მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბოლო წლებში მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა. ისინი სურსათსა და მედიკამენტებზე ფასების ზრდაზე საუბრობენ. მოსახლეობის დიდ ნაწილში არის განწყობა, რომ სიღარიბე გაიზარდა.

რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს ეკონომიკის მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს. ის, მსოფლიო ბანკის კვლევაზე დაყრდნობით, ბოლო წლებში საქართველოში სიღარიბის შემცირების ტენდენციაზე საუბრობს.

მოსახლეობის განწყობა

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის 2016 წლის ივნისის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხების ჩამონათვალში პირველ და მეორე ადგილზეა სამუშაო ადგილები და სიღარიბე. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ხუთეულში ხვდება ფასების ზრდა/ინფლაცია.

გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ სიღარიბის კუთხით მდგომარეობა გაუარესდა. გამოკითხულთა 86% კი ფასების ზრდაზე მიუთითებს.

ფასების ზრდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი“) მიერ გამოქვეყნებული სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით, ჩვენ დავიანგარიშეთ, 2012 წლის შემდეგ რამდენად გაიზარდა სურსათზე ფასები. 2012 წლის ბოლოს გარკვეული რაოდენობისა და დასახელების პროდუქციის შესაძენად თუ 200 ლარი გჭირდებოდათ, მიმდინარე წლის დასაწყისში იმავე რაოდენობის ანალოგიური პროდუქციის შესაძენად 225 ლარი იყო საჭირო. შესაბამისად, 2013-2015 წლებში სურსათზე ფასები 12.5%-ით არის გაზრდილი.

მიმდინარე წლის მონაცემებით, სურსათზე ფასების ზრდა, ფაქტობრივად, შეწყდა. აგვისტოში სურსათზე წლიურმა ინფლაციამ 0.6% შეადგინა.

ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ 2013-2015 წლებში სურსათზე ფასების ზრდის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, რადგან საქართველოს მოსახლეობა, საშუალოდ, შემოსავლის მესამედზე მეტს სურსათზე ხარჯავს. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია ღარიბი მოსახლეობისა და პენსიონერებისთვის, რომლებიც სურსათზე შემოსავლის ნახევარზე მეტს ხარჯავენ.

მედიკამენტების შემთხვევაში ფასების ზრდის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია. „საქსტატის“ მონაცემებით, 2011-2012 წლებში მედიკამენტებზე ფასები შემცირდა. ეს ტენდენცია გაგრძელდა 2013 წელსაც და მედიკამენტებზე ფასები მცირედით ისევ შემცირდა. 2014-2015 წლებში კი ძირითადი მოხმარების მედიკამენტებზე ფასები დაახლოებით 32.5%-ით გაიზარდა. თუ ადამიანს გარკვეული მედიკამენტების შესაძენად 2013 წელს 50 ლარი სჭირდებოდა, მას იმავე მედიკამენტების შესაძენად დაახლოებით 66 ლარი სჭირდება. 2016 წლის მონაცემებით, მედიკამენტების ფასები გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით კვლავ გაზრდილია.

შეიძლება ითქვას, რომ მედიკამენტებზე ფასები კატასტროფულად გაიზარდა. ეს განაპირობა როგორც ლარის გაუფასურებამ, ასევე მედიკამენტებზე მოთხოვნის ზრდამ. თუ ადამიანს ოპერაციის გაკეთება ან სხვა რაიმე გადაუდებელი მკურნალობა არ გჭირდება (რასაც ძირითადად სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამა აფინანსებს), გამოდის, შენი რეგულარული ხარჯი ჯანდაცვაზე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და ადამიანების უმეტესობა სწორედ ამ კატეგორიაშია“, – განაცხადა ეკონომისტმა ბესო ნამჩავაძემ.

სიღარიბის შემცირების ტენდენციები და კვლავ „კატასტროფულად მაღალი“ მაჩვენებლები

მიმდინარე წლის აგვისტოში მსოფლიო ბანკმა კვლევა – „სიღარიბის შემცირების უკანასკნელი ტენდენციები საქართველოში“ გამოაქვეყნა. მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიის თანახმად, სიღარიბის განსაზღვრა მოსახლეობის დანახარჯების მიხედვით ხდება. უკიდურეს სიღარიბედ მიიჩნევა, როცა ადამიანი საკუთარ თავზე დღიურად 2.5 დოლარზე ნაკლებს ხარჯავს.

კვლევის თანახმად, საქართველოში 2011-2014 წლებში უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდებოდა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სიღარიბის შემცირების ტენდენცია შემდეგ წლებშიც გაგრძელდება. მიუხედავად დადებითი ტენდენციისა, უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი, შეიძლება ითქვას, კვლავ კატასტროფულად მაღალია. მოსახლეობის 32.3% (2014 წლის მდგომარეობით) დღიურად 2.5 დოლარზე ნაკლებს მოიხმარს.

ამასთანავე, მსოფლიო ბანკის 2015 წლის მონაცემებით, საქართველო საშუალოზე დაბალშემოსავლიანი ქვეყნებიდან საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების ჯგუფში გადავიდა.

„საქსტატის“ მონაცემებით, ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა, ანუ 2012 წელს მოსახლეობის 22.4% საშუალო მოხმარების 60%-ზე ნაკლებს თუ მოიხმარდა, 2015 წელს ეს მაჩვენებელი 20.1%-მდე შემცირდა.

რაც შეეხება რეგისტრირებული სიღარიბის მაჩვენებელს, 2012 წელს 501 445 ადამიანი იმყოფებოდა სიღარიბის ზღვარს მიღმა, მიმდინარე წლის ბოლო მონაცემებით კი, მათი რაოდენობა 477 840-ს შეადგენს.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში სიღარიბის შემცირების ტენდენციაა. თუმცა, სიღარიბის არსებული მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია და მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის სიღარიბე კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ამასთანავე, სურსათსა და მედიკამენტებზე გაზრდილი ფასები ღარიბი მოსახლეობის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.