ხათუნა ლაგაზიძე, რომელიც აქამდე პაატა ბურჭულაძესთან ყველაზე დაახლოებულ პირად ითვლებოდა, საარჩევნო სიაში არ აღმოჩნდა, ისევე, როგორც გიორგი რუხაძე, რომელიც ბურჭულაძის გვერდით პარტიის თუ ფონდის დაარსებიდანვე იდგა. თუმცა, ის საყვედურს ჯერჯერობით მხოლოდ დუმილით გამოხატავს, ხათუნა ლაგაზიძე კი ბურჭულაძეს ღალატში, პარტიის გაყიდვასა და პოლიტიკურ გაერთიანებაში კრიმინალების შეყვანაში ადანაშაულებს.

უფრო მეტიც, ის იმაზეც საუბრობს, რომ მას და მის ოჯახს საფრთხე ემუქრება და ხელისუფლებას დაცვის დანიშვნას სთხოვს.

ასეთი ბრალდებები ლაგაზიძის მხრიდან ბურჭულაძის ბლოკის საარჩევნო სიის პრეზენტაციისა და ცესკოში სიების რეგისტრაციის ვადის ამოწურვის მეორე დღეს გაკეთდა.

საარჩევნო სიაში ვერმოხვედრის გამო უკმაყოფილება ქართული პოლიტიკური რეალობისთვის უცხო არ არის და თითქმის არც ერთი არჩევნები არ ტარდება ისე, რომ საარჩევნო სიების შედგენამ ცალკეული პოლიტიკოსების უკმაყოფილება არ გამოიწვიოს, რაც შემდეგ უფრო მძაფრად იჩენს ხოლმე თავს.

აქამდე ყველაზე ხმაურიანი ინციდენტი 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ნინო ბურჯანაძესა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის მომხდარი დაპირისპირება იყო, როდესაც სიის შედგენისას მისი ინტერესებისა და მოსაზრებების არგათვალისწინების გამო ბურჯანაძემ „ნაცმოძრაობა“ დატოვა.

ამ შემთხვევაში კი სიაში თავად ხათუნა ლაგაზიძე ვერ მოხვდა, რაც, სავარაუდოდ, მისი უკმაყოფილებისა და პრეტენზიების ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

მისი პირველი ბრალდება სწორედ სიაში ვერმოხვედრას ეხება.

„მე ვიყავი ერთ-ერთი, პირველი თუ არა, ვინც პაატა ბურჭულაძესთან ერთად ფიზიკურად აშენებდა ამ პარტიას. ეს არის პარტია, რომელიც მართლა შვილივით, საკუთარ მხრებზე მოვიტანე. მახსენდება 14-15 იანვრის ღამე, როდესაც პირველ ოფისს ვხსნიდით თელავში და ჩემი საკუთარი ხელით ვაკრავდი ბანერებს, ვასუფთავებდი ტერიტორიას. ამ თვეებმა ჩემს მხრებზე გადაიარა“, – განაცხადა ლაგაზიძემ.

სიაში ვერმოხვედრას კი იგი პირადად პაატა ბურჭულაძეს აბრალებს და საკუთარი თანაპარტიელების გაყიდვაში ადანაშაულებს.

„პაატა ბურჭულაძემ გაყიდა საკუთარი პარტია თავისი სტრუქტურებით, ადამიანებით და იმ იდეებით, რის გამოც ჩვენ ერთად ვაშენებდით პარტიას და მანამდე ფონდს“, – ამბობს ლაგაზიძე და დასძენს, რომ ბურჭულაძემ „გირჩთან“ და ვაშაძესთან შეერთების გადაწყვეტილება მიიღო არა იმიტომ, რომ პარტია გადაერჩინა, როგორც ამას ამტკიცებდა, არამედ „პირადი ინტერესებიდან გამომდინარე“. თუმცა, ის ვერ აკონკრეტებს, „გაყიდვაში“ კონკრეტულად რას გულისხმობს; ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ბურჭულაძემ ბლოკის შექმნით და სიაში ხალხის ჩასმის სანაცვლოდ ფული აიღო და, თუ აიღო, ვისგან.

„ამის დასტური გახლავთ საარჩევნო სია, სადაც პაატა ბურჭულაძის პარტიის ნარჩენებიდან მხოლოდ სამი ადამიანია წარმოდგენილი. დანარჩენი სია დაკომპლექტებულია გამყიდველი „ნაციონალებისგან“ და კრიმინალების მიერ განხორციელებული ზეწოლით...

როცა პაატა ბურჭულაძესთან მივედი, მივიღე გარანტია, რომ ეს არ იყო „ნაციონალური“ ფული, არც რუსული და არც კრიმინალური ფული, მაგრამ პაატა ბურჭულაძის სიტყვები, ისევე, როგორც გარანტიები, რომ ცარიელი წყალი აღმოჩნდა, ამას ადასტურებს მისი დამოკიდებულება პარტიის მიმართ, რომელიც უმარტივესად გაყიდა“, – ამბობს ლაგაზიძე.

პაატა ბურჭულაძე ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და ამ საკითხთან დაკავშირებით მისი კომენტარი არანაირი ფორმით არ გავრცელებულა. თუმცა, ლაგაზიძის ყოფილი თანაგუნდელები მის ბრალდებებს უარყოფენ და მის განცხადებებს საარჩევნო სიაში არყოფნას უკავშირებენ.

„ქალბატონი ხათუნას ყველაზე დიდი პრობლემა ის იყო, რომ ის სწორედ სიისთვის იბრძოდა და არა იდეისთვის. ჩვენს ორგანიზაციაში იდეოლოგიური ხაზი სამართლისა და ეკონომიკის ჯგუფმა შექმნა. შესაბამისად, სიის პირველ ათეულში ეს ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ. აქცენტი სწორედ იმ ადამიანებზე გაკეთდა, რომლებმაც პროგრამა შექმნეს და რომელთაც აქვთ პოტენციალი, რომ ეს პროგრამა რეალობად იქცეს.

ხათუნა ლაგაზიძე სიის მოწინავე პოზიციაზე რომ ყოფილიყო, იტყოდა, რომ ეს ორგანიზაცია ხვალინდელ დღეს რეალურად შეცვლის. წარმოდგენილ სიაში ხათუნა ლაგაზიძის ადგილს ვერ ვხედავ და არ შეიძლებოდა, ის სადმე ყოფილიყო, რადგან სიაში ის ადამიანები მოხვდნენ, რომლებსაც შრომა და პოტენციალი დაუფასდათ“, – ამბობს ბურჭულაძის პარტიის წევრი, ირაკლი ყიფიანი.

ლაგაზიძის ამ განცხადების შემდეგ პირველი კითხვა ის იყო, რომ, თუკი ამ პრობლემას ხედავდა, თავის დროზე რატომ არ თქვა. მით უმეტეს, რომ ამის პრეცედენტი იყო, როდესაც ბურჭულაძის პარტიის წევრმა მერაბ მეტრეველმა ბლოკის შექმნა გააპროტესტა და პარტია დატოვა. მაშინ ლაგაზიძე სოციალურ ქსელებში აქტიურად იცავდა პოზიციას, რომ არაფერი არ ხდებოდა და მისთვის ბლოკის შექმნა პრობლემა არ იყო.

ამ პოზიციას კი თავად იმით ხსნის, რომ ბოლომდე იბრძოლა და არ უნდოდა, რომ ბურჭულაძის პარტია, მისი თქმით, „ნაციონალებსა“ და კრიმინალებს ჩაეგდოთ ხელში.

„მერაბ მეტრეველსაც ვუთხარი, რომ ეს ჩვენი ომი იყო; უნდა დავრჩენილიყავით და ყოფილი „ნაციონალებისთვის“ ხელისუფლებაში მოსვლის კიდევ ერთი შანსი არ მიგვეცა. ჩემი პრინციპული ამოცანა იყო, რომ კუბლაშვილების ოჯახისთვის, რომელმაც ქვეყნის სასამართლო სისტემა დაატერორა, დაანგრია და რომელთა მხრებზეც უამრავი ქართველის სიცოცხლის, უკაცრავად და, გათეთრება დევს, სია არ დამეთმო და მებრძოლა.

მე სიაში მხოლოდ საკუთარ თავს არ ვგულისხმობდი. აქ იყო საუბარი იმაზე, რომ გუნდი, რომელიც პარტიას პაატა ბურჭულაძესთან ერთად აშენებდა, სიაში, უბრალოდ, არ იყო. პერსპექტიულ სიაში არ იყო ის თაობა, რომლითაც ბურჭულაძე თავს იწონებდა და, როგორც ჩანს, ამომრჩეველს ატყუებდა.

მათ მიაჩნდათ, რომ 12 ადამიანს ჰქონდა პერსპექტივა, რაზეც მეცინებოდა, მაგრამ პაატა ბურჭულაძე საღ აზრს ანგარიშს ნაკლებად უწევდა. მათ 12-კაციანი სია ჰქონდათ, სადაც 12-ვე კაცი „ნაციონალი“ გახლდათ. ჩემი ამოცანა იყო, რომ 6 კაცი მაინც არ ყოფილიყო „ნაციონალი“.

სიაში ჩვენი პარტიიდან 6 კაცი მაინც რომ შესულიყო და ერთი ფრაქციის დაკომპლექტების საშუალება მაინც გვქონოდა, ბოლოს შექმნილ რეალობაში ჩემთვის ესეც დიდი მიღწევა იქნებოდა, მაგრამ პაატა ბურჭულაძემ დაადასტურა, რომ პოლიტიკური მიზნისთვის არ იბრძოდა.

ეს სია იმის მტკიცებულებაა, რომ პაატა ბურჭულაძემ გაყიდა პარტიაც, სიაც და საკუთარი ავტორიტეტიც. ყველაფრის კომპრომისის ფასად მე სიაში ვერ ვიქნებოდი. მე არ ვარ პაატა ბურჭულაძე, რომელიც საკუთარ სინდისთან კომპრომისზე მიდის“, – ამბობს ლაგაზიძე და დასძენს, რომ ის ყველაფერს გააკეთებს არჩევნებამდე დარჩენილ დროში, რომ ამ ბლოკმა გამარჯვება ვერ მოიპოვოს.

მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაზეც ლაგაზიძე საუბრობს, პარტიაში ე.წ. კრიმინალების საკითხს ეხება.

„ის (ბურჭულაძე), ფაქტობრივად, არის კრიმინალური მენტალობის მქონე ჯგუფის მძევალი და ამ გუნდის მოსვლა ხელისუფლებაში, თუნდაც მცირე დოზით, საფრთხეს უქმნის, ზოგადად, საქართველოს საზოგადოებასა და სტაბილურობას.

მე ვსაუბრობ კრიმინალური მენტალობის მქონე ადამიანების ყოფნაზე პარტიის საარჩევნო შტაბში. ერთ-ერთი მთავარი გახლავთ გოგა კალაძე, რომელიც დღეს წარმოადგენს აჭარაში პაატა ბურჭულაძის ბლოკის საარჩევნო სიის პირველ ნომერს. მე ვიტყოდი, რომ ეს არის აჭარის მოსახლეობის შეურაცხყოფა. ამ ადამიანებს აქვთ ძალიან მძიმე ცოდვებით დამძიმებული წარსული და სწორედ იმ იძულების ფორმებიდან, რომლითაც, ფაქტობრივად, მაიძულეს, პარტია დამეტოვებინა, მაქვს საფუძველი, განვაცხადო, რომ დღეს მე და ჩემი ოჯახი ვდგავართ სერიოზული საფრთხის წინაშე“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ამ ბრალდებაზე თავად გოგა კალაძის პასუხი ის არის, რომ მას ლაგაზიძესთან ურთიერთობა თვეების განმავლობაში ჰქონდა და თუკი მას კრიმინალად თვლიდა, უცნაურია, ამაზე ახლა რატომ საუბრობს.

„ხათუნა ლაგაზიძის ბრალდება, უბრალოდ, არ მესმის. რომ მოხვედრილიყო ხუთეულში, აღარ ვიქნებოდი კრიმინალური მენტალობის მქონე პირი, თუ როგორ ამბობს ამას? გაყიდული იყო და არ იქნებოდა გაყიდული პარტია?“ – განაცხადა კალაძემ.

მიუხედავად ამისა, ლაგაზიძე ამბობს, რომ მას და მის ოჯახს სწორედ ამ კრიმინალებისგან ემუქრება საფრთხე და ხელისუფლებას მისი და მისი ოჯახის დაცვას სთხოვს.

მაგრამ, როგორც ჩანს, მისთვის სახელმწიფოს ხარჯზე დაცვის დანიშვნა არც ისე მარტივი იქნება. როგორც იურისტი ლევან ალაფიშვილი „ფაქტ-მეტრთან“ საუბრისას განმარტავს, ბიუჯეტის ხარჯზე დაცვა ენიშნებათ მაღალი საჯარო თანამდებობის პირებს და, ასევე, დაცვა ინიშნება იმ შემთხვევაში, თუკი რაიმე კონკრეტულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და მოწმეს, მსხვერპლს, მის გარემოცვას ან ადვოკატს საფრთხე ემუქრება. ამიტომაც ამ კონკრეტულ ვითარებაში ის სახელმწიფოს მხრიდან ლაგაზიძისთვის დაცვის დანიშვნას შეუძლებლად მიიჩნევს.


მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია