2016 წელს საქართველოში არჩევნები შეცვლილი მაჟორიტარული ოლქების საზღვრებით ჩატარდება. ამ ცვლილებების შესახებ კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან 2015 წლის ნოემბერში იქნა ინიცირებული. კანონპროექტის ინიციატორი იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იყო, თავად კომიტეტის თავმჯდომარე კი – ჯერ კიდევ „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში შემავალი რესპუბლიკური პარტიის წევრი ვახტანგ ხმალაძე.

25 აგვისტოს, მესტიაში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატად გოჩა ენუქიძის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მაჟორიტარული ოლქების გადანაწილებაზე ისაუბრა და განაცხადა: „ჩვენ ვთვლით, რომ ცვლილება, რომელიც განხორციელდა, არ არის სამართლიანი. არ შეიძლება, მათემატიკური რაოდენობით დაიყოს საქართველოს მოსახლეობა და აუცილებელია, კუთხეებს ჰყავდეთ საკუთარი წარმომადგენლები“.

კანონპროექტის ინიციატორები საზღვრების ცვლილების მიზეზად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებას ასახელებდნენ, რომლითაც სასამართლომ კონსტიტუციის მე-14 (თანასწორობის უფლება) და 28-ე (საარჩევნო უფლება) მუხლებთან მიმართებაში სასამართლო გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტისთვის არსებული მაჟორიტარული ოლქების სისტემა არაკონსტიტუციურად ცნო.

საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების გარდა, მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიის „კარგი პრაქტიკის კოდექსი“, რომლის თანახმადაც, საარჩევნო ოლქები ისეთი წესით უნდა დადგინდეს, რომ მანდატები ამომრჩევლების რაოდენობის პროპორციულად გადანაწილდეს.

აღნიშნული ცვლილებები 73 მაჟორიტარულ ოლქს შეეხო. თბილისში ოლქების რაოდენობა გაიზარდა, რეგიონებში კი ოლქები გამსხვილდა (ოლქების გაერთიანების შედეგად).

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები განხორციელებულ ცვლილებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ 2016 წლის არჩევნებისთვის არსებული სისტემა „ქართულ ოცნებას“ უპირატესობას ანიჭებს. პარტიაში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ შეეცადა, ოლქები ისე გადაენაწილებინა, რომ საზღვრების ცვლილებით მას უფრო მეტი მანდატის მოპოვების შესაძლებლობა მისცემოდა.

„ფაქტ-მეტრი“ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ ლევან თარხნიშვილს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ოლქების ამ სახით გადანაწილებით უპირატესობის მოპოვება სცადა და „ჯერი მენდერინგის ხერხს“ მიმართა.

„ახალი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, იცვლება საარჩევნო ოლქების საზღვრები. ცვლილების მთავარი პრინციპი ბოლო (2014 წლის) თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიების მიერ მიღებული ხმებით მანიპულირებაა. კერძოდ, ხდება ოპოზიციის მიერ მოგებული და კარგი შედეგების მქონე უბნებისა და ოლქების გადაჯგუფება, რათა დაბალანსდეს ოპოზიციის მიერ მოგებული ხმების რაოდენობა შემდეგი პრინციპით: „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოგებული ან კარგი შედეგების მქონე საარჩევნო უბნები გაერთიანდა ისეთ საარჩევნო უბნებთან, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დიდი უპირატესობით ჰქონდა მოგებული. სახეზე გვაქვს ტიპური „ჯერი მენდერინგი“, რომელსაც ხელისუფლება მომავალ არჩევნებში გამოიყენებს“, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

მან მაგალითისთვის ხუთი საარჩევნო ოლქი მოიყვანა:

  • ასპინძის ნაწილისა და ბორჯომის საარჩევნო ოლქის გაერთიანება;

  • ახალციხის ნაწილისა და ადიგენის გაერთიანება;

  • ყვარლის უბნების ნაწილის გაერთიანება ლაგოდეხის საარჩევნო ოლქთან;

  • ყვარლის უბნების ნაწილის გაერთიანება თელავის საარჩევნო ოლქის ნაწილთან;

  • ხონისა და ვანის საარჩევნო ოლქების გაერთიანება.

თარხნიშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, ოლქების გადანაწილება დამოუკიდებელ ორგანოს უნდა მოეხდინა, თუმცა, ახალი საზღვრების დადგენა 73 მაჟორიტარული ოლქიდან ზოგიერთში პარლამენტმა მოახდინა, ზოგში კი – ცესკომ.

„ისიც გაუგებარია, რა პრინციპით განახორციელა ზოგიერთი ოლქის საზღვრის ცვლილება პარლამენტმა, ზოგის კი – ცესკომ“, – განაცხადა თარხნიშვილმა და განმარტა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ ცვლილებების შემუშავების პროცესში კონსულტაციები არ გამართა და გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო.

„ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებზე პასუხის მოსასმენად „ფაქტ-მეტრი“ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელსა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ვახტანგ ხმალაძეს დაუკავშირდა. იგი ამ ბრალდებებს არ იზიარებს და აცხადებს, რომ მაჟორიტარული ოლქების გადანაწილება ამომრჩეველთა თანაბარ პირობებში ჩაყენების მიზნით განხორციელდა.

„ასეთი ბრალდება აბსურდია. პრინციპები იყო, რომ უნდა ყოფილიყო მეზობელი და ნორმიდან არ უნდა ყოფილიყო გადახრა“, – განაცხადა ხმალაძემ და დაამატა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ საკონსტიტუციო სასამართლოში ოლქების გადანაწილებასთან დაკავშირებით სარჩელი ჰქონდა შეტანილი, რომელიც არ დაკმაყოფილდა: „იმის თქმა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ისეთია, როგორიც დღევანდელ ხელისუფლებას უნდა, ვფიქრობ, ნამეტანი გადამეტებული იქნება, თუ შევხედავთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს“.

კითხვაზე, რატომ მოხდა გარკვეული ოლქების გადანაწილება პარლამენტის, ხოლო დანარჩენის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ვახტანგ ხმალაძემ გვიპასუხა, რომ პარლამენტის მიერ კანონით ყველა ოლქის განსაზღვრა საარჩევნო კოდექსს „უსაშველოდ გაზრდიდა“, სისტემა კი მოუქნელი იქნებოდა. ამიტომ იქ, სადაც მუნიციპალიტეტების გაერთიანება ხდებოდა, ოლქების საზღვრები კანონით დადგინდა, დანარჩენი კი ცესკომ გადაანაწილა.

ხმალაძის თქმით, ოლქების გაერთიანებისას არსებობდა პირობა, რომ ოლქები უნდა ყოფილიყო მოსაზღვრე და დაამატა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონსულტაციებიც მიმდინარეობდა, რადგან გასათვალისწინებელი იყო გზის ფაქტორიც: „შეიძლება რუკაზე მოსაზღვრე იყოს, მაგრამ პირდაპირი გზა იქ არ არსებობდეს“.

იქიდან გამომდინარე, რომ 2016 წლის არჩევნებისთვის გაერთიანდა ხონისა და ვანის საარჩევნო ოლქები, რომელთაც ერთმანეთთან გეოგრაფიული საზღვარი არ გააჩნიათ და რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და ზემო სვანეთის ოლქებიც, რომელთა შორის პირდაპირი გზა არ არსებობს, ჩვენ დავინტერესდით, რა მიზნით მოხდა საზღვრების ასეთი გადანაწილება იმ პირობების არსებობისას, რომელზეც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა. მან ამ კონკრეტულ შემთხვევებს „უნიკალური“ უწოდა და ამომრჩეველთა რაოდენობის გათანაბრებაზე გაამახვილა ყურადღება.

„როგორც არ უნდა გადავანაწილოთ ოლქები, ის უხერხულობა, რომელიც დღეს არსებობს, არ მოიხსნება. არსებული ადმინისტრაციული დაყოფის პირობებში ისე გადანაწილება, რომ უკმაყოფილება არ გაჩნდეს, უბრალოდ, შეუძლებელია. ერთადერთი გამოსავალი არსებობს, უარი ვთქვათ მაჟორიტარულ სისტემაზე“, – აღნიშნა ხმალაძემ.

მისი თქმით, რესპუბლიკელებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ საქართველოსთვის რეგიონალურ-პროპორციული სისტემა საუკეთესო გამოსავალია, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ამ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობა და, ზოგადად, ქართული პოლიტიკური სპექტრი ვერ თანხმდება, მოცემული არჩევნებისთვის სისტემის ცვლილება ვერ მოხერხდებოდა.

„ეჭვი მეპარება, რომ რომელიმე ხელისუფლებამ უარი თქვას მაჟორიტარულ სისტემაზე, რადგან ეს სისტემა ხელს აძლევს ხელისუფლებას“, – აცხადებს ხმალაძე.

ჩვენ მას ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესახებაც დავუსვით კითხვა, რომლის მიხედვითაც ოლქების გადანაწილება დამოუკიდებელ ორგანოს უნდა მოეხდინა.

„ცესკო კანონით დამოუკიდებელია. დამატებითი ორგანოების შექმნა ზედმეტად მიმაჩნია. მივხედოთ იმას, ვინც საქმეს აკეთებს და შევეცადოთ, მათ გააკეთონ საქმე. კანონით ვეცადოთ, რომ ხელი შევუწყოთ მათ, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ კანონს ადამიანები აღასრულებენ“, – განაცხადა ხმალაძემ.

„ფაქტ-მეტრი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ დაუკავშირდა და მის აღმასრულებელ დირექტორს მიხეილ ბენიძეს ესაუბრა.

ბენიძემ განაცხადა, რომ მაჟორიტარული ოლქების ისეთი სახით გადანაწილებაში, როგორიც დღეს არის, რაიმე ტიპის კანონდარღვევაზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა, მისი თქმით, საქართველო რეგიონალურ-პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უნდა გადავიდეს, რადგან არსებული სისტემის პირობებში ოლქების გადანაწილებასთან დაკავშირებით პრობლემა ვერ მოიხსნება.

მან პრემიერ-მინისტრის მიერ 25 აგვისტოს მესტიაში გაკეთებულ განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, ვის მიმართ გამოთქვამს უკმაყოფილებას პრემიერი მაშინ, როდესაც აღნიშნული ცვლილებები „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა.

„თუ მას ეს არ მოსწონს, მაშინ გამოსავალს ვთავაზობდით, რომ შეცვლილიყო სისტემა, რაც, ოლქების გადანაწილების გარდა, სხვა პრობლემებსაც გადაწყვეტდა. მთავრობამ ეს არ ისურვა და მხოლოდ კოსმეტიკურ ცვლილებებზე შეჩერდა“, – აცხადებს ბენიძე.

მან „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ცალსახად იმის თქმა, რომ ოლქების პოლიტიკური ნიშნით გადანაწილება მოხდა, არ შეუძლია, თუმცა აღნიშნა, რომ ამაზე მსჯელობა გარკვეული კუთხით შესაძლებელია.

ადგილობრივი თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები მუდმივად საუბრობენ არსებული საარჩევნო სისტემის რეფორმირებისა და შეცვლის აუცილებლობაზე, თუმცა, 90-იანი წლებიდან მოყოლებული არც ერთ ხელისუფლებას აღნიშნული ცვლილება არ განუხორციელებია.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ განმარტეს, რომ მათ ორჯერ ჰქონდათ ამის მცდელობა, მაგრამ, პოლიტიკური კონსენსუსის არარსებობის გამო, განხორციელება ვერ მოახერხეს. იგივე არგუმენტი დაასახელა „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში ვახტანგ ხმალაძემაც. პოლიტიკოსები შეთანხმებას ვერ აღწევენ, თუმცა არჩევნების თემაზე მომუშავე ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოსთვის მაჟორიტარული სისტემის რეგიონალურ-პროპორციული სისტემით შეცვლა პრობლემების გადაჭრის ერთადერთი გზაა.