იტვირთება

რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში არავინ არანაირ სასწაულს არ ელოდა. ყველამ იცოდა, რომ პუტინის პარტია გაიმარჯვებდა. ყველაფერი ცხადი იყო და სიურპრიზს არ ელოდნენ. რუსული სტაბილურობა ლამის შესაშურად ჩანდა ამერიკის საარჩევნო კამპანიის ფონზე, რომელმაც ყველა დატანჯა ორივე კანდიდატის სკანდალებით. მაგრამ აი, სიურპრიზი მაინც შედგა: არჩევნებზე იმდენად ცოტა ხალხი მივიდა, რომ პოლიტიკური სტაბილურობა პლუსიდან მინუსად იქცა.

ბალოტნაიასა და არაბული გაზაფხულის პარანოია

საპარლამენტო არჩევნები რუსეთისთვის დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა ოცნებად და მხოლოდ მას შემდეგ ეღირსა, რაც 1905 წელს რუსეთის იმპერია ყველასდა მოულოდნელად სამარცხვინოდ დამარცხდა იაპონიასთან ომში და ამის ფონზე ქვეყანაში რევოლუციამ იფეთქა. რევოლუციის ჩაწყნარება კი მოხერხდა, მაგრამ რეჟიმი იძულებული გახდა, საზოგადოებასთან კომპრომისზე წასულიყო, კონსტიტუცია შემოეღო (რაც მანამდე რუსეთს არ გააჩნდა) და დუმის (რუსული პარლამენტის) არჩევნებიც დაენიშნა (პირველი დუმა 1906 წელს აირჩა და შეიკრიბა). ასე დაემსგავსა რუსეთი დემოკრატიას, მაგრამ 1917 წელს ბოლშევიკებმა გადატრიალება მოახდინეს და რუსეთის დემოკრატიული განვითარებაც დიდი ხნით დაპაუზდა: ბოლშევიკებმა არჩევნები კი ჩაატარეს, მაგრამ სასტიკად წააგეს და ამით გამწარებულებმა პარლამენტი დაშალეს და იქიდან მოყოლებული 80-იანი წლების ბოლომდე რეალური არჩევნები აღარ ჩაუტარებიათ.

2011 წლის დუმის არჩევნები ბევრი რამის გამო იყო საინტერესო და აღსანიშნავი. უპირველესად იმით, რომ მას 90-იანი წლების შემდეგ არნახული პროტესტი მოჰყვა, რომელიც ბალოტნაიას აქციებით შევიდა ისტორიაში. ხელისუფლება აქციებმა სერიოზულად დააშინა და მასთან ბრძოლაში ყველანაირ ხერხს მიმართავდა. მათ შორის საინტერესო იყო მთავარი სანიტარიული ექიმის, ლეგენდარული ონიშჩენკოს გამაფრთხილებელი განცხადებები, რომ აქციებში მონაწილეებს ღორის გრიპით ან ქათმის გრიპით დასნეულება ემუქრებოდათ.

პროტესტი თვეების განმავლობაში გრძელდებოდა და საბოლოოდ ჩაცხრა, მაგრამ მან აშკარად დატოვა კვალი პუტინზე, რომელიც უკრაინაში 2004 წელს მომხდარი ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ ყველანაირ საპროტესტო გამოსვლას ეჭვითა და შიშით უყურებდა.

ეჭვები და შიში მას კიდევ უფრო მეტად გაუმძაფრა არაბული გაზაფხულის მოვლენებმა, რომელმაც პიკს სწორედ 2011 წელს მიაღწია, როცა ამბოხებულებმა ლიბიის დიქტატორი მოკლეს და მისი სიკვდილისა და წამების ვიდეო საჯაროდ გაავრცელეს. თავად პუტინი 2012 წელს დაბრუნდა პრეზიდენტის რანგში და, ალბათ, გადაწყვიტა, მსგავსი რამის შანსი რუსეთში ყველანაირად გამოერიცხა.

საინტერესოა, რომ 2011 წლის არჩევნებამდე გაჩნდა მმართველი პოლიტიკური ძალის განახლების იდეა და შეიქმნა ე.წ. რუსეთის ერთიანი სახალხო ფრონტი (ოენეფი). ის სწორედ მმართველი პარტიის, „ედინაია რასიას“ ბაზაზე დაიბადა და სახალხო მოძრაობას წარმოადგენდა. მისი შტაბი ვოლოდინს ჩააბარეს, რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მაღალჩინოსანს. ყველა ელოდა, რომ ეს სახალხო მოძრაობა ახალ ძალებს მიიზიდავდა, რომ ის გაძლიერდებოდა და გაფართოვდებოდა და ამგვარად უზრუნველყოფდა მმართველი ძალის განახლებასაც.

მაგრამ ოენეფის პროექტი თაროზე შემოდეს. მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობა თავიდან საკმაოდ სწრაფად იკრებდა მომხრეებს (ასე, მაგალითად, მას შეუერთდა რუსეთში მცხოვრებ ქართველთა კავშირი), პუტინმა საბოლოოდ ის დაიწუნა. შესაძლოა, რომ სწორედ ბალოტნაიასა და არაბული გაზაფხულის მოვლენების შემდეგ დაიწუნა. განახლებასა და ცვლილებებს დესტაბილიზაციის რისკი ახლდა და ამ ლოგიკით ოენეფს მან ისევ ნაცადი „ედინაია რასია“ არჩია, რომლის პირველ ნომრადაც საარჩევნოდ მედვედევი ჩასვა. ამ ჟესტით დაფიქსირდა, რომ პუტინმა მას საბოლოოდ აპატია ის გამოხდომები, რომლითაც მედვედევმა პრეზიდენტობის დროს გამოიჩინა თავი - ლიბერალი ეკონომისტებისა და პოლიტოლოგების შემოკრება და რუსეთის რეფორმირებაზე ქადაგება.

თუმცა, „ედინაია რასიას“ მორიგი გამარჯვების გამოცხადებისთანავე ყველა სამთავრობო არხმა მოსახლეობას „განუმარტა“, რომ ამომრჩეველი, პირველ რიგში, მაინც პუტინს ენდო და არა სიის თავში მყოფ მედვედევს. ბევრმა ანალიტიკოსმა, ამ განცხადებების მიუხედავად, მაინც ჩათვალა, რომ მედვედევმა გაიმარჯვა, მისი მეტოქე ვოლოდინი (ოენეფთან ერთად) კი დამარცხდა. ვოლოდინი ამჟამად დუმის სპიკერის თანამდებობაზეა წარდგენილი და ფორმალურად ეს დაწინაურებაა, თუმცა, პუტინის ადმინისტრაციიდან პარლამენტში გადასვლა რეალურად მაინც დაქვეითებაა.

ასევე, დამარცხებული ჩანს კუდრინიც, რომელსაც ერთი პერიოდი მედვედევის ალტერნატივად მოიაზრებდნენ პრემიერის პოსტზე. მაგრამ ეს ვარაუდი ვარაუდად, უფრო სწორად კი ოცნებად დარჩა მათთვის, ვისაც რეფორმების გატარების იმედი ჰქონდა. აშკარაა, რომ მედვედევი პოსტზე რჩება, როგორც პუტინის ერთგული ხელქვეითი და შესაბამისად, რეფორმების იმედიც კიდევ ერთხელ მოკვდა.

მოკლედ, არჩევნების წინ არჩევანი სტაბილურობის სასარგებლოდ გაკეთდა. წინასაარჩევნოდ განხორციელდა რამდენიმე საჩვენებელი დაჭერა კორუფციასთან ბრძოლის დროშით (ამათგან განსაკუთრებით საინტერესო შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის, ზახარჩენკოს საქმე იყო, რომელსაც სახლში მილიარდები აღმოუჩინეს).

საინტერესოა, რომ ოდესღაც ვარაუდობდნენ, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში პუტინი სწორედ ოენეფს დაეყრდნობოდა ამ უკანასკნელის პოპულარიზაციისთვის, მაგრამ ასე არ მოხდა: კორუფციასთან ბრძოლა (თუ ფსევდობრძოლა) „ეფესბეს“ დროშით მიდის, რომელიც რუსეთის სტაბილურობისა და ძლიერების კიდევ ერთი ელემენტი და სიმბოლოა.

ლეგიტიმაციის დეფიციტი და 2018 წლის შესაძლო კატასტროფა

განსხვავებით 2011 წლისგან, 2016 წლის არჩევნებს პროტესტი არ მოჰყოლია, ბალოტნაია მოკვდა. ამ გარდაცვალების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ყირიმის ანექსიაა, რომელმაც რეჟიმის მოწინააღმდეგეთა რიგები გახლიჩა. ყირიმის შემოერთების შემდეგ პუტინს თითქმის ყველაფერი ეპატიება, მით უმეტეს, რომ საძულველმა დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო და ქვეყანა, ფაქტობრივად, ომშია ჩაბმული. სახელმწიფო ტელეარხებიც ყველანაირად აღვივებენ ამ განწყობას, რათა რიგითმა მოქალაქემ, პირველ რიგში, გარე მტრებზე იფიქროს და არა შიდა პრობლემებზე. პუტინმაც კმაყოფილებით აღნიშნა, რომ „ედინაია რასიას“ გამარჯვებაში დიდი წვლილი სწორედ იმან შეიტანა, რომ სანქციების პირობებში ხალხი ხელისუფლების გვერდით დადგა.

მაგრამ პროტესტის არარსებობა არ ნიშნავს, რომ ახალი დუმა წინანდელზე ლეგიტიმური და ძლიერი იქნება. პირიქით, წინა დუმა სწორედ ბალოტნაიასთან ბრძოლაში შედგა და გამოიწრთო. მან, ასევე, გამოიარა ყირიმის ანექსიისა და სანქციების პერიოდი. ცხადია, ეს იყო პუტინის მორჩილი, მაგრამ ასე თუ ისე მაინც ძლიერი ორგანო. ახლანდელი დუმა კი სრული პოლიტიკური უმოქმედობისა და ამომრჩევლის აპათიის პირობებში მოვიდა.

არჩევნებზე 40%-ზე ცოტა მეტი გამოცხადდა, რაც შოკისმომგვრელი მაჩვენებელია. საზოგადოებამ სტაბილურობა აშკარად დიდი დოზით მიიღო, რასაც მოყირჭება მოჰყვა - ყველამ უკვე წინასწარ იცის, რა მოხდება არჩევნებზე და შესაბამისად, უმრავლესობა არჩევნებზე წასვლაში აზრს ვერ ხედავს.

მომავალ დუმას ლეგიტიმაცია აკლია. არადა მას წინ შესაძლოა, სერიოზული გამოცდები ჰქონდეს. არაა გამორიცხული, რუსეთმა ოდესღაც დონეცკისა და ლუგანსკის შემოერთება მოინდომოს. ვინ უნდა მიიღოს ასეთი მძიმე გადაწყვეტილება? 40-50%-ით არჩეულმა პარლამენტმა? მით უფრო, რომ დაბალი აქტივობის გათვალისწინებით, მმართველმა პარტიამ საერთო ამომრჩეველთა რიცხვის სულ 20% მიიღო.

კიდევ უარესი: ორ წელიწადში პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს. სადაც დუმის არჩევნებზე ახლა ასე ცოტა ადამიანი მივიდა, რამდენი მივა ორ წელიწადში? მით უმეტეს, რომ ახლა დუმის არჩევნები ტარდებოდა, ორ წელიწადში კი პრეზიდენტის არჩევნებია, რომელშიც ცხადზე უცხადესია, ვინ უნდა გაიმარჯვოს. 40 ან უფრო ნაკლები პროცენტით არჩეული პუტინი უკვე მეტად მძიმე თემაა. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ 2018 წელს მეტი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე? პასუხი თითქოსდა ნათელია - უნდა იყოს კონკურენტული და საინტერესო წინასაარჩევნო კამპანია. მაგრამ ამის თქმა ერთია, განხორციელება კი... როგორ შეიძლება დავუშვათ, რომ პუტინი საარჩევნო კამპანიის დროს ვინმეს დებატებში დაუჯდება და ვინმეს კრიტიკას მოუსმენს?

ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ ოპოზიციური ძალები სრულიად დისკრედიტებულები არიან. უკვე ათ წელიწადზე მეტია, მათ პრაქტიკულად ყველანაირი მხარდაჭერა და გავლენა დაკარგეს. ბოლო სერიოზული შანსი 2003 წელს იქნა გაშვებული, როცა „იაბლოკომ“ და მემარჯვენე ძალების კავშირმა ერთმანეთთან კონკურენციაში გაფლანგეს ძალები. ყირიმის ანექსიის შემდეგ კი ოპოზიცია, ალბათ, დიდი ხნით გარდაიცვალა.

„იაბლოკოს“ ამ ბოლო საარჩევნო კამპანიის დროს, პუტინის გადაწყვეტილებით, ნორმალური პირობები შეუქმნეს (რამდენიმე ოპოზიციურად განწყობილი დეპუტატი სტაბილურობას ვერანაირ საფრთხეს ვერ შეუქმნიდა, სამაგიეროდ კი დუმას რაღაც დემოკრატიულობისა და ლეგიტიმურობის ნიშანს მაინც შესძენდა), მაგრამ პარტიამ 2%-იც ვერ მოაგროვა და შესაბამისად, ბარიერი ვერ გადალახა. იავლინსკიმ აღიარა, რომ მარცხი, უპირველესად, ყირიმის ანექსიის თაობაზე გამოთქმულმა კრიტიკამ განაპირობა.

დიდი „კაგებეს“ დაბრუნება?

„ეფესბე“ (ფედერალური უშიშროების სამსახური), „ესვეერი“ (საგარეო დაზვერვის სამსახური) შესაძლოა, გაერთიანდნენ. ორივე ეს სამსახური „კაგებეს“ (სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) მემკვიდრეებს წარმოადგენენ. „ეფესბე“ სხვა არაფერია, თუ არა „კაგებეს“ მეორე მთავარი სამმართველო, „ესვეერი“ კი - „კაგებეს“ პირველი სამმართველო. მათ შესაძლოა, დაცვის ფედერალური სამსახურიც შეუერთდეს და ეს ყველაფერი ერთ სამინისტროში გაერთიანდება. მას სხვა რა უნდა დაერქვას, თუ არა სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო.

ეს ინფორმაცია ზუსტად არჩევნების მეორე დღეს გამოჩნდა, რომლის მიხედვითაც, უშიშროების მონსტრის შექმნა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უნდა დასრულდეს. საინტერესოა, რომ ფედერალური დაცვის სამსახურის ერთი ნაწილი დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს და მას დარჩება უშუალოდ პრეზიდენტის დაცვის ფუნქცია, სპეცკავშირები და თანამდებობის პირების სატრანსპორტო მომსახურება. ეს არის და ეს, სხვა მხრივ, ახალი სამინისტრო თავისი უფლებამოსილებებით „კაგებეს“ დაჩრდილავს - მას დაემატება საგამოძიებო ფუნქციები, რომლებიც აქამდე „ეფესბეს“ არ გააჩნდა (თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ბოლო დროს კორუფციასთან და დამნაშავეობასთან ბრძოლაში პუტინმა წინა რიგებში სწორედ „ეფესბე“ წამოსწია).

რა სურს ამით პუტინს? უშიშროების სამსახურების საქმიანობაში მეტი ეფექტიანობის მიღწევა, მათი ერთიანი კონტროლის უზრუნველყოფა, ხარჯების შემცირება? ალბათ, ყველაფერი ერთად. და ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა.


მსგავსი სიახლეები

3212 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი