წარმოგიდგენთ ფოთის #61 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატთა ინტერვიუებს. ესენი არიან: ირაკლი ხახუბია („ქართული ოცნება“), ბექა ბასილაია („ნაციონალური მოძრაობა“), კოტე კემულარია („პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“), ლელა ებრალიძე („რესპუბლიკური პარტია“).

ინტერვიუები მომზადდა წინასწარ შედგენილი კითხვარის მიხედვით, რომელიც ყველა კანდიდატისთვის ძირითადად ერთნაირი იყო. მიღებული პასუხები იმგვარადაა დაჯგუფებული, რომ მკითხველს კანდიდატთა პოზიციების შედარება გაუადვილდეს.

კითხვა 1:რატომ იყრით კენჭს ამ კონკრეტულ ოლქში?

ირაკლი ხახუბია („ქართული ოცნება“)

იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარ კანდიდატად აქ დამასახელა.

ბექა ბასილაია („ნაციონალური მოძრაობა“)

დავიბადე და გავიზარდე ფოთში. შესაბამისად, მაქვს ამბიცია, ჩემი პოლიტიკური კარიერა მშობლიური ქალაქიდან დავიწყო. ქალაქიდან, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო ეკა ბესელიას ფეოდალურმა კლანმა. მიზნად მაქვს, ჩემი ცოდნა, ენერგია, კავშირები ქალაქის განვითარებას მოვახმარო.

კოტე კემულარია („სახელმწიფო ხალხისთვის“)

ფოთი არის საქართველოს უმნიშვნელოვანესი საზღვაო ქალაქი, რომელიც, ფაქტობრივად, მიტოვებულია როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან და მიმაჩნია, რომ ახალმა პოლიტიკურმა ძალამ, როგორიცაა „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“, პირველ რიგში, თავისი ადგილი სწორედ ფოთის განვითარებით უნდა დაიმკვიდროს.

ლელა ებრალიძე („რესპუბლიკური პარტია“)

ფოთი ჩემი მშობლიური ქალაქია. ყველა პრობლემას, რაც ამ ქალაქს აწუხებს, ზედმიწევნით კარგად ვიცნობ; მამა წარმოშობით ლანჩხუთელი მამის - ცნობილი მსახიობის გიგა ებრალიძის შვილი იყო. დედა მეოთხე თაობა ფოთელია - ცნობილი ცომაიების გვარის წარმომადგენელი.

ოცი წლის მანძილზე ვიყავი რეგიონში პირველი თავისუფალი გაზეთის რედაქტორი, მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან არც ერთ პოლიტიკურ მოვლენას ჩემს გარეშე არ ჩაუვლია. კარგად ვიცი, რა შეცდომებს უშვებს ცენტრალური ხელისუფლება რეგიონებთან მიმართებაში და რა არის ადგილობრივი ხელისუფლების სისუსტის მიზეზი. ვინც ინფორმირებულია, ის შეიარაღებულია. ვფიქრობ, უკვე მზად ვარ, თუნდაც აქტიური, მაგრამ მაინც დამკვირვებლის პოზიცია დავტოვო და აქტიურ პოლიტიკურ მოქმედებებზე გადავიდე.

კითხვა 2:ჩამოთვალეთ 3-5 (ან მეტი) მთავარი პრობლემა, რომელიც თქვენი ოლქის ამომრჩევლებს (და არა ზოგადად ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას) განსაკუთრებით აწუხებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?

ირაკლი ხახუბია („ქართული ოცნება“)

ჩვენი მთავარი მიზანია სწრაფი განვითარება ყველა მიმართულებით. ის ბუნებრივი რესურსი, რაც ფოთს გააჩნია, მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული. ფოთს აქვს მრავალმხრივი განვითარების პოტენციალი. ქალაქს აქვს უნიკალური გეო-პოლიტიკური მდებარეობა, ჰყავს გამოცდილი მუშახელი, აქვს ინტელექტუალური და შემოქმედებითი პოტენციალი. ამას დაუმატეთ ადგილობრივი რესურსები აგრო-სამრეწველო მიმართულებით. გვაქვს ტურიზმისა და ბალნეოლოგიური კურორტების განვითარების შესაძლებლობა, სანაოსნო და თევზის რეწვის, გემთმშენებლობის ტრადიციები, საწყალოსნო სპორტის სახეობების განვითარების ბუნებრივი პირობები და კიდევ უამრავი სხვა რამ, რაც თვითდაფინანსებადი ბიუჯეტის ყველა პირობას ქმნის მონდომების შემთხვევაში.

რაც შეეხება პრობლემებს, როცა საკითხი პრობლემად ყალიბდება, ის აღარ შეიძლება იყოს მთავარი და არამთავარი. პრობლემა, ნებისმიერი ზომისა და მასშტაბის, უნდა აღმოიფხვრას. უბრალოდ, არსებობს სწრაფად და მარტივად მოსაგვარებელი და დროში გაწერილი პრობლემები, ანდა ისეთები, რომლებსაც დიდი კაპიტალი ანდა, უბრალოდ, კეთილი ნება სჭირდება. ფოთშიც ზუსტად ასეთი პრობლემების კრებულია. არის უკვე დაწყებული პროექტები და ჯერ კიდევ იდეის დონეზე არსებული თემები.

აღარ ჩამოვთვლი იმ მუნიციპალურ პროექტებს, რომლებიც დაწყებულია და გაგრძელდება. ის, რომ ქალაქს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სტადიონი, კინოთეატრი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი, საცურაო აუზი, ჯანდაცვის მოწესრიგებული ობიექტები, რომ ადგილობრივმა მეთევზეებმა და მონადირეებმა უნდა შეძლონ თავიანთი საქმიანობის გაგრძელება კანონთან თანხვედრაში, რომ პედაგოგებმა თავი უნდა იგრძნონ დაფასებულად, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა და სოციალურად დაუცველი ადამიანების ცხოვრების პირობები უნდა გაუმჯობესდეს - ამაზე ორი აზრი არ არსებობს და ისედაც გათვალისწინებულია ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გეგმებში. მთავარია, გაიზარდოს ბიუჯეტი. ფოთის მოსახლეობა სულ მალე იგრძნობს იმ მასშტაბებსა და მნიშვნელობას, რომლის მატარებელიც მალთაყვის სანაპირო ზოლის განვითარების პროექტია.

ბექა ბასილაია („ნაციონალური მოძრაობა“)

ძნელია, გამიჯნო კონკრეტული საარჩევნო ოლქის პრობლემები ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემებისგან. საქართველოს მოქალაქეები ერთი ქვეყნის შვილები ვართ, საერთო სატკივარითა და მომავლის გამოწვევებით. ფოთისა და გურიის სოფლების მოსახლეობის მთავარი პრობლემა არის უმუშევრობა, უგზოობა, მძიმე სოციალური ფონი, ეკოლოგიური პრობლემატიკა. გურიის რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება წყალი, მწვავედ დგას გაზიფიცირების საკითხი.

კოტე კემულარია („სახელმწიფო ხალხისთვის“)

პირველ რიგში, ეს არის სასმელი წყლის მაღალი ტარიფი, ვიდრე ის კანონმდებლობით იყო განსაზღვრული საერთოდ საქართველოში. ჩვენ მიერ ჩატარებული აქციებითა და აქტივობით მივაღწიეთ, რომ უკვე აგვისტოს ბოლოს იძულებული გავხადეთ ფოთის საკრებულო, განეხილა ტარიფის შემცირების საკითხი და მიემართა მარეგულირებელი კომისიისთვის ამ საკითხის მოსაგვარებლად.

მეორე - ეს არის ეკოლოგიური პრობლემა: თევზის ქარხნები თევზის გადამუშავებისას ამოფრქვეული აირით წამლავენ ქალაქის მოსახლეობას. სხვათა შორის, ერთ-ერთი ეკუთვნის სახელისუფლებო პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს. გარდა აუტანელი სუნისა, ეს აირი შეიცავს ამიაკის, გოგირდწყალბადის და სხვა მომწამვლელი ნივთიერებების მინარევებს, რაც დაუშვებელია ქალაქის ტერიტორიაზე.

ასევე, აუტანელია მდ. კაპარჭინის მდგომარეობა და რაც ყველაზე მთავარია, ნავსადგურში ღია წესით ხდება სპილენძის, ალუმინის ოქსიდის და სხვა ნაყარი ტვირთების დამუშავება, რაც საშინელ შედეგებს იწვევს ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით.

მესამე პრობლემა, თუმცა მე მას პირველ რიგში დავაყენებდი, ეს არის ჰიდროკვანძის სავალალო მდგომარეობა, მისი მწყობრიდან გამოსვლა ძალიან დიდ საფრთხეს უქადის ფოთის მოსახლეობას, შესაძლოა, სერიოზული ტექნოგენური საფრთხე გამოიწვიოს. ეს საკითხი სასწრაფო მოგვარებას საჭიროებს.

