2016 წლის აგვისტოში აშშ-ის საარჩევნო კამპანიამ მცირე პაუზა აიღო. კანდიდატები პირველი დებატებისთვის ემზადებიან.
26 სექტემბერს ჰოფსტრას უნივერსიტეტში ჰ. კლინტონისა და დ. ტრამპის მატჩის პირველი რაუნდი გაიმართება. სწორედ ამ დაპირისპირებაზე იქნება დამოკიდებული კანდიდატების საარჩევნო კამპანიის სამომავლო ფორმა, ტონალობა და შინაარსი.
აღსანიშნავია, რომ 26 სექტემბრამდე ისინი ძლიერ განსხვავებული „ბარგით“ მიდიან. ჰილარი კლინტონი, როგორც ეს უმაღლესი კვალიფიკაციის იურისტსა და სახელმწიფო მოხელეს სჩვევია, დებატებისთვის მრავალფურცლიან ფაქტოლოგიურ დოკუმენტებს იზეპირებს და დემოკრატიული პარტიის დებატების საუკეთესო ექსპერტებთან რეპეტიციებს გადის. დ. ტრამპი საკუთარ გოლფ-კლუბში კვირაობით შეხვედრებს ატარებს ნიუ-იორკის ყოფილ მერთან რუდოლფ ჯულიანისთან, რადიოწამყვან ლაურა ინგრეჰემთან და თანამდებობიდან გადაყენებულ Fox News Channel-ის ყოფილ თავმჯდომარე როჯერ აილსთან. თანაშემწეების მომზადებულ მასალებს ბ-ნი ტრამპი არ კითხულობს და დებატებისთვის რეპეტიციებს არ გადის. როგორც 2016 წლის 27 აგვისტოს Washington Post იტყობინებოდა, „…დ. ტრამპი მიიჩნევს, რომ მისი ტალანტის მქონე შემსრულებელს რეპეტიციები არ სჭირდება“.
ყველა სოციოლოგიურ კვლევაში ლიდერობის ფონზე და უჩვეულოდ კარგად ორგანიზებული საარჩევნო შტაბის მხარდაჭერით ჰ. კლინტონი უკვე ქმნის გუნდს, რომელმაც მისი ამბიციური პროგრამა უნდა განახორციელოს. ჩამოყალიბებულია ხუთკაციანი ჯგუფი შინაგან საქმეთა ყოფილი მდივნის კ. სალაზარის მეთაურობით ამოცანისთვის: შეადგინოს კაბინეტი, რომელიც შეძლებს რესპუბლიკელებთან თანამშრომლობას საკადრო საკითხების სწრაფად გადასაწყვეტად (ადმინისტრაციის 4000 პოლიტიკური თანამდებობიდან 1000-ს სენატის დამტკიცება სჭირდება); ხოლო შემდგომ ისეთი არაორდინარული ნაბიჯების მხარდაჭერის მოსაპოვებლად, როგორიც არის საგადასახადო სისტემისა და საარჩევნო კანონმდებლობის ძირეული რეფორმები, 275-მილიარდიანი ინფრასტრუქტურული პროექტების პაკეტი და იმიგრაციის წესებისა და რეგულაციების შეცვლა.
დ. ტრამპი ჯერჯერობით შორეული პოლიტიკური გეგმებით არ არის დაკავებული.
ერთი შეხედვით, პროცესი დემოკრატებისთვის სახარბიელო კალაპოტში მოექცა. „არჩევნების თარიღამდე სამი თვით ადრე...“ – ავტორიტეტული კონსერვატორი მიმომხილველის ჯონ პოდჰორეცის აზრით, „სიტუაცია ყველა თვალსაზრისით ისეთი ცუდია რესპუბლიკელებისთვის, რომ ნოემბერში დემოკრატიულმა ტალღამ შეიძლება არა მარტო ჰ. კლინტონი შეაცუროს თეთრ სახლში, არამედ უმრავლესობა მოუპოვოს დემოკრატებს სენატში და წარმომადგენლების პალატაშიც კი“ (New York Post, 2016 წლის 9 აგვისტო).
მაგრამ აშშ რუსეთი არ არის, რომ სამი თვით ადრე გამარჯვებული გამოცხადდეს. არც დ. ტრამპია სატელევიზიო შოუს ახალბედა ან ადვილად დასამარცხებელი მოწინააღმდეგე, მით უმეტეს, რომ ის დებატებში ჭადრაკს კასტეტს უპირისპირებს და მას განრისხებული საშუალო და მუშათა კლასების დიდი ნაწილი უჭერს მხარს.
დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა დონორმა ერთი თვის წინ მითხრა: „ჩვენი ყველაზე საბედისწერო შეცდომა იქნება, თუ დროზე ადრე ჩამოვწერთ დ. ტრამპს. მას 35 წელია ვიცნობ და დამიჯერე, he is tough as Hell and smart as a cookie“.
დემოკრატიული პარტიის კანდიდატს არც ის უწყობს ხელს, რომ 2016 წელს მკვეთრად დაეცა ეკონომიკური ზრდის ტემპი. პირველ კვარტალში ეკონომიკა 0,8%-ით იზრდებოდა, ხოლო ეკონომიკური ანალიზის ბიუროს მონაცემებით, მეორე კვარტალში მშპ ინფლაციის გათვალისწინებით 1,1%-ით გაიზარდა.
სამართლიანობა მოითხოვს, აღვნიშნოთ, რომ ეკონომიკა 2005 წლიდან არ გაზრდილა 3%-ზე მეტით, 2006 წლიდან 2015 წლამდე ის, საშუალოდ, მხოლოდ 1,45%-ით იზრდებოდა, ხოლო 2007 წლიდან 2010 წლამდე ეკონომიკის ზრდა კი არა, ეკონომიკის გადარჩენა ადარდებდა ყველას.
ნათელია, რომ კანდიდატების წინაშე, ვინც არ უნდა გახდეს აშშ-ის პრეზიდენტი, მონუმენტალური პრობლემები დგას – ეკონომიკის განვითარების ახალ ლიანდაგზე გადაყვანა, სოციალური და რასობრივი დაძაბულობის შემცირება, რუსული და ისლამისტური აგრესიის აღკვეთა, სრულიად შეცვლილ ევროპასთან, ჩინეთთან, თურქეთთან, ახლო აღმოსავლეთთან, ლათინურ ამერიკასთან, წყნარი ოკეანის რეგიონთან ურთიერთობის განახლება ან დარეგულირება და ა. შ.
უპრიანი იქნებოდა კანდიდატების გეგმების განხილვა.
გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ჰ. კლინტონს დეტალურად გაწერილი პროგრამა გამოქვეყნებული აქვს, ხოლო დ. ტრამპი იმით არის დაკავებული, რომ კონკურენტი კორუმპირებულად შერაცხოს, ნაიჯელ ფარაჯი გააცნოს მისისიპის ამომრჩეველს და მომავალი არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადოს, იძულებული ვართ, სტატია ჰ. კლინტონის პროგრამის ეკონომიკური და შიდაპოლიტიკური ნაწილების მთავარი მიზნების განხილვას დავუთმოთ (საგარეო პრიორიტეტები ცალკე თემაა და მათ „ფაქტ-მეტრი“ კიდევ დაუბრუნდება).
დემოკრატიული კანდიდატის მიზანია „აშშ, როგორც მსოფლიო ლიდერი“. ქვეყნის ფარგლებს გარეთ ლიდერობა შეუძლებელია, „თუ შეერთებული შტატები ძლიერი არ არის სახლში“. ამის მისაღწევად საჭიროა „ინოვაცია, ინფრასტრუქტურა და განათლება“.
ჰ. კლინტონის უპირველესი და უკიდურესად ძნელი ამოცანაა საგადასახადო სისტემის რეფორმა „უორენ ბაფეტის წესის“ ერთგვარი მოდიფიკაციით (იდეის ავტორმა უორენ ბაფეტმა 2011 წელს პრეზიდენტ ბ. ობამას შესთავაზა გადასახადების გაზრდა 30%-მდე და მის ზევით პროპორციულად იმ ოჯახებისთვის, ვისი წლიური შემოსავალიც მილიონ დოლარს აჭარბებს; როგორც ბ-მა ბაფეტმა აღნიშნა, „აღმაშფოთებელია, რომ მულტიმილიარდერები, ჩემი ჩათვლით, პროცენტულად ნაკლებ გადასახადს იხდიან, ვიდრე საშუალო კლასის წარმომადგენლები“. ეს რეფორმა მოსახლეობის 0,3%-ს უნდა შეხებოდა).
ჰილარი კლინტონის ნაკლებად რადიკალური რეფორმის მთავარი შინაარსი მდგომარეობს 4%-იან „დამატებით სამართლიან გადასახადში“ იმ გადასახადის გადამხდელებისთვის, რომლებსაც წელიწადში 5 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი აქვთ. ეს რეფორმა შეეხება აშშ-ის მოსახლეობის 0,2%-ს. ამავე დროს საშუალო კლასის გადასახადები არ გაიზრდება და პირიქით, მათთვის გათვალისწინებული იქნება სასწავლო და ჯანდაცვის ხარჯების შემსუბუქება.
საგადასახადო სისტემაში დაიხურება ის „ხვრელები“, რომლებიც ფინანსურ უპირატესობას აძლევენ სამუშაო ადგილებისა და მოგების ქვეყნის გარეთ გამტან კომპანიებს და შეუქმნიან უკეთეს საგადასახადო პირობებს იმ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ ინვესტიციებს და სამუშაო ადგილებს ქმნიან აშშ-ში.
შემცირდება გადასახადები და გამარტივდება საგადასახადო წესები მცირე ბიზნესებისთვის. ცნობისთვის: ბიზნესები, სადაც ერთიდან ხუთ ადამიანამდე არიან დასაქმებულები, ას ორმოცდაათ სამუშაო საათსა და 1100 დოლარს ხარჯავენ ყოველ დასაქმებულზე ფედერალური გადასახადების ფორმების შევსებისას.
მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო დამატებით შემოსავალს მიმართავს სამუშაო ადგილების შექმნაზე და განათლების სფეროს გაუმჯობესებაზე, ისე, რომ არ გაიზარდოს ბიუჯეტის დეფიციტი და სახელმწიფო ვალი.
ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მთავარი გენერატორი ჰ. კლინტონის 275-მილიარდიანი ხუთ წელზე გათვლილი ინფრასტრუქტურის განახლების პროგრამა უნდა გახდეს. კლინტონის პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში მისი ადმინისტრაცია შეეცდება, ორპარტიული მხარდაჭერით დაამტკიცებინოს კონგრესს ეს პაკეტი: პორტების, აეროპორტების, გზების, გვირაბების, ხიდების განახლება, გაფართოება და მშენებლობა; სწრაფი (broadband) ინტერნეტის, როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი უმთავრესი წარმოების საშუალების, ყოველ ამერიკულ ოჯახამდე მიყვანა 2020 წლისთვის; 5G-ს დანერგვა და უფასო Wi-Fi ყველა საზოგადოებრივ ადგილში; ახალი და სუფთა ენერგეტიკის შექმნა, რითიც ამერიკა 2000-იანი წლების დასაწყისიდან არის დაკავებული; ნახევარი მილიარდი მზის ბატარეის დამონტაჟება 2020 წლამდე, ინვესტიციების ზრდა ელექტროავტომობილების წარმოებაში და რესურსების ეფექტურ გამოყენებაში.
ინფრასტრუქტურა, დემოკრატების აზრით, მარტო ეკონომიკა არ არის – მის განვითარებას სერიოზული სოციალური კომპონენტი ახლავს. ამ სფეროში დასაქმებულების წლიური შემოსავალი, საშუალოდ, 3700 დოლარით აღემატება ეროვნულ საშუალო შემოსავალს. გასაგებია, რა ბიძგს მისცემს პროგრამის რეალიზაციის შემთხვევაში 10 მილიონამდე ასეთი სამუშაო ადგილის შექმნა ქვეყნის ეკონომიკას.
განსაკუთრებული აქცენტი ჰილარი კლინტონის პროგრამაში ბავშვებსა და მოზარდებზე კეთდება, რადგან „...ჯანმრთელი და განათლებული თაობების აღზრდა ეროვნული ეკონომიკური პრიორიტეტია“ (President Obama State of Union Address, 2015). ამ ამოცანის მთავარი შემადგენელი ნაწილი განათლება გახლავთ.
დეკადის დასასრულამდე ყოველი სამი ახალი სამუშაო ადგილიდან ორი მოითხოვს პრეტენდენტის უმაღლეს განათლებას. შესაბამისად, დემოკრატიული პარტიის კანდიდატი გეგმავს სრულიად შეერთებულ შტატებზე გაავრცელოს ტენესისა და ილინოისის შტატების მიერ უფასო community college-ბის შექმნის გამოცდილება და ორწლიანი უფასო განათლება კოლეჯში ისევე სავალდებულო გახადოს, როგორც საშუალო განათლება. მაღალკვალიფიციურ სამუშაო ადგილებს განათლებული თაობა სჭირდება, განათლებული თაობის ჩამოყალიბებას კი – ხელმისაწვდომი საყოველთაო უმაღლესი განათლება.
ჰ. კლინტონის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში მისი ადმინისტრაცია პირველ 100 დღეში შეეცდება, უზენაეს სასამართლოს გააუქმებინოს 2010 წელს ხუთი მოსამართლის მხარდაჭერითა და ოთხის წინააღმდეგობით მიღებული განჩინება საქმეში Citizens United vs Federal Election Comission, რა ნაბიჯითაც უზენაესი სასამართლო „ღირსებას დაუბრუნებს ამერიკულ არჩევნებს“.
2010 წელს უზენაესმა სასამართლომ მიიღო კონსტიტუციური კანონი, რომელმაც დაადგინა, რომ „სიტყვის თავისუფლება უკრძალავს ხელისუფლებას, შეზღუდოს კორპორაციების, რომლებიც მიზნად არ ისახავენ მოგების მიღებას, უფლება, საკუთარი თანხები დახარჯონ საარჩევნო კამპანიაში რომელიმე კანდიდატის მხარდასაჭერად“. შემდგომში გადაწყვეტილება „non-forprofit“ კორპორაციებიდან პროფესიულ კავშირებსა და სხვა სახის ასოციაციებზეც გავრცელდა.
განჩინებამ გააუქმა 2002 წლის „ფედერალური არჩევნების რეფორმის ორპარტიული აქტი“ (მაქკეინ-ფეინგოლდის აქტი), რომელმაც აუკრძალა კორპორაციებსა და ასოციაციებს საკუთარი თანხების გამოყენება სარეკლამო კამპანიებში კანდიდატის სახელის ხსენებით 30 დღით ადრე პირველად არჩევნებამდე, ან 60 დღით ადრე საყოველთაო არჩევნებამდე. შედეგად ამერიკულ არჩევნებში კორპორაციებისა და „კერძო ინტერესების ჯგუფების“ ასეულობით მილიონი დოლარი შემოვიდა.
დემოკრატების სავარაუდო ადმინისტრაცია უმიზნებს, აგრეთვე, Shelby County v. Holde უზენაესი სასამართლოს განჩინების გაუქმებას. ეს 2013 წლის ხუთი მოსამართლის მხარდაჭერითა და ოთხის წინააღმდეგობით მიღებული გადაწყვეტილება აუქმებს Voting Act of 1965-ს, რომლის შესაბამისად რიგი შტატებისა და საგრაფოების საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები საჭიროებს ფედერალური მთავრობის თანხმობას, იმიტომ, რომ ხსენებული ადმინისტრაციული ერთეულები შემჩნეული იყვნენ დისკრიმინაციის აქტებში.
ჰილარი კლინტონის პროგრამის ორმოცამდე მთავარი დებულების განხილვა უსასრულობამდე შეიძლება, მაგრამ ფორმატი ამის საშუალებას არ გვაძლევს. დაინტერესებულ მკითხველს ვურჩევთ, მიმართოს საიტს hillaryclinton.com, სადაც დემოკრატების პროგრამის დეტალურად შესწავლა შეიძლება.
* * *
დაბოლოს,
ძალიან ხშირად პოლიტიკური ძალა, რომელიც განწირულია დამარცხებისთვის, მიმართავს შემდეგ ხრიკს – იწყებს მტკიცებას, რომ ამომრჩეველს ორი ცუდიდან ერთი ნაკლებად ცუდი აქვს ასარჩევი. სრული სისულელეა – ყველგან და ყოველთვის. თუ ამომრჩეველი თავს შეიწუხებს და კანდიდატების პროგრამას ფანქრით ან კალკულატორით ხელში გაეცნობა, ის მომენტალურად შეძლებს გამოთვალოს, ვინ იბრძვის სახელმწიფოს მომავლისთვის და ვინ ცდილობს პოლიტიკური კაპიტალის ფინანსურზე გადახურდავებას.
ეს, სხვათა შორის, საქართველოსაც ეხება.