წარმოგიდგენთ კასპის #39 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატთა ინტერვიუებს. ესენი არიან: ირაკლი მეზურნიშვილი („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“), ნუგზარ ნონიაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), ზურაბ ქოსაშვილი („საქართველოს ლეიბორისტული პარტია“), ვაჟა ოთარაშვილი („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“).

ინტერვიუები მომზადდა წინასწარ მომზადებული კითხვარის მიხედვით, რომელიც ყველა კანდიდატისთვის ძირითადად ერთნაირი იყო. მიღებული პასუხები იმგვარადაა დაჯგუფებული, რომ მკითხველს კანდიდატთა პოზიციების ერთმანეთთან შედარება გაუადვილდეს.

კითხვა 1: რატომ იყრით კენჭს ამ კონკრეტულ ოლქში?

ირაკლი მეზურნიშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)

კასპი ჩემი მშობლიური მხარეა. მთელი ბავშვობა ახალქალაქში მაქვს გატარებული და ჩემი ბავშვობის ყველაზე ტკბილი მოგონებები ამ კუთხესთანაა დაკავშირებული. მოსკოვში სწავლის დროსაც, ყოველ წელს, ზაფხულის არდადეგებს ვატარებდი კასპში და არასდროს წავსულვარ შორს ჩემი მშობლიური მხარიდან. წელს, როდესაც მმართველი გუნდისგან მივიღე შემოთავაზება, ბევრი არ მიფიქრია იმის თაობაზე, რა სახით უნდა ჩავრთულიყავი პოლიტიკურ პროცესებში. ჩემი დიდი სურვილი იყო, წვლილი შემეტანა კასპის განვითარებაში და ვფიქრობ, 8 ოქტომბერს მივიღებ ამ მანდატს.

ნუგზარ ნონიაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

მთელი ჩემი ცხოვრება კასპთან არის დაკავშირებული. ექვსი წელი გამგებლის მოადგილე ვიყავი და ბევრი რაღაც შევცვალე კასპის რაიონისთვის, მაგრამ გასაკეთებელი საქმე ძალიან ბევრი დარჩა.

ვაჟა ოთარაშვილი („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“)

მე ვარ კასპელი და ჩემთვის საქართველო სწორედ კასპის რაიონიდან იწყება. აქ დავიბადე, აქ დავამთავრე სკოლა, აქ არის ჩემი წინაპრების საფლავები და ჩემზე უკეთ ჩემი რაიონის პრობლემები შეიძლება არავინ იცოდეს.

ზურაბ ქოსაშვილი („საქართველოს ლეიბორისტული პარტია“)

დავიბადე კასპში, ვცხოვრობ კასპში და კვლავაც, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე გადაწყვეტილი მაქვს, ვიცხოვრო ჩემს ადგილობრივ, გაჭირვებულ მოსახლეობასთან ერთად.

კითხვა 2: ჩამოთვალეთ 3-5 (ან მეტი) მთავარი პრობლემა, რომელიც თქვენი ოლქის ამომრჩევლებს (და არა ზოგადად ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას) განსაკუთრებით აწუხებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?

ირაკლი მეზურნიშვილი („ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“)

კასპში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ყველაზე მნიშვნელოვანი მოსაგვარებელი საკითხი არის, დასაქმება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ქვეყნის სწრაფი განვითარების კონკრეტული გეგმა აქვს, რომლის მიხედვითაც, ოთხი წლის განმავლობაში, მინიმუმ, 200 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის გაზიფიცირება, რომლის მოგვარებაც 2013 წელს დაიწყო და 2017 წლის ბოლომდე დამატებით 25 სოფელს მიეწოდება ბუნებრივი აირი.

კასპის მუნიციპალიტეტში 2014 წლიდან დღემდე არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტები გაგრძელდეს და მოგვარდეს სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა, გაკეთდეს ქუჩები და სკვერები, სანიაღვრე არხები.

ნუგზარ ნონიაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

პრობლემები ყველა სოფელში თითქმის ერთნაირია - გაზიფიცირება, სასმელი და სარწყავი წყალი, გზა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების უქონლობა.

პრობლემაა, ასევე, ახალგაზრდობის დაუსაქმებლობა - ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ ახალგაზრდა თაობა, მივცეთ თვითრეალიზაციისა და განვითარების შესაძლებლობა.

პრობლემაა, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში - ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზოგადად ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის გარდასახვა უნდა მოხდეს და გეტყვით კასპის მაგალითზე: გასულ წელს კასპის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი გაუხარჯავი დარჩა. ისეთ გაჭირვებულ რაიონში, როგორიც კასპია, სადაც უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი, გზებია გასაკეთებელი, წყლის სისტემა მოსაწესრიგებელი და ა.შ. სირცხვილია, რომ მიღებული ტრანსფერის თითქმის 40% აუთვისებელი რჩება.

როდესაც მე ვიყავი თვითმმართველობაში, ბიუჯეტთან ერთად ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც ვკურირებდი და 100 ლარიც რომ რჩებოდა თითოეული პროექტიდან ნაშთის სახით, ვარქმევდი კონკრეტულ სახელს, დარჩენილი თანხები ახალი საქმისთვის იდებოდა და ცენტრალურ ხელისუფლებას უკან აღარ მიჰქონდა. მსგავს საკითხებში ამჯერადაც ჩავერთვები, ოღონდ მოსახლეობასთან ერთად.

ვაჟა ოთარაშვილი („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“)

თითქმის ყველა სოფელშია სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა და აუცილებელია, რომ პარლამენტმა საკანონდებლო დონეზე გადაწყვიტოს ეს პრობლემა.

მეორე - კასპში მოდის ელიტარული ყურძნის ჯიში „კასპურა“, რომელსაც აღარ იბარებს ოკამის ღვინის ქარხანა, სხვა ქარხნები კი, ფაქტობრივად, არ არსებობს. ეს ხდება 2014 წლიდან და ახლა უნდა ვაიძულოთ ეს ქარხანა, რომ მიიღოს ეს არაჩვეულებრივი ყურძნის ჯიში, რათა საბოლოოდ არ მოისპოს.

გარდა ამისა, რაიონში არის შეშის ჭრის ბარათების „მაფია“, რომელიც ერთ კონკრეტულ პირს აქვს ხელში ჩაგდებული და გლეხები ვერ იღებენ. ეს არის მოუწესრიგებელი სისტემა, რომლიდანაც ხელს ითბობს გარემოს დაცვის მინისტრი. ეს კაცი ჩვენ კრიმინალად მიგვაჩნია.

ავტომაგისტრალის გასწვრივ, იგოეთი-თბილისის გზაგამტარზე, არის ვენახები, რომლებიც ძლივს შეინარჩუნა მოსახლეობამ. საქმე ისაა, რომ ხალხი ვერ ახდენს მოწეული მოსავლის რეალიზაციას და ამაში ჩვენ აუცილებლად ხელი უნდა შევუწყოთ.

ზურაბ ქოსაშვილი („საქართველოს ლეიბორისტული პარტია“)

პირველი, ეს არის ცემენტის ქარხნების მტვერი, რომელიც იწვევს ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასა და მიწების უნაყოფობას.

შემდეგ ეს არის ჩვენი ჭალებიდან, ხეობებიდან ინერტული მასალების უკონტროლოდ ამოღება. ეს იწვევს მიკროკლიმატის სწრაფ ცვლილებას, ნადგურდება ჭალები, ტყეები, იცვლება მდინარეების კალაპოტები, რაც საბოლოოდ იწვევს მეწყერებს.

მესამე - კასპის რაიონში არსებული ეკონომიკური სიდუხჭირე და უმუშევრობა.

კითხვა 3: რა არის თქვენი მთავარი წინასაარჩევნო დაპირებები ამომრჩევლებისათვის? რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი.

ირაკლი მეზურნიშვილი („ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“)

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მთავარი წინასაარჩევნო დაპირებაა ქვეყნის სწრაფი განვითარება და თითოეული ოჯახის კეთილდღეობაა. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ამ ყველაფრის განხორციელებისთვის კონკრეტული 4-პუნქტიანი გეგმა აქვს, რომლის თანახმადაც 2016-2020 წლებში: შეიქმნება 200 000 ახალი სამუშაო ადგილი, შეიქმნება ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც დამატებით 40 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის, განხორციელდება საპენსიო რეფორმა, რომელიც 10 000 ახალ სამუშაო ადგილს უზრუნველყოფს, მოხდება ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია, გასარწყავიანდება 200 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, რაცუფრო მეტ ხარისხიან მოსავალს ნიშნავს.

ასევე, 2017 წლიდან სკოლის მასწავლებლის ხელფასი გაიზრდება და საშუალოდ 800 ლარი გახდება. 2017 წლიდან დაინერგება ახალი სასკოლო პროგრამები და სახელმძღვანელოები, სახელმწიფო დამატებით 200 000 ოჯახს გაზით და 120 000 ოჯახს წყლით უზრუნველყოფს და ა.შ.

ნუგზარ ნონიაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

ჩვენი არჩევის შემთხვევაში ადგილობრივ ხელისუფლებას მეტი დელეგირებისა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უფლება ექნება; მეორე - ჩემს ოლქში ყველა სოფელს სხვადასხვა პრობლემა აწუხებს და შესაბამისად, ამას სჭირდება დანაწილება და ყველას თავისი საჭიროებისდა მიხედვით მოგვარება - ზოგან არის სასმელი წყალი, მეორეგან გაზმომარაგებას ელოდებიან, სადღაც გამრიცხველიანების პრობლემაა და ა.შ.

ვაჟა ოთარაშვილი („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“)

„პატრიოტთა ალიანსის“ მთავარი დაპირება სამართლიანობის აღდგენაა და მე ჩემი პარტიის წევრებთან ერთად თავდაუზოგავად ვიბრძოლებ ამისთვის.

ასევე, დღეს კასპის რაიონის მოსახლეობას უჭირს თავისი მამაპაპეული მიწების დაკანონება. აუცილებელია, რომ გლეხმა მიწა დაიკანონოს ადვილად, უფასოდ ან მინიმალურ ფასად. დღეს გლეხს ეს უჯდება 300-დან 500 ლარამდე, რაც ძალიან ძვირია.

კასპის ბევრ სოფელს უნდა მიენიჭოს ისტორიული სოფლების სტატუსი. ლამისყანას, ხოვლეს, ქვემო ჭალას, სამთავისს, ერთაწმინდასა და ნოსტეს აქ არსებული კულტურულ-ისტორიული ძეგლებიდან გამომდინარე, ეს სტატუსი აუცილებლად უნდა ჰქონდეთ. მე ვპირდები ჩვენს მოსახლეობას, რომ კასპის რაიონის ისტორიული ძეგლები მოხვდება ტურისტულ ქსელში და კასპი გახდება ტურისუტლი ზონა.

ზურაბ ქოსაშვილი („საქართველოს ლეიბორისტული პარტია“)

პირველი, ეს არის ჩვენი ახალგაზრდობისთვის სწავლის პირობების გაუმჯობესება და მათთვის უფასო სამედიცინო მომსახურება. მეორე - პენსიების თანდათან, ეტაპობრივად მატება; ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, პირველივე დღიდან შეგვიძლია 80 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის „მეცამეტე პენსიის“ მიცემა; და რაც მთავარია, ჩვენ ვპირდებით მოსახლეობას, რომ აუცილებლად მოვაგვარებთ უმუშევრობის პრობლემას.

კითხვა 4: გვითხარით ის რეალური გზები, თუ როგორ აპირებთ დაპირებების შესრულებას მაშინ, როდესაც ამ ტიპის საქმიანობა ძირითადად ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში აღმასრულებელი ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაა?

ირაკლი მეზურნიშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)

პარტია „ქართული ოცნების“ დაპირებები, მხოლოდ მუნიციპალურ დონეზე მოსაგვარებელ საკთხებს არ მოიცავს. ამასთან, ვფიქრობ, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ, თავისი მოქალქეების ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად, ერთად, ცენტრადლურ და ადგილობრივ დონეზე უნდა იზრუნოს. შესაბამისად, თითოეული ოჯახის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, ჩვენ, კომლპექსურად მუშაობას ვგეგმავთ.

ნუგზარ ნონიაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

მე ისეთ დაპირებას ვერ გავცემ რომელიც ჩემს კომპეტენციაში არ შედის. ჩემი ხედვა ასეთია, რომ მუდმივად ვითანამშრომლო ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან და სწორედ მე მივიტანო მათთან ხალხის ხმა. გარდა ამისა, თითოეული პრობლემის გასაჟღერებლად და მოსაგვარებლად, მე აუცილებლად გამოვიყენებ საპარლამენტო ტრიბუნას. ჩემი, როგორც მაჟორიტარის მიზანია, ვითანამშრომლო ყველა სტრუქტურასთან, იქნება ეს ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლება ან თუნდაც კერძო დაწესებულება. გამოსავალი არის მუდმივი კომუნიკაცია, რათა ხალხს მაქსიმალურად მოვუგვაროთ პრობლემები.

ვაჟა ოთარაშვილი („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“)

ამ პრობლემების მოგვარების რეალური გზები არის თანამაშრომლობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან. ასევე, უნდა გაძლიერდეს საპარლამენტო კონტროლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, ასევე კონტროლის გაძლიერება და პარლამენტში იმ დადგენილებების მიღება, რაც ჩვენი რაიონის სოფლების ინფრასტრუქტურის და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული. ვლაპარაკობთ ნატოზე, ევროკავშირზე, ევრაზიულ კავშირზე, ყველაფერზე იმის გარდა, რომ ქართული სოფლები ინგრევა და მოსახლეობისაგან იცლება და ფაქტობრივად, ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგება.

ზურაბ ქოსაშვილი („საქართველოს ლეიბორისტული პარტია“)

ჩვენი დღვანდელი ბიუჯეტი ამ პრობლემების მოგვარების საშუალებას ნამდვილად იძლევა და ჩემი გუნდი შეძლებს, ბევრი მუშაობით მოსახლეობას მოუგვაროს ყველა პრობლემა.

კითხვა 5: რამდენად არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა (ანუ, რა უფლებები გაქვთ ან არ გაქვთ როგორც მაჟორიტარს და ამ მხრივ რას შეცვლიდით) და ეკონომიკური რესურსი იმ დაპირებების შესასრულებლად, რასაც თქვენ იძლევით?

ირაკლი მეზურნიშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)

პარტია „ქართული ოცნების“ და მისი თითოეული მჟორიტარის დაპირება, აბსოლუტურ თანხვედრაშია საქართველოს კანონმდებლობასთან. ჩვენ, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, მკაცრად უნდა გავმიჯნოთ მჟორიტარი დეპუტატის და ადგილობრივი ხელისუფლების ფუნქცია-მოვალეობები. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მე ვიქნები კასპის წარმომადგენელი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და საქმიანობას, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში განვახორციელებ. თუმცა, აქტიურად ვიქნები ჩართული და მექნება მუდმივი კავშირი ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა უფრო სწრაფად და ეფექტურად მოგვარდეს ყველა ის საკითხი, რომელიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დადგება.

ნუგზარ ნონიაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

კანონმდებლობა რომ გასამართია, სწორედ ამიტომ გვაქვს ამბიცია, ვიყოთ უმრავლესობაში, რომ შევცვალოთ საკნონამდებლო სისტემა ისე, რომ მომგებიანი იყოს როგორც სახელმწიფისთვის და ხალხისთვის, ისე ბიზნესისთვის. ბიზნესი იმიტომ ვახსენე, რომ ჩვენი პარტიის მიერ შემუშავებული ეკონომიკური განვითარების გეგმა, სწორედ ბიზნესის გაძლიერებას ემსახურება. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც უფრო გაამარტივებს ბიზნესის საქმიანობას, რადგან სწორდ ეს არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გარანტი.

ვაჟა ოთარაშვილი („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“)

ბუნებრივია, რომ საკანონდებლო ბაზა არ არსებობს. ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის თავზე მოირგო ყველა კანონი, ყველა სფეროში, ეს ეხება როგორც ეკონომიკას, ისე სოფლის მეურნეობას, ბიზნესსა და სხვა სფეროებს. ანალოგიური სვლა გააგრძელა ,,ქართულმა ოცნებამ“. ფაქტობრივად ახლიდან იქნება დასაწყები მათ მიერ დანგრეული საკანონდებლო ბაზის შექმნა. დღეს არის უფსკრული ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის, ხალხს ჰყავს შიდა მტერი, ვერაგი მტერი და ეს არის სწორედ ხელისუფლება, რომელიც არ აძლევს საშუალებას, განვითარდეს ნებისმიერ სფეროში. არის ეროვნულ საწყისებზე შესაქმნელი საკანონდებლო ბაზა. მაგალითად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი საერთოდ უნდა იქნას განთავისუფლებული იმ ბარიერებისგან, როგორიც არის მაგალითად ბუღალტერია. მათ უნდა ჰქონდეთ მხოლოდ ფიქსირებული გადასახადი, ყოველგვარი ბალანსების შედგენის, საჩეკო აპარატის გარეშე. ეს მათ განვითარების სტიმულს მისცემს.

ზურაბ ქოსაშვილი („საქართველოს ლეიბორისტული პარტია“)

შესაძლოა, მე, როგორც მაჟორიტარს ბევრი საკითხის გადაწყვეტის შესაძლებლობა არ მქონდეს, მაგრამ ხელისუფლებასთან მუდმივი კონტაქტით, ვფიქრობ, ყველა პრობლემა მოგვარებადია, მითუმეტეს, რომ ამის ეკონომიკური რესურსი ქვეყანას ნამდვილად აქვს.

კითხვა 6: რომელი კანონების ინიცირებას გეგმავთ პარლამენტში თქვენს საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით?

ირაკლი მეზურნიშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)

პასუხის გარეშე.

ნუგზარ ნონიაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

ბიზნესს სჭირდება მეტი დაცულობა და განვითარება და ჩვენ საკანონმდებლო ორგანოში ვგეგმავთ ამ მიმართულებით მუშაობას. აუცილებლად უნდა შემუშავდეს მეწარმისთვის გადასახადების შემცირების საკანონმდებლო გეგმა.

ვაჟა ოთარაშვილი („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“)

ეს იქნება საკასო აპარატებზე. საკასო აპარატების სისტემა უნდა შეიცვალოს.

ასევე, აუცილებელია კულტურის ეროვნულ საწყისებზე გადატანა. ამას დაემატება განათლების პოლიტიკის ეროვნულ საწყისებზე გადასვლა. მაგალითად, მოიხსნება მასწავლებლებისთვის ყოველწლიური ატესტაციები. გაუქმდება ეროვნული გამოცდები და სტუდენტები კონკრეტული უნივერსიტეტის შიდა გამოცდებს ჩააბარებენ.

უნდა შეიცვალოს სასკოლო, საუნივერსიტეტო, პროფესიული და სკოლამდელი განათლების სისტემის შინაარსი და სტანდარტები. ყველაზე მთავარი რაცაა, უნდა აღდგეს მასწავლებელთა უვადო ხელშეკრულების სისტემა. ეს კი გამოიწვევს იმას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა და გუბერნია ადმინისტრაციულ რესურსს არჩევნებზე ვეღარ გამოიყენებენ თავის სასარგებლოდ.

ზურაბ ქოსაშვილი („საქართველოს ლეიბორისტული პარტია“)

პირველივე დღიდან მოვახდენთ კანონის ინიცირებას, რომელიც კასპში არსებული ცემენტის ქარხნების მიმართ გაამკაცრებს ახლა არსებულ კანონს. მეტ ჯარიმებს დავაწესებთ იმ საწარმოების მიმართ, რომლებიც ასე აბინძურებენ შიდა ქართლის რეგიონს.

ასევე, კანონში შევიტანთ მუხლს, რომლითაც ამ საწარმოებს დაეკისრებათ მოსახლეობაზე კომპენსაციების გაცემა. მაგალითად, ცემენტის ქარხნის გარშემო, 10 კმ-ის რადიუსში მაცხოვრებლებისთვის გასცენ ყოველთვიური კომპენსაციები.

საქართველო კიბოთი დაავადებულებით მთელ მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ამიტომ ჩვენ ვაიძულებთ იმ საწარმოების მფლობელებს, რომ იფიქრონ ან გააუმჯობესონ ფილტრების დაყენება და შეცვალონ ახლით ტექნიკა, ან კიდევ, კეთილ ინებონ და მათ გამო დაავადებულ მოხუცებსა და ბავშვებს მისცენ კომპენსაცია.

ამ კანონს თუ მივიღებთ, რამდენიმე წელიწადში კასპში ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდება. ეს არ იქნება არც ბიზნესზე ზეწოლა, ეს იქნება ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის მიღებული კანონი.

კითხვა 7: რას ფიქრობთ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების იდეაზე? უნდა გაუქმდეს თუ არა და რატომ?

ირაკლი მეზურნიშვილი („ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“)

პასუხის გარეშე.

