არჩევნებამდე მხოლოდ 33 დღეა დარჩენილი და მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პროცესი ოფიციალურად უჩვეულოდ ადრე დაიწყო, რეალურად ახლა იწყება და ამას ბოლო დღეებში გახშირებული დარღვევებიც ცხადყოფს. თუ აქამდე ეს პროცესი, ასე თუ ისე, მშვიდად მიდიოდა, ბოლო კვირის განმავლობაში ყოველდღიურად რამდენიმე სახის დარღვევაზე ვრცელდება ინფორმაცია. თუმცა, ცხადია, არც აქამდე პერიოდს ჩაუვლია დარღვევების გარეშე.

წინასაარჩევნო პროცესი ოფიციალურად არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ იწყება. თუმცა, იმის გამო, რომ კონსტიტუციით არჩევნების თვე განსაზღვრულია, პარტიები მზადებას გაცილებით ადრე იწყებენ. კონკრეტული თარიღის დანიშვნა კი კონკრეტული საკანონმდებლო ნორმების ამოქმედებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, არჩევნების კონკრეტული თარიღის დანიშვნის შემდეგ იწყება პროცესის მონიტორინგიც.

საარჩევნო პროცესს რამდენიმე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდება და როგორც „ფაქტ-მეტრთან“ საუბრისას საია-ში ამბობენ, ბოლო ორი თვის მონიტორინგმა ძირითადად ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ოპონენტებისთვის წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელის შეშლა გამოკვეთა.

„სამწუხაროდ, უკვე გამოიკვეთა დარღვევები და ეს რამდენიმე მიმართულებით დაფიქსირდა. მაგალითად, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის შემთხვევები; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება; წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელშეშლისა და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები. ასევე, არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში, სიძულვილის ენის გამოყენება და ა.შ.

ეს პრობლემები ყველა რეგიონში გვხვდება მეტ-ნაკლები ინტენსივობითა და სიხშირით. ცხადია, ყველგან ერთნაირი პრობლემები არ არის, მაგრამ ეს არის ზოგადი სურათი და ვერ ვიტყვით, რომ წინასაარჩევნო კამპანია დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. ეს სერიოზული დარღვევებია“, – ამბობს საია-ს საარჩევნო პროექტის წარმომადგენელი, ირმა პავლიაშვილი.

ბოლო დღეების განმავლობაში განცხადება გააკეთა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმაც, რომელსაც პარტიებისა და საარჩევნო პროცესის დაფინანსების მონიტორინგი ეხება.

მათი განცხადებით, აუდიტის სამსახურმა ამ ეტაპზე რამდენიმე საკითხი განიხილა, მათ შორის, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რიმა ბერაძის მიერ პედაგოგების უფასო გამოკვლევების შესახებ ჩატარებული ღონისძიება.

„მიგვაჩნია, რომ პარტიის წარმომადგენლის სასარგებლოდ განხორციელებულია 2000 ლარის შემოწირულობა, რაც ითვალისწინებს როგორც შემოწირულობის განმახორციელებლისთვის, ასევე მიმღებისთვის ორმაგი ოდენობის სანქციას. ჯამში, 8000 ლარს. ჩვენ მივმართავთ სასამართლოს“, – განაცხადა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლაშა თორდიამ.

გარდა ამისა, აუდიტის სამსახურმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიერ სამი პირისგან მიღებული 183200-ლარიანი შემოწირულება დარღვევად მიიჩნია, რადგან პარტიის მიერ თითოეული მოქალაქისგან მიღებული შემოწირულებების საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 60 ათას ლარს. ამიტომ აუდიტის სამსახური პარტიისთვის 183200-ლარიანი ჯარიმის გამოწერის შესახებ სასამართლოს მიმართავს.

უკანონო უწოდა აუდიტორმა პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ 4 პირისგან მიღებულ 19500-ლარიან შემოწირულებასაც, რადგან, თორდიას განმარტებით, „შემომწირველებს საკმარისი შემოსავლები არ უფიქსირდებათ“.

გარდა ამისა, აუდიტორი 2000-ლარიან ჯარიმას მოითხოვს პარტიების – „ჩვენი სამშობლო“, „სახალხო პარტია“ და „ქართული იდეა“ – მიმართ, რადგან მათ აუდიტის სამსახურისთვის შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის განსაზღვრული ვადები დაარღვიეს.

აჭარა

მაღალმთიანი აჭარის მცხოვრებლებისთვის საზაფხულო იალაღებზე უფასო ტრანსპორტირების მიზნით 15 ათასი ლარის გამოყოფა, უფასო სასადილოების ბენეფიციართა რიცხვის 500-ით გაზრდა, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროგრამების გააქტიურება, წინასაარჩევნო შეხვედრებზე მუნიციპალიტეტებიდან ხალხის ორგანიზებულად ჩამოყვანა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება – „სამართლიანი არჩევნების“ გურია-აჭარის რეგიონის კოორდინატორის, მადონა ბერიძის შეფასებით, ამ ეტაპზე აჭარაში გამოვლენილი ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევებია.

მისივე თქმით, სოციალურად დაუცველთათვის ხელშეკრულებების გაფორმება, რაც ლევან ვარშალომიძემ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად აქცია, ასევე, საყურადღებოა და ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს.

ორგანიზაციის შუალედურ ანგარიშში მოხვდა კურორტ ბეშუმში გიორგი კვირიკაშვილისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის მიერ ახალდაქორწინებული წყვილისთვის საქორწინო ბეჭდების გადაცემის ფაქტები.

„სამართლიანი არჩევნები“ საარჩევნო გარემოს შეფასებისას, ასევე, გამოყოფს ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს, რომელიც 4 აგვისტოს ბათუმში დაფიქსირდა და რომლის დროსაც „ჩვენი სამშობლოს“ მიერ „ენმ“-ის ოფისთან მობილიზებულმა აქტივისტებმა პარტიული ლიდერის რეზინის ფიტული დაწვეს. აქციის დაწყებამდე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიციას წესრიგის დაცვა სთხოვა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ცდილობდა დაპირისპირებული მხარეებისთვის ხელის შეშლას.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნოდ საბიუჯეტო სახსრების გამოყენების ფაქტებიც შეაჯამა და შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ორი მილიონი ლარით გაზრდის მიზეზი დაადგინა. როგორც ირკვევა, რეგიონის სარეზერვო ფონდი ჰესის მშენებლობისგან მიღებული გადასახადების ხარჯზე გაიზარდა, თანხა კი გზის რეაბილიტაციასა და ბაღის რეკონსტრუქციას მოხმარდა.

შუახევის მუნიციპალიტეტმა, ასევე, 15 ათასი ლარი გამოყო საზაფხულო იალაღებზე ივლისსა და აგვისტოში უფასოდ ტრანსპორტირებისთვის. ხულოს მუნიციპალიტეტმა კი ეკონომიის ხარჯზე ორი პროგრამის დაფინანსება გადაწყვიტა – ფერმერებისთვის ხორც-პროდუქტების წარმოებისა და კურორტ ბეშუმში შიდა გზების რეაბილიტაციის მიზნით.

საია-ს აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის შეფასებით, ამ ეტაპზე რამდენიმე მნიშვნელოვანი დარღვევა დაფიქსირდა: საუბნო კომისიების დაკომპლექტებისას კანდიდატთა წინასწარ შედგენილი სიების აღმოჩენა, კომისიების შერჩეულ წევრებს შორის 11 კანონდამრღვევი პირის დაფიქსირება, რაც, გიორგი ხიმშიაშვილის აზრით, ცესკოს გადაწყვეტილებების ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს; სიძულვილის ენის გამოყენება, საარჩევნო კამპანიაში უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობა, რასაც, უსკოს გადაწყვეტილების მიუხედავად, საია დარღვევად მიიჩნევს; ასევე, ხელშეკრულებების გაფორმება სოციალურად დაუცველთათვის სოციალური სახლების მშენებლობის დაპირების შესახებ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დასავლეთ საქართველოს ოფისების მენეჯერი ფიქრობს, რომ წინასაარჩევნოდ ყველაზე ხელის შემშლელი ცესკოს ბოლოდროინდელი დადგენილებებია, მათ შორის პარტიების საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის წესისა და საარჩევნო სუბიექტებისთვის ნომრის მინიჭების შესახებ.

ცესკოს მიმართ უნდობლობას თვლის ყველაზე მნიშვნელოვან დარღვევად „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, რომელიც ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატია. სამნიძე დავით თარხან-მოურავისა და პაატა ბურჭულაძის განცხადებების შინაარსსაც სახიფათოდ მიიჩნევს.

მმართველი გუნდის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობდა „ჩვენი სამშობლოს“ ლიდერი. ნინო კვირიკაშვილის თქმით, ბათუმში მაჟორიტარების წარდგენის დროს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან საჯარო სამსახურების თანამშრომლები ჩამოიყვანეს. „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ნინო ტავლალაშვილის შეფასებით, ხელისუფლება არ ერიდება საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა გამოყენებას.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ყველაზე მნიშვნელოვან დარღვევად საუბნო კომისიების წევრების არჩევის პროცესს ასახელებს. პეტრე ზამბახიძის თქმით, კომისიის წევრებმა წინასწარ იცოდნენ კონკრეტული სახელები და გვარები, ვინც უნდა შეერჩიათ საკმაოდ დიდი სიიდან.

ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი არმაზ ახვლედიანი შანტაჟის, დაშინების, შეურაცხყოფის ფაქტებზე საუბრობს. მისი თქმით, თანამშრომელი, რომელიც საარჩევნო შეხვედრებს უწევდა ორგანიზებას, ზურაბ პატარაძემ უკეთესი პირობების შეთავაზების სანაცვლოდ გადაიბირა, რის შემდეგაც ქონიაძემ ახვლედიანთან მუშაობა შეწყვიტა.

შეხვედრაზე არმაზ ახვლედიანმა წინასაარჩევნო პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორზე – მედიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აჭარის ტელევიზია მას, როგორც მაჟორიტარ კანდიდატს, არათანაბარ პირობებში აყენებს. არმაზ ახვლედიანმა მიზანმიმართული უწოდა ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც ასლან აბაშიძესთან ერთად ფიქსირდებოდა. მისი განცხადებით,შენელებული კადრი გამიზნულად იყო შერჩეული. აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილე ცოტნე ანანიძე ირწმუნებოდა, რომ ტელევიზია მიუკერძოებლად მუშაობდა და ბრალდება დაუმსახურებელი იყო.

სამეგრელო

სამეგრელოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მმართველ გუნდს ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ლაშა დამენიამ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ედიშერ თოლორაიამ რამდენიმე სოფელში, სადაც საფეხბურთო მატჩები გაიმართა, მოსახლეობას „ქართული ოცნების“ მაისურები დაურიგა. მისი თქმით, კორცხელის გახმაურებული ინციდენტის შემდეგ ძალადობრივ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია, თუმცა ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ ანალოგიური პროვოკაციის მოწყობას გეგმავს.

რესპუბლიკური პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი თოდუა ხელისუფლების კონკრეტულ წარმომადგენლებს მათ აქტივისტებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. დაახლოებით ორი კვირის წინ პარტია ორმა წევრმა დატოვა – რევაზ თორდიამ და თემურ მარკოზიამ, რომლებიც „ქართულ ოცნებაში“ გადავიდნენ. თოდუა ამაში ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს ლაშა გოგიას ადანაშაულებს.

გარდა ამისა, თოდუას ცნობით, უშუალოდ ლაშა გოგიას მუქარისა და ზეწოლის შედეგად დაიშალა სოფელ ზედა ეწერში პარტიის შტაბი, რომლის ხელმძღვანელი რევაზ თორდია იყო.

თოდუას განმარტებითვე, ასევე ზეწოლის ნიადაგზე, პარტია დატოვეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის ხელმძღვანელმა ციცინო თოლორაიამ და გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ ცაცხვში ნონა ესებუამ.

ზუგდიდის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარემ ლაშა გოგიამ თოდუას ბრალდებებს აბსურდული უწოდა: „ჩვენ რა შუაში ვართ, თუ მათი პარტიის რეიტინგი დღითი დღე ეცემა და ბევრს უკვე არ მოსწონს მათთან თანამშრომლობა?! ამიტომაც გადმოდიან ჩვენს პარტიაში“.

„თავისუფალი დემოკრატების“ ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ზუგდიდის მერიამ არჩევნების მოახლოებასთან ერთად მასშტაბურად გაზარდა თანხები საინფორმაციო კამპანიისთვის, რაც პირდაპირ ადგილობრივი ხელისუფლების პიარს უკავშირდება.

იმერეთი

5 ივლისს იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა გიორგი ჭიღვარიამ, რომელიც ამავე დროს „ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციას ხელმძღვანელობს და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელიცაა, სამუშაო საათებში „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე მმართველ პარტიასთან დაკავშირებული მასალა გააზიარა.

ფაქტი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ოფისებში ერთმნიშვნელოვნად საარჩევნო კოდექსის დარღვევად შეაფასეს.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევისა და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არა აქვს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს – სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს.

საარჩევნო კოდექსის 88-ე მუხლის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება 2 000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

სწორედ ამ მუხლების დარღვევას ედავებოდნენ არასამთავრობოები ვიცე-გუბერნატორს.

საია-მ ფაქტის განსახილველად საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილ უწყებათაშორის კომისიას მიმართა. კომისიამსაია-ს განაცხადი13 ივლისს გამართულ სხდომაზე განიხილა და დაასკვნა, რომ ვიცე-გუბერნატორის მხრიდან კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა საარჩევნო აგიტაციის გაწევას. კომისიაში გადაწყვეტილება იმით დაასაბუთეს, რომ გაზიარებული წერილი არ შეიცავდა მოწოდებას. საია-მ საარჩევნო კომისიასაც მიმართა, თუმცა, ამ უკანასკნელმა საქმე არ განიხილა. ამის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაინაცვლა, თუმცა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო და ის განუხილველად დაიხურა.

ვიცე-გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია „ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალებს დღემდე უხვად აზიარებს საკუთარ სოციალურ სივრცეში, თუმცა, ამჯერად არასამუშაო საათებში.

იგივე პრეტენზიები წარმოიშვა რამდენიმე ხნის წინ ქუთაისის საკრებულოს საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის, ლევან გოგელაშვილის მიმართ, რომელმაც რამდენიმე დღის განმავლობაში „ქართული ოცნების“ სააგიტაციო შინაარსის შემცველი ინფორმაციები სამუშაო საათებში განათავსა „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე.

საია-ში მიიჩნევენ, რომ ეს ფაქტიც პირდაპირ არის საარჩევნო კოდექსის დარღვევა. არასამთავრობო ორგანიზაციამ უწყებათაშორის კომისიას ამ საკითხთან დაკავშირებითაც მიმართა. თუმცა, ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ უმსჯელია.

შიდა ქართლი

წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები იყო ის დარღვევა, რომელზეც ყველა პოლიტიკურმა ძალამ და არასამთავრობო ორგანიზაციამ ისაუბრა.

საია-მ დარღვევად მიიჩნია „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტები; მაგალითად,10 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში მოქალაქეს მიწის ნაკვეთი გაუთიბეს, რაც წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის მოსყიდვად ითვლება;

ასევე, საია-მ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დარღვევად მიიჩნია პარტიის ოფისის წინ წიგნების ყუთის დადგმა, რადგან ეს არის მოსახლეობისთვის მომსახურების უფასოდ შეთავაზება, რაც შეიცავდა ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს.

დარღვევად ჩაითვალა 27 აგვისტოს „ევროპის სახალხო პარტიის“ ვიცე-პრეზიდენტის დევიდ მაკალისტერისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, დავით ბაქრაძის ერთობლივი შეხვედრები დევნილთა დასახლებაში. საია-ში მიიჩნევენ, რომ ეს არის ერთგვარი დარღვევა, რადგან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეკრძალება წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში მონაწილეობა.

დარღვევის ფაქტები იყო, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის მიმართაც“, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემთხვევა 31 აგვისტოს მოხდა.

ასევე, 30 აგვისტოს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების პროცესში, „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სოფელი დაატოვებინეს.

„ენმ“-ში ხელისუფლების მხრიდან ზეწოლად მიიჩნევენ 10 აგვისტოს, პარტიის ოფისში მომხდარ ინციდენტს. 10 აგვისტოს „ნაციონალური მოძრაობის“ გორის მაჟორიტარობის კანდიდატის, ალექსანდრე გოგლიძის ძმამ ივანე გოგლიძემ პარტიის გორის ოფისის მინები ჩაამსხვრია. მიზეზად ძმებს შორის დაპირისპირება სახელდება. კერძოდ, ივანე გოგლიძეს ხელისუფლებამ 60000-ლარიანი იაფი კრედიტი დაუმტკიცა, მეორე ძმა კი ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარად დასახელდა და ამან გამოიწვია დაპირისპირება.

რაც შეეხება ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებს, საია-ს წარმომადგენლის, ქეთი ბებიაშვილის თქმით, „იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა საჯარო სამსახურის მოხელეები ჩართულები იყვნენ საარჩევნო კამპანიაში, თუმცა, აქამდე გადამოწმებული ყველა პიროვნება ან შვებულებაში იყო, ან არ განეკუთვნება ისეთ საჯარო თანამდებობას, რომელსაც აკრძალული აქვს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა. ასევე, ვაკვირდებით საჯარო მოხელეების მხრიდან სოციალურ ქსელში საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით გაზიარებულ პოსტებს, ანუ ვადგენთ, ხდება თუ არა ეს სამუშაო საათებში და ამის დადასტურების შემთხვევაში ჩვენ ამას დარღვევად მივიჩნევთ“.

„თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა განაცხადა, რომ კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მისი აქტივისტების მიმართ ხორციელდება ზეწოლა. კერძოდ კი, რამდენიმე თვის წინ სოფელში მოხდა ქურდობა და აქტივისტებს აძალებენ, აღიარონ დანაშაული.

წინასაარჩევნო გარემო რუსთავი, გარდაბანი, ბოლნისი

რუსთავში ოპოზიციური პატიების მთავარი კრიტიკის საგანი ადგილობრივი ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნო პერიოდში დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტებია. პარტიების მაჟორიტარობის კანდიდატები აცხადებენ, რომ მმართველმა გუნდმა ადგილობრივი ბიუჯეტი „არჩევნებს მოარგო“.

ამაზე რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ გაიზარდა ქალაქის ბიუჯეტი და, შესაბამისად, გაზარდეს ინფრასტრუქტურის ხარჯებიც.

ამასთანავე, სხვა სახის სირთულეებზე საუბრობენ რუსთავის „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში. 22 აგვისტოს მათ ადგილობრივ პოლიციას მიმართეს და აქტივისტის ცემის შესახებ საჩივარი შეიტანეს. პარტიის რუსთავის ორგანიზაციის წევრი არსენ კასაშვილი აცხადებდა, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ „ნაციონალების შტაბში“ მუშაობის გამო. კასაშვილის თქმით, 22 აგვისტოს ის სახლში ბრუნდებოდა, როდესაც მას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დახვდნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მისი განცხადებით, ორი პირი დახვდა, რომელთაგან ერთ-ერთი ამბობდა, რომ რუსთავში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატ გიორგი ბრეგაძის ახლო ნათესავია.

საქმეზე გამოძიება შსს-მ დაიწყო და მოგვიანებით უწყებამ განაცხადა: „დადგინდა, რომ „ქართული ოცნების“ წევრსა და ინციდენტში მონაწილე პირს შორის არ არსებობს ნათესაური კავშირი. მეტიც, ისინი ერთმანეთსაც კი არ იცნობენ“.

ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორებზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამირა ისმაილოვა. მისი თქმით, აქტივისტების მიერ კარდაკარის პროგრამის ფარგლებში ფლაერების დარიგების დროს, მათთან სოფლის რწმუნებული და „ქართული ოცნების“ საკრებულოს დეპუტატები მივიდნენ და სოფლის დატოვება მოსთხოვეს.

ისმაილოვა ამბობს, რომ აქტივისტებს ხელისუფლების წარმომადგენლები დაემუქრნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

საქმეზე შსს-ს მოკვლევის შედეგი ამ დრომდე არაა ცნობილი.

გამოძიება მიმდინარეობს 25 აგვისტოს რუსთავსა და გარდაბანში ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკის ოფისების ფასადების დაზიანების გამო. როგორც ირკვევა, სავარაუდოდ, გამთენიისას საარჩევნო ბლოკ „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ შექმნით უკმაყოფილო საზოგადოების ნაწილმა იერიში ამ გაერთიანებაში შემავალი პარტიების ოფისებზე მიიტანა.

რუსთავში ბურჭულაძის ოფისს მიაწერეს „პაატა+ბიძინა=41“. აგრეთვე, ბურჭულაძით უკმაყოფილო წარწერის ავტორმა რატომღაც ოფისის კართან ჩამოკიდებული ერთი დროშაც გააყოლა ხელს.

ბანერის დაზიანებაზე ჩივიან „ნაციონალებიც“ თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში. დაბა მანგლისში 26 აგვისტოს უცნობმა პირებმა ნუგზარ წიკლაურის ბანერი დააზიანეს. პარტიაში აცხადებენ, რომ გამთენიისას ჯერ ელექტროენერგია გაითიშა, შემდეგ კი ბანერი აღმოჩნდა დაზიანებული.

რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, 3 აგვისტოს, რუსთავში რუსთაველის ქუჩაზე პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთან შეხვედრა გამართა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. ამ შეხვედრაზე „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ სცენის უკან მდგარ მანქანების კოლონაში რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით მაღლაკელიძის სამსახურებრივი ავტომობილი შენიშნა.

ამაზე საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა: „მე არ მივსულვარ მაგ ავტომობილით. ფეხით ჩამოვედი ჩემს კოლეგებთან, საკრებულოს წევრებთან ერთად მერიიდან რუსთაველის ქუჩამდე. როცა ჩემმა მძღოლმა გაიგო, უფროსი სადაც იყო, პატივისცემის ამბავში მოვიდა იქ მანქანით. მძღოლია და არც ევალება ახლა ამდენი კანონის ცოდნა. მე რომ ეს გავიგე, ვუთხარი, – არ შეიძლება, წადი-მეთქი და მერე წაუყვანია მანქანა. აქციიდან კი ჩემი დისშვილის ავტომობილით წამოვედი. ასე იყო ეს ნამდვილად და ნუ ატეხთ აჟიოტაჟს“, – საუბრობდა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე.

ამავე შეხვედრასთან დაკავშირებით სხვა სახის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საოლქოში საჩივარი „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ შეიტანა. კონკრეტულად პარტია აცხადებდა, რომ შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას, ხალხის ტრანსპორტირება მოხდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებით. აღნიშნული საჩივარი ცესკომ არ დააკმაყოფილა და მომჩივნებს უპასუხა, რომ მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების „სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს“.

სამცხე-ჯავახეთი

სამცხე-ჯავახეთში მოქმედი პოლიტიკური პარტიების უმეტესობა წინასაარჩევნო პერიოდის დარღვევებზე საუბრისას ყურადღებას ერთსა და იმავე ტენდენციაზე ამახვილებს. ამბობენ, რომ დარღვევები ძირითადად სახელისუფლებო კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიისას იკვეთება და ეს უმეტესწილად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა.

„როგორც მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენაში, ისე ამ ღონისძიების დაგეგმვაში მოქმედი საჯარო მოხელეები მონაწილეობენ. გარდა ამისა, ისინი დაჰყვებიან „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს შეხვედრებზე სოფლებში. ასევე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევა რომ ხდებოდა, აქაც დარღვევით ტარდებოდა, ახალციხეში. წევრებს წინასწარ დაუდეს სია, ვინ უნდა აერჩიათ და ვინ – არა. ანდის სკოლაში კი „ოცნების“ სააგიტაციო მასალა იყო გამოკრული“, – ამბობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული კოორდინატორი სამცხე-ჯავახეთში გელა დემეტრაძე.

„პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორი კახა ბერიძე ამბობს, რომ ამ დრომდე რაიმე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, უბრალოდ, შიშის ფაქტორი მოქმედებს.

ბერიძე კიდევ ერთ ფაქტორზე საუბრობს: „გვინდა ჩვენი ბანერის გამოკვრა სარეკლამო დაფებზე და აუქციონი უნდა გამოცხადდეს. როდის გამოცხადდება, უცნობია. ამიტომაცაა ყველა ბანერი ცარიელი, მხოლოდ ერთადერთია შემოსასვლელში, სადაც „ოცნების“ ბანერია გამოკრული“.

გარდა ამისა, ახალციხეში, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან დღემდე, ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ორივე შემთხვევა „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება და ორივე ფაქტს უწყებათაშორისი კომისია სწავლობს.

ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტი პირველად:

ახალციხეში 7 აგვისტოს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, გიორგი კვირიკაშვილს ელოდნენ, რომელსაც სამცხე-ჯავახეთის ოლქებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უნდა წარედგინა. 6 აგვისტოს კი ახალციხის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე, საკონფერენციო დარბაზში დილიდან „ქართული ოცნების“ აქტივისტები შეიკრიბნენ და ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ პირებთან ერთად მეორე დღეს ხალხის მობილიზების შესახებ იმსჯელეს. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, როცა ადმინისტრაციული შენობა არ არის იმ დაწესებულებათა ჩამონათვალში, სადაც წინასაარჩევნო შეხვედრების ჩატარებაა ნებადართული.

საოლქო კომისიამ ამ ფაქტთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები გამოკითხა და დაასკვნა, რომ შეხვედრა ადმინისტრაციულ შენობაში არ უკავშირდებოდა არჩევნებს და არასამუშაო დღეს ადმინისტრაციულ შენობაში შეკრებილებმა ხორბლის მოსავლიანობაზე იმსჯელეს.

ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების მეორე შემთხვევა 14 აგვისტოს დაფიქსირდა. ამ დღეს ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, აფხაზეთის ომის დაწყებიდან 24 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ახალციხის ცენტრში, ომში გარდაცვლილთა მემორიალთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ღონისძიებას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ახალციხე-ადიგენის ოლქში, გიორგი კოპაძე ესწრებოდა. სიტყვით გამოსვლისას მან ჯერ ომის შესახებ ისაუბრა, შემდეგ კი მის კონკურენტს, დამოუკიდებელ კანდიდატს გამოეპასუხა და გამოსვლის წინ განაცხადა, რომ ამ მიკროფონთან მოსვლა სწორედ იმიტომ გადაწყვიტა, რომ კონკურენტის ბრალდებაზე, თითქოს მას ცუდი წარსული აქვს, პასუხი გაეცა.

ამ საქმეზე საოლქო კომისიის დასკვნა დღემდე უცნობია.

რაც შეეხება აგიტაციას, დარღვევა ამ შემთხვევაშიც „ქართული ოცნების“ კანდიდატებს უკავშირდება. პირველი ფაქტი 22 აგვისტოს, ადიგენში დაფიქსირდა. ამ დღეს „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ადიგენში ამომრჩეველს კანდიდატი გიორგი კოპაძე წარუდგინა. პრემიერს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, გამგებლები და მათი მოადგილეები ახლდნენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტების განმარტებით, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, გამგებლებს, მერებს, გუბერნატორებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს, სამუშაო საათებში მსგავსი ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება აქვთ. რაც შეეხება მერისა და გამგებლის მოადგილეებს, ასევე, სხვა საჯარო მოხელეებს, ისინი პოლიტიკური თანამდებობის პირები არ არიან და სამუშაო საათებში კანდიდატის წარდგენაზე დასწრება აგიტაციად ეთვლებათ.

აგიტაციის მეორე შემთხვევა სოციალური ქსელით სარეკლამო ხასიათის მასალების გავრცელებას ეხება. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციასა და ახალციხის თვითმმართველობებში დასაქმებულმა საჯარო მოხელეებმა, სამუშაო საათებში „ფეისბუკის“ პირად გვერდებზე, სხვადასხვა დ