შემდეგ პრობლემად გამოვყოფდი არაეფექტურ მმართველობასა და კორუფციას - ქალაქი არის მოუვლელი. მალთაყვაზე, სტადიონზე, სახლების აშენებაზე, სანიაღვრე არხების მოწყობაზე, გზების დაგებაზე, ტროტუარების მოწყობაზე გამოყოფილი სახსრები, ფაქტობრივად, მითვისებულია. თითქმის არც ერთი ეს საკითხი ბოლომდე არ არის მიყვანილი.

საუბედუროდ, ახლა შეაჩერეს საკანალიზაციო ქსელის სამუშაოები, რაც თავისთავად უარყოფითად იმოქმედებს გზებისა და ტროტუარების წესრიგში მოყვანის თვალსაზრისით. აქაც კორუფციასთან და გულგრილობასთან გვაქვს საქმე.

და ბოლო პრობლემა, ეს არის ადგილობრივი ოლიგარქიისა და მთავრობის, ხელისუფლების მოქმედებათა სრული შერწყმა, რაც იწვევს მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარების საფუძველში მოსპობასა და უმუშევრობას. ესეც სასწრაფოდ გადასაწყვეტი საკითხია. ქალაქში მოუვლელია საავადმყოფოები, სკოლები, საბავშვო ბაღები, რაც მთავრობის აშკარა უნიათობის ბრალია.

ლელა ებრალიძე („რესპუბლიკური პარტია“)

არც ადგილობრივ და არც ცენტრალურ ხელისუფლებას არ აქვს ქალაქის განვითარებისადმი ჩამოყალიბებული ხედვა. პრიორიტეტები განისაზღვრება იმის მიხედვით, ვინ მოდის ხელისუფლების სათავეში.

საჭიროა, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ექსპერტების ჯგუფის მიერ შემუშავდეს ქალაქის განვითარების გრძელვადიანი კონცეფცია მისი პოტენციალიდან გამომდინარე. ამის პრეცედენტი არსებობდა 90-იან წლებში, მაგრამ შექმნილი დოკუმენტი დარჩა ქაღალდზე და ასახვა ვერ ჰპოვა ვერც ადგილობრივ ბიუჯეტში და ვერც ცენტრალური ბიუჯეტიდან ქაოსურად გამოყოფილ ტრანსფერებში, რომელთა ეფექტურად ათვისებას ადგილობრივი ხელისუფლება მეტწილად ვერ ახერხებდა, რის გამოც თანხები უკან ბრუნდებოდა.

დღეს ფოთში ორი დიდი პროექტია დაწყებული და ორივე შეჩერებულია ტენდერების არასწორად ჩატარების გამო. ეს გახლავთ სანაპირო ზოლისა და კანალიზაციის სისტემის მოწყობა. ორივე შემთხვევაში შესრულებული სამუშაოს მოცულობა და ხარისხი წინასწარ გაცემული თანხების შესაბამისი არ არის. ეს ორი ფაქტი კარგი მაგალითია იმისა, რომ ტენდერების არასწორად ჩატარების მანკიერი პრაქტიკა კორუფციული გარიგებებისთვის კარგ ნიადაგს ქმნის. ანუ კანონმდებლობა, ამ მხრივ, დასახვეწია, ისევე, როგორც დასახვეწია ზედამხედველობის მექანიზმები.

პრობლემაა თევზის გადამამუშავებელი საწარმოების, თევზსაჭერი სეინერებისა და ნავსადგურის მხრიდან გარემოს დაბინძურების პრობლემა - იქნება ეს ჰაერში ნივთიერებების გაფრქვევა, თუ საწარმოო ნარჩენების უტილიზაცია. გამოსავალი ერთადერთია - კანონის გამკაცრება, ახალი რეგულაციების შემოღება, მუდმივი მონიტორინგის ჯგუფის შექმნა მერიისა და ხელისუფლების გავლენებისგან თავისუფალი არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოებისა და შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების მონაწილეობით.

დიდი ზომის გემები (ძირითადად ტანკერები) ბალასტად იყენებენ წყალს, რომელსაც დატვირთვის შემდეგ ყოველგვარი ფილტრაციის გარეშე პირდაპირ უშვებენ შავ ზღვაში, რაც იწვევს მის დაბინძურებასა და სხვადასხვა ინფექციებისა და დაავადებების გავრცელებას. აუცილებელია საკანონმდებლო რეგულაციების შემოღება ასეთი წყლების აუცილებელი ფილტრაციის მოთხოვნით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერ დონეზე საუბარი საზღვაო ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით არასერიოზულია.

ჯანდაცვის სფეროში მიღწეული პროგრესი ნაკლებად აისახება ფოთელებსა და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებზე, ვინაიდან ფოთში არ არსებობს მეტ-ნაკლებად ნორმალურად აღჭურვილი სტაციონარი და კლინიკა, სადაც რეციპიენტები შეძლებენ სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობას. ამისთვის მათ ქუთაისში, ბათუმსა თუ თბილისში უწევთ გამგზავრება, რის გამოც იზრდება ხარჯები და ხშირ შემთხვევაში მკურნალობა დაგვიანებულია. პრობლემის აღმოსაფხვრელად, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა უკვე არსებულ სამედიცინო დაწესებულებებთან ინტენსიური მუშაობა იმის გასარკვევად, რა უშლით ხელს და რატომ არ არიან დაინტერესებული, განავითარონ უკვე არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მოიზიდონ კადრები (რიგ მიმართულებებში სპეციალისტი ქალაქს საერთოდ არ ჰყავს), უკვე შემდეგ შეიძლება პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.

ამ პროცესში საჭიროა შესაბამისი საპარლამენტო კომისიის, ჯანდაცვის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და თავად სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენელთა ჩართვა.

კითხვა 3:რა არის თქვენი მთავარი წინაასარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის? რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი.

ირაკლი ხახუბია („ქართული ოცნება“)

ჩვენს გეგმებშია ფოთის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის ნაწილის სწრაფი ეკონომიკური განვითარება ტურიზმისა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხარჯზე. ოპტიმალური მსხვილი ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტების განხორციელება. გვაქვს ასეთი 3-4 პროექტი, რომელთათვისაც ტრანსფერებისა და გრანტების მოძიებას პირველ რიგში ვაპირებთ.

გეგმაში გვაქვს ფერმერული და კოოპერატიული პროექტების მხარდაჭერა და სხვადასხვა სახის წარმოების სტიმულირება სტარტაპების დონეზე. ჩვენ უნდა შევქმნათ ხელმისაწვდომი და ადაპტირებული გარემო ყველასთვის და ორიენტირი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებზე გვაქვს, რომლებიც თავის წვლილს შეიტანენ განვითარებასა და კეთილდღეობაში.

ჩვენი მიზანია, დავაფასოთ პენსიონერები და გავაძლიეროთ ახალგაზრდები. ამ მიმართულებით „ქართული ოცნების“ გუნდი უკვე მუშაობს კონკრეტული პროექტებით თუ კანონპროექტებით. ჩვენი მიზანია, სწრაფად განვვითარდეთ და ერთად შევქმნათ თითოეულის კეთილდღეობა.

ბექა ბასილაია („ნაციონალური მოძრაობა“)

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რის შემდეგაც მომდევნო 4 წლის მანძილზე მკვეთრად გაუმჯობესდება მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა. უკვე პირველი ნოემბრიდან პენსია 50 ლარით გაიზრდება. მასწავლებლების ხელფასი მინიმუმ 650 ლარი იქნება, უსამართლოდ მოხსნილი სოციალური დახმარებები აღდგება.

მომდევნო 4 წლის მანძილზე ფოთში აშენდება სპორტის სასახლე, საფეხბურთო სტადიონი, საცურაო აუზი, გადაიჭრება გზების პრობლემა, მოწესრიგდება სანიაღვრო სისტემები, განვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, ინდუსტრიული მიმართულებით ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება. გურიის სოფლებში უგზოობისა და უწყლობის პრობლემები გადაიჭრება.

კოტე კემულარია („სახელმწიფო ხალხისთვის“)

ყველა ზემოჩამოთვლილი პრობლემის გადაწყვეტის სისრულეში მოყვანა და პლუს ფოთის სტატუსის შესახებ კანონის პარლამენტში გატანა. და ეს ყველაფერი პირველ ოთხ წელიწადში უნდა მოგვარდეს.

ლელა ებრალიძე („რესპუბლიკური პარტია“)

ნომენკლატურულ კლანს დავშლი პირველივე დღეს - იმით, რომ, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, უარს ვიტყვი წინამორბედის მიერ ქალაქის ინტერესების უგულებელყოფით შეკრულ წრეებთან კანონის ჩარჩოდან გასულ თანამშრომლობაზე. რამდენიმე თვე დამჭირდება იმის ბოლომდე გასარკვევად, იხარჯებოდა თუ არა ბიუჯეტი მიზნობრივად, ტენდერები ეტეოდა თუ არა სამართლებრივ ჩარჩოში და ყველა გადაცდომა იქნება რეაგირებული. თუ საჭირო გახდა, მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებსაც. ყველა მოპოვებულ მასალასა და დოკუმენტს გავხდი საჯაროს.

რაც შეეხება დაპირებების შესრულებას, პარლამენტის რეგლამენტსა და მუშაობის გრაფიკზე გარკვეულად ვიქნები დამოკიდებული, მაგრამ ყველა ინიციატივას კანონის თუ კანონში ჩასწორების სახით, პირველივე წელს შევიტან.

ამ საკითხთა ნუსხაში აუცილებლად იქნება თევზჭერა და მეთევზეების პრობლემები. ბიზნესგარემოს ლიბერალიზაცია და თევზის გადამუშავების საწარმოების კანონით განსაზღვრულ ჩარჩოებში მოქცევა. ასევე, პირველივე წელს ვეცდები, დავარეგულირო ფოთელი და გურული მოქალაქეებისთვის გართულებული ჯანდაცვის საკითხები, რათა მოქალაქეებმა საყოველთაო დაზღვევის ათვისება მთელი პაკეტით შეძლონ.

პირველივე წელს მოვითხოვ ქალაქის ბიუჯეტში ფოთში დარჩენილი ახალგაზრდობის დისტანციური მაღალტექნოლოგიური სწავლებისთვის აუცილებელი სახსრების ჩადებას, რაც დაფინანსდება ბიუჯეტში არსებული ხარვეზებისა და არამიზნობრივი ხარჯების ხარჯზე. დაახლოებით უკვე ვიცი, რა სფეროებში და რა წესით გაიწერება არასწორად ქალაქის ბიუჯეტი.

იგივეს მოვითხოვ გურიის ბიუჯეტიდან და ვითანამშრომლებ გურიის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებთან ამ საკითხების ბოლომდე გასატანად.

ზოგადად, ჩემი ფორმატი იქნება თანამშრომლობა ადგილობრივ მმართველობასა და თვითმმართველობასთან - პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა და საკითხის გასატანად მზად ვარ, ყველაზე მიუღებელ პოლიტიკურ ძალებთანაც ვითანამშრომლო კორექტულობის ფორმატში. თუ საკითხის გადაწყვეტის მომენტში რომელიმე ძალა პოლიტიკურ ელფერს შესძენს სასიცოცხლოდ აუცილებელ საკითხებს და შეეცდება, ივაჭროს, გპირდებით, არ გავჩუმდები და პარლამენტის ტრიბუნას აუცილებლად გამოვიყენებ ჩემი ამომრჩევლების ინტერესების დასაცავად. ამომრჩევლებთან ერთად, ღიად და საჯაროდ ბოლომდე გავიტან მსგავს თემებს.

კითხვა 4:გვითხარით ის რეალური გზები, თუ როგორ აპირებთ დაპირებების შესრულებას მაშინ, როდესაც ამ ტიპის საქმიანობა ძირითადად ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში აღმასრულებელი ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმართველობის კომპეტენციაა?

ირაკლი ხახუბია („ქართული ოცნება“)

პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, რა თქმა უნდა, აქტიურად უნდა თანამშრომლობდეს ადგილობრივ თვითმმართვლობასთან. ეს საჭიროა იმისთვის, რომ გვქონდეს რეალური შედეგები კონკრეტულ საკითხებზე. მე , მაჟორიტარობის შემთხვევაში, მომიწევს აქტიური თანამშრომლობა არა მხოლოდ ფოთის, არამედ ლანჩხუთისა და ოზურგეთის თვითმმართველობებთან . ეს არ იქნება მარტივი. იქნება ძალიან საპასუხისმგებლო და საინტერესო. მაჟორიტარი პარლამენტში ხელს უწყობს კონკრეტული რეგიონისთვის გლობალური ხედვის და განვითარების პერსპექტივის ჩამოყალიბებას, ახლო და შორეული პერსპექტივის შემუშავებას, განმტკიცებულს შესაბამისი კანონმდებლობით.

მაჟორიტარი დეპუტატი არის თავისი ამომრჩევლის ლობისტი და შესაბამისად, უნდა შეძლოს ისეთი მიდგომების ხელისუფლებამდე მიტანა, რომლებიც ამომრჩეველთა ყოველდღიურ ყოფას რეალურად შეცვლის უკეთესობისკენ. ეს არ მოხდება მხოლოდ მერიასთან ურთიერთობით. ეს იქნება საქმიანი ურთიერთობა თემებთან, რწმუნებულებთან, თითოეულ ამომრჩეველთან.

მე არ ვიძლევი დაპირებებს, რომელთა შესრულებაც მუნიციპალიტეტის ფუნქციაა. კანდიდატმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მის ამომრჩეველს ყავდეს კარგი თვითმმართველობა, თვითმმართველობის კარგი კანონით, რომელიც ამ ეტაპზე ნამდვილად არაა დამაკმაყოფილებელი.

პარლამენტის დეპუტატს, რა თქმა უნდა მეტი უფლებამოსილება აქვს ადგილობრივ თვითმმართველობასთან მიმართებაში. საპარლამენტო უფლებამოსილება კანონშემოქმედებითის გარდა მაკონტროლებელი დატვირთვის მატარებელიცაა. დავალებას პოლიტიკოსებს აძლევს ამომრჩეველი.

ბექა ბასილაია („ნაციონალური მოძრაობა“)

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებს არჩევნებში და დააკომპლექტებს საქართველოს მთავრობას, შესაბამისად ქვეყნის სათავეში ჩვენი მოსვლის შემდეგ რეალური ბერკეტები გვექნება დაპირებების შესასრულებლად.

კოტე კემულარია („სახელმწიფო ხალხისთვის“)

ამისთვის პარლამენტში დარგობრივი კომიტეტები არსებობს, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტი, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება კანონპროექტების მომზადება აღნიშნული საკითხების გადასწყვეტად. პრობლემატიკის კარგი ცოდნა და ეფექტური საქმიანობის პირობებში, ამის მიღწევა შესაძლებელია.

ლელა ებრალიძე („რესპუბლიკური პარტია“)

მაქსიმალურად ვცდილობ, არ გავცე ისეთი დაპირებები, რაც მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაა, მით უმეტეს, რომ ამ ეტაპზე ყველაზე დიდი პრობლემა თავად ადგილობრივი თვითმმართველობაა, თუმცა ასეთ პრობლემებზე საუბარი ამომრჩევლებთან, რა თქმა უნდა, მიწევს, რადგან ამომრჩეველთა უმეტესობას სწორედ სყოფაცხოვრებო პირობები აწუხებს მეტად. ამ შემთხვევაში თავად მოსახლეობას უჭირს ზღვარის გავლება მაჟორიტარისა და მერის ფუნქციებს შორის. მითუმეტეს იმის ფონზე, რომ წლების მანძილზე წინასაარჩევნო კამპანიისას ყველა პარტიის (განსაკუთრებით სახელისუფლებო პარტიების) წარმომადგენელი გასცემდა დაპირებებს დასაქმებასთან, ქუჩების მოასფალტებასთან, თუ სხვა ინფრასტრუქტურულ ან სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, არსებულ სისტემაში მაჟორიტარის ყველაზე ძლიერი და ქმედითი იარაღი არის საპარლამენტო ტრიბუნა და სხვადასხვა სამინისტროებთან ან უწყებებთან ინტენსიური კავშირი და პრობლემატიკის სწორად განსაზღვრა. მედიის დაინტერესება, მეტი ინტენსივობით გააშუქონ რეგიონალური პრობლემატიკა და არ იყვნენ დამოკიდებული მხოლოდ ერთ - სახელისუფლებო წყაროზე - ამისათვის საჭიროა მუდმივი ბრიფინგებისა და პრეს-კონფერენციების მოწყობა კონკრეტულ საკითხებზე.

კითხვა 5:რამდენად არსებობს შესაბამისი საკონონმდებლო ბაზა(ანუ, რა უფლებები გაქვთ ან არ გაქვთ როგორც მაჟორიტარს და ამ მხრივ რას შეცვლიდით)და ეკონომიკური რესურსი იმ დაპირებების შესასრულებლად, რასაც თქვენ იძლევით?

ირაკლი ხახუბია („ქართული ოცნება“)

მაჟორიტარი დეპუტატი არის თავისი ამომრჩევლის ლობისტი და შესაბამისად, უნდა შეძლოს ისეთი მიდგომების ხელისუფლებამდე მიტანა, რომლებიც ამომრჩეველთა ყოველდღიურ ყოფას რეალურად შეცვლის უკეთესობისკენ. ეს არ მოხდება მხოლოდ მერიასთან ურთიერთობით. ეს იქნება საქმიანი ურთიერთობა თემებთან, რწმუნებულებთან, თითოეულ ამომრჩეველთან.

ფაქტია, არსებული ბიუჯეტი ქალაქის კეთილდღეობისთვის არასაკმარისია. ამიტომ, პირველ რიგში სწორედ ამ საკითხზე უნდა დაიწყოს მუშაობა ფოთის კანდიდატმა პარლამენტში. აუცილებელია, გამოიძებნოს ბიუჯეტის გაზრდის გზები. დღევანდელი მმართველი გუნდის ეკონომიკური პოლიტიკის მიზანია ძლიერი კერძო სექტორის შექმნა და განვითარება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა ჩემთვის. ძლიერი კერძო სექტორი ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორია. სწრაფი ეკონომიკური ზრდაც მასზეა დამოკიდებული და დასაქმების საკითხიც მოგვარებაც. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე, რაც აძლიერებს კერძო სექტორს. ჩემი მთავარი სამოქმედო გეგმაც ამ თემებს უკავშირდება - ფოთის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას. ამისთვის სწორი გეგმაა საჭირო და პრიორიტეტების წორად განსაზღვრა.

ბექა ბასილაია („ნაციონალური მოძრაობა“)

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს კონკრეტული გეგმა გადასახადების შემცირების გზით, როგორ უნდა იქნეს მიღწეული სწრაფი ეკონომიკური გზა, ჩვენ გვაქვს გეგმა, როგორ ავამოძრაოთ საქართველო, ქვეყანა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა კორუმპირებულმა გარემოცვამ სტაგნაციაციაში შეიყვანა. ჩვენს მიერ გატარებული რეფორმები ქვეყანაში ეკონომიკურ ბუმს გამოიწვევს.

კოტე კემულარია („სახელმწიფო ხალხისთვის“)

ჩვენ დაპირებებს არ ვიძლევით, ჩვენ ვლაპარაკობთ არსებული პრობლემატიკის გადაჭრაზე, რაც აუცილებლად შესასრულებელია და ამავდროულად საჭიროც. ყველა მათი შესრულება არსებული კანონმდებლობის ფარგლებშიც სრულიად შესაძლებელია, და თუ რაიმე დამატება ან ცვლილება იქნება საჭირო, ამასაც მივაღწევთ.

ლელა ებრალიძე („რესპუბლიკური პარტია“)

ის, რომ კანონმდებლობა უფლებას აძლევს მაჟორიტარს სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივი თვითმმრთველობის ორგანოების მუშაობაში, საკმაოდ ძლიერი იარაღია, თუკი მისი გამოყენება არ ხდება პირადი მიზნების მისაღწევად. ადგილებზე პრობლემატიკის შესწავლა, ამომრჩეველთან პერმანენტული და უშუალო კონტაქტი, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მუდმივი მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, შემოწმების საკითხის დაყენება შესაბამისი ორგანოების წინაშე, საკმარის შესაძლებლობებს იძლევა ეფექტური მუშაობისთვის. ამას არ სჭირდება დამატებიტი ეკონომიკური რესურსი, ვინაიდან სწორედ ეს არის მაჟორიტარის პირდაპირი მოვალეობა და არა კონკრეტული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება თუ დახმარებების გაცემა.

კითხვა 6:რომელი კანონების ინიცირებას გეგმავთ პარლამენტში თქვენს საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით?

ირაკლი ხახუბია („ქართული ოცნება“)

ჯერჯერობით, ამაზე კონკრეტული საუბარი ნაადრევია, მაგრამ აქტიურად ჩავერთვები რეგიონალური განვითარების პოლიტიკასთან დაკავშირებულ ყველა კანონპროექტის მომზადებაში. ფოთი უნდა გახდეს რეალურად თვითმმართველი ქალაქი თვითდაფინანსებადი ბიუჯეტით. ჩემი დიდი სურვილია, ფოთმა მიიღოს განსაკუთრებული ქალაქის სტატუსი.

ბექა ბასილაია („ნაციონალური მოძრაობა“)

კანონმდებლობაში ცვლილებებია გასატარებელი, რაც ხელს შეუწყობს ფოთში ეკონომიკურ ზრდას. დაბალი გადასახადები, მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნა, მეტი თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან ფოთსა და გურიის სოფლებს - აი, ამ მიმართულებით ვაპირებთ საკანონმდებლო ცვლილებების გატარებას.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია ადგილობრივ მეთევზეთა და მონადირეთა სამართლიანი ინტერესების ასახვა საკანონმდებლო დონეზე.

კოტე კემულარია („სახელმწიფო ხალხისთვის“)

კანონი ფოთის შესახებ და ცვლილებები თვითმმართველობის შესახებ ორგანულ კანონში, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ფოთის საკრებულოს და, ზოგადად, საკრებულოებს, თვითონ ჩამოაყალიბონ ბიუჯეტი და განკარგონ ადგილობრივი საჭიროების მიხედვით.

ლელა ებრალიძე („რესპუბლიკური პარტია“)

პირველ რიგში, ეს იქნება ცვლილებები საქართველოს კანონებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ, ნარჩენების მართვისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში.

კითხვა 7:რას ფიქრობთ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების იდეაზე? უნდა გაუქმდეს თუ არა და რატომ?

ირაკლი ხახუბია („ქართული ოცნება“)

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად თავად ვარ მაჟორიტარი კანდიდატი, მაინც მიმაჩნია, რომ მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს. 2020 წლისთვის კიდეც იგეგმება გაუქმება. სამწუხაროდ ჩვენთან მაჟორიტარ კანდიდატზე არასწორი წარმოდგენა ჩამოყალიბდა, წლების მანძილზე. ხშირად ამორჩეველი ისეთი საკითხების გადაჭრას სთხოვს საპარლამენტო კანდიდატს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის საქმეა. პარლამენტში წყდება სახელმწიფო პოლიტიკა და არა კონკრეტულ ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება, ეზოს კეთილმოწყობა, სახურავის შეცვლა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მსგავსი თემები არ წყდება პარლამენტში. მაჟორიტარმა დეპუტატმა უნდა იზრუნოს ისეთი საკანონმდებლო და პოლიტიკური გარემოს შექმნაზე, რომ კონკრეტულ რეგიონს ჰყავდეს უკეთესი თვითმმართველობა. მაჟორიტარული სისტემის გაუქმება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რეგიონს გულშემატკივარი აღარ ეყოლება.

ბექა ბასილაია („ნაციონალური მოძრაობა“)

ამ საკითხთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის მოსახლეობა უსირცხვილოდ მოატყუა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ძალა, რჩება თავისი პრინციპების ერთგული და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საარჩევნო რეფორმას აუცილებლად გაატარებს.

კოტე კემულარია („სახელმწიფო ხალხისთვის“)

მე მომხრე ვარ ორპალატიანი პარლამენტის.

ლელა ებრალიძე („რესპუბლიკური პარტია“)

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი აზრი აბსოლუტურად ემთხვევა იმ გუნდის მოსაზრებას, რომელთან ერთადაც ვაპირებ პარლამენტში მოსვლას - მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს. მაჟორიტარი დეპუტატის ინსტიტუტმა მახინჯი ფორმა მიიღო.

კითხვა 8:პარლამენტში თქვენი არჩევის შემთხვევაში თუკი ოპოზიციაში იქნებით, რა გზებით შეეცდებით თქვენი დაპირებების განხორციელებას?

ირაკლი ხახუბია („ქართული ოცნება“)

გამოვრიცხავ დღევანდელი სახელისუფლებო გუნდის უმცირესობით მოსვლას. საზოგადოება წინსვლაზე, განვითარებაზე და რეალურ შედეგზეა ორიენტირებული. ამ გუნდის პროგრამა ამ მოთხოვნებს სრულიად აკმაყოფილებს. დაპირებების შესრულება კი ყველა პოზიციაში შესაძლებელია.

ბექა ბასილაია („ნაციონალური მოძრაობა“)

ქართველი ხალხი არის ბრძენი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და საქართველოში რვა ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებულ უნიათო, უპასუხისმგებლო მმართველობას დაასრულებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვება არის გარდაუვალი და ჩვენ ჩვენს დაპირებებეს აუცილებლად შევასრულებთ.

თეგები: