საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები ზედიზედ 4 წლის განმავლობაში (2011-2014 წლებში) მცირდება".
მიმდინარე წლის აგვისტოში მსოფლიო ბანკმა საქართველოში სიღარიბის შემცირების ტენდენციებზე კვლევაგამოქვეყნა. მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიის თანახმად, სიღარიბის განსაზღვრა მოსახლეობის დანახარჯების მიხედვით ხდება. უკიდურეს სიღარიბედ მიიჩნევა, როცა ადამიანი საკუთარ თავზე დღიურად 2.5 დოლარზე ნაკლებს ხარჯავს.
კვლევის თანახმად, საქართველოში, 2011-2014 წლებში, უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდებოდა. 2010 წელს საქართველოს მოსახლეობის 46.7% დღიურად 2.5 დოლარზე ნაკლებს მოიხმარდა, 2014 წელს ეს მაჩვენებელი 32.3%-მდე შემცირდა. (იხ. გრაფიკი 1). ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ სიღარიბის შემცირების ტენდენცია 2015-2018 წლებშიც გაგრძელდება და 2018 წლისთვის უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა 25.5%-მდე შემცირდება.
გრაფიკი 1:
უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებლები საქართველოში, 2006-2014 წლები
მიუხედავად დადებითი ტენდენციისა, უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი კვლავ მაღალია. აღსანიშნავია, რომ უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია სოფლად (42.8%), ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (17.2%) თბილისში ფიქსირდება.
მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად, 2010 წლის შემდგომ პერიოდში სიღარიბის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ეკონომიკურმა აქტივობებმა და ტრანსფერებმა (სოციალური, ფულადი გზავნილები) იქონია. კვლევაში ასევე ხაზგასმულია, რომ 2010-2014 წლებში სიღარიბის შემცირებაში მნიშვნელოვანი როლი შინამეურნეობების ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავლებმა ითამაშა. 2010 წლამდე პერიოდში სიღარიბის შემცირებაზე უფრო მეტი გავლენა სოციალურ ტრანსფერებს ჰქონდა, ვიდრე ოჯახის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებს.
დასკვნამსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად, საქართველოში უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი 2011-2014 წლებში ყოველწლიურად მცირდებოდა. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ეს ტენდენცია შემდგომ წლებშიც გაგრძელდება. მიუხედავად დადებითი ტენდენციისა, უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი კვლავ ძალიან მაღალია, მოსახლეობის 32.3% საკუთარ თავზე დღიურად 2.5 დოლარზე (5.8 ლარი) ნაკლებს ხარჯავს. უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია სოფლად მაცხოვრებლებში (42.8%).
ფაქტ-მეტრის დასკვნით, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება არის სიმართლე.