას.
მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ დღეისათვის ჭიათურის ხელისუფლებას, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო რგოლს არ გააჩნია ჭიათურის, ჭიათურის სოფლების განვითარების არანაირი გეგმა. როგორც მეწარმეს მიმაჩნია, რომ უმოკლეს დროში უნდა შემუშავდეს ასეთი გეგმა და იმ სოფლებსი ან ქალაქის იმ უბნებში, სადაც პრაქტიკულად მთლიანად დანგრეულია გზები, უნდა დაიწყოს ინფრასტრუქტურის ეტაპობრივად აღდგენა, გზების კაპიტალური შეკეთება. სამუშაობის ნაწილის შესრულება ადგილობრივი ბიუჯეტის ფინანსური რესურსით უნდა მოხდეს, ხოლო თანხის დარჩენილი ნაწილის მოძიება შესაძლებელია ცენტრალური ბიუჯეტიდან. ამის მოგვარებაში მაჟორიტარი დეპუტატი აქტიურად უნდა ჩაერთოს. ვიმეორებ, აქტიურად და არა მოვალეობის მოხდის მიზნით.
ანი მიროტაძე („ეროვნული ფორუმი“)
ეს არის ეკოლოგიური პრობლემები, დაბინძურებული გარემო, დაბინძურებული წყალი, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიშია. სტატისტიკას თუ მოვუხმობთ, 6-ჯერ მაღალია ონკოლოგიური დაავადებების რისკი ჩვენს ქალაქში. 32-ჯერ მაღალია, გამოკვლევების მიხედვით, გარემოს დაბინძურების საფრთხე. აქ ამ დრომდე ონკანში დაბინძურებული წყალი მოედინება (და იმედი მაქვს, ამას მალე მოვაგვარებთ). ეს რაც შეეხება ეკოლოგიურ პრობლემებს. ყველაფერ ამის გამომწვევი მანგანუმის მოპოვების ის არასწორი გზებია, რომლითაც მიმდინარეობს მისი დამუშავება. გარდა ამისა, იქ, სადაც მიმდინარეობდა მანგანუმის წარმოება, შესაბამისი სამუშაოები არ ჩატარდა, რაც ქმნის მეწყერულ ზონებს. ანუ, მეწყერის განვითარების საშიშროებაც არსებობს, რაც ძალიან ცუდია, თავისთავად. რადგან საბადო არსებობს, რა თქმა უნდა, უნდა ხდებოდეს მისი გამოყენება, მაგრამ არა გარემოს დაბინძურების და ადამიანების ჯანმრთელობის ხარჯზე.
მეორე საკითხი, ამ რაიონისთვის უშუალოდ დამახასიათებელი - აქ არის მცირემიწიანი ნიადაგი. ის, რომ მაღალმთიანობის სტატუსთან დაკავშრებით გარკვეული სოფლების შერჩევა ხდება, ამ რაიონისთვის კარგად ვერ მუშაობს და არ მუშაობს. აქ არავის აქვს შემოსავალი. ყველაფერი დამოკიდებულია მანგანუმის წარმოებაზე. სოფლის მეურნეობა ვერ არის ისე განვითარებული, რომ ადამიანებმა თავი ირჩინონ. ეს არის პრობლემა. ეს იწვევს ადამიანების მიგრაციას. ადგილზე არანაირი საწარმო არ არსებობს, გარდა „ჯორჯიან მანგანეზისა“, ან მასთან დაკავშირეული, ან მასზე დამოკიდებული საწარმოებისა. აქენდან გამომდინარე, ნომერ მეორე პრობლემა - უმუშევრობა უკავშირდება სწორედ ამას. მე ვფიქრობ, რომ აქ სხვა მიდგომებია საჭირო ასეთი განსაკუთრებულად ღარიბი რაიონებისთვის.
