ბოლო ერთი წლის ყველაზე რეზონანსული საქმე აქტიურ ფაზაში შევიდა. 9 სექტემბერს, 19:00 საათზე, უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე „რუსთავი 2“-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ მიღებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი გამოქვეყნდა. განჩინებიდან ირკვევა, რომ სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, „რუსთავი 2“-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო. შესაბამისად, საქმის არსებით განხილვას ახლა უკვე უზენაესი სასამართლო გააგრძელებს.
თუმცა, სასამართლო საქმეზე ზეპირი მოსმენის გარეშე იმსჯელებს, რამაც „რუსთავი 2“-ის წარმომადგენელთა უკმაყოფილება გამოიწვია. ადვოკატები სასამართლოში შუამდგომლობის დაყენებასა და საქმეზე ზეპირი განხილვის დანიშვნის მოთხოვნას გეგმავენ და იმედოვნებენ, რომ სასამართლო გაითვალისწინებს საქმეზე არსებულ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს და „რუსთავი 2“-ის წარმომადგენლებს საკუთარი არგუმენტების წარმოდგენისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებით სრულყოფილად სარგებლობის საშუალებას მისცემს.
„ჩვენს საქმეში არსებობს მთელი რიგი გარემოებები, მათ შორის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც არასწორად შეისწავლეს ქვედა ინსტანციებმა, ასევე, სამართლებრივი შეფასების საკითხები, რომელთა სრული შესწავლის შესაძლებლობა უზენაეს სასამართლოს არ ექნება, თუკი არ იქნება უზრუნველყოფილი მხარეთათვის საქმის განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობა“, – განაცხადა „რუსთავი 2“-ის ინტერესების დამცველმა დიმიტრი ძაგნიძემ.
როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები უზენაეს სასამართლოში, რა არსებით გავლენას იქონიებს საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული დოკუმენტი და რა მნიშვნელობა აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის სარჩელზე გადაწყვეტილების დროულად მიღებას? ამის გარკვევას „ფაქტ-მეტრი“ მხარეთა წარმომადგენლებთან შეეცადა.
განხილვა უზენაესში
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, უზენაეს სასამართლოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად 6 თვე აქვს, თუმცა, ქვედა ინსტანციებში საქმის ფორსირებულად განხილვის გამოცდილებიდან გამომდინარე, საქმის დაჩქარებულად წარმართვა არც ბოლო ინსტანციაშია გამორიცხული. სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა და სასამართლოს საქმის მშვიდად და აუჩქარებლად განხილვისკენ მოუწოდა.
„მოვუწოდებ და ვთხოვ სასამართლოს ამ შემადგენლობას, რომ ძალიან ნუ იჩქარებს, როგორც ეს წინა ინსტანციის სასამართლოებმა გააკეთეს. კიდევ რამდენიმე თვე არის ამ საქმის განხილვისთვის და მოგვეცეს შესაძლებლობა, მოვიკრიბოთ ძალები და რაც მთავარია, წარმოვაჩინოთ პოზიციები უფრო სრულად, ზეპირი მოსმენის ფარგლებში“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ასევე, უცნობია, მოესწრება თუ არა უზენაესი სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც იმ ნორმათა კონსტიტუციურობას შეეხება, რომლებიც ქვედა ინსტანციების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების მთავარ საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ უზენაეს სასამართლოშიც სწორედ „რუსთავი 2“-ის სასარგებლოდ გადაწყდეს დავა.
„საკონსტიტუციო სასამართლომ თუ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა და ბათილად ცნო ის ნორმები, რომელზეც უზენაესმა სასამართლომ უნდა დააფუძნოს მსჯელობა, რასაკვირველია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მიმდინარე დავაზე გავლენა ექნება“, – განაცხადა ჩვენთან საუბრისას ქიბარ ხალვაშის ინტერესების დამცველმა პაატა სალიამ.
„რუსთავი 2“-ის წარმომადგენლების მოსაზრებით კი, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთვის, რადგან ამით იმ ნორმების კონსტიტუციურ-სამართლებრივი განმარტება მოხდება, რომლითაც უზენაესმა სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს. თუმცა, უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკაც კი საკმარისია იმისთვის, რომ დავა „რუსთავი 2“-ის სასარგებლოდ გადაწყდეს, – განაცხადა დიმიტრი ძაგნიძემ.
კერძოდ, საქმე ეხება „რუსთავი 2“-ის საქმის განმხილველი კოლეგიის მიერ მაისში მიღებულ გადაწყვეტილებას, სადაც სასამართლომ დაადგინა, რომ ხელშეკრულების ბათილობისთვის მხოლოდ ფასის დისპროპორციულობა არ არის საკმარისი. გარიგების ბათილად მისაჩნევად, ასევე, აუცილებელია სუბიექტური მხარის არსებობაც. კერძოდ, აუცილებელია დადგინდეს, რომ გარიგება დადებულია მხოლოდ იმის წყალობით, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთმა მხარემ ბოროტად გამოიყენა თავისი საბაზრო ძალაუფლება ან ისარგებლა კონტრაჰენტის მძიმე მდგომარეობით ან გულუბრყვილობით. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საქმეში სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა და საქმე ხელახლა განხილვის მიზნით იმავე სასამართლოს დაუბრუნა.
საინტერესოა, განვითარდება თუ არა „რუსთავი 2“-ის საქმეშიც იგივე სცენარი, რაც ზემოხსენებულ საქმეში, კერძოდ, დაუბრუნდება თუ არა საქმე ისევ სააპელაციო სასამართლოს განსახილველად. დიმიტრი ძაგნიძის განცხადებით, თუ მათ მიეცემათ სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის საშუალება, მაშინ ნებისმიერი ფორმატი, იქნება ეს საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება თუ უზენაესი სასამართლოს მიერ განხილვა, მისაღებია.
„თუ ეს იქნება რეალურ შეჯიბრებითობის პრინციპზე დაფუძნებული პროცესი, დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდება“, – განაცხადა ძაგნიძემ.
თუმცა, ჩვენთან საუბარში მან, ასევე, აღნიშნა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებს არანაირი რელევანტური ფაქტები არ დაუდგენია და რაც დადგინდა, ისიც კანონდარღვევით მოხდა. საქმეში კი ახალი მტკიცებულება გამოჩნდა, რომელიც ხელისუფლებაზე განაწყენებულმა ირაკლი ოქრუაშვილმა ერთი კვირის წინ გამოაქვეყნა.
დოკუმენტი, რომელიც ყველაფერს ცვლის?
საქმე ეხება ქიბარ ხალვაშსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის 2010 წელს გაფორმებულ შეთანხმებას, სადაც ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის წილების ნომინალურ მესაკუთრედ არის მოხსენიებული, რეალურ მესაკუთრეს კი ირაკლი ოქრუაშვილი წარმოადგენს.
დოკუმენტის თანახმად, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე მოქმედების შემთხვევაში, ქიბარ ხალვაშს, კომპენსაციის სახით, 7 მილიონი ამერიკული დოლარის გადახდა დაეკისრება.
აღნიშნული დოკუმენტის ავთენტურობას არ ადასტურებს ქიბარ ხალვაში. ოქრუაშვილის განცხადებით კი, ხელმოწერების ნამდვილობა კვალიფიციური ექსპერტების მიერ, პარიზში ჩატარებულმა საექსპერტო კვლევებმა დაადასტურა, რომელსაც მალე საჯაროს გახდის.
აღნიშნული კვლევების კვალიფიციურობაზე ეჭვებს გამოთქვამს ქიბარ ხალვაშის ადვოკატი.
„საინტერესოა, რას შეადარა იმ „როლს-როისმა“ ეს დოკუმენტები. შეიძლება ისიც გაყალბებულ ხელმოწერებს შეადარა“, – განაცხადა ჩვენთან საუბრისას პაატა სალიამ.
მისი განცხადებით, დოკუმენტში მრავალი უზუსტობაა, რაც გვაფიქრებინებს, რომ ის „რუსთავი 2“-ის საქმის დაწყების შემდეგ კონკრეტული მიზნით შეიქმნა.
„რიცხვი „7 მილიონი“ და „ინტელექტუალური საკუთრება“ თვალში მომხვდა, რადგან ჩვენი დავაც ინტელექტუალურ დავას ეხებოდა თავიდან და სწორედ 7 მილიონად არის შეფასებული წილები მაშინდელი მდგომარეობით, როცა ქიბარ ხალვაშს დაათმობინეს“, – განაცხადა სალიამ.
მისი თქმით, ასევე, ეჭვს იწვევს ოქრუაშვილის განცხადება, რომლის მიხედვითაც, შედარებით დაბალ თანხასთან დაკავშირებული ხელშეკრულება ნოტარიუსთან გააფორმეს, ხოლო ასეთ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას იმავე დღეს სასტუმროში მოაწერეს ხელი. პაატა სალია განმარტავს, რომ ამ დოკუმენტს „რუსთავი 2“-ის საქმესთან არანაირი ბმა არ გააჩნია და თუ ქიბარ ხალვაშმა დაარღვია ხელშეკრულება, ეს ოქრუაშვილთან დავის შემთხვევაში გამოჩნდება.
„რუსთავი 2“-ის წარმომადგენლების განმარტებით კი, აღნიშნული დოკუმენტი არ წარმოადგენს მათ მთავარ მტკიცებულებას და არგუმენტს, თუმცა უშვებენ შესაძლებლობას, რომ ამ დოკუმენტმა საქმის მსვლელობა სრულად შეცვალოს.
მნიშვნელოვანია, რას გადაწყვეტს უზენაესი სასამართლო, რადგან ის ბოლო ინსტანციას წარმოადგენს და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი პირებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუალებას მაინც უტოვებს. საქმეზე წარმოების განახლების საფუძველი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გარდა, შეიძლება სისხლის სამართლის კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც კი გახდეს, რომელიც მოსამართლის დანაშაულებრივ ქმედებაზე, ან მოწმის, ექსპერტიზის დასკვნის სიყალბეზე მიუთითებს, რომელთაც დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღებაში მთავარი როლი ითამაშეს.
როგორც ჩვენთან საუბრისას დიმიტრი ძაგნიძემ აღნიშნა, „რუსთავი 2“-ის საქმეზე გამოყენებული იქნება ყველა ის შესაძლებლობა, რასაც კონსტიტუცია, კანონი და საერთაშორისო ხელშეკრულებები იძლევა.
„ბუნებრივია, ჩვენ ვიბრძოლებთ ყველა სამართლებრივი გზით, რომ ეს უკანონობა არ დავუშვათ“, – განაცხადა ძაგნიძემ.
ვინ დაასწრებს გადაწყვეტილების მიღებას – საკონსტიტუციო თუ უზენაესი
„ფაქტ-მეტრის“ კითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ადრე გამოცხადდება, დიმიტრი ძაგნიძემ განმარტა, რომ „რუსთავი 2“-ს საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე სარჩელი ერთდროულად აქვს შეტანილი, ყველა მათგანის დაკმაყოფილების შემთხვევაში კი შესაძლებელია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ახლად აღმოჩენილ გარემოებად იქნეს მიჩნეული და მის საფუძველზე მოხდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრება და საქმის ხელახლა წარმოებაში დაბრუნება. ამჟამად კანონმდებლობა ამის შესაძლებლობას არ იძლევა.
„ჩვენ, ასევე, გასაჩივრებული გვაქვს ნორმა, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ უნდა წარმოადგენდეს სამოქალაქო საქმეებზე ახლად აღმოჩენილ გარემოებას. ესეც თუ დაკმაყოფილდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, უკვე სრული საფუძველი არსებობს, რომ მოვითხოვოთ ხელახლა განხილვა.
გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებული გვაქვს ნორმა, რომელიც არ აძლევს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებას, რომ თავისი გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგები გაავრცელოს გადაწყვეტილების მიღებამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე. გააჩნია, რომელ სარჩელებზე მიიღებს გადაწყვეტილებას და რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო. ამის წინასწარ განსაზღვრა, ბუნებრივია, შეუძლებელია“, – აცხადებს ძაგნიძე.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში „კაბელებისა“ და გიგი უგულავას საქმეზე კვორუმი უკვე მეორედ არ შედგა. რაც შეეხება მოსამართლე ლალი ფაფიაშვილს, მას „რუსთავი 2“-ის საქმესა და სხვა გახმაურებულ საქმეებზე თვითაცილების შუამდგომლობა აქვს დაყენებული. 30 სექტემბერს კი ოთხ მოქმედ მოსამართლეს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, უფლებამოსილების ვადა ეწურება. შესაბამისად, უცნობია, როდემდე გაჭიანურდება სასამართლოში პროცესები და შეძლებს თუ არა უზენაესი სასამართლო „რუსთავი 2“-ის საქმის არსებითი განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხელმძღვანელობას.