აგვისტოს, ტელეკომანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანის" ეთერში, პოლიტიკურ პარტიებს შორის გამართული დებატების მსვლელობისას, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ვაკის მე-2 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა: "უკრაინა იყო ლიდერი ჩვენს სავაჭრო პარტნიორებში, მაგრამ იქ პრემიერ-მინისტრის ერთი ვიზიტიც არ განხორციელებულა".
ფაქტ-მეტრი ამ განცხადებით დაინტერესდა და მისი გადამოწმება გადაწყვიტა.
ჩვენ გადავამოწმეთ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დღემდე, რომელიმე პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში ვიზიტი განახორციელა თუ არა. ასევე, არის თუ არა უკრაინა საქართველოს ერთერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა.
საქსტატის ინფორმაციით, უკრაინა 2016 წლის იანვარი-მარტის მონაცემებით საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში შედის, სადაც, სავაჭრო ბრუნვის მიხედვით, მერვე პოზიციაზე იმყოფება.
გრაფიკი 1:
საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები ბრუნვის მიხედვით (მლნ აშშ დოლარი), 2016 წლის იანვარი-მარტი
წყარო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო2015
წელს უკრაინა საქართველოს რიგით მეხუთე სავაჭრო პარტნიორი იყო და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 515.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2014 წელს უკრაინას 686 მლნ აშშ დოლარიანი ბრუნვით მე-5 ადგილი ეკავა, 2013 წელს - მე-3 ადგილი (795 მლნ დოლარი) და 2012 წელსაც მე-3 ადგილი (764 მლნ დოლარი).
რაც შეეხება უკრაინაში ვიზიტებს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ საქართველოს არცერთი პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ვიზიტით არ ყოფილა. ინფორმაცია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში ვიზიტის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2014 წლის დეკემბერში გააჟღერა. მოგვიანებით ითქვა, რომ ვიზიტი კვლავ ძალაში რჩება და მზადების პროცესშია, თუმცა აღნიშნული ვიზიტი საბოლოოდ არ შედგა. რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილს, იგი ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან ერთად უკრაინაში 2015 წლის 30 იანვარს, მხოლოდ ეკონომიკის მინისტრის რანგში იმყოფებოდა, ხოლო პრემიერ-მინისტრის რანგში მისი ვიზიტი დღემდე არ განხორციელებულა.
დასკვნა
საქსტატის 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, უკრაინა საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის და მერვე ადგილს იკავებს. 2012-2015 წლებში ეს ქვეყანა საქართველოსთან სავაჭრო ბრუნვის მიხედვთ მოწინავე პოზიციებს, მე-3 და მე-5 ადგილებს იკავებდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, უკრაინაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის არცერთი ვიზიტი არ განხორციელებულა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ელენე ხოშტარიას განცხადება არის სიმართლე.