მიმდინარე წლის 13 ნოემბერს, პარლამენტის სხდომაზე, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, რომ წეროვანში, კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს ბუნებრივ აირს უჭრიან: "მინდა მოგაწოდოთ ერთი ინფორმაცია, რომელიც წეროვანში მცხოვრებ 2 400 ოჯახს შეეხება. ბოლო ერთი კვირაა ამ დასახლებაში გაზის ჩაჭრა მიმდინარეობს და ახლაც, ამ წუთებშიც, ეს პროცესი გრძელდება. მთელი დასახლება ბუნებრივი აირის გარეშე დარჩება. ეს განპირობებულია იმ დავალიანებით, რომელიც ადგილობრივებს აქვთ. თქვენი დაპირება იყო არჩევნებამდე, რომ იძულებით გადაადგილებული პირები კომუნალური გადასახადებისგან გათავისუფლებულები იქნებოდნენ. იქნებ ამ 2 400 ოჯახს ამ ზამთარს მაინც მიხედოთ".
ფაქტ-მეტრი ხათუნა გოგორიშვილის ამ განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
"ქართული ოცნების" 2012 წლის წინასაარჩევნო პროგრამაშიცალკე თავადაა გამოყოფილი კომუნალური მომსახურების ტარიფები (გვ. 29-30), სადაც საუბარია იმაზე, რომ 2012 წლისთვის, ტარიფების სიდიდით საქართველომ არამარტო დსთ-ის ქვეყნებს, არამედ ევროპის ბევრ ქვეყანასაც გაუსწრო. კოალიცია ამ მდგომარეობის გამოსწორებას სახელმწიფოს მხრიდან ტარიფების ოპტიმიზაციით აპირებდა: "უმოკლეს ვადებში განვახორციელებთ ტარიფების ხელახალ და სამართლიან გადაანგარიშებას, მათი მნიშვნელოვანი შემცირების მიმართულებით. გამოირიცხება კოლექტიური მრიცხველები, სხვადასხვა კომუნალური გადასახდელების ერთმანეთზე მიბმა და სხვა ნებისმიერი მექანიზმი, როდესაც უპირატესობა ენიჭება მომსახურების საფასურის ამოღებას და არა მომხმარებელს," – ვკითხულობთ კოალიციის 2012 წლის წინასაარჩევნო პროგრამაში.
აღსანიშნავია, რომ პროგრამაში კომუნალურ ტარიფებთან დაკავშირებით, იძულებით გადაადგილებულ პირებზე საუბარი არსადაა. შესაბამისად, არსად წერია, რომ ისინი კომუნალური გადასახადებისგან გათავისუფლდებოდნენ.
თავად ხათუნა გოგორიშვილმა ფაქტ-მეტრთან საუბარში აღნიშნა, რომ დაპირება იძულებით გადაადგილებული პირების ყველანაირი კომუნალური გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ ზეპირი იყო, მაგრამ კონკრეტული წყარო მან ვერ დაასახელა.
თუმცა, ფაქტ-მეტრს წეროვანში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ოჯახმა საარჩევნო ბუკლეტის ფოტო (იხ. ბმული)მიაწოდა, სადაც მეხუთე პუნქტად წერია, რომ კოალიცია "ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება", ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ვალდებულებას იღებს, დევნილი მოსახლეობა კომუნალური გადასახადებისგან გაათავისუფლოს.
მთავრობის შეცვლის შემდეგ, წეროვანში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების ინდივიდუალური გამრიცხველიანება მოხდა. ამასთან, მათ საერთო მრიცხველის დროს დაგროვილი დავალიანებები, რაც 2013 წლის პირველ მარტამდე ჰქონდათ დაგროვილი, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ სრულად აუნაზღაურა.
ამავდროულად, იმ დევნილებს, რომელთა სოციალური ქულა 70 000-ზე ნაკლებია, სამინისტრო ყოველწლიურად 200 ლარს ურიცხავს და ამ თანხის გამოყენება მათ მხოლოდ კომუნალური გადასახადებისთვის შეუძლიათ. აღსანიშნავია ისიც, რომ ზამთარში, 4 თვის განმავლობაში, წეროვანის დასახლებაში მცხოვრები ყველა დევნილი 50 ლარიან ვაუჩერს იღებს და ეს სოციალურად დაუცველ დევნილებსაც ეხებათ (ანუ, 200+50).
რაც შეეხება ხათუნა გოგორიშვილის განცხადების იმ მონაკვეთს, სადაც იგი აღნიშნავს, რომ წეროვანში ჩასახლებული დევნილებისთვის გაზის ჩაჭრა ახლაც გრძელდება, ფაქტ-მეტრმა ეს ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, თამაზ ბალაშვილთან გადაამოწმა. როგორც ბალაშვილი განმარტავს, მოცემულ მომენტში გაზი არცერთ დევნილს ჩაჭრილი არ აქვს. მისივე თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ თვის ბოლოს, როცა დაანგარიშება ხდება, მომხმარებელი 50/250 ლარიანი ვაუჩერის ლიმიტს გადააჭარბებს და დარჩენილ თანხას არ გადაიხდის.
იმას, რომ წეროვანში ჩასახლებულ დევნილებს ამ მომენტში გაზი მიეწოდებათ, ადგილობრივი მცხოვრები იოსებ ინაურიც ადასტურებს. თუმცა, დასძენს, რომ მათი გადასახადი ვაუჩერის თანხას, 50 ლარს სცილდება, დანამატის გადასახდელი თანხა კი არ აქვთ. შესაბამისად, ის ელოდება, რომ გაზს გადაუხდელობის გამო ჩაუჭრიან.
დასკვნა ხათუნა გოგორიშვილის განცხადების გადამოწმებისას გაირკვა, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" 2012 წლის წინასაარჩევნო პროგრამაში საუბარი იყო ზოგადად კომუნალური ტარიფების შემცირებაზე, მაგრამ არაფერი იყო ნათქვამი იმაზე, რომ მთავრობა იძულებით გადაადგილებულ პირებს კომუნალური გადასახადებისგან გაათავისუფლებდა. თუმცა, ფაქტ-მეტრს წეროვანში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ოჯახმა საარჩევნო ბუკლეტის ფოტო (იხ. ბმული)მიაწოდა, სადაც მეხუთე პუნქტად წერია, რომ კოალიცია "ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება", ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ვალდებულებას იღებს დევნილი მოსახლეობა კომუნალური გადასახადებისგან გაათავისუფლოს.
თავისი განცხადების მეორე ნაწილში გოგორიშვილი ამბობს, რომ წეროვანში ჩასახლებული დევნილებისთვის გაზის ჩაჭრა ამჟამადაც მიმდინარეობს. ფაქტ-მეტრის მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, წეროვანში ჩასახლებულებს გაზი მიეწოდებათ, თუმცა, თუ ოჯახი საანგარიშო პერიოდის შემდეგ ვაუჩერის ლიმიტს (50 ან 250 ლარი) გადააჭარბებს და დავალიანებას არ დაფარავს, მას გაზის მიწოდება შეუწყდება.
ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ ხათუნა გოგორიშვილის განცხადება: "არჩევნებამდე "ოცნების" დაპირება იყო, რომ იძულებით გადაადგილებული პირები კომუნალური გადასახადებისგან გათავისუფლდებოდნენ", არის სიმართლე.