ბოლო წლებში ჩატარებული ყველა სოციოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში მოსახლეობას ყველაზე მეტად დასაქმების პრობლემა აწუხებს. 2016 წლის ივლისში, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 63% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს.

პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებსა და დაპირებებში დასაქმებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. აღნიშნულ სტატიაში შედარებით მაღალრეიტინგული პარტიების/საარჩევნო ბლოკების დასაქმებასთან დაკავშირებულ დაპირებებს განვიხილავთ.

ქართული ოცნება

„ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო პროგრამა ჯერ არ გაუსაჯაროებია და არც მომავალ წლებში დასაქმებასთან დაკავშირებით დაუსახელებია კონკრეტული რიცხვები. მოსალოდნელია, რომ მთავრობა გააგრძელებს საწარმოების დაფინანსების პროექტებს, რომელთა ფარგლებში ბოლო წლებში 10 000-მდე ადამიანი დასაქმდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2013-2015 წლებში საქართველოში დამატებით 56 000 ადამიანი დასაქმდა. აქედან, 1 200 – სახელმწიფო სექტორში, დანარჩენი კი – კერძო სექტორში. თუ დასაქმების ტენდენციას 2016 წელზე განვავრცობთ, გამოდის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში 70 000-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

„ნაციონალურ მოძრაობას“ დასაქმებასთან დაკავშირებით საკმაოდ ამბიციური დაპირებები აქვს. პარტია არჩევნებზე გამარჯვების შემთხვევაში, 2017 წელს 45 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას აანონსებს. მომდევნო 3 წელიწადში კი ყოველწლიურად 30 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ჯამში, „ნაციონალური მოძრაობა“ გვპირდება, რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში, 2017-2020 წლებში საქართველოში 135 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ეს კი დღევანდელი უმუშევარი ადამიანების ნახევარზე მეტის დასაქმებას ნიშნავს (ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში დღეს 242 000 ადამიანია უმუშევარი).

„ნაციონალური მოძრაობა“ ასეთი შედეგის მიღწევას ბიზნესგარემოს გაუმჯობესებით და მეტი ინვესტიციების მოზიდვით აპირებს. თავის მხრივ, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაში იგულისხმება გადასახადების შემცირება, სამთავრობო ბიუროკრატიის შემცირება, ზედმეტ რეგულაციებზე უარის თქმა, ბიზნესისა და ინვესტიციების უკეთ დაცულობა.

უფრო კონკრეტულად, 2017 წლიდანვე, გადასახადების შემცირებით ბიზნესს უნდა დარჩეს მილიარდი ლარით მეტი. ამას უნდა დაემატოს გაზრდილი უცხოური ინვესტირება, რამაც, ჯამში, ათობით ათასი ახალი სამუშაო ადგილი უნდა შექმნას.

პაატა ბურჭულაძემოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის

18 აგვისტოს პარტია „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ უკვე არსებულ საარჩევნო ბლოკთან „ვაშაძე-ჯაფარიძე – ახალი არჩევანი“ გაერთიანდა. გაერთიანებამდე მათ გარკვეულწილად განსხვავებული ეკონომიკური საარჩევნო პროგრამები ჰქონდათ. მთავარი განსხვავება ის იყო, რომ „ვაშაძე-ჯაფარიძე – ახალი არჩევანი“ უფრო მეტად გეგმავდა გადასახადების და სახელმწიფო ხარჯების შემცირებას, ვიდრე „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“.

საარჩევნო ბლოკს, ფაქტობრივად, ბურჭულაძის პარტიის სახელი ექნება – „პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“. რაც შეეხება ეკონომიკურ პროგრამას და მათ შორის, დასაქმების საკითხს, ახალ საარჩევნო ბლოკში მიმდინარეობს მუშაობა, რომ საერთო პროგრამა და მიზნები ჰქონდეთ.

გაერთიანებამდე ბლოკში შემავალი ყველა პარტიის პრიორიტეტი დასაქმების ზრდა იყო, თუმცა კონკრეტული რიცხვების დასახელებისგან თავს იკავებდნენ.

ირაკლი ალასანიათავისუფალი დემოკრატები

„თავისუფალ დემოკრატებს“ ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია ჯერ არ ჰქონიათ, თუმცა, ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, რომ გარკვეული ღონისძიებები აქვთ დაგეგმილი დასაქმების ზრდის მიმართულებით. ისინი არ აპირებენ კონკრეტული რიცხვების დასახელებას, დამატებით რამდენი ადამიანი დასაქმდება. მათი აზრით, კონკრეტული რიცხვის დასახელება, ზოგადად, არასწორია.

უკვე ცნობილია ისიც, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ აპირებენ უკვე დასაქმებული ადამიანების შრომის პირობების გაუმჯობესებას. მათი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, კანონით განსაზღვრავენ მინიმალური ხელფასის მოცულობას – თვეში 500 ლარს და დამსაქმებელს არ ექნება უფლება, დაქირავებულს 500 ლარზე ნაკლები გადაუხადოს.

მინიმალური ხელფასის დაკანონების დაპირება ნამდვილად არ არის ის მიდგომა, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს, პირიქით, დამსაქმებელს მოუწევს, დაბალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები გააუქმოს ან გააერთიანოს.

პატრიოტთა ალიანსი

„პატრიოტთა ალიანსი“ დასაქმების კუთხით აქცენტს მცირე და საშუალო ბიზნესზე აკეთებს. ჩვენთან საუბარში განაცხადეს, რომ ამ მიმართულებით რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაასაქმებენ. ამასთანავე, ალიანსი მცირე და საშუალო ბიზნესისადმი საგადასახადო შეღავათების დაწესებას გეგმავს. მათი აზრით, მცირე და საშუალო ბიზნესი მხოლოდ ფიქსირებულ გადასახადს უნდა იხდიდეს, რაც ხელს შეუწყობს მათ განვითარებას.

ლეიბორისტული პარტია

„ლეიბორისტულ პარტიას“ საარჩევნო პროგრამა ჯერ არ გაუსაჯაროებია, მანამდე კი ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით კონკრეტულ დაპირებებს არ ახმოვანებენ.