მსოფლიო ეკონომიური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის თანახამად, 2015-2016 წლების მონაცემებით, საქართველო მე-16 ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ითვლება მსოფლიოში და სულ რაღაც ხუთი პუნქტით ჩამოუვარდება შვეიცარიას, რომელიც მე-11 ადგილს იკავებს".
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი არის შვეიცარიული არაკომერციული ფონდი, რომელიც 1979 წლიდან ყოველწლიურ ანგარიშებს აქვეყნებს. ანგარიშში ასახულია მსოფლიოს ქვეყნების კონკურენტუნარიანობა და ბიზნეს გარემოს ანალიზი. თითოეული წლის რეიტინგი წინა წლის მაჩვენებლებზე დაყრდნობით არის შედგენილი. მაგალითად, 2015-2016 წლის ანგარიში 2014 წლის შეფასებას ემყარება. აღნიშნული ორგანიზაციის მეთოდოლოგიით, თითოეული ქვეყანა 119 კრიტერიუმით ფასდება. კრიტერიუმების ნაწილი მთავრობის ოფიციალურ სტატისტიკას ეყრდნობა. ისეთი კრიტერიუმებისთვის, როგორიცაა სასამართლოს დამოუკიდებლობა, კრიმინალის და განათლების დონე და სხვა, ინფორმაციის წყარო მცირე, საშუალო და დიდი საწარმოთა გამოკითხვაა. მხოლოდ საქართველოდან გამოკითხვაში მონაწილეობას 200-მდე საწარმო იღებს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგი სხვადასხვა მაჩვენებელს აერთიანებს. ერთ-ერთი მათგანია უსაფრთხოების რეიტინგი, რომელიც თავის მხრივ სხვადასხვა ინდექსის შერწყმის საფუძველზე დგება. ორგანიზაცია ქვეყნის უსაფრთხოების დონეს შემდეგი კომპონენტების საფუძველზე აფასებს: ქვეყანაში ტერორიზმის საფრთხის გავლენა ბიზნესზე, კრიმინალის და ძალადობის გავლენა ბიზნესზე, ორგანიზებული დანაშულის დონე და ქვეყანაში სამართალდამცავი ორგანოების ნდობის ხარისხი.
აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, 2014-2015 წლის უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში საქართველო 25-ე ადგილის იკავებს. 2015-2016 წლის წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ ადგილი ცხრა ერთეულით გაიუმჯობესა და მე-16 ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში მე-11 ადგილის იკავებს შვეიცარია, რომელიც განვითარების დონით გაცილებით წინ დგას ჩვენს ქვეყანასთან შედარებით. რეიტინგში პირველ ადგილზე ფინეთია, ხოლო მეორეზე - არაბთა გაერთიანებული საამიროები. აღსანიშნავია, რომ ჩვენს რეგიონში (აღმოსავლეთ ევროპა, დსთ-ის ქვეყნები) საქართველო პირველ ადგილზეა.
დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ზემოაღნიშნული რეიტინგის მსგავსად, უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგს ორგანიზაცია Numbeo-ც ადგენს. გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგისგან განსხვავებით, აღნიშნული წყარო უსაფრთხო ქვეყნებს კრიმინალის დონით განსაზღვრავს. კვლევის მიხედვით, 2014 წლის მდგომარეობით, საქართველო უსაფრთხო ქვეყნებს შორის 139 ქვეყნიდან მერვე ადგილს იკავებდა, ეს მაჩვენებელი უცვლელი დარჩა 2015 წელსაც. მიმდინარე წლის მონაცემებით კი, საქართველო ხუთი ერთეულით დაწინაურდა და მესამე ადგილს იკავებს. აღნიშნული ორგანიზაციის კველევის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს შორის პირველ ადგილს სამხრეთ კორეა იკავებს, ხოლო მეორე ადგილს სინგაპური. აღსანიშნავია, რომ წყარო ონლაინ გამოკითხვის შედეგებს აღწერს.
დასკვნა
გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგის 2014-2015 წლების მონაცემების მიხედვით, უსაფრთხო ქვეყნებს შორის საქართველო 25-ე ადგილის იკავებდა. 2015-2016 წლების ანგარიშის მიხედვით კი, რეიტინგში ადგილი ცხრა ერთეულით გაიუმჯობესა და ამჟამად მე-16 ადგილზეა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის სიმართლე.