2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საქართველოს ყველა რეგიონში მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (ა(ა)იპ-ების) რაოდენობა ზრდის ტენდენციით ხასიათდება. გაზრდილია ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა და, რა თქმა უნდა, სახელფასო ფონდიც.

2015-2016 წლებში საქართველოს მასშტაბით რეგიონებში არსებულ მუნიციპალიტეტებში ა(ა)იპ-ების რაოდენობა 84 ერთეულით არის გაზრდილი. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე რეგიონებში იყო სულ 695 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, ამჟამად არის 779 („საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის მიხედვით).

2015-2016 წლებში მუნიციპალურ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში დასაქმებულთა რაოდენობა 36 540-დან 44 772-მდე გაიზარდა. შესაბამისად, ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა 8 232 პირით არის გაზრდილი.

დასაქმებულ პირთა რაოდენობის გაზრდასთან ერთად სახელფასო ფონდის მოცულობაც გაიზარდა. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა ხელფასებზე 11 მილიონ 126 ათასი ლარი იხარჯებოდა, მიმდინარე წელს აღნიშნულმა ხარჯმა 15 მილიონ 372 ათასი ლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტები სახელფასო ფონდზე 4 მილიონ 246 ათასი ლარით მეტს ხარჯავენ, ვიდრე 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე.

image001

წყარო:"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"

2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მუნიციპალური ა(ა)იპ-ები ყველაზე დიდი რაოდენობით (29) რაჭა-ლეჩხუმში დაფუძნდა. მხოლოდ ერთ რეგიონში, შიდა ქართლში, შემცირდა ა(ა)იპ-ების რაოდენობა. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე შიდა ქართლში 73 ა(ა)იპ-ი იყო, ამჟამად კი 65-ია. კერძოდ, ხაშურში ა(ა)იპ-ების რაოდენობა 24-დან 13-მდეა შემცირებული, რაც იმით არის განპირობებული, რომ ხაშურში არსებული ბაგა-ბაღები ცალკე ა(ა)იპ-ებად იყვნენ წარმოდგენილნი და მათი ერთ ა(ა)იპ-ში - „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში“ გაერთიანება მოხდა. თუმცა, ა(ა)იპ-ების რიცხვის შემცირების მიუხედავად, თვიურად გასაცემი ხელფასების რაოდენობა, პირიქით, 47 ათასი ლარით არის გაზრდილი.

ყველაზე მეტად ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა იმერეთის მუნიციპალიტეტებში (1713 ერთეულით) და გურიის მუნიციპალიტეტებში (984 ერთეულით) გაიზარდა, კახეთის მუნიციპალიტეტში დასაქმებულთა რაოდენობა 895-ით გაიზარდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტში - 853-ით.

ზრდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სამცხე-ჯავახეთსა (357ერთეული) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებში (408 ერთეული)აღინიშნა.

აღსანიშნავია, ასევე, ცალკეული მაგალითებიც.

რუსთავის მუნიციპალიტეტში ამჟამად 16 მუნიციპალური ა(ა)იპ ფუნქციონირებს. 2014 წლის შემდეგ (19) ა(ა)იპ-ების რაოდენობა შემცირებულია, თუმცა დასაქმებულთა რაოდენობა 1 041 ადამიანით არის გაზრდილი (1367-დან 2118-მდე).

რუსთავის მერიის განმარტებით, ძირითადად ტექნიკური პერსონალია დამატებული, რომელიც „ქალაქ რუსთავის დასუფთავებაში“ და უზრუნველყოფის საქალაქო სამსახურში დასაქმდა. კადრები ტექპერსონალის სახით (მზარეულები, აღმზრდელები, დარაჯები) ა(ა)იპ- „რუსთავის ბაგა-ბაღების“ გაერთიანებაშიც გაიზარდა.

აქვე აღვნიშნავთ ერთ ფაქტს - 2015 წლის ბოლოს რუსთავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების შტატს ახალი თანამდებობა - მენეჯერი დაემატა (ადმინისტრირების კუთხით). რამდენად საჭირო იყო ბაღებისთვის მსგავსი შტატის დამატება, ძნელი სათქმელია. საზოგადოების ნაწილმა ბაღებში ახალი თანამდებობის გაჩენა წინასაარჩევნოდ პარტიული აქტივის დასაქმების გზად აღიქვა.

გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ა(ა)იპ-ში, ჩვენი აზრით, შეუსაბამო რაოდენობის ერთი და იგივე დანიშნულების საშტატო ერთეული ფიქსირდება. მაგალითად, ა(ა)იპ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის საშტატო ნუსხაში 3 დამლაგებელი (ხელფასი 200 ლარი) და 6 დარაჯი ირიცხება (ხელფასი - 250 ლარი). ასევე, 6 დარაჯი ჰყავს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის შ. ჩოჩიშვილის სახელობის ცენტრალურ სასპორტო სკოლას. ამ სკოლაში 48 მწვრთნელია დასაქმებული.

გორის მუნიციპალიტეტში, ასევე, დიდია მსგავსი მიმართულების ა(ა)იპ-ების რაოდენობა. მაგალითად, სასპორტო დანიშნულების 6 ა(ა)იპ არსებობს. სასპორტო მიმართულების ორგანიზაციების ცალკეულ ა(ა)იპ-ებად დარეგისტრირება მნიშვნელოვნად ზრდის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დანახარჯებს. სასპორტო დანიშნულების ა(ა)იპ-ებში 192 ადამიანია დასაქმებული და ერთი თვის სახელფასო ფონდი 93 576 ლარს შეადგენს.

ასევე, საინტერესოა, გორის მუნიციპალიტეტში ფოლკლორულ ანსამბლ ა(ა)იპ „მაჩაბელას“ დაარსება. 2015 წელს გორის მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ „მაჩაბელა“ (ფოლკლორული ანსამბლი) დაფუძნდა. ა(ა)იპ-ის ბიუჯეტი 123 ათასი ლარით განისაზღვრა. „მაჩაბელაში“ 15 ადამიანი დასაქმდა, რომელთა სახელფასო ფონდმა 115 ათასი ლარი შეადგინა (ა(ა)იპ-ის ბიუჯეტის 90%).

ისიც აღსანიშნავია, რომ გორის გამგეობის კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურში „მაჩაბელას“ შექმნამდე ფოლკლორული რაიონული ცენტრის შექმნის პროექტი შევიდა, რომლის ავტორი პროექტის განსახორციელებლად გაცილებით ნაკლებს - 19 ათას ლარს ითხოვდა.

როგორც აღმოჩნდა, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მუნიციპალიტეტებში ა(ა)იპ-ების რაოდენობის ზრდის ტენდენცია ფიქსირდება. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, მუნიციპალიტეტებში ა(ა)იპ-ების ზრდა სისტემური პრობლემაა. ხშირად, რეგიონებში ძალიან ბევრი ა(ა)იპ-ის არსებობა დაუსაბუთებელია და ადგილობრივი ბიუჯეტის არაეკონომიურ ხარჯვას განაპირობებს, რაც მუნიციპალიტეტების ისედაც მცირე ბიუჯეტს კიდევ უფრო ამცირებს.

კადრების არამიზნობრივი ზრდა ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის 25%-ზე მეტი შრომის ანაზღაურებაზე იხარჯება.