და მესამე - რაც ძალიან რთულია ჩემთვის, ეს არის ის უმძიმესი პირობები, რომელშიც არიან მაღაროში დასაქმებული ადამიანები. 3 500 კაცი არის 21-ე საუკუნის შრომითი მონობის მსხვერპლი! ეს შემიძლია გითხრათ სრული პასუხისმგებლობით. მათი ანაზღაურება არის კატასროფულად დაბალი იმ შრომასთან შედარებით, რასაც ეწევიან.
გურამ კაპანაძე („საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“)
ქალაქის პრობლემიდან შეიძლება გამოვყოთ რამოდენიმე მთავარი პრობლემა: ეკოლოგიური, დასახლებული პუნქტების სასმელი წყლით მომარაგება და ქალაქისთვის ხარისხიანი წყლის მიწოდება, სოფლებიდან მოსახლეობის გადინების ტენდენცია, უმუშევრობა და სხვა სოციალური ხასიათის პრობლემები.
რაც შეეხება აღნიშნული პრობლემების მოგვარებას, ეკოლოგიური პრობლემებიდან, ისევე, როგორც ქვეყნის სხვა ქალაქებს, ჭიათურასაც აწუხებს მოძრავი ავტოტრანსპორტიდან გამოფრქვეული აირებით დაბინძურება. ეს პრობლემა ჭიათურაში კიდევ უფრო მწვავედ დგას მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო. ქალაქი განთავსებულია ქვაბულში და ბუნებრივად ცუდად ნიავდება. საჭიროა, მიღებულ იქნას კანონი, რომელიც მაქსიმალურად შეამცირებს ამორტიზირებული ავტომანქანების რაოდენობას.
ჭიათურაში ასევე მწვავედ დგას მანგანუმის მადნის მოპოვებით დაზიანებული სასოფლო- სამეურნეო სავარგულების პრობლემა. ამის მთავარი მიზეზი მაკონტროლებელი ორგანოს (გარემოს დაცვის სამინისტრო) არასწორი მიდგომაა. მათი ინსპექტორები ელოდებიან, როდის გაფუჭდება საქმე, რომ საჯარიმო სანქციები გაატარონ და არაფერს აკეთებენ დანაშაულის პრევენციისათვის. უნდა აღდგეს სპეცანგარიშები ბიუჯეტში (როგორც ეს იყო კომუნისტების დროს), სადაც ჩაირიცხება გარემოზე მიყენებული ზიანისა და საჯარიმო სანქციებიდან ამოღებული თანხები, რომელიც შემდგომ გამოყენებული იქნება დაზიანებული ფათობების რეკულტივაციისათვის, ტყის კულტურების გაშენებისა და სხვა გარემოს გამაჯანსაღებელი ღონისძიებების დასაფინანსებლად.
რაც შეეხება ქალაქის ხარისხიანი წყლით მომარაგების პრობლემის მოგვარებას - უნდა გაგრძელდეს წყალსადენი სისტემის სათავე ნაგებობების მკვებავი წყაროების ქსელის გამოკვლევა და იმ ღია კარსტების დახურვა, საიდანაც ხდება ზედაპირული წყლების ჩადინება და მიწისქვეშა წყაროების დაბინძურება. ეს სამუშაოები გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს დაიწყო გეოგრაფიის ინსტიტუტმა და დაუფინანსებლობის გამო შეწყდა 90-იან წლებში განვითარებული ცნობილი მოვლენების გამო.
სოფლად მოსახლეობის დამაგრებას ხელს შეუწყობს მისასვლელი გზების კეთილმოწყობა და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარება. ყველაზე მთავარი სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ეფექტური ხელშეწყობაა. ერთ-ერთ ღონისძიებად შეიძლება ჩაითვალის უცხოეთიდან შემოსული უხარისხო, იაფი პროდუქტების შემოტანის შეზღუდვა, რაც გზას გაუხსნის და სტიმულს მისცემს ადგილობრივი პროდუქტების წარმოებას.
შემდეგი პრობლემა უმუშევრობის პრობლემის გადაწყვეტაა - პარტიას აქვს კონტაქტები უცხოელ ინვესტორებთან და პარლამენტში ჩვენი შესვლის შემთხვევაში აქტიურად ჩავერთვებით საქართველოში და ჩვენს ქალაქში ინვესტიციების შემოტანაში.
