ბავშვები საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ფენაა, ამიტომ ყველა განვითარებული სახელმწიფო შესაბამისი კანონების საშუალებით ცდილობს, მათ მაქსიმალურად დაცული გარემო შეუქმნას. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა კი ბავშვთა სამართლებრივი დაცვისთვის მყარ გარანტიებს ვერ ქმნიდა. კანონი არ ითვალისწინებდა უსახლკარო ბავშვის დაცვის მექანიზმებს, ოჯახში ძალადობის შემთხვევების დროს სოციალური სამსახურის ეფექტურ ჩართულობას, შესაბამისი უწყებების მხრიდან რეაგირების მოხდენის ვალდებულებას და ა.შ.
საქართველოში არსებულმა სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“), საქართველოს მთავარი პროკურატურა; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი“, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი; გაერო-ს ბავშვთა ფონდი (UNICEF), საქართველოში აშშ-ის საელჩო, საქართველოს პარლამენტი, ა(ა)იპ „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“, ა(ა)იპ „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“, ა(ა)იპ „საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი − თანადგომა“, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, ა(ა)იპ „ბავშვი და გარემო“, ა(ა)იპ „კარიტასი საქართველო“, ა(ა)იპ „ვორლდ ვიჟენ საქართველო“ (World Vision Georgia), ა(ა)იპ „გადავარჩინოთ ბავშვები“ (Save the Children), ა(ა)იპ საქართველოს კოალიცია − „ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობისთვის“, ა(ა)იპ „საქართველოს ბავშვები“) ქუჩაში მცხოვრები, მომუშავე და ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დასაცავად საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ერთობლივად შეიმუშავეს და პარლამენტს წარუდგინეს.
2016 წლის 15 იანვარს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დამტკიცდა, 2016 წლის 10 აგვისტოდან კი საქართველოს კანონში „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ და მასთან დაკავშირებულ ცხრა სხვა საკანონმდებლო აქტში ცვლილებები შევიდა, რომელიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლი და ქუჩაში მომუშავე, უსახლკარო ბავშვების სამართლებრივი დაცვის დამატებით გარანტიებს ქმნის.
11 აგვისტოს გამოიცა იუსტიციის მინისტრის ბრძანებები, რომლებითაც მიუსაფარ და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებზე დოკუმენტაციის გაცემა მარტივდება.
„მიუსაფარი ბავშვები“
საქართველოში უსახლკარო და ქუჩაში მომუშავე ბავშვების ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა, მათ ქუჩაში საკმაოდ ხშირად ვხვდებით. აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებამდე ქართულ კანონმდებლობაში ტერმინიც კი არ არსებობდა, რომლითაც შუქნიშნებზე გაჩერებულ მანქანებთან ხურდის სათხოვნელად მოსულ ბავშვებს მოიხსენიებდნენ. ისინი კანონისთვის არ არსებობდნენ, შესაბამისად, ვერც სახელმწიფო დაცვის მექანიზმებით სარგებლობდნენ და ვერც შესაბამისი პროგრამებით, მათ არც პირადობის მოწმობები ჰქონდათ, ხშირად არც დაბადების მოწმობები, ვერც მათი აღრიცხვა ხერხდებოდა და არც რაიმე ქმედითი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა არსებობდა. ასეთი ბავშვები ყოველდღიურად, ჩვენს თვალწინ ხდებოდნენ ძალადობის მსხვერპლნი და მათი დაცვა ბევრ სიძნელესთან იყო დაკავშირებული.
საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად კი კანონში გაჩნდა ტერმინი „მიუსაფარი ბავშვი“. იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 11 აგვისტოს გამოცემული ბრძანებებით ახლა „მიუსაფარი ბავშვები“ გამარტივებული წესით აიღებენ დოკუმენტებს, შესაძლებელი გახდება მათი იდენტიფიკაცია, ხელმისაწვდომი იქნება სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობა განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში. სახელმწიფოს ახლა უკვე კანონით ექნება ვალდებულება, დაიცვას და იზრუნოს უსახლკარო ბავშვებზე შესაბამისი ინსტიტუტების, სამსახურებისა და მექანიზმების საშუალებით, რაც, ასევე, კანონმდებლობით არის გაწერილი.
„ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვები“
ცვლილებები შევიდა „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონშიც.
სოციალური მუშაკის მექანიზმის გაძლიერების მიზნით სოციალური მუშაკის უფლებამოსილება გაიზარდა – მას ახლა შეუძლია, ოჯახური ძალადობის შემთხვევაში გამოიყენოს ბავშვის ოჯახისგან განცალკევების უფლება, როგორც უკიდურესი ფორმა, რასაც აღნიშნულ ცვლილებებამდე მხოლოდ პოლიციის თანამშრომელი არეგულირებდა.
საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ნინო ჩაფიძემ (კონსულტანტი იურიდიულ საკითხებში) „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში განაცხადა, რომ ოჯახური ძალადობის შემთხვევებში პოლიცია ხშირად ვერ ახდენს დროულ და ეფექტურ რეაგირებას, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელებს ოჯახური ძალადობის თემაზე ტრენინგები უტარდებათ, სპეციფიკიდან გამომდინარე, ასეთი შემთხვევები მოითხოვს პროფესიონალის ჩარევას, რომელსაც სპეციფიკური ცოდნისა და უნარების მქონე სოციალური მუშაკი წარმოადგენს.
კანონში, ასევე, განისაზღვრა, რომ მოძალადის მიერ შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, აგრეთვე, სოციალური მუშაკის მიერ არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც მნიშვნელოვანია, რადგან მოძალადეს მოსალოდნელი სასჯელი აიძულებს, დაემორჩილოს კანონის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას და ბავშვიც მეტად დაცული იქნება.
„რეფერირება“
კანონში „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ („რეფერირების სახელმწიფო მექანიზმის“ ფარგლებში) არსებობს სამთავრობო დაწესებულებების სია, რომლებიც ვალდებულნი არიან, ბავშვთა მიმართ ძალადობაზე რეაგირება მოახდინონ და შესაბამის სამსახურებს მიმართონ. 2016 წელს შესული ცვლილებებით, სამთავრობო დაწესებულებების სიას ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და სხვა სამინისტროები დაემატა. ახლა მსხვერპლი ბავშვების დაცვა თითქმის ყველა სამინისტროს ვალდებულებაა.
კანონში, ასევე, განისაზღვრა, რომ სუბიექტი (სახელმწიფო უწყება, სამედიცინო დაწესებულება და ა.შ.), რომელიც ვალდებულია, არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტი გამოავლინოს და ინფორმაცია შესაბამის სახელმწიფო ორგანოს მიაწოდოს, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, საშა გრაუმანმა, საკანონმდებლო ცვლილებებს მნიშვნელოვანი უწოდა და განაცხადა, რომ ისინი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
„აღნიშნული ცვლილებები უზრუნველყოფს, რომ ქუჩაში მყოფი ბავშვები უკეთ იყვნენ დაცული და ხელი მიუწვდებოდეთ ძირითად სოციალურ მომსახურებებზე. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ბავშვების ქუჩაში გასვლის პრევენცია დაცვის ძლიერი მექანიზმების შემუშავებით და ამ პროცესში სოციალური მუშაკების როლის გაზრდით. „იუნისეფი“ მზადაა, დახმარება გაუწიოს მთავრობას სოციალური სამუშაო სისტემისა და ოჯახის მხარდამჭერი მომსახურების შემდგომ გაძლიერებაში მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – განაცხადა გრაუმანმა.