"2002 წელს Human Rights Watch-ისა და Amnesty International-ის ანგარიშებში დაემთხვა თქვენი [კობა ნარჩემაშვილის] შეფასება. ისინი ორივე ამბობენ: ის, რასაც კობა ნარჩემაშვილი ითხოვს და აკეთებს, არის წამების დაკანონება საქართველოში".
შეგახსენებთ, რომ კობა ნარჩემაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა. ის ჯერ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, კახა თარგამაძის მოადგილე იყო, 2001-2003 წლებში კი შინაგან საქმეთა მინისტრი თავად გახდა. ნარჩემაშვილმა თანამდებობა "ვარდების რევოლუციის" და პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომის პერიოდში დატოვა.
2004წლის ოქტომბერში კობა ნარჩემაშვილი თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს და რამდენიმე თვეში საპროცესო გარიგების შედეგად გაათავისუფლეს.
Human Rights Watch და Amnesty International წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებს წარმოადგენენ და ისინი ყოველწლიურ ანგარიშებს აქვეყნებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული მდგომარეობის, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ. ყოველი წლის ანგარიშში წინა წლის მოვლენებია შეფასებული. თუმცა, ყოველწლიური ანგარიში უფრო ზოგად დოკუმენტს წარმოადგენს და ამის გარდა, აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მუდმივად მიმართავენ სახელმწიფოებს რეკომენდაციებით, ასევე, წლის განმავლობაში კონკრეტულ მოვლენებს განცხადებებისა და პრეს-რელიზების საშუალებითაც აფასებენ.
ფაქტ-მეტრი თინა ხიდაშელის მიერ დასახელებულ ორივე საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშს გაეცნო, სადაც ადამიანის უფლებების მიმართულებით საქართველოში არსებული მდგომარეობაც არის განხილული.
Human Rights Watch-ის 2002 წლის ანგარიშშივკითხულობთ, რომ პოლიციის კორუმპირებულობას ადამიანის უფლებების შელახვამდე მივყავართ. საუბარია რელიგიური უმცირესობების დევნის ფაქტებზეც, ყურადღება გამახვილებულია პოლიციის მხრიდან სიტუაციის გაუკონტროლებლობაზე და ხაზგასმულია, რომ გარკვეულ შემთხვევებში პოლიცია თავდასხმებში აქტიურ როლს თავად ასრულებდა.
ასევე საუბარია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ საჩივრების სიმრავლეზე და ნათქვამია, რომ 2001 წელს მოქმედმა შინაგან საქმეთა მინისტრმა კახა თარგამაძემ ევროპელ დამკვირვებლებს განუცხადა, რომ მსგავს საჩივრებს ყურადღებას არ აქცევს, რადგან ისინი "საქართველოს მტრების" მოგონილია.
ანგარიშში დადებით ნაბიჯად არის შეფასებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესული ცვლილება, რის მიხედვითაც მოწმეს კანონიერი წარმომადგენლის ყოლის უფლება მიეცა.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ დაკავებულებს წამების გზით აიძულებდნენ აღიარებითი ჩვენების მიცემას, რის შემდეგაც, ამ ჩვენებაზე დაყრნდობით, სასამართლოს გადაწყვეტილება გამოჰქონდა. ასევე ნათქვამია, რომ დაკავებულები თავიანთი წამების დამტკიცებას ვერ ახერხებდნენ, რადგან პროცედურული აკრძალვების საშუალებით სახელმწიფო მათ არ აძლევდა დამოუკიდებელი ექსპერტის/ექიმისთვის მიმართვის უფლებას.
Human Rights Watch-ის 2002 წლის ანგარიშში ქალების გატაცებისა და გაუპატიურების ფაქტებზეა საუბარი, რაზეც პოლიცია არ რეაგირებდა და მსხვერპლის ოჯახს "ფაქტის წინაშე დადგომას" ურჩევდა. ასევე ნათქვამია, რომ სახელმწიფო ორგანოები არ იჩენდნენ ძალისხმევას და არც რაიმე საკანონმდებლო ინიციატივა დაფიქსირებულა ქალთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ საბრძოლველად.
კიდევ უფრო დეტალურია Amnesty International-ის 2002 წლის ადამიანის უფლებების მსოფლიო ანგარიშში საქართველოს შესახებ მოცემული ინფორმაცია.
Amnesty International-ის 2002 წლის ანგარიშშინათქვამია, რომ საქართველოში დაკავებულების მხრიდან წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ მიმართვები და საჩივრები არ წყდება. ხაზგასმულია, რომ წამების მიზანს ძირითადად აღიარებითი ჩვენების მოპოვება წარმოადგენდა. ანგარიში ეხება ისეთ საკითხებსაც, როგორიც არის დაკავებულებისთვის ადვოკატის ან დამოუკიდებელი სამედიცინო ჯგუფის მომსახურებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა.
Amnesty International-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ მიუკერძოებლად არ ყოფილა გამოძიებული.
ანგარიშში ვხვდებით კონკრეტულ სახელებსა და გვარებს. საუბარია მაგალითად სოფელ სამთავისში 16 ნოემბერს დაკავებულ ზაზა ნადირაძეზე, რომელიც თბილისში პოლიციის თანამშრომლებმა სასტიკად აწამეს აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით, რაც 19 ნოემბერს სამედიცინო ექსპტერტიზამ დაადასტურა.
საუბარია ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბუნდოვან ვითარებაში დაკავებულის ფანრჯიდან გადმოვარდნაზე, სასტიკად ნაცემი დაკავებულის გარდაცვალებაზე და ა.შ.
გარდა მოცემული ყოველწლიური ანგარიშებისა, მნიშვნელოვანია Human Rights Watch-ის ვროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორის, ელიზაბეტ ანდერსენის განცხადება კობა ნარჩემაშვილის მიერ 2002 წლის ნოემბერში წინასწარი დაკავების (კომუნიკაციის უფლების გარეშე) 12 საათიანი პერიოდის ვადის გაზრდის მოთხოვნასთანდაკავშირებით.
"ის, რასაც კობა ნარჩემაშვილი ითხოვს, არის წამების დაკანონება; ევროპის საბჭოც და გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც საქართველოს პატიმრების უფლებების დაცვის გარანტიების გამყარებას სთხოვენ, ნარჩემაშვილის ინიციატივა კი სრულიად საპირისპიროა", - განაცხადა ელიზაბეტ ანდერსენმა.
საინტერესოა, რომ 2016 წლის 22 ივლისს ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და ახლა უკვე "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა კობა ნარჩემაშვილმა ტელეკომპანია "ტაბულას" კითხვის საპასუხოდ განაცხადა,რომ მინისტრობის პერიოდში მას კომუნიკაციის უფლების გარეშე 12-საათიანი წინასწარი დაკავების ვადის გაზრდასთან დაკავშირებით ინიციატივა არ ჰქონია.
დასკვნა
ფაქტ-მეტრმა Human Rights Watch-ის და Amnesty International-ის 2002 წლის ანგარიშები შეისწავლა. ამ დოკუმენტებში პოლიციის მიერ ადამიანის უფლებების შელახვის არაერთ ფაქტზეა საუბარი. რაც შეეხება ნარჩემაშვილის მიერ "წამების დაკანონების" მოთხოვნას, განცხადება ამის შესახებ Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელიზაბეტ ანდერსენმა, 2002 წლის 25 ნოემბერს გააკეთა.
ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, კონტექსტიდან გამომდინარე, თინა ხიდაშელის განცხადება არის სიმართლე.