ჰილარი კლინტონისა და დემოკრატიული პარტიის მოწინააღმდეგეების ყველაზე „დამაჯერებელი“ არგუმენტია, რომ „ქ-ნი კლინტონის პრეზიდენტობის პირველი ვადა იგივეა, რაც ობამას პრეზიდენტობის მესამე ვადა“. იგულისხმება, რომ ბ. ობამას ე. წ. მესამე ვადა სრულ კატასტროფად გადაიქცევა მისი ორი ვადის წარუმატებლობის გამო. ამავე დროს, ოპონენტებისგან არავინ იწუხებს თავს ბ. ობამას პრეზიდენტობის შედეგების ობიექტური შეფასებით.

ვცადოთ ბ. ობამას ადმინისტრაციის (რომლის უმნიშვნელოვანესი წევრი ჰ. კლინტონი იყო) მიღწევების ინვენტარიზაცია აშშ-ის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით.

მაშ ასე, პირველი 4 წელიწადი:

2009 წელს ხელი მოაწერა 787-მილიარდიან American Recovery and Reinvestment Act-ს, რომელმაც 2008 წლის კრიზისით გამოწვეული „დიდი რეცესიის“ დამანგრეველი შედეგები გაანეიტრალა; აქტის მიღების შემდეგ თითქმის მომენტალურად დაიწყო უმუშევრობის შემცირება; უკვე 2010 წლის დასაწყისში კერძო სექტორი უფრო მეტ სამუშაო ადგილს ქმნიდა, ვიდრე ეკონომიკა კარგავდა; მომდევნო 23 თვის განმავლობაში ამ ტენდენციის შენარჩუნებამ კერძო სექტორში 3,7 მილიონი სამუშაო ადგილი გააჩინა.

კოორდინაცია გაუწია საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას 2008 წლის კრიზისის შედეგების გადალახვისთვის; აშშ-ის ადმინისტრაციის ლიდერობით G-20-ის სახელმწიფოებმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს 500 მილიარდი დოლარი გამოუყვეს; სსფ-ის მიერ ამ თანხით გახსნილმა საკრედიტო ხაზმა 2009-2010 წლებში განვითარებადი ეკონომიკები გადაარჩინა და ათობით სახელმწიფოს ეროვნული ვალუტა კატასტროფული დევალვაციისგან იხსნა.

ადმინისტრაციამ შექმნა Recovery.gov – დამოუკიდებელი ინსპექტორების საბჭოს ვებსაიტი, სადაც ფედერალური მთავრობა მოქალაქეებს აწვდიდა დეტალურ ინფორმაციას ყველა იმ კონტრაქტზე, რომელიც 787-მილიარდიან American Recovery and Reinvestment Act-ით ფინანსდებოდა; ეს ვებსაიტი თავისი ტრანსპარენტულობის უმაღლესი ხარისხით საყოველთაო მაგალითი გახდა.

ჩაატარა ჯანდაცვის რეფორმა. 5 პრეზიდენტი ბ. ობამამდე უშედეგოდ ცდილობდა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის შექმნას; პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციამ კონგრესი დაითანხმა Affordable Care Act of 2010-ის მიღებაზე; 2014 წლისთვის აშშ-ის 32 მილიონ დაუზღვეველ მოქალაქეს გაუჩნდა სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის საშუალება; იგივე აქტმა განსაზღვრა ჯანდაცვაში გასატარებელი მთელი რიგი ექსპერიმენტული ღონისძიებები; ამ ღონისძიებების გატარებამ საგრძნობლად შეამცირა სამედიცინო მომსახურების ფასების ზრდა, რაც აშშ-ს ფისკალური პრობლემების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

ბ. ობამამ 2009 წლის Children’s Health Insurance Authorization Act-ით დამატებით 4 მილიონ ბავშვს მისცა საშუალება, ესარგებლა ჯანდაცვით; ეს პროგრამა მთლიანად დაფინანსდა თამბაქოს ინდუსტრიაზე გაზრდილი გადასახადებით.

ჩაატარა უოლ-სტრიტის რეფორმა; პრეზიდენტმა ხელი მოაწერა Dodd-Frank Wall Street Reform and Consumer Protection Act of 2010-ს; ამ აქტმა მოახდინა ფინანსური სექტორის რეგულაციის გამკაცრება, გამომდინარე იმ მანკიერი პრაქტიკიდან, რომელმაც აშშ-ს 2008 წლის კრიზისი დაატეხა თავს; კანონი ამკაცრებს მსხვილი ბანკებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების კაპიტალიზაციის მოთხოვნას; აწესებს, რომ დერივატივები აუცილებლად clearinghouse-ებსა და ბირჟებზე უნდა გაიყიდოს; აკანონებს, რომ მსხვილი ბანკები ვეღარ გაკოტრდებიან ქაოსურად; მათ ეკრძალებათ, საკუთარი სურვილისამებრ განკარგონ კლიენტების ფინანსები საკუთარივე მოგების მისაღებად; ქმნის Consumer Financial Protection Bureau-ს, რომელმაც მყისიერად უნდა დახუროს არაკეთილსინდისიერი გამსესხებელი ინსტიტუტები ან/და აკრძალოს არასაიმედო ფინანსური ინსტრუმენტები.

გადაარჩინა აშშ-ის ავტოინდუსტრია. 2009 წელს დარგში ჩაიდო 62 მილიარდი ფედერალური დოლარი (2008 წელს დეტროიტში 13,4 მილიარდი ჯ. ბუშის ადმინისტრაციამ ჩადო) GM-ის and Chrysler-ის აქციებისა და მათი ფუნდამენტური რესტრუქტურიზაციის ვალდებულების სანაცვლოდ; შედეგად ავტოინდუსტრიამ 3 წელიწადში 100 ათასი სამუშაო ადგილი დაიმატა, ხოლო ხსენებულმა კომპანიებმა Ford-თან ერთად პირველად ბოლო 20 წლის განმავლობაში გაზარდეს თავისი წილი მსოფლიო ბაზარზე.

მოახდინა ბანკების რეკაპიტალიზაცია; ფინანსური კრიზისის დროს აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტს ნება დართო, მოეზიდა კერძო კაპიტალი ქვეყნის ყველაზე მსხვილ ბანკებში ამ ბანკების ბალანსის „stress test“-ით და მათი „უიმედო კრედიტების“ საზოგადოებრივ-კერძო ფონდის მიერ შესყიდვის მეშვეობით; ბანკების გადარჩენა ფედერალურ მთავრობას არაფერი არ დაუჯდა.

მოკვეთა შუამავალი ბანკები Federal Student Loan Program-იდან და გააფართოვა Pell Grant Spending. 2010 წლიდან შუამავალი ბანკების მაგივრად ფედერალურ სესხებს სტუდენტებს ფედერალური მთავრობა აძლევს, რაც ბიუჯეტს 2020 წლამდე 67 მილიარდ დოლარს დაუზოგავს, ხოლო Pell Grants საშუალებას მისცემს, დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებიდან გამოსული სტუდენტების ფედერალური სესხები 36 მილიარდი დოლარით გაზარდოს.

შტატებისა და უნივერსიტეტების 2 კონსორციუმს 2009 წელს გამოუყო 330 მილიონი დოლარი საზოგადოებრივი სკოლების გამოსაშვები კლასების 2 კონკურენტული საგამოცდო ტესტის შესაქმნელად. 2014 წლიდან ამ ფსიქოლოგიის ბოლო მიღწევებზე დაფუძნებულმა ტესტებმა საგრძნობლად შეცვალა მოსწავლეების მომზადების დონე.

4,35 მილიარდი გამოყო გრანტებად, იმისთვის, რომ წახალისდეს შტატების მიერ განათლების სფეროს რეფორმები.

გაამკაცრა კონტროლი მოგებისთვის შექმნილ კოლეჯებზე („For-Profit Colleges“). 2011 წლიდან აშშ-ის განათლების დეპარტამენტმა დაიწყო ამ კოლეჯების ფედერალური პროგრამებიდან მოკვეთა, თუ მათი ყოფილი სტუდენტების 35% ვერ ახერხებს სწავლის სესხების გადახდას, ან თუ მათივე საშუალო სტატისტიკურ სტუდენტს შემოსავლის 12%-ზე მეტის გადახდა უწევს სასწავლო სესხის მომსახურებისთვის.

4,5 მილიარდი დოლარი გამოყო საზოგადოებრივ სკოლებში ჯანმრთელი კვების სტანდარტების დანერგვისთვის.

ბ. ობამას ადმინისტრაციის ინიციატივით, 2010 წლის 22 ივლისს, 2010 წლის 17 დეკემბერს, 2011 წლის 23 დეკემბერს კონგრესმა მიიღო ე. წ. Mini Stimuli-ს პაკეტი; 2008 წლის კრიზისით ყველაზე უფრო დაზარალებულ ოჯახებს გაეზარდათ უმუშევრობის სოციალური დახმარება ან შეუმცირდათ საშემოსავლო გადასახადი.

2011 წელს გაამკაცრა საწვავის ეფექტურობის სტანდარტები, რაც 2025 წლისთვის თითქმის ორჯერ შეამცირებს საწვავის ხარჯვას ავტომანქანების მიერ.

პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციამ Department of Veterans Affairs ბიუჯეტი 2010 წელს – 16%-ით, ხოლო მომდევნო წელს 10%-ით გაზარდა ერაყიდან და ავღანეთიდან დაბრუნებული ვეტერანების დასახმარებლად. აღსანიშნავია, რომ GI Bill-ით გათვალისწინებული 78 მილიარდი, უპირველეს ყოვლისა, გამიზნული იყო ვეტერანების მიერ განათლების მიღებისა და მათთვის სამუშაო ადგილების შექმნისკენ.

ბ. ობამას ადმინისტრაციის მიერ 2011 წლის დეკემბერში ვერცხლისწყლისა და სხვა ტოქსიკური დაბინძურების საწინააღმდეგოდ დაწესებული ახალი რეგულაციები 231-მდე ყველაზე ძველ და ეკოლოგიურად სახიფათო თბოელექტროსადგურების დახურვას გამოიწვევს. ამ სადგურების დახურვა 2016 წლის ბოლომდე 11 მილიარდ დოლარამდე დაჯდება, თუმცა პარალელურად ჯანდაცვა პერსპექტივაში 140 მილიარდამდე დოლარს დაზოგავს.

ბ. ობამამ 2009 წელს ხელი მოაწერა Credit Card Accountability, Responsibility, and Disclosure Act-ს. კანონი საკრედიტო ბარათების ემინენტ კომპანიებს უკრძალავს პროცენტების გაზრდას წინასწარი შეტყობინების გარეშე და მკაცრად ზღუდავს ოვერდრაფტს.

2011 წელს Food Safety Modernization Act-ით გაამკაცრა სურსათის უსაფრთხოების სტანდარტები, FDA-ს გამოუყო 1,4 მილიარდი დოლარი ამ სტანდარტების დანერგვისთვის, ნება დართო მას, აკრძალოს ადგილობრივი ან უცხო ქვეყნებში წარმოებული სურსათის გაყიდვა აშშ-ში, თუ ის არ შეესაბამება ახალ სტანდარტებს.

2009 წელს ხელი მოაწერა Omnibus Public Lands Management Act-ს, რომლითაც 2 მილიონი აკრი მიწა, მდინარეების 1100 მილი და ისტორიული ზონების რამდენიმე ათასი მილი დაცულ ზონებად გამოცხადდა.

2009 წელს, თამბაქოს ინდუსტრიის გააფთრებული წინააღმდეგობის მიუხედავად, მიაღწია Family Smoking Prevention and Tobacco Control Act-ის მიღებას. კანონი ავალდებულებს თამბაქოს ინდუსტრიას, გაუმჟღავნოს კლიენტებს პროდუქციის ყველა ინგრედიენტი, მიიღოს FDA-ს ნებართვა ახალ პროდუქციაზე, გაზარდოს გამაფრთხილებელი წარწერები კოლოფებზე, კრძალავს ე. წ. light სიგარეტების მარკებს და თამბაქოს რეკლამას სპორტულ ან გასართობ ღონისძიებებზე.

პრეზიდენტმა 2009 წელს ყველა ფედერალურ სტრუქტურას მისცა executive order (აღმასრულებელი ხელისუფლების განკარგულება): 2020 წლისთვის 30%-ით უნდა შემცირდეს ბენზინის მოხმარება, 26%-ით გაიზარდოს წყლის ხარჯვის ეფექტურობა და 95%-ით – ყველა ფედერალური კონტრაქტის sustainability requirements. აშშ-ის ფედერალური მთავრობა ქვეყნის ყველაზე დიდი მომხმარებელია, შესაბამისად, ეს განკარგულება ეკონომიკაზე უდიდეს გავლენას მოახდენს.

ბ. ობამას ადმინისტრაციამ 90 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა კვლევებში, რომლებმაც უნდა გაზარდონ მზის ბატარეების, ელექტრომანქანების, ელექტროაკუმულატორების, ქვანახშირისა და ბიოსაწვავის წარმოებისა და გამოყენების ეფექტურობა.

ადმინისტრაციამ 2011 წლის 8 ივლისს დახურა Shuttle-ის ტექნიკურად გაუმართავი, ასტრონავტების სიცოცხლისთვის საშიში და უკიდურესად ძვირი პროგრამა (Shuttle-ის თითოეული გაფრენა 1 მილიარდი დოლარი ჯდებოდა). მკვეთრად შეამცირა მთვარეზე ბაზის შექმნის პროგრამა „Constellation“ და დაფინანსების დიდი ნაწილი გადაიტანა კერძო სექტორის მიერ წარმოებულ დაბალ ორბიტაზე გათვლილ საფრენ აპარატებზე, შორეული კოსმოსის უპილოტო კვლევითი აპარატების შექმნასა და ახალი საფრენი აპარატების ტექნოლოგიებზე.

2011 წელს ბ. ობამას ადმინისტრაციამ კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერით 450 მილიარდი დოლარით შეამცირა თავდაცვის ბიუჯეტი, თუმცა, იმავე დროს კარდინალურად გაზარდა ხარჯები დაზვერვასა და კიბერომის თავიდან აცილებაზე.

2009 წელს ბ. ობამამ ხელი მოაწერა Hate Crimes Prevention Act-ს, რომელმაც გაამყარა უმცირესობების დაცვის სტანდარტები.

ბ. ობამამ შესაბამისი კანონმდებლობის არარსებობის პირობებში 2010 წელს თავისი ავტორიტეტით დაარწმუნა British Petroleum, რომ კომპანიას 20 მილიარდი დოლარი გადაეხადა Deepwater Horizon-ის მიერ მექსიკის ყურის ნავთობით დანაგვიანების მსხვერპლთათვის. აღსანიშნავია, რომ Exxon Valdez-ის ანალოგიური ინციდენტით დაზარალებულები 20 წელიწადი ელოდებოდნენ 1,3 მილიარდ დოლარს.

ამ ჩამონათვალის გაგრძელება, მინიმუმ, 14 პუნქტით არის შესაძლებელი, მაგრამ გაზეთის ფორმატს პატივი უნდა ვცეთ. ერთს დავამატებთ: ბ. ობამა ერთადერთი პრეზიდენტია ბოლო 40 წლის განმავლობაში, რომელსაც სკანდალით არ დაუმშვენებიაგაზეთების პირველი გვერდები.

ინტერესს მოკლებული არ იქნება, თუ შევხედავთ, რა გავლენა მოახდინა ზემოჩამოთვლილმა ნაბიჯებმა აშშ-ს ეკონომიკაზე.

ჟურნალი „ფორბსი“: „Obama Outperforms Reagan On Jobs, Growth And Investing… This is the best private sector jobs creation performance in American history (2014 წლის 5 სექტემბერი). „შეერთებული შტატების ეკონომიკა კარგ მდგომარეობაშია“, – Wall Street Journal-ი, 2016 წლის 21 თებერვალი.

ჯინ სპერლინგი, ნაციონალური ეკონომიკური საბჭოს ყოფილი დირექტორი, „New York Times“-სთვის მიცემულ ინტერვიუში (2016 წლის 26 აპრილი) ამბობს: „ვინმეს რომ ჩვენთვის ეთქვა 2009 წელს, როდესაც ეკონომიკა ყოველთვე 800 000 სამუშაო ადგილს კარგავდა და Dow-Jones 7000 პუნქტამდე დაეცა, რომ 2016 წელს უმუშევრობა 5% იქნებოდა, ბიუჯეტის დეფიციტი – 3%-ზე ნაკლები, AIG მოგებით დაამთავრებდა ფინანსურ წელს, ხოლო ფედერალური მთავრობა ბანკების გადარჩენაზე დახარჯულ ფულს მთლიანად დაიბრუნებდა – ამას ფანტასტიკურ სიზმარშიც კი არ დავიჯერებდით“.