ლეიბორისტების ლიდერი „ფაქტ-მეტრთან“ საუბრისას ამბობს, რომ „ომი რუსეთმა დაიწყო და ოკუპანტი ქვეყანაა“. დღევანდელ ხელისუფლებას კი „რუსეთის დასმულ ხელისუფლებას“ უწოდებს. შესაბამისად, ის თანამშრომლობას არა მარტო მმართველ პარტიასთან, არამედ ყველა სხვა პრორუსულ პარტიასთან გამორიცხავს. თუმცა, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობაზეც უარს ამბობს.
რა კონკრეტული გეგმები აქვს ნათელაშვილს და როგორ აპირებს ის ხელისუფლებაში მოსვლას? - ამ საკითხებზე ლეიბორისტების ლიდერი „ფაქტ-მეტრთან“ საუბრობს.
შალვა ნათელაშვილი: წინასაარჩევნო პროცესი, რა თქმა უნდა, დაძაბული და დატვირთულია, მაგრამ ამავე დროს ძალიან სასიამოვნოც, რადგან ვამთავრებთ ივანიშვილის ბატონობას საქართველოში. ამ ბრძოლის ბოლო აკორდები მიდის და ამის მაჩვენებელია ივანიშვილის გამწარებული კივილი.
„ბიძინისტები“ „ნაციონალებზე“ ორჯერ საშიში დამნაშავეები არიან. ივანიშვილის კივილიც და ეს ყველაფერიც იმას ნიშნავს, რომ მათ აგონია დაეწყოთ და ეს ყველაფერი ძალიან კარგია.
- ოპოზიციური პარტიები ამბობენ, რომ მათ წინააღმდეგ სუს-ი მოქმედებს და კამპანიის ჩატარების საშუალებას არ აძლევენ. მსგავსი პრობლემები თქვენც გაქვთ?
- ეს პრობლემები ჩვენ ახლა კი არა გვაქვს, შევარდნაძის დროიდან გვქონდა. ჩვენი უშიშროების სამსახურები, სამწუხაროდ, ვერ არკვევენ საკუთარ ფუნქციებს და მათ ჰგონიათ, რომ ოპოზიციაა მათი სარბიელი და სამუშაო სივრცე და არა კრიმინალიტეტი, არა ნარკოტიკის გადაზიდვა, არა უცხოეთის სადაზვერვო სამსახურები, არა ქვეყნის უსაფრთხოება და პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ სუს-ია მმართველი პარტია. ის პარტია, რომელსაც ჩვენ პარლამენტში ვხედავთ, არის სუს-ის ფილიალი.
- ივანიშვილი ახსენეთ და ის ამბობს, რომ ქვეყანაში არნახული წინსვლაა და ვინც ამას ვერ ხედავს, მას „ნაციონალებთან“ გარიგებაში ადანაშაულებს. თქვენ როგორ აფასებთ ამ პროცესს?
- ეს უკვე სააკაშვილის სტადიაშია შესული. მიშა აცხადებდა ხოლმე, რომ ევროპაში ასეთი აეროპორტი არ არისო, თბილისში რომ ააშენა. ივანიშვილიც მაგას ამბობს, - ევროკავშირის ქვეყნებს ვუსწრებთო და ახლა ისიც თქვა, ამერიკასაც გავუსწარითო.
რა უნდა ელაპარაკო ახლა მაგათ და როგორ შეიძლება, ივანიშვილის ნათქვამზე სერიოზული კომენტარი გავაკეთო? ევროკავშირსა და ამერიკას ვუსწრებთო, რომ იტყვის ამ გაუბედურებული ქვეყნის არაფორმალური მმართველი, ეს იმას ნიშნავს, რომ ადეკვატური არ არის. ამიტომ ვამბობ, არ შეიძლება მაგათთვის ქვეყნის ნდობა-მეთქი.
- თუმცა, რამდენიმე წლის წინათ თქვენ იყავით პირველი, ვინც მას პრემიერობა შესთავაზა...
- 2007 წელს სააკაშვილი გადადგა და პრეზიდენტის პოსტზე მეორედ იყარა კენჭი. მაშინ მთელი ოპოზიცია იდგა გარეთ და მათ შორის ბადრი პატარკაციშვილი. მიშასთან მხოლოდ ივანიშვილი იყო და ვიცოდით, რომ, თუკი ის ისევ გაპრეზიდენტდებოდა, საქართველოს წალეკავდა. ეს ვიცოდით და შესაბამისად, მოვილაპარაკეთ, რომ ეს კაცი გადმოგვებირებინა და მაშინ სააკაშვილი პრეზიდენტი ვეღარ გახდებოდა, მაგრამ ივანიშვილმა მის გაპრეზიდენტებას 40 მილიონი დაახარჯა და ეს რითაც დასრულდა, კარგად ვიცით.
მე ეს შეთავაზება არსებული რეალობიდან გამომდინარე გავაკეთე, თორემ მას ჩვენ ჯერ კიდევ იმ დღიდან დავუპირისპირდით, როდესაც ნიჩაბი დაჰკრა ნარიყალას მიწას და ამ უნიკალურ მიწაზე შუშის სასახლის წამოჭიმვა დაიწყო. ეს იყო 1999 წელი, მაგრამ ეს დაპირისპირება გამწვავდა მაშინ, როდესაც 2003 წელს გავიგე, რომ „ვარდების რევოლუციის“ დამფინანსებელი იყო არა სოროსი, არამედ ივანიშვილი და 40 მილიონი ქეისით გაუგზავნა და მერე თავად სიამაყით განაცხადა, - ეს რევოლუცია სოროსმა კი არა, მე დავაფინანსეო.
ჩემი შეთავაზების მიზანი იყო ის, რომ სააკაშვილის ხელმეორედ გაპრეზიდენტება არ მომხდარიყო და ივანიშვილს იმ ფულს, რომელიც მან რუსეთში მოიპარა, საქართველოსთვის დავახარჯვინებდი.
- ამბობთ, რომ ხელისუფლება ადეკვატური არ არის და, თუკი ადეკვატური არ არის, მაშინ არჩევნებზეც არაადეკვატურად იმოქმედებს. ასეთ მოცემულობაში ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების რა შანსი აქვს? თქვენ რას ელოდებით?
- ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლას ველოდებით. ჩვენი 20-წლიანი ბრძოლის შემდეგ დადგა დრო, რომ ეს თარიღი ხელისუფლებაში აღვნიშნოთ და თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ არჩევნების გაყალბებით ხალხს ამ მიზანს არ შეასრულებინებს, მერე ხალხთან ექნება საქმე და თან გაბრაზებულ ხალხთან.
- არჩევნებს გააყალბებენ?
- არჩევნების გაყალბების დიდი სურვილი აქვთ, მაგრამ მათ ამ სიამოვნებას არ მივანიჭებთ არც ჩვენ და არც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ფაქტობრივად, მთელი ცივილიზებული და დემოკრატიული სამყარო.
- ოპოზიციაში თქვენთან ერთად ვის მოიაზრებთ?
- მთავარია, ხელისუფლებაში მე ვიყო და ნებისმიერ ოპოზიციასთან ვითანამშრომლებ ისე ცივილიზებულად, რომ არ დავიჭირო, არ ვუთვალთვალო, არ ვცემო, არ დავარბიო, პროვოკაციები არ მოვუწყო, არ მივახრჩო, არ მოვუსმინო და არ გავანადგურო, რადგან ქვეყანას ოპოზიცია ისევე სჭირდება, როგორც ადამიანს მარცხენა ხელი. ამიტომ ხელისუფლებაში რომ ვიქნები, ოპოზიციასთან ცივილიზებულ ურთიერთობას ჩამოვაყალიბებ.
- თანამშრომლობა ნებისმიერ პარტიასთან? თქვენთვის წითელი ხაზები არ არსებობს?
- თანამშრომლობა რა ასპექტში? სამთავრობო დონეზე მე არც „ოცნებასთან“ ვითანამშრომლებ და არც „ნაცებთან“. ოპოზიციაში თუ იქნებიან, გეუბნებით, რომ არ დავახრჩობ და ცივილიზებული ურთიერთობა მექნება და თქვენი მეშვეობით ვაძლევ პირობას, რომ ისე არ მოვექცევი, როგორც ჩვენ გვექცეოდნენ ერთი თუ მეორე და არა მარტო ჩვენ, არამედ მთელ ოპოზიციას. მეტი რა ვქნა?
- კოალიციის შექმნის აუცილებლობა რომ დადგეს და თქვენ გქონდეთ გადამწყვეტი ხმა, რომელს აირჩევდით?
- არც ერთს.
- თქვენ რომ ქმნიდეთ კოალიციას და ვინმეს ხმები გჭირდებოდეთ, მაშინ რას იზამთ? ანუ, ვინმეს გარეშე რომ არ შეგეძლოთ მთავრობის დაკომპლექტება, ვინ იქნება თქვენთვის მისაღები და ვინ - კატეგორიულად გამორიცხული?
- თუკი მარტო ვერ შევქმნით მთავრობას, მაშინ პარლამენტი დაიშლება და ხელახალი არჩევნები ჩატარდება. ჩავატარებთ ახალ არჩევნებს კანონისა და კონსტიტუციის თანახმად და ამაში საგანგაშო არაფერია, რომ იმის შიშით - ვაიმე, ახალი არჩევნები არ დაინიშნოს და მერე რა იქნება - ასეთ ხალხთან სამთავრობო კოალიცია შევქმნათ.
თუკი ასეთი რეალობა დადგება, პირობას გაძლევთ, რომ ჩავატარებთ ახალ და უკეთეს არჩევნებს. ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი, რომ, თუკი მთავრობა ვერ შეიქმნება, მერე ტარდება ხელახალი არჩევნები და ხალხი აკეთებს ახალ არჩევნებს. აი, დადგეს ასეთი ვითარება და ნახავთ, რომ მერე უკვე სრული უმრავლესობით მოვალთ.
- თქვენს შანსებს როგორ აფასებთ?
- მე არ ვაფასებ ჩემს შანსებს, ჩვენს შანსებს ხალხი აფასებს და დღეისთვის ჩვენ უკვე სახელისუფლებო პარტია ვართ.
- სახელისუფლებო სხვების გარეშე?
- ცხადია, სხვების გარეშე. მე ვინმეს კოალიციაში არც კი განვიხილავ.
- მინისტრთა კაბინეტის წევრები უკვე შერჩეული გყავთ?
- მინისტრებს შევარჩევთ საზოგადოებრივი დისკურსის პროცესში, ტელედებატების ფორმატში პროფესიონალებისგან და ეს არ იქნება პარტიული მთავრობა.
- თქვენი საგარეო კურსი როგორი იქნება?
- საგარეო კურსი დარჩება ისეთი, როგორიც არის. საგარეო პრიორიტეტი იქნება ის, რაც აქამდე იყო. ქვეყნის საგარეო პრიორიტეტები მთავრობების შეცვლით, მოსვლითა და წასვლით არ იცვლება.
- ანუ თქვენ დღევანდელი ხელისუფლების რუსეთისადმი არსებული პოლიტიკა მოგწონთ და ფიქრობთ, რომ შესაცვლელი არ არის?
- დღევანდელ ხელისუფლებას რუსეთისადმი რა პოლიტიკა აქვს - რამე ისეთი პოლიტიკაა, ერთ სუვერენულ ქვეყანას მეორეს მიმართ რომ უნდა ჰქონდეს? ივანიშვილი არის რუსეთის მიერ დასმული. ეს არის და ეს.
რაც შეეხება იმას, ჩვენ რა პოლიტიკა გვექნება რუსეთთან, გვექნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს ოკუპანტთან. რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა. შესაძლოა, რიგით რუსს, რომელიც სადღაც ვორონეჟში ცხოვრობს, სულ ფეხებზე ჰკიდია საქართველოც და თავისი ხელისუფლებაც, მაგრამ სახელმწიფო - დიახ, მტერია. ჩვენი ტერიტორია აქვს ოკუპირებული და მტერია, აბა რა არის...
ომი რუსეთმა დაიწყო. ჩვენს მიწაზე ომს ჩვენ როგორ დავიწყებდით?! და ამას ვინც ამბობს, რომ საქართველომ დაიწყოო, მას ან არაფერი ესმის, ან ქვეყნის ისეთივე მტერია, როგორც რუსეთი და როგორც ივანიშვილი, რომელიც ამას ამბობს და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ის აქ რუსეთის დასმულია.
ომი რუსეთმა დაიწყო, მაგრამ სააკაშვილი სერიოზულ ავანტიურას წამოეგო და ეს ტერიტორიების დაკარგვით დასრულდა, რომელიც რუსეთის დასმულმა ივანიშვილმა კრემლს მთლიანად ჩააბარა. ამიტომ ჩვენ ამ პოლიტიკას და ამ მიდგომას, რა თქმა უნდა, შევცვლით.
- ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პირველს რას გააკეთებთ?
- არის გადაუდებელი ღონისძიებების პაკეტი, რომელიც ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ, ეს არის საპენსიო რეფორმა, ეს არის სტუდენტების დაბრუნება უმაღლეს სასწავლებლებში, ეს არის გადაუდებელი ჯანდაცვის რეფორმა, რომელიც აფერისტ სადაზღვევო კომპანიებს უნდა ჩამოშორდეს და სახელმწიფომ ჯანდაცვისთვის გადადებული ფული ჯანდაცვას მოახმაროს და არა ამ აფერისტი კომპანიების გამდიდრებას; და საბანკო რეფორმა, რაც სესხების პროცენტის 7%-მდე დაწევას, ონლაინსესხების გაუქმებასა და კაზინოების ქალაქებიდან გატანას გულისხმობს.
- ამით საბიუჯეტო შემოსავლები რომ შემცირდება, რას იზამთ?
- არ სჯობს ბიუჯეტის შემოსავლები შემცირდეს, ვიდრე ხალხი დაგვეხოცოს და ადამიანები მარჯანიშვილის ხიდიდან ხტებოდნენ იმის გამო, რომ თაღლითური საფინანსო ორგანიზაციების ვალებში აღმოჩნდნენ?
- სოციალურ ხარჯებს რით დაფარავთ?
- სოციალური ხარჯების დაფარვა მოხდება იმით, რომ დაწესდება დიფერენცირებული გადასახადი და მდიდარი გადაიხდის ბევრს, საშუალო შემოსავლის მქონე - საშუალოს, პატარა შემოსავლის მქონე - პატარას და ვისაც შემოსავალი არ აქვს, საერთოდ არაფერს არ გადაიხდის და მასზე გაიცემა კომპენსაცია.
დღეს საგადასახადო სისტემა უსამართლოა. მოხუცი და მშიერი ბებია მეთხუთმეტე სართულზე რომ არის გამოკეტილი იმდენივე გადასახადს იხდის, რამდენსაც მილიარდერი ივანიშვილი და ქვეყნის უბედურება ეს არის. აბა, საფრანგეთმა სიმდიდრის გადასახადი რატომ დააწესა, ფრანგები გიჟები იყვნენ?!
სხვათა შორის, ივანიშვილი იხდის სწორედ საფრანგეთის ბიუჯეტში და არა საქართველოს ბიუჯეტში.
- თქვენ გარდა პარლამენტში კიდევ ვის მოხვედრას ვარაუდობთ და იქნებიან თუ არა ისინი თქვენი თუნდაც თემატური პარტნიორები?
- მე ვთქვი, რომ „ოცნებასთან“ და „ნაციონალებთან“ თანამშრომლობა გამორიცხულია. იმას კი, ვინ მოხვდება პარლამენტში, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს და მე ახლა რეკლამას ვერავის გავუკეთებ.
- თქვენ ამბობთ, რომ რუსეთი საქართველოს მტერია და იმ პარტიებთან, რომლებიც ასე არ თვლიან, თანამშრომლობას შეძლებთ?
- პრორუსულ პარტიებთან თანამშრომლობა ძალიან დელიკატური საკითხია, იმიტომ, რომ პრორუსულ პარტიას რაიმე სერიოზული სამინისტრო რომ ჩააბარო, მთელი ინფორმაცია მოსკოვში მოიყრის თავს. მაგალითად, ახლა, ჩემი ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების სამსახურიდან საქართველოს 12 თანამშრომელი კურირებდა და დღეს 1-ია დარჩენილი და ეს იმიტომ ხდება, რომ მთელი ინფორმაცია საქართველოს უშიშროების სამსახურიდან მზამზარეული მიდის მოსკოვში და აღარ სჭირდებათ.
- საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია?
- ეს ინფორმაცია მაქვს სპეცსამსახურებიდან, ისინი მაწვდიან, ვინც იქ მუშაობდნენ და მერე გამოყარეს.
- საქართველოს პარტნიორებს ან საერთაშორისო ორგანიზაციებს რატომ არ აწვდით ამ ინფორმაციას?
- ვინ გითხრათ, რომ არ ვაწვდი? სახელმწიფო დეპარტამენტი სავსეა ჩემ მიერ მიწოდებული ინფორმაციით. რაც შეეხება რეაგირებას, კონგრესში ივანიშვილის ქონების დაყადაღება რომ მოითხოვეს, ვისი ინფორმაციის საფუძველზე მოხდა და რეაგირება არ იყო? ამაზე მეტის ლაპარაკი კი არ შემიძლია, რადგან საერთაშორისო სკანდალს გამოიწვევს.