იტვირთება

ახმეტა-თელავის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში "ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ოთარ კვირიკაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ მაღალმთიანი რეგიონების შესახებ საქართველოს კანონში არსებული ჩანაწერის მიხედვით, მეცხვარე მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები პირის სტატუსის მისაღებად წელიწადში 9 თვე მთაში უნდა ცხოვრობდეს. თუმცა, მისივე თქმით, კლიმატური პირობების გამო თუში მეცხვარეები მთაში მხოლოდ 6 თვეს ატარებენ, რის გამოც, მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათებით ვერ სარგებლობენ.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

2016 წლის 1 იანვრიდან მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირებისათვის სოციალური შეღავათები დაწესდა, ზოგიერთი შეღავათი კი 1 სექტემბრიდან ამოქმედდა. კანონით განსაზღვრული სოციალური შეღავათების მისაღებად მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის მიღებაა საჭირო. 2015 წლის 14 დეკემბერს მთავრობის კანცელარიაში გამართულ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე მაღალმთიანი დასახლების სტატუსი 1 582 დასახლებას მიენიჭა, რომელსაც 2016 წლის 23 ივნისს 99 სოფელი დაემატა. მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონის მე-3 მუხლის მე-5 ქვეთავის "გ" პუნქტის თანახმად,

 ფიზიკურ პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი ენიჭება, თუ ის საქართველოს მოქალაქეა, მაღალმთიან დასახლებაშია რეგისტრირებული და ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში ფაქტობრივად მაღალმთიან დასახლებაში ცხოვრობს.

კანონის მიხედვით, სხვადასხვა სოციალურ და საგადასახადო შეღავათებთან ერთად, ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე პირის საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი. ასევე, ფიზიკური პირი თავისუფლდება საშემოსავლო და ქონების გადასახადებისგან (საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული პირობებით).

ამ საკითხთან დაკავშირებით, ფაქტ-მეტრი საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ბექა გონაშვილს დაუკავშირდა. გონაშვილის განცხადებით, მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონში კონკრეტულად მეცხვარეების შესახებ ჩანაწერი გაკეთებული არ არის. შესაბამისად, კანონით დაწესებული შეღავათები მათ არ ეხებათ.

"

ამ რედაქციით, კანონი მეცხვარეებს არ გვეხება საერთოდ. 9 თვე უნდა ცხოვრობდნენ მთაში, რომ შეღავათების მიმღებები იყვნენ. არადა, მეცხვარეობა არის მომთაბარე ჩვენთან, ანუ 5-6 თვე მთაში არიან და 5-6 თვე ბარში. თუმცა, კანონის მიღების დროს ეს არავის გახსენებია" - აღნიშნა ბექა გონაშვილმა.

ილო ჯაგოდანიძე თუშეთში, სოფელ ომალოშია რეგისტრირებული. თუმცა, იმის გამო, რომ ცხვარი წელიწადში 6 თვე ბარში ჩამოყავს, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი ვერ მიიღო.

"

სოფელ ომალოში ვარ ჩაწერილი. ნახევარ წელიწადს ზღვის დონიდან 2 000-3 000 მეტრზე ვატარებთ და სტატუსი არ გვაქვს. შეუძლებელია ცხვარი 9 თვე მთაში გააჩერო და შეინახო. ამის გამო, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსს არ მაძლევენ. გამგებლის წარმომადგენელი, რომელიც შესაბამის ცნობას გასცემს, ჩემი მეგობარია, მივაკითხე, მაგრამ კანონს ხომ ვერ დაარღვევს. თუშეთში, ზაფხულის საძოვარზე 500 ჰექტარი მაქვს აღებული იჯარით და წელიწადში 4 500 ლარს ვიხდი. სტატუსი რომ მქონდეს, გადასახადს აღარ გადავიხდიდი" - ამბობს ჯაგოდანიძე.

აღნიშნული პრობლემის გამო, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი ვერ მიიღო 25 წლის გიორგი ქარსამაულმა, რომელსაც თუშეთში, სოფელ ვესტომთაში (გომეწრის ხეობა) ცხვრის ფერმა აქვს და გუდის ყველს აწარმოებს.

"

ყველა მეცხვარეს აქვს სურვილი, რომ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსი მიიღოს. ინდმეწარმე ვარ, გუდის ყველს ვაწარმოებ. სტატუსი რომ მქონდეს, საშემოსავლო გადასახადი აღარ მექნებოდა. იმის გამო, რომ სტატუსი არ მაქვს, ჩემი მოგებიდან 20%-ს სახელმწიფოს ვუხდი. ამას ემატება საძოვრის გადასახადი" - აღნიშნა ფაქტ-მეტრთან საუბრისას ქარსამაულმა.

ამ საკითხზე კომენტარი ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს, ვაჟა ნასყიდაშვილს ვთხოვეთ. მისი თქმით, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსს გამგებელი აღნიშნულ დასახლებაში მისი წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე გასცემს.

თუშეთში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ლადო კახოიძე განმარტავს: "სტატუსის მისაღებად ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რომ პირი, რომელიც ითხოვს სტატუსს, მთაში ფაქტობრივად ცხოვრობდეს. ამის შესახებ ჩემს მიერ გაცემული ცნობის გარდა, მთაში მუდმივად მცხოვრები ორი პირის განცხადებაა საჭირო. აღნიშნული დოკუმენტებს საჯარო რეესტრის ამონაწერთან ერთად გამგეობაში შექმნილი სპეციალური კომისია განიხილავს, რომელიც რეკომენდაციას გამგებელს უგზავნის. საბოლოო გადაწყვეტილებას სტატუსის მინიჭების შესახებ გამგებელი იღებს. თუმცა, კანონით დადგენილ ნორმებს ვერც მე და ვერც გამგებელი ვერ გადავუხვევთ" - განაცხადა ლადო კახოიძემ.

2016 წლის 11 აგვისტოს, თუშეთობის დღესასწაულზე, თუშ მეცხვარეებთან შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა ეკონომიკის მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს მეცხვარეთა პრობლემების შესწავლა და მაქსიმალური ხელშეწყობა დაავალა. 5 სექტემბერს, პრემიერის დავალებით, ქუმსიშვილი მთავრობის წევრებთან ერთად მეცხვარეთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

თუმცა, შეხვედრაზე მეცხვარეებისთვის მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსის მიღების საკითხი არ განხილულა.

დასკვნა

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონის თანახმად, ფიზიკურ პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი ენიჭება, თუ არის საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში და ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში.

ახმეტის მუნიციპალტეტის ინფორმაციით, ამ დროისთვის მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი თუშეთში მცხოვრებ 25 ადამიანს აქვს მინიჭებული. თუშეთში გამგებლის წარმომადგენლის, ლადო კახოიძის განმარტებით, აღნიშნული პირები მთელ წელიწადს მთაში ატარებენ და კანონით განსაზღვრულ მთავარ კრიტერიუმს აკმაყოფილებენ - ისინი თუშეთში არიან რეგისტრირებულნი. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ კანონში ცვლილებები არ შევა, მეცხვარეები აღნიშნულ სტატუსს ვერ მიიღებენ და მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათებით ვერ ისარგებლებენ. მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მდივანის, ოთარ კონჯარიას თქმით, საბჭო მეცხვარეების პრობლემაზე აღნიშნულ რეგიონში მათი წარმომადგენლის მიმართვის შემდეგ იმსჯელებს.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ოთარ კვირიკაშვილის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

3064 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი