პედაგოგთა სასერტიფიკატო გამოცდები განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ, გამოცდების შედეგები განსჯის საგანი არაერთხელ გამხდარა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ პედაგოგების ნახევარზე მეტს საკუთარ საგანში კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვა უჭირს. წელს კი რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – მასწავლებლების 83%-მა საკუთარ საგანში მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა. პედაგოგების კომპეტენცია რომ პირდაპირ აისახება მოსწავლეების განათლების დონეზე, ამას კვლევებიც ადასტურებს. 15 წლამდე მოზარდების ნახევარზე მეტს წაკითხულის გააზრება უჭირს.
პედაგოგს სასერტიფიკატო გამოცდა ჩაბარებულად ეთვლება, თუკი ის ტესტის ორივე ნაწილში (პრაქტიკული უნარ-ჩვევები და პროფესიული ცოდნა) 60%-ზე მეტ ქულას დააგროვებს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2010 წელს პედაგოგთა სასერტიფიკატო გამოცდაზე 22 744 პედაგოგი დარეგისტრირდა. გამოცდაზე კი მხოლოდ 16 544 პედაგოგი გავიდა. მათგან, საკუთარ საგანში, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი მხოლოდ 33%-მა გადალახა. 2015 წლისთვის კი აღნიშნული მაჩვენებელი 17%-მდე შემცირდა. წლების მიხედვით, პედაგოგთა სასერტიფიკატო გამოცდების შედეგები ასე გამოიყურება:
ცხრილი 1: პედაგოგების სასერტიფიკატო გამოცდების შედეგები (2010-2016 წწ)
წელი
რეგისტრაცია გაიარა
გამოცხადდა
ზღვარი გადალახა
%
2010
22 744
16 544
5 606
33%
2011
35 616
30 662
10 265
33.50%
2012
58 274
50 741
20 734
40.90%
2013
31 999
26 636
8 079
30.30%
2014
22 839
18 848
4 478
23.70%
2015
17 089
11 315
2 001
17.70%
2016
10 552
6 477
1 101
17%
წყარო: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
რაც შეეხება მიმდინარე წელს, პედაგოგთა სასერტიფიკატო გამოცდაზე, ჯამში, 10 552 პედაგოგი დარეგისტრირდა. მათგან გამოცდაზე 6 477 პედაგოგი გამოცხადდა. გამოცდა წარმატებით კი მხოლოდ 1 101-მა (17%) პედაგოგმა ჩააბარა.
2016 წელს, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, გამოცდაზე გამოცხადებული 317 პედაგოგიდან მინიმალური ზღვარი მხოლოდ 49 პედაგოგმა გადალახა, მათემატიკაში – 381-დან 26-მა პედაგოგმა, გერმანულ ენაში – 29-დან 10-მა პედაგოგმა. ფრანგულ ენაში კი გამოცდაზე გამოცხადებული სამი პედაგოგიდან, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერც ერთმა მათგანმა ვერ გადალახა.
2016 წელს პედაგოგების სასერტიფიკატო გამოცდებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რუსულ ენასა და ლიტერატურაში დაფიქსირდა. გამოცდაზე გამოცხადებული 186 პედაგოგიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 103 (55.4%) პედაგოგმა გადალახა.
განათლების საკითხებზე მომუშავე ექსპერტებმა, პედაგოგების სასერტიფიკატო გამოცდებში დაფიქსირებული შედეგები საუნივერსიტეტო განათლების პრობლემას დაუკავშირეს და გამოსავლად სკოლებში პედაგოგების ახალი ნაკადის შეშვება დაასახელეს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში კი განაცხადეს, რომ არც ერთი ტრენინგი, მიუხედავად იმისა, რამდენსაათიანი იქნება ის, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მასწავლებელს საგნობრივი ცოდნა მისცეს.
პედაგოგთა სასერტიფიკატო გამოცდებში დაფიქსირებულ შედეგებს, განათლებისა და მეცნიერების მაშინდელი მინისტრი თამარ სანიკიძეც გამოეხმაურა.
„მდგომარეობა სახარბიელო არ არის, მაგრამ არც ისე სავალალო მდგომარეობაში ვართ“, – განაცხადა სანიკიძემ.
მდგომარეობა რომ მართლაც სავალალოა, ამას საერთაშორისო კვლევებიც ადასტურებს. პედაგოგების კვალიფიკაცია და მათი საგნობრივი კომპეტენცია, პირდაპირპროპორციულად აისახება მოსწავლეებზე. მოსწავლეების მიერ სხვადასხვა მიმართულებით დაფიქსირებული შედეგები კი არცთუ სახარბიელოა.
ერთ-ერთი ბოლო კვლევა, რომელიც საქართველოში 15 წლამდე მოზარდების უნარების დონეს სწავლობდა, ორგანიზაცია OECD-ის (Organization for Economic Co-operation and Development) მიერ, მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასების პროგრამის (PISA) ფარგლებში გამოქვეყნდა. კვლევის პროცესში 15 წლამდე მოზარდები წაკითხულის გააზრებაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გამოსცადეს. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ქართველი მოზარდების 69%-ს მათემატიკაში და 66%-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში საბაზისო უნარები არ აქვს. 62%-ს კი საერთოდ წაკითხულის გააზრება უჭირს.
ამის პარალელურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მასწავლებლების ფსიქოლოგიური მდგომარეობითაც დაინტერესდა. 13 აგვისტოს, აჭარაში „ქართული ოცნების“ კანდიდატების წარდგენისას, კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ არ შეიძლება პედაგოგები გამუდმებული ტესტირების რეჟიმში და ყოფნა-არყოფნის რისკის წინაშე იდგნენ. შედეგად, გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, პედაგოგების სასერტიფიკატო გამოცდები სრულად გაუქმდეს. აღნიშნული განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ არ დაადასტურა. მინისტრის თქმით, პედაგოგები გამოცდებს მომავალშიც ჩააბარებენ, თუმცა შეცვლილი ფორმით.
„ჩვენ გვჭირდება სქემა, სადაც ბარიერის გადალახვა იქნება არა ერთი, არამედ რამდენიმე. ანუ მასწავლებელს ექნება შესაძლებლობა, აქცენტი გააკეთოს საგნის ცოდნაზე. რა თქმა უნდა, მინიმალურ დონეზე საგნის ცოდნა აუცილებელია, თუმცა ჩაეთვალოს, ასევე, სხვა აქტივობები“, – განაცხადა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ალექსანდრე ჯეჯელავამ. თუმცა, რა სახე ექნება გამოცდის ახალ ფორმას, მინისტრს არ დაუკონკრეტებია.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის გიორგი გახელაძის თქმით, პედაგოგთა სასერტიფიკატო გამოცდების სისტემის დანერგვიდანვე პროგნოზირებადი იყო, რომ მასზე გამსვლელთა რაოდენობა შემცირდებოდა და შესაბამისად, შედეგებიც კლებადი იქნებოდა. მისივე თქმით, მასწავლებელთა კორპუსში როტაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია – 10%. თუკი მიდგომა არ შეიცვლება და 2018 წლისთვის ე.წ. პრაქტიკოს მასწავლებელს (არასერტიფიცირებულს) სტატუსი შეუწყდება, შედეგად, მასწავლებელთა დღეს არსებული ადგილების 25% ვაკანტური გახდება. ანუ დაახლოებით 14 000 პედაგოგის ადგილი გამოთავისუფლდება. მისი შევსება კი ერთბაშად ძალიან რთული იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ თითქოს პედაგოგების ხელფასები იზრდება, ახალი მასწავლებლების რაოდენობა მაინც მცირეა. ეს განპირობებულია იმით, რომ ამ ხელფასის მსყიდველობითუნარიანობა არის ძალიან დაბალი. შესაბამისად, პროფესიისადმი ინტერესიც დაბალია. ეკონომიკური პირობების გამო, შესაძლოა, უკვე მოქმედი კვალიფიციური პედაგოგებიც წავიდნენ სკოლიდან, რაც სისტემისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა იქნება.
გახელაძე გამოსავალს სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის მინიმიზებაში ხედავს.
„დეცენტრალიზაცია უნდა მოხდეს უფრო მაღალი ხარისხით, ვიდრე ახლაა. სკოლებმა უნდა მიიღონ მაღალი ადმინისტრაციული და ფინანსური ავტონომია. მსგავსი მიდგომა საჭიროა საკადრო პოლიტიკაშიც. სამეურვეო და პედაგოგიურ საბჭოებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ საკადრო პოლიტიკა და პედაგოგთა კონტრაქტებიც თავად არეგულირონ სახელმწიფოს ზედმეტი ჩარევის გარეშე“, – ამბობს გიორგი გახელაძე.
მისივე თქმით, ცხადია, სოციალური საკითხიც გასათვალისწინებელია. პედაგოგს უნდა ჰქონდეს სოციალური გარანტიები. თუმცა, სახელმწიფო აღნიშნული მიმართულებით მინიმალისტურად მაინც უნდა ჩაერიოს.
„დღეს, ასე ვთქვათ, ცუდი პედაგოგისთვის სკოლა არის სოციალური თავშესაფარი. დღეს სკოლა ყველა ფუნქციას ითავსებს, საგანმანათლებლო ფუნქციის გარდა“, – ამბობს გახელაძე.
მანამ, სანამ ხელისუფლება პედაგოგებისა და საგანმანათლებლო სისტემის რეფორმირების გზებზე მუშაობს, ქართველი მოსწავლეები ზემოხსენებულ კვლევაში მონაწილე 74 ქვეყანას შორის ბოლო ათეულში არიან.