"რუხის სავაჭრო ცენტრი საჩქაროდ, ტენდერის გარეშე ჩაატარეს, ისევ "დაგს" მისცეს 14 მილიონი ლარი, ამით მთავრობამ 2 მილიონ ლარზე მეტი დაკარგა. მაშინ, როცა დაკეტილია საერთოდ, არაფერი არ მუშაობს".
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
მიმდინარე წლის თებერვალში პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუხის სავაჭრო ცენტრი გახსნა. სოფელი რუხი უშუალოდ აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს. სავაჭრო ცენტრის გახსნას ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილიც ესწრებოდა.სავაჭრო ცენტრის მშენებლობა 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდა. მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა სს "საპარტნიორო ფონდმა" შვილობილი კომპანია "რუხის სავაჭრო ცენტრის" საშუალებით განახორციელა. მშენებლობაზე უმეტესად ადგილობრივი მაცხოვრებლები მუშაობდნენ. ასევე, სავაჭრო ცენტრში დასაქმებულთა უმეტესობაც ადგილობრივია. რუხი მოლის ფართი ხუთ ჰექტარს მოიცავს. 10 ათას კვადრატულ მეტრზე უკვე აშენებულია ათამდე შენობა და შემდგომი გაფართოების პოტენციალიც არსებობს.
ამჟამად, ცენტრში საცალო-საბითუმო მაღაზიები, ჰიპერმარკეტი, სწრაფი კვების ობიექტები, საქართველოს ფოსტის ფილიალი, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საჯარო რეესტრის მომსახურების სააგენტო, ასევე საბანკო, სატელეფონო და ავტომომსახურების ობიექტები, ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიები, ახალგაზრდული, შემეცნებითი და გასართობი ცენტრი და სხვა ობიექტები ფუნქციონირებს (იხ. ფოტოები).ასევე, მოქმედებს ღია ბაზარი, სადაც სულ რამდენიმე ადამიანია დასაქმებული, სხვა დახლები კი ცარიელია. ფაქტ-მეტრთან საუბარში მოვაჭრეები ამბობენ, რომ სავაჭრო ცენტრში მომხმარებლების ნაკლებობაა და ბაზარი სრული დატვირთვით ვერ მუშაობს.
სოფელ რუხში ასევე საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა მიმდინარეობს და რუხის სავაჭრო ცენტრში დასაქმებულები იმედოვნებენ, რომ კლინიკის გახსნის შემდეგ რუხი მოლის მომხმარებელთა რაოდენობა გაიზრდება. მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკა 220ადგილიანი იქნება.
გიორგი ბაჯელიძის თქმით, სამშენებლო ტენდერებზე საშუალო პროცენტული დაკლება 15%-ია, ანუ, როგორც წესი, ტენდერის ჩატარების შემთხვევაში შესყიდვის ღირებულება 15%-ით ნაკლებია, ვიდრე მომსახურების პირდაპირი შეძენის გზით შესყიდვის შემთხვევაში. 14 მილიონის 15% კი დაახლოებით 2 მილიონი ლარია. შესაბამისად, ბაჯელიძის აზრით, მთავრობამ, ტენდერზე უარის თქმის შედეგად, დაახლოებით 2 მილიონი ლარი დაკარგა.
მთავრობის განკარგულებით, შესყიდვის დასაფინანსებლად სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" სახსრები 150 ათასი ლარის ოდენობით გამოიყო, ხოლო დანარჩენი ხარჯების გაწევა შპს "რუხის სავაჭრო ცენტრს" დაევალა. 2015 წლის 17 სექტემბერს, შპს "რუხის სავაჭრო ცენტრსა" და შპს "დაგის" შორის გაფორმებული ხელშეკრულებით,სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ჯამურმა ღირებულებამ 13 მილიონ 728 ათას 251 ლარი შეადგინა.
საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლის, რუხის სავაჭრო ცენტრის დირექტორის მოადგილის, დავით მაჭავარიანის განმარტებით, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე სამშენებლო სამუშაოები გამარტივებული შესყიდვის საშუალებით უნდა განხორციელებულიყო. შესაბამისად, შპს "რუხის სავაჭრო ცენტრს" არ ჰქონდა ტენდერის ჩატარების ვალდებულება. თუმცა, მაჭავარიანის თქმით, კონკურენციისა და მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის და ფასის ოპტიმიზაციის მიზნით, შესაბამისი გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანიებს ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მიღების მიზნით მოწვევა დაეგზავნათ. მისი განმარტებით, შპს "დაგი" უმცირესი ფასისა და შესრულების მოთხოვნილი ვადების დაკმაყოფილების კრიტერიუმებით იქნა შერჩეული.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 ივლისის #1572 განკარგულებისთანახმად, შპს "რუხის სავაჭრო ცენტრს" და სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მართლაც მიენიჭათ უფლება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის და საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობისათვის საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა ტენდერის გარეშე, გამარტივებული ელექტრონული შესყიდვების საშუალებით განეხორციელებინათ. მთავრობის გადაწყვეტილება კი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების აუცილებლობით დასაბუთდა.
ფაქტ-მეტრმა მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურს კითხვით მიმართა, თუ რით ასაბუთებდა მთავრობა რუხში "სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის" სავაჭრო ცენტრის შეზღუდულ ვადებში, ტენდერის გარეშე მშენებლობის აუცილებლობას. თუმცა, როგორც ფაქტ-მეტრს პრესსამსახურში განუცხადეს, ამ საკითხზე იმაზე მეტ ინფორმაციას სავარაუდოდ ვერ მოგვაწვდიდნენ, ვიდრე მთავრობის განკარგულების ტექსტშია მოცემული. თავად განკარგულებაში კი, მთავრობის გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების განხორციელების შესახებ დასაბუთებული არ არის. ფაქტ-მეტრმა მთავრობის ადმინისტრაციას წერილობითაც მიმართა და რაიმე ახალი და ღირებული ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მკითხველს განახლებულ სტატიას შესთავაზებს.
დასკვნა
შპს "რუხის სავაჭრო ცენტრმა", მთავრობის განკარგულების შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის და საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობისათვის საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული ელექტრონული შესყიდვის საშუალებით განახორციელა. მთავრობის 2015 წლის 20 ივლისის განკარგულებიდან გამომდინარე ტენდერი არ ჩატარდა.
მთავრობის განკარგულებაში პროექტის შეზღუდულ ვადებში დასრულება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი საჭიროებით დასაბუთდა. იმის გასარკვევად, თუ რა იყო ტენდერის გარეშე სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების მიზეზი, ფაქტ-მეტრი მთავრობის ადმინისტრაციის პრესცენტრს დაუკავშირდა, თუმცა პრესცენტრმა რაიმე დამატებითი ინფორმაცია ვერ მოგვაწოდა.
ზოგადად, ტენდერების ჩატარების შემთხვევაში, ფასდათმობის დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისასდ, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ გამარტივებული და პირდაპირი შესყიდვის გზით შეძენილი მომსახურების ფასი ტენდერის პირობებში დაფიქსირებულ ღირებულებას აღემატებოდეს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი ბაჯელიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.