ნუგზარ ნონიაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

მაჟორიტარული სისტემა ცალსახად უნდა გაუქმდეს. ეს არის მანკიერი სისტემა, რომელსაც ძირითადად ფულიანი და გავლენიანი ადამიანები იყენებენ საკუთარი ბიზნესების გასაფართოებლად და დასაცავად. ამ ადამიანებს კი, როგორც წესი, სამთავრობო გუნდები წინასაარჩევნო კამპანიის თვითდაფინანსების მიზნით იყენებენ. საბოლოოდ კი, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ამ ადამიანებს, საკუთარ მაჟორიტარულ ოლქებში ვეღარავინ ხედვას.

ვაჟა ოთარაშვილი („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“)

ვფიქრობ, მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს. როგორც წესი, ადგილობრივ თვითმართველობაში მოკალათებულები არიან მაფიოზური რგოლები, ის ხალხი, რომლებმაც ფაქტობრივად გადაჭამეს კასპის რაიონი. დღესაც იგივე ხალხია, რომელიც კომუნისტური პერიოდიდან არ შეცვლილა.

მაჟორიტარული სისტემა ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებს აძლევს უპირატესობას, ადმინისტრაციული ზეწოლის ფარგლებში 20-30% თავის სასარგებლოდ გადაწონოს. ამიტომაც, მაჟორიტარული სისტემა გასაუქმებელია. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ვფიქრობთ, რომ ,,ქართულმა ოცნებამ“ ხელოვნურად დატოვა ძალაში და 2020 წლამდე გადაიტანა მაჟორიტარული სისტემის მოხსნა, რათა 2016 წელს რამენაირად კიდევ მოახერხოს გამარჯვება.

ზურაბ ქოსაშვილი („საქართველოს ლეიბორისტული პარტია“)

„ლეიბორისტული პარტია“ ამ სისტემის გაუქმებისათვის იბრძვის უკვე 20 წელია, რადგან მილიონერების და მილიარდერების ადგილი პარლამენტში არ არის, პარლამენტში უნდა იყვნენ პოლიტიკოსები, რომლებიც იზრუნებენ ჩვენი ქვეყნის გაჭირვებული მოსახლეობის კეთილდღეობისათვის.

კითხვა 8: პარლამენტში თქვენი არჩევის შემთხვევაში თუკი ოპოზიციაში იქნებით, რა გზებით შეეცდებით თქვენი დაპირებების განხორციელებას?

ირაკლი მეზურნიშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)

მე დარწმუნებული ვარ „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში. მჯერა, რომ საზოგადოება სწორ არჩევანს გააკეთებს და ის წინსწვლა გაგრძელდება, რომელიც ოთხი წლის წინ დაიწყო.

ნუგზარ ნონიაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

მე ჩემი გუნდის გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ , მაგრამ თუ დავუშვათ და ასე არ მოხდა, მაშინ, მე როგორც მაჟორიტარი, ყველა საკითხის მოგვარებაში მაქსიმალურად ვიქნები ჩართული, რომ ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთან ვიმსჯელო მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების მოგვარებაზე.

ვაჟა ოთარაშვილი („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“)

რა თქმა უნდა, ოპოზიციაში ყოფნის შემთხვევაში ძალიან ძნელი იქნება ამ ინიციატივების გატანა, მაგრამ ჩვენ ვეცდებით, ვითანამშრომლოთ ყველა პოლიტიკურ ძალასთან, გრდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მსგავსი პოლიტიკური ძალებისა, როგორიცაა მაგალითად ბურჭულაძე, რესპუბლიკელები და სხვები, რადგან ის საკანონმდებლო ინიციატივები, რაც ქვეყანას წაადგება, რამენაირად გავიტანოთ პარლამენტის სხდომაზე. ამავე დროს, ჩვენ აქტიურად გამოვიყენებთ პარლამენტის ტრიბუნას, ასევე მედიას და რაც მთავარია, ამომრჩეველთან გავმართავთ ინტენსიურ შეხვედრებს. იმისთვის, რომ ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივების გატანა მოხდეს პარლამენტში, არ მოვერიდებით არცერთ საშუალებას, იქნება ეს მიტინგები თუ დემონსტრაციები, რათა ზეწოლა მოვახდინოთ ხელისუფლებაზე, რომელიც მურვან-ყრუს როლში აღმოჩნდება, თუ არ მიიღებს ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს.

ზურაბ ქოსაშვილი („საქართველოს ლეიბორისტული პარტია“)

25 წლის განმავლობაში ჩვენ ოთხი ხელისუფლება შევიცვალეთ და მიუხედავად ჩვენი ოპოზიციაში ყოფნისა, ამ ოთხივე ხელისუფლებას რაც გაუკეთებია, იმატზე მეტი გვაქვს ოპოზიციიდან გაკეთებული. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არ მოვხვდით უმრავლესობაში, ისინი, ვინც ჩვენი პარტიიდან მოხვდებიან პარლამენტში, კვალავაც გააგრძელებენ იმ საქმეს, რაც ამდენი წლის მანძილზე გვიკეთებია. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან რთული, თუ რეგიონალური მართვისა და თვითმმართველობის შესახებ კანონის შეცვლაზე ზრუნვა პირველივე სხდომიდანვე არ დაიწყო, ვინაიდან ყოვლად შეუძლებლად მიმაჩნია ისეთ ხელისუფლებასთან ურთერთობა, რომელიც მსგავსი სისტემის მომხრეა.

კითხვა 9: გექნებათ თუ არა კონკრეტული ინიციატივები, რომლებსაც მთავრობს და პარლამენტს შესთავაზებთ სამუშაო ადგილების გაზრდისა და უმუშევრობის შესამცირებლად?

ირაკლი მეზურნიშვილი („ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“)

საარჩევნო კამპანიის პერიოდში, კასპის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი მოვიარე და უამრავ ადამიანს შევხვდი. ვიცი მათი პრობლემები და რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი წარმოდგენები და კონკრეტული გეგმები, თუ როგორ მოვაგვაროთ ეს საკითხები. მათ შორის, კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივების მეშვეობით.

ნუგზარ ნონიაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

ჩვენი ეკონომიკური განვითარების გეგმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი, სწორედ უშევრობის აღმოფხვრას ეხება. ამ გეგმის მიხედვით, 2017 წელს საქართველოში 45 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ეს მოხდება ბიზნესის ხელშეწყობით და ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის გონივრულად გამოყენებით. გარდა ამისა, უნდა განხორციელეს ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ძალიან ბევრი ადამიანისთვის გახდება დასაქმების კერა და სწორედ ამ ხედვის მიხედვით ვამბობთ, რომ მომავალ წელს 45 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ეს შეეხება მთელი ქვეყნის მოსახლეობას და რა თქმა უნდა, ჩემს ოლქსაც.

ვაჟა ოთარაშვილი („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“)

თუ შეიცვლება კანონმდებლობა და თურქეთიდან განუბაჟებლად აღარ შემოვა სოფლის მეურნეობის ის პროდუქტები, რომელსაც ქართული გლეხობაც აწარმოებს, მაშინ ქართული მეურნეობები გახდებიან ქართული ბაზრის ბატონ-პატრონები, ბუნებრივია, ეს შექნის სამუშაო ადგილებს.

ასევე, თუ თბილისში, ე.წ, „დეზერტირების ბაზრობაზე“ თურქეთიდან შემოტანილის ნაცვლად ქართველი გლეხი გაყიდის თავის პროდუქციას და საქართველოს მოსახელობა იქნება სწორედ ქართული სოფლის დოვლათზე დამოკიდებული, ეს შექმნის უამრავ სამუშაო ადგილის.

ასევე, თუ ჩვენ გავხსნით რუსეთთან ღია სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობას, გვექნება რუსეთთან მიმოსვლის უვიზო რეჟიმი და საქართველოს მოქალაქეებს მივცემთ საშუალებას, თვითონ გადაიტანონ თავიანთი პროდუქტები რუსეთის ბაზარზე, ეს შვებას მოუტანს განსაკუთრებით ქართლის რეგიონს, რომელსაც დასავლეთ საქართველოსთან ერთად ტრადიციად ჰქონდა რუსეთის ბაზრის ათვისება თავისი პროდუქტებით. ამისთვის, რათქმა უნდა, საჭიროა, პოლიტიკური ნების არსებობა- პირველი პირები აუცილებლად უნდა შეხვდნენ ერთმანეთს და არ არის საჭირო „აბაშიძე-კარასინის“ ფორმატი, რუსეთთან კავშირის დამყარება შვეიცარიის საელჩოს გავლით უხერხულია. ჩვენ არ ვაცხადებთ უარს ევროკავშირსა და ევროპისკენ სწრაფვაზე. ჩვენ ევროპისგან გვინდა თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზები, რათა მცირე და საშუალო საწარმოები ევროპული ტექნოლოგიების შემოტანის საფუძველზე განვავითაროთ. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ თუ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 22 % აქვს წართმეული, თურქეთს ჩვენი 35% ზე მეტი აქვს მითვისებული და ამიტომ, ამ საკითხს ასეთნაირად უნდა შევხედოთ- რათქმა უნდა უნდა ვითანამშრომლოთ ჩვენს ისტორიულ დამპყრობელთან, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი დაკარგული მიწა-წყალი. თუ ჩვენ თურქეთთან გვაქვს სავაჭრო-ეკონომიური ურთიერთობა, ასეთვე წარმატებით უნდა განვახორციელოთ ასეთი ურთიერთობა რუსეთთანაც.

ზურაბ ქოსაშვილი („საქართველოს ლეიბორისტული პარტია“)

დღეს არსებულ კანონის მიხედვით, სოციალურ დახმარებაზე მყოფი პირი ვერ მუშაობს იმის გამო, რომ არ შეუწყდეს ხელისუფლების მიერ გამოყოფილი დახმარება, აქედან გამომდინარე ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, პირველ ყოვლისა გავაუქმებთ ამ კანონს, რათა ნებისმიერმა ადამიანმა შეძლოს დასაქმება და სოციალური დახმარების გარდა სხვა შემოსავლის მიღებაც.

კითხვა 10: იმ შემთხვევში, თუ თქვენ გახდებით პარლამენტის წევრი, რა ინტენსივობით და როგორ გააგრძელებთ ამომრჩეველთან კომუნიკაციას?

ირაკლი მეზურნიშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)

კასპის რაიონში იქნება მაჟორიტარის ბიურო, რომელიც მიიღებს მოქალაქეებს და მუდმივად მათ სამსახურში იქნება. ჩემი ძირითადი სამუშაო ადგილი პარლამენტი იქნება, თუმცა, მომდევნო ოთხი წლის მანძილზე არ შევწყვეტ ხალხთან კონტაქტს და მათი პრობლემების შესახებ ყოველთვის ინფორმირებული ვიქნები.

ნუგზარ ნონიაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

მექნება მჭიდრო კომუნიკაცია არა მხოლოდ ამომრჩევლებთან, არამედ ყველა ადამიანთან.

ვაჟა ოთარაშვილი („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“)

ერთხელ უკვე ვიყავი კასპის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და ყოველ შაბათ-კვირას და თავისუფალ დღეებში მქონდა მიღება საპარლამენტო წარმომადგენლობაში და ამის მომსწრეები თავად კასპის რაიონის მცხოვრებლებიც არიან. მათ ვიღებდი როგორც კასპში, ისე თბილისში.

ზურაბ ქოსაშვილი („საქართველოს ლეიბორისტული პარტია“)

არ ვაპირებ საცხოვრებელი ადგილის დატოვებას, თუნდაც პარლამენტარი გავხდე. მე დავიცავ დაწესებულ დღის წესრიგს, მაგრამ მოსახლეობასთან კომუნიკაციას გავაგრძელებ, რადგან ჩემთვის პარლამენტი უფრო მეორეხარისხოვანია, ჩემს ხალხთან ურთიერთობაა მთავარი.

კითხვა 11: არჩევის შემთხვევაში მომდევნო წლები იქნებით დეპუტატი, თუ შეიძლება აღმასრულებელ ხელისუფლებაში გიხილოთ?

ირაკლი მეზურნიშვილი („ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“)

მაჟორიტარ კანდიდატად არჩევის შემთხვევაში, მე პარლამენტში დავრჩები, რათა საკანონმდებლო დონეზე ვიზრუნო კასპის სწრაფ განვითარებასა და კეთილდღეობაზე.

ნუგზარ ნონიაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

არა, მაჟორიტარობის პერიოდში ეს გამორიცხულია, რადგან თუ მოსახლეობა მომანიჭებს პარლამენტის წევრის მანდატს, შესაბამისად მომდევნო 4 წლის განმავლობაში მე ჩემს ამომრჩევლებს უნდა ვემსახურო სწორედ საქართველოს პა

თეგები: