ტელეკომპანია "თრიალეთის" ეთერში "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" წარმომადგენელმა კახა ტოლიაშვილმა გორის მუნიციპალიტეტში ხელოვნურად გაბერილ შტატებზე ისაუბრა და ამის მაგალითად ფოლკლორული ანსამბლის - ა(ა)იპ "მაჩაბელას" შექმნა დაასახელა. მისი თქმით, მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რომ საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ხელი მიუწვდებოდეს.
"რაიონის საკრებულოში არსებობს ა(ა)იპ "მაჩაბელა", რომელსაც 180 000 ლარი აქვს დაფინანსება. იგივე საქმის გაკეთებას მათ ერთერთი ხელოვანი, მიხეილ ჯავახიშვილი, 22 000 ლარად სთავაზობდა, მაგრამ მუნიციპალიტეტმა მას უარი უთხრა, რადგან ამ თანხების გაცემა ვინ იცის ვის ხელფასებსა და პრემიებში ჰქონდათ დაგეგმილი. ასე იბერება ა(ა)იპე-ბი ადმინისტრაციული რესურსით" - განაცხადატოლიაშვილმა.
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.
გამგეობის ინფორმაციით, 2014წლიდან, ქალაქისა და თვითმმართველი თემის გაყოფის შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არცერთი ახალგაზრდული ფოლკლორულ-კულტურული დაწესებულება არ არსებობდა და აღნიშნული მიმართულების ანსამბლის ჩამოყალიბების საფუძველი სწორედ ეს გახდა.
ამ პერიოდიდან ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა იდეის, მათ შორის ფოლკლორულ-კულტურული მიმართულების პროექტების განხილვა დაიწყო, რომელიც გამგეობაში სხვადასხვა ორგანიზაციის და კერძო პირების მხრიდან შევიდა. ერთერთის ავტორი სწორედ კახა ტოლიაშვილის მიერ ნახსენები ხელოვანი იყო. მიხეილ ჯავახიშვილმა ფაქტ-მეტრთან საუბარში აღნიშნა, რომ ფოლკლორის სკოლები რამდენიმე რეგიონში აქვს გახსნილი და 2015 წლის დასაწყისში ეს პროექტი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობსასაც შესთავაზა.
"საუბარი იყო ქართული ხალხური სიმღერების, ტრადიციული გალობის, ქართული ენის, ქართული ფოლკლორის ისტორიის და სოლფეჯიოს შესწავლაზე, რისთვისაც 6 თანამშრომლის ანაზღაურებისთვის 19 000 ლარს ვითხოვდით. ეს იქნებოდა რაიონული ცენტრი, სადაც დაინტერესებულ პირებს გორის მუნიციპალიტეტის ყველა სოფლიდან შეეძლოთ სიარული. ტრანსპორტირების ხარჯებს საკუთარ თავზე ვიღებდი. თუმცა, საბოლოოდ, უარი მითხრეს" - ამბობს ჯავახიშვილი.
მისივე განცხადებით, გამგეობის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდული სამსახურის უფროსს, არსენ აზალაძეს რამდენიმე თვის განმავლობაში ხვდებოდა და ამ საკითხს მასთან განიხილავდა, თუმცა, ეს პიროვნება მოგვიანებით დაუკავშირდა და განუცხადა, რომ პროექტმა ფინანსების სიმცირის და ფართის არარსებობის გამო მხადაჭერა ვერ მოიპოვა და ურჩია ქალაქის მერიისთვის მიემართა, თუმცა მიხეილ ჯავახიშვილს ამ კუთხით მცდელობები აღარ გაუგრძელებია.
2015წლის 12 ივნისს გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის განკარგულების საფუძველზე ფოლკლორული ანსამბლი ა(ა)იპ "მაჩაბელა" დაფუძნდა, რომელიც 15 თანამშრომლით იმავე წლის 16 ნოემბერს დაკომპლექტდა. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, აღნიშნული ა(ა)იპ-ის დასაფინანსებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 123 ათასი ლარი გამოიყო, აქედან 15 თანამშრომლის შრომის ანაზღაურებისთვის 115 200 ლარია (ააიპ-ის ბიუჯეტის 90%-ზე მეტი) გათვალისწინებული, 400 ლარი მივლინებებში, დანარჩენი კი საოფისე ინვენტარის ხარჯებსა და ტექნიკის შეძენაზეა გადანაწილებული.
ფოლკლორული ანსამბლი "მაჩაბელა" გორის მუნიციპალიტეტის 106 სოფლიდან მხოლოდ 8-ში ფუნქციონირებს. მოსწავლეთა საერთო რაოდენობა კი 500-ს შეადგენს. "მეცადინეობები უშუალოდ სოფლებში მიმდინარეობს და ჯგუფები მონაწილეობას სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონის ღონისძიებებში იღებენ" - წერია გამგეობის მიერ მოწოდებულ წერილში.
ამავე წერილის თანახმად, "მაჩაბელას" გრძელვადიან მიზანს შერჩეულ მოსწავლეთა ბაზაზე ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის ჩამოყალიბება და განვითარება წარმოადგენს. მიმდინარე წელს ანსამბლი სხვადასხვა სახის კულტურულ-საქველმოქმედო ღონისძიებასა და პროექტში ჩაერთო.
მიხეილ ჯავახიშვილის შეთავაზებასთან დაკავშირებით გამგეობაში განაცხადეს, რომ მის მიერ წარმოდგენილი პროექტი კონკრეტულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა და ის სულ სხვა მიმართულებას ემსახურებოდა. თავად მიხეილ ჯავახიშვილის აზრით კი, ხელისუფლებამ იდეა მისი პროექტიდან გადაიტანა.
დასკვნა
ფაქტ-მეტრის მიერ მოძიებული მასალებიდან ირკვევა, რომ ფოლკლორული ანსამბლის - "მაჩაბელას" დაფუძნებამდე გამგეობის კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურში მიხეილ ჯავახიშვილის ავტორობით პროექტი რეალურად შევიდა, რაც ფოლკლორული რაიონული ცენტრის გახსნას გულისხმობდა, რისთვისაც იგი დაფინანსების სახით 19 ათას ლარს ითხოვდა. ადგილობრივი თვითმმართველი თემიდან ა(ა)იპ-სთვის გამოყოფილმა თანხამ კი 123 ათასი ლარი შეადგინა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, კახა ტოლიაშვილის განცხადება, მცირე უზუსტობების გათვალისწინებით, არის მეტწილად სიმართლე.