კითხვა 3: რა არის თქვენი მთავარი წინაასარჩევნო დაპირება ამომრჩევლისათვის? რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი.
სულხან მახათაძე („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“)
ყოველგვარი პათეტიკურობის გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ ჩემზე უკეთ არავინ იცის, რა ესაჭიროება ჭიათურას. უკვე 4 წელია, მიდევს ხელი მუნიციპალიტეტის მაჯისცემაზე. ყველა სოფლის ყველა უბანი ვიცი, ისინიც კი, სადაც ორიოდე ადამიანი შემორჩა. და მე ამ უბნებს არ გავცნობივარ წინასაარჩევნო პერიოდში! აუცილებელია, დაიხვეწოს სოციალური შემწეობის გაცემის, მაღალმთიანობის, მიწით სარგებლობის, მეწარმეობის, თვითმმართველობის შესახებ კანონმდებლობა. ჩემ მიერ აუცილებლად იქნება ისეთი საკანონმდებლო ინიიციატივები ინიცირებული ან მხარდაჭერილი, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანებს, იცხოვრონ უფრო დაცულად და გარანტირებული იყოს მათი ფუნდამენტური უფლებები. ეს ყველაფერი უნდა მოესწროს ჩემი პარლამენტარობის პერიოდში. გეტყვით ერთს სამაგალითოდ. არსებობს პროექტი „დანერგე მომავალი“, რომლის მიხედვითაც საჭიროა 5 ჰექტარი მიწის ფლობა, რომ ბენეფიციარმა მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება. მცირემიწიან მუნიციპალიტეტებში ეს 1 ჰექტარზეც დაუშვა სახელმწიფომ. სამწუხაროდ, ჭიათურა მათ შორის არ მოხვდა. არადა, ვინც იცის, ჭიათურა ერთ-ერთი მცირემიწიანი მუნიციპალიტეტია! თან ამას ემატება ნიადაგის დაბალი ნაყოფიერება! ასეთი უამრავი ნიუანსია მოსაგვარებელი. ჭიათურას უნდა ჰქონდეს პერსპექტივა მანგანუმის მარაგის ამოწურვის შემდეგაც! ჩაის რეაბილიტაცია პირველად ჭიათურიდან დაიწყო სახელმწიფო პროგრამით, თუმცა, ეს არ კმარა. ყველამ იცის, მწირი ნიადაგიც გონიერი აგრარიკოსის ხელში დიდი რესურსია. ამის მაგალითია უდაბნო-სახელმწიფო ისრაელი და ყინულით დაფარული ფინეთი და ისლანდია!
გოგი (პროკოფი) ჩიკვილაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)
ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რაიონში პრიორიტეტების მიხედვით და დასაქმების ხელშეწყობა. მათ გადაწყვეტაზე მუშაობა დაიწყება დაუყოვნებლივ „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ჯგუფთან ერთად და მისი პროგრამის მიხედვით.
მალხაზ წერეთელი („რესპუბლიკური პარტია“)
წინასაარჩევნო დაპირებაა ყველა იმ პრობლემის მოგვარებისათვის ბრძოლა, რისთვისაც ვიბრძოდი მანამდე. მოგვარების დრო დამოკიდებულია ცენტრალური ხელისუფლებისა და საკანონმდებლო ორგანოს გამართულ და ინტენსიურ მუშაობაზე.
ვაგრძელებ აქტიურ მუშაობას გარემოსდაცვის კანონპროექტთა პაკეტზე, რომელიც მზადდება სამინისტროში. ჩემი წინადადები გაგზავნილი მაქვს შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების თაობაზე, სადაც მაღაროელთა ინტერესებია გათვალისწინებული. ორი წელია, ვთანამშრომლობ საპენსიო უზრუნველყოფის დეპარტამენტთან, წარდგენილი მაქვს წინადადებები მძიმე სამუშაოზე დასაქმებულთათვის საპენსიო ასაკის დაწევაზე, ასევე ამ დარგში დასაქმებულთათვის დაგროვებით საპენსიო სისტემაში დამსაქმებლის მხრივ განსხვავებული თანადაფინანსება და სხვა. გაგზავნილი მაქვს ფინანსთა სამინიტროში თხოვნა, რომ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გაითვალისწინონ რეგრესის პენსიონერთა 2007-13 წლების კომპენსაცია ორი წელია, ვთხოვ ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ შეიქმნას კომპლექსური კომისია, რათა დაიდოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გადარჩენა-განვითარების გეგმა. სოფლების სასმელი წყლით უზრუნველყოფისათვის საჭიროა სუბსიდირება. თვითმმართველობას არ შეუძლია მარტო გაუმკლავდეს ამ პრობლემას.
თეიმურაზ გაფრინდაშვილი („ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“)
თეიმურაზ გაფრინდაშვილი არ იქნება მაჟორიტარი, რომელიც პარლამენტში დაჯდება და მისი ოთხწლიანი საქმიანობა მხოლოდ პულტზე თითის დაჭერით შემოიფარგლება. მაჟორიტარი დეპუტატობის შემთხვევაში, ვაპირებ აქტიურად ჩავერთო ჭიათურის თითოეული სოფლისა და ქალაქის მოსახლეობის პრობლემატიკის მოგვარებაში. ვაპირებ, რომ მაჟორიტარს ჭიათურის 64-ივე სოფელში ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი. ეს იქნება ანაზღაურებადი სამუშაო, ხოლო სოფლებში მოსახლეობის ნდობით აღჭურვილი პირები შეირჩევიან, რომლებიც მოქალაქეების ნებისმიერ პრობლემას მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში ჩამოიტანენ და მერწმუნეთ, ეს პრობლემები არ დარჩება თაროზე შემოდებული. ჩვენ გვინდა ამით ამომრჩეველს კომფორტი შევუქმნათ მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან ურთიერთობაში. მე ასე მწამს, რომ ადამიანს თუ დაპირდები, უნდა დაეხმარო და პრობლემა მოუგვარო. თუ არ შეგიძლია ამის გაკეთება, ისიც უნდა უთხრა და არ მოატყუო ორი და ხუთი კვირის შემდეგ გაგიკეთებო. გარდა ამისა, ჩემი მაჟორიტარობის შემთხვევაში ვაპირებ ჭიათურის განვითარების ფონდის აღდგენას. ეს ფონდი დაახლოებით 4 წლის წინ დავაფუძნეთ ჭიათურელმა მეწარმეება და სერიოზული შენატანებიც გავაკეთეთ. ამ ფონდმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებულ თანხებთან ერთად, სოფლებში კონკრეტული პრობლემების მოგვარება უნდა შეძლოს.
ანი მიროტაძე („ეროვნული ფორუმი“)
ბევრი ვიფიქრე იმაზე, რა შეიძლება იყოს ადგილზე არსებული რთული მდგომარეობიდან გამოსავალი და როგორც კი მე-9 მოწვევის პარლამენტი დაიწყებს მუშაობას, მე ვაპირებ, შევიდე პირველი ინიციატივით, რაც ისეთი რაიონებისთვის, როგორიცაა ჭიათურა, ზესტაფონი, ტყიბული, ბოლნისი და ა.შ. იმ რაიონებისთვის, რომლებიც ითვლება მძიმე მრეწველობის ქალაქებად და იქ შემოსავლიანობა დაბალია (ვგულისხმობ მცირემიწიანი და დაბალმოსავლიანი ნიადაგების გამო), არის ეკოლოგიური პრობლემები (რაც ითხოვს განსაკუთრებულ ხელშეწყობას ადამიანებისთვის, რათა მათი ჯანმრთელობა არ დაზიანდეს ასე უსაშველოდ), მე მოვითხოვ, რომ ასეთი რაიონებისთვის იზრუნოს სახელმწიფომ და შეიმუშაოს სპეციალური სტატუსი ისევე, როგორც მაღალმთიანი სტატუსის კანონი მივიღეთ.
სპეციალური სტატუსი შექმნის იმ თავის გადარჩენის პირობებს. იქნება გარკვეული შეღავათები, რაც უკავშირდება, მაგალითად, მაღაროში დასაქმებულ ადამიანებს. როგორი უნდა იყოს მათი საპენსიო ასაკი, როგორი უნდა იყოს მათი პენსია, უნდა იყოს თუ არა გათანაბრებული ჩვეულებრივ საყოველთაო პენსიასთან და რომ არ უნდა იყოს, რატომ არ უნდა იყოს, ამას დავასაბუთებ. რა შეიძლება იყოს განმსაზღვრელი ასეთ შემთხვევაში? კაცი მაღაროში რომ მუშაობდა 20 წელი, იმას 180 ლარის პენსია უნდა მიეცეს? გარდა ამისა, განსხვავებული და განსაკუთრებული ჯანდაცვის პაკეტით უნდა სარგებლობდნენ ეს ადამიანები. ეს აუცილებელია.
ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის, რომ ამ ქალაქს ჰქონდეს საავადმყოფო, იმიტომ კი არა, რომ ეს ახირებაა, იმიტომ კი არა, რომ ვინმეს თავმოყვარეობას ლახავს ის, რომ ამ ქალაქში საავადყოფო არ არის ნორმალური, ამ ქალაქს საავადმყოფო სჭირდება! ადამიანები მუშაობენ ურთულეს პირობებში, ურთულეს გარემოში, სადაც რისკი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაზიანების არის ძალიან მაღალი. მაღაროში დასაქმებული ადამიანების გარდა, ზემოთნახსენები ეკოლოგიურ პრობლემების გამო, ჩვეულებრივ, აქ მაცხოვრები ადამიანები ხშირად საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას. მე ვფიქრობ, რომ მათი დახმარება ცოტა განსხვავებული უნდა იყოს, განსხვავებული გარემო უნდა შევთავაზოთ. რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს არ არის საკმარისი, თუმცა ეს სტატუსი ერთმანეთში გააერთიანებს ყველა იმ ხელშეწყობას, რის გამოც შეიძლება ეს რაიონი არ დაიცალოს, არ დადგეს ასეთი საშიშროების წინაშე.
გურამ კაპანაძე („საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“)
ჩემს წინასაარჩევნო დაპირებებთან დაკავშირბით აღვნიშნავ, რომ წინასწარი ბაქიბუქი არ მიყვარს. ჩემი მუშაობის პრინციპი კი ასეთი იქნება - მე, როგორც ექსპერტი, აქტიურად ჩავერთვები ზემოთაღნიშნული ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში. ასევე შევეცდები ამომრჩეველთან ხშირი შეხვედრის შედეგად სისტემატურად მივიღო ინფორმაციები მოსახლეობის მიმდინარე პრობლემებზე და თანმიმდევრულად წამოვწიო გადაუდებელი მწვავე საკითხები და მათი მოგვარება დროულად დავსვა მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე. პირადად ჩავერთვები და თვალყურს მივადევნებ მათი გადაწყვეტის მიმდინარეობას. რაც შეეხება გრაფიკს – ეს დამოკიდებული იქნება პრობლემის სიმწვავესა და გადაწყვეტის სირთულესთან.
კითხვა 4: გვითხარით ის რეალური გზები, თუ როგორ აპირებთ დაპირებების შესრულებას მაშინ, როდესაც ამ ტიპის საქმიანობა ძირითადად ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში აღმასრულებელი ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმართველობის კომპეტენციაა?
სულხან მახათაძე („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“)
არ ვაპირებ, რომ ხალხს დავპირდე იმას, რაც ჩემს კომპეტენციაში არ შევა. დეპუტატის საქმე არაა გზების დაგება, არც ელექტრომრიცხველის დაყენება, მით უფრო არც ის დაპირებები, რომლებიც უხვად რიგდება ალბათ კონკურენტების მხრიდან. ჩემი გამოკვეთილი გზავნილი ამომრჩევლისადმი არის ასეთი: პარლამენტარმა უნდა იზრუნოს ხარვეზიანი საკანონმდებლო სისტემის გამოსწორებაზე, რის შემდეგაც მოსახლეობას ცხოვრებაც გაუიოლდება და იქნება პროგრესი!
გოგი (პროკოფი) ჩიკვილაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)
თუ ჩემი პოლიტიკური ჯგუფი უმრავლესობაში იქნება, ეს გაცილებით ადვილი იქნება, თუ არა (რასაც არ ვგეგმავთ), გამოყენებული იქნება საპარლამენტო ტრიბუნა, უშუალო კონტაქტები აღმასრულებელ ხელისუფლებასან და საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობის ორგანიზება. გარდა ამისა, მე ვფიქრობ, ერთ წელიწადში ჩვენ მოვიგებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსაც, რაც ერთობლივი ძალისხმევით გაგვიადვილებს პრობლემების გადაჭრას.
მალხაზ წერეთელი („რესპუბლიკური პარტია“)
მე არ ვპირდები ხალხს გზების, სკვერების, სახურავებისა და ა.შ. გაკეთებას. მე ვპირდები, მათთან ერთად ვიბრძოლო ამ საკითხების მოგვარებისათვის. ვიბრძოლებ, რათა თვითმმართველობამ მიზნობრივად და ეფექტურად გაანაწილოს თანხები. ამას წინა კითხვაში ნაწილობრივ ვუპასუხე.
თეიმურაზ გაფრინდაშვილი („ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“)
მიმაჩნია, რომ იმ რაიონში, სადაც არ არის გუნდური მუშაობის პრინციპი, თან თუ ამას ემატება რომელიმე რგოლში (გამგეობა, საკრებულო, მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო) არაკომპეტენტურობა, უცოდინრობა და საქმისადმი გულგრილობა, რთულია მოსახლეობის ნდობა მოიპოვო და რაიმე შედეგი დადო, მაგრამ თეიმურაზ გაფრინდაშვილს კარგად იცნობენ ჭიათურაში. ამიტომ კარგად იციან, რომ ჭიათურის მაჟორიტარობის შემთხვევაში არ ვიქნები პოლიტიკურად აქტიური. მე ვიქნები უშუალოდ ჭიათურისთვის, საქმის კეთებაზე ორიენტირებული. მოვახერხებ იმას, რომ ჭიათურის გამგეობა, საკრებულო და მაჟორიტარის ბიურო ერთობლივად მუშაობდნენ მოსახლეობისათვის სიკეთის მოსატანად. რაც შეეხება იმას, რომ მაჟორიტარი ახლოს იყოს საკუთარ ამომრჩეველთან, ამომრჩევლის სატკივარი, პრობლემა გაითავისოს და თუ დაპირდება, მოუგვაროს, ეს დაპირება კი არა, ჩემი პირდაპირი მოვალეობა იქნება. თეიმურაზ გაფრინდაშვილი არ ყოფილა ხელისუფლებაში, თუმცა ამის გარეშე, როგორც ჭიათურის მოსახლეობისათვის, ისე თავად ჭიათურისთვის გარკვეული სიკეთეები მაქვს გაკეთებული, რაც კარგად არის ცნობილი მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის. ხელისუფლებაში ყოფნა არ მჭირდებოდა იმისთვის, რომ ჩემი ხალხის გვერდით დავმდგარიყავი მაშინ, როდესაც ეს ჭიათურას სჭირდებოდა. კონკრეტულ ჩამონათვალს რაც შეეხება, ვიტყვი, რომ არასდროს მომიხდენია ამ სიკეთეების აფიშირება. თუ შეგიძლია შენი რაიონის, მისი ხალხის დახმარება, უნდა დაეხმარო უანგაროდ. ეს არის ის პრინციპი, რომლითაც ვხელმძღვანელობ. ხელისუფლებაში არ ყოფნის ფონზე გაკეთებ