ორშაბათს, 5 სექტემბერს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტმა (LIBE) 44 ხმით, 5-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.
ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება კი, სავარაუდოდ, ოქტომბერში მოხდება, როდესაც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე უყრიან კენჭს.
რას ნიშნავს უვიზო რეჟიმი
უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას. ასეთი ქვეყნებია: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი, ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, შვეიცარია, ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი და ხორვატია.
დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ვიზალიბერალიზაცია არ შეეხება მხოლოდ ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთს. მხოლოდ ამ ორ ქვეყანაში მგზავრობის მსურველ მოქალაქეებს მოუწევთ ვიზის აღება, ზემოჩამოთვლილ 30 ქვეყანაში მგზავრობისთვის კი საქართველოს მოქალაქეებს ვიზის აღება აღარ მოუწევთ.
უვიზო რეჟიმი შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს ბიომეტრიული პასპორტის ქონის შემთხვევაში, ვიზის გარეშე განახორციელონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტები. მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში. ევროკავშირისა და შენგენის ქვეყნებში გატარებული 90 დღის შემდეგ საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს ამ ქვეყნების ტერიტორია.
მოკლევადიანი ვიზიტი შესაძლებელია სხვადასხვა მიზნით: ტურისტული, ოჯახის წევრის ან მეგობრების მონახულება, ბიზნესშეხვედრები, მოკლევადიანი სასწავლო ან გაცვლითი პროგრამები, სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა, მკურნალობა ან სხვა. ნებისმიერი ასეთი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს. უვიზო რეჟიმი არ შეეხება შენგენის ზონაში გრძელვადიან ვიზიტებს განათლების მიღების, მუშაობის ან სხვა მიზნით. ხანგრძლივი პერიოდით დარჩენის სურვილის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებმა ვიზის მისაღებად საქართველოში აკრედიტებულ შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს უნდა მიმართონ.
რა გავაკეთეთ უვიზო რეჟიმის მისაღებად
2012 წლის 17 ივნისს ხელი მოეწერა „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ“ შეთანხმებას. 2012 წლის 4 ივნისიდან კი საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ დიალოგი ოფიციალურად გაიხსნა.
2015 წლის 18 დეკემბერს ევროკომისიამ საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) იმპლემენტაციის შესახებ რიგით მეოთხე, საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. ევროკომისიის შეფასებით, საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის ოთხივე ბლოკით განსაზღვრული ყველა მოთხოვნა შეასრულა და ვიზალიბერალიზაციის ტექნიკური პროცესი წარმატებით დაასრულა.
რა პროცედურები დარჩა ვიზალიბერალიზაციის დასრულებამდე
საზოგადოების ნაწილი ვიზალიბერალიზაციის დასრულებას ამ ზაფხულს ელოდებოდა, თუმცა პროცესი გაჭიანურდა და ამის მთავარი მიზეზი თანამედროვე ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა – მიგრაციული კრიზისი გახდა.
მიგრაციის გადაუჭრელი პრობლემის ფონზე, წევრი სახელმწიფოების ნაწილი უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის აუცილებლობაზე საუბრობს.
ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი პროცესის გაჭიანურებაში საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს. მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი რუხაძემ აღნიშნა, რომ „ხელისუფლებამ თავისი პასიურობით ხელიდან გაუშვა ყველა შესაძლებლობა. მას არა აქვს რესურსი, რომ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს, რადგან თავის სრულ ენერგიას არა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში ინტეგრაციის სიკეთეების მოპოვებას, არამედ თავისი ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლას ახარჯავს, რაც, ბუნებრივია, პროცესს ვნებს“.
„ნაციონალური მოძრაობის“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია კი მიიჩნევს, რომ კარგი მუშაობის პირობებში შესაძლებელი იყო, ეს პროცესი ზაფხულისთვის დასრულებულიყო და საკითხი აღარ გადადებულიყო.
5 სექტემბერს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში (LIBE) კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის დადებითი გადაწყვეტილება ვიზალიბერალიზაციისთვის მორიგი წინგადადგმული ნაბიჯია.
ევროკავშირში საქართველოს ელჩის, ნატალია საბანაძის, განცხადებით, საქართველოში ოქტომბერში გასამართ საპარლამენტო არჩევნებთან პირდაპირი ბმა ჯერჯერობით არავის გაუკეთებია და ვიზალიბერალიზაციის პროცესი დაგეგმილი დღის წესრიგით მიმდინარეობს.
„LIBE-ს კომიტეტში ეს გადაწყვეტილება მიიღება იმისთვის, რომ მისცენ მანდატი მომხსენებელს, რომ მან დაიწყოს უკვე შეთანხმება ტექსტზე, აწარმოოს მოლაპარაკებები საბჭოსა და კომისიასთან. როდესაც მოხდება სამმხრივი შეთანხმება პარლამენტს, საბჭოსა და კომისიას შორის, შემდეგ საბოლოო წერტილი უნდა დაუსვას ევროპარლამენტის პლენარულმა სესიამ“, – განაცხადა საბანაძემ.
წინასწარი ინფორმაციით, პლენარულ სხდომაზე ვიზალიბერალიზაციის საკითხი ოქტომბერში უნდა გავიდეს, რის შემდეგაც კონკრეტული თარიღი გვეცოდინება, როდიდან შეეძლებათ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირისა და შენგენის ზონის ოცდაათ ქვეყანაში ვიზის გარეშე მგზავრობა.