პრემიერმა ირაკლი ხახუბია დაახასიათა, როგორც "ახალგაზრდა, ენერგიული კაცი, რომელსაც ბიზნესში აქვს გამოცდილება".
11 აგვისტოს, შალვა ნათელაშვილმა "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატების ნაწილს ბრალი დასდო წინა ხელისუფლებასთან კავშირში. მათ შორის ირაკლი ხახუბიასაც, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" სპონსორი უწოდა.ფაქტ-მეტრი შალვა ნათელაშვილის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
"ქართული ოცნების" ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია პოლიტიკაში ბიზნესიდან მიდის. ის ბიზნეს-საქმიანობით 2007 წლიდან არის დაკავებული, მისი დაფუძნებულია შპს "აისბერგ 2" და შპს "ჯეონათსი". კერძო საქმიანობამდე, 2005-2006 წლებში ხახუბია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის მეექვსე სამმართველოს (სამეგრელო-გურიის) უფროსი ოპერატიული თანამშრომელი იყო.
სახელმწიფო აუდიტის ვებგვერდზე პოლიტიკური პარტიების შემოწირულობების შესახებ ყოველთვიური ანგარიშებია გამოქვეყნებული. პარტიებისთვის შეწირული თანხების შესახებ ინფრომაციის მიღება ასევე შესაძლებელია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ვებგვერდიდანაც. მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ირაკლი ხახუბიამ 2012 წლის 27 აგვისტოს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 10 000 ლარი შესწირა. ფაქტ-მეტრმა "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის სხვა კანდიდატებზეც მოიპოვა ინფორმაცია, ვისაც 2012 წელს "ნაციონალური მოძრაობისთვის" თანხა აქვთ შეწირული. მათგან ყველაზე მსხვილი შემომწირველი, 2008-2012 წლებში ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატი ("ნაციონალური მოძრაობიდან"), გოჩა ენუქიძე იყო. მან 2012 წელს "ნაციონალურ მოძრაობას" 60 000 ლარი შეწირა. წელს ის ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარობის კანდიდატია "ქართული ოცნებიდან" და 2016 წლის 29 ივლისს, "ქართულ ოცნებას" 55 000 ლარი გადაურიცხა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, რომელსაც ამ პარტიას 2012 წელს 6 500 ლარი შესწირა,დღეს კი ხულოს, შუახევის და ქედას მაჟორიტარობის კანდიდატია "ქართული ოცნებიდან".
2012 წელს "ნაციონალურ მოძრაობას" თანხა შეწირეს "ქართული ოცნების" სხვა მაჟორიტარობის კანდიდატებმაც: ბექა ოდიშარიამ, კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი - 35 000 ლარი; გიორგი მიქელაძემ, სამტრედიის მაჟორიტარობის კანდიდატი - 35 000 ლარი, იოსებ მაკრახიძემ, გორის მაჟორიტარობის კანდიდატი - 25 000 ლარი და დავით სონღულაშვილმა,გურჯაანის მაჟორიტარობის კანდიდატი - 7 000 ლარი.
ცხრილი 1:
"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები, რომლებსაც "ნაციონალური მოძრაობისთვის" აქვთ თანხა შეწირული
მაჟორიტარობის კანდიდატი | ოლქი | შეწირული თანხა | თარიღი |
გოჩა ენუქიძე | რაჭა და სვანეთი | 60 000 | 16.07.2012 |
ბექა ოდიშარია | კრწანისი | 35 000 | 29.06.2012 |
გიორგი მიქელაძე | სამტრედია | 35 000 | 21.06.2012 |
იოსებ მაკრახიძე | გორი | 25 000 | 07.06.2012 |
ირაკლი ხახუბია | ფოთი | 10 000 | 27.08.2012 |
დავით სონღულაშვილი | გურჯაანი | 7 000 | 11.09.2012 |
ანზორ ბოლქვაძე | ხულო/შუახევი/ქედა | 6 500 | 14.07.2012 |
დასკვნა "
ქართული ოცნებიდან" ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ირაკლი ხახუბიამ, 2012 წელს "ნაციონალურ მოძრაობას" 10 ათასი ლარი შესწირა. კვლევისას, ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, ჰქონდათ თუ არა "ქართული ოცნების" სხვა მაჟორიტარობის კანდიდატებს წინა ხელისუფლების დროს "ნაციონალური მოძრაობისთვის" თანხა შეწირული. აღმოჩნდა, რომ მაჟორიტარობის ასეთი კანდიდატი, ირაკლი ხახუბიას გარდა, კიდევ ექვსია.
ამ მონაცემების გათვალისწინებით, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ შალვა ნათელაშვილის განცხადება არის სიმართლე.