მოძრაობა "პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის" ამჟამად უკვე ყოფილი წევრი ხათუნა ლაგაზიძე ავჭალაში იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა და მათ საყოფაცხოვრებო პირობებს გაეცნო. უწერის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრისას მან განაცხადა: "მოსახლეობა მერიისგან უკვე დიდი ხანია დახმარებას ითხოვს, თუმცა უშედეგოდ. მათი განცხადებით, უწერის ქუჩა უკვე დიდი ხანია რეაბილიტაციას საჭიროებს, ასევე ავარიულ მდგომარეობაშია შენობა, სადაც 200- მდე მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს. მწყობრიდანაა გამოსული სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემებიც, რაც უხვი ნალექის დროს მოსახლეობას პრობლემებს უქმნის. დევნილების განცხადებით, მათ არაერთხელ მიმართეს მერიას და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, თუმცა არანაირი რეაგირება ამას არ მოჰყოლია".
ფაქტ-მეტრი განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ქალაქ თბილისის გლდანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ავჭალაში, უწერის ქუჩის ასფალტით მოწყობის სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი (სპა 140006233) 2014 წლის 16 მარტს გამოაცხადა. 2014წლის 4 აპრილს გლდანის რაიონის გამგეობასა და შპს "გზამშენი 2"-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ღირებულება 185 900 ლარი იყო. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 2014 წლის ივლისში უნდა დასრულებულიყო.
როგორც გლდანის გამგეობაში დაგვიდასტურეს, 2014 წელს უწერის ქუჩაზე მხოლოდ ასფალტით მოწყობის სამუშაოები განხორციელდა. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის 13 ივლისს გლდანის რაიონის გამგეობაში დევნილების განცხადება შევიდა, სადაც ისინი უწერის ქუჩის რეაბილიტაციას ითხოვდნენ. გლდანის გამგეობის ინფორმაციით, გამგეობის 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტით, ზემოაღნიშნულ მისამართზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გათვალისწინებული არ არის და შესაძლებლობის შემთხვევაში საკითხი დამატებით იქნება განხილული. ამ ეტაპზე უწერის ქუჩის რეაბილიტაცია არ იგეგმება.
დასკვნა
ავჭალაში, უწერის ქუჩის ასფალტით მოწყობის სამუშაოები 2014 წლის მეორე ნახევარში განხორციელდა. გლდანის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, გამგეობაში მართლაც შევიდა დევნილთა განცხადება, რომლის მიხედვით ისინი უწერის ქუჩის რეაბილიტაციას (სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია) ითხოვდნენ. თუმცა, გლდანის რაიონის გამგეობის ინფორმაციითვე, 2016 წლის ბიუჯეტში უწერის ქუჩის რეაბილიტაციისთვის თანხები არ არის გათვალისწინებული და, შესაბამისად, უახლოეს მომავალში აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაცია არ იგეგმება.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ხათუნა ლაგაზიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.ფაქტ-მეტრის რედაქციის შენიშვნა: იმის მიუხედავად, რომ ხათუნა ლაგაზიძე აღარ წარმოადგენს მოძრაობას - "სახელმწიფო ხალხისთვის" და არც არჩევნებში მონაწილე სხვა რომელიმე სუბიექტს, ადგილობრივ დონეზე ამ პრობლემის სიმწვავის გამო ფაქტ-მეტრი მისი განცხადების გადამოწმებას მაინც აქვეყნებს.