იტვირთება

საარჩევნო-საუბნო კომისია არჩევნებისას ყველაზე დაბალი რგოლია, მაგრამ ყველაზე პრინციპული ფუნქცია აკისრია. ამ ფუნქციებს შორის კი ყველაზე მთავარი არჩევნების დღეს კონკრეტულ უბანზე არჩევნების პროცესის წარმართვა და ხმების დათვლაა; ასევე, არჩევნებამდე ამომრჩეველთა სიის ტექნიკური სრულყოფა და უბანზე დაფიქსირებულ ხარვეზებზე საჩივრების მიღება. ეს ყველა კომპონენტი არის საფუძველი იმისთვის, რომ შემდეგ არჩევნების შედეგები შეჯამდეს ყველანაირი თვალსაზრისით, მათ შორის ხმების დათვლით და ხარვეზების დაფიქსირებით. ანუ ეს ის რგოლია, რომლის მუშაობაზეცაა დამოკიდებული მთლიანად საარჩევნო პროცესი. ამიტომაც ამ რგოლს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

საუბნო საარჩევნო კომისია შედგება 13 წევრისგან, საიდანაც 7 წევრს ნიშნავენ პარტიები, 6 წევრს კი კონკურსის საფუძველზე ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისია. პოლიტიკური პარტიების კვოტა განკუთვნილია იმ პარტიებისთვის, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. კანონით განსაზღვრულია ის შემთხვევებიც, როდესაც დაფინანსების მიმღები პარტიები 7-ზე მეტი ან ნაკლებია. მაგრამ ამ შემთხვევაში არსებული რეალობაა საინტერესო, რადგან, მოქმედი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დაფინანსება და, შესაბამისად, საარჩევნო კომისიებში კვოტები მმართველ ბლოკში შემავალ პარტიებზე გადანაწილდა. საბოლოო ჯამში კი, აღმოჩნდა, რომ მმართველ გუნდს კომისიაში, მინიმუმ, 3 წევრი ჰყავს გარანტირებულად.

დღეს საარჩევნო კომისიების პარტიულ კვოტებს ყველა დონეზე ეს პარტიები აკომპლექტებენ: „ქართული ოცნება“, „კონსერვატორები“, „მრეწველები“, „ნაციონალური მოძრაობა“, „თავისუფალი დემოკრატები“, „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატიული მოძრაობა“ (ნინო ბურჯანაძის პარტია).

კომისიებში გადაწყვეტილება უმრავლესობით მიიღება. ხელისუფლებას კი, რომელიც ამჟამად ისედაც 3 ადგილით არის წარმოდგენილი, სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად მთლიანობაში 7 ხმა სჭირდება. ამიტომაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რამდენად დამოუკიდებელი იქნება კომისიებში არაპარტიული კვოტა და შეძლებს თუ არა ხელისუფლება მათ მართვას.

აქვე უნდა ითქვას, რომ კანონმდებლობაში არსებობს ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, კომისიის წევრი, მიუხედავად მათი პარტიული დანიშვნისა, პარტიულ ინტერესს არ უნდა ატარებდეს, მაგრამ წლების გამოცდილება აჩვენებს, რომ ეს საკითხი არც ისე ადვილი გასაკონტროლებელია, შედეგები კი არჩევნებზე აისახება.

ამ მხრივ, პრობლემები უკვე შეიქმნა და განსაკუთრებით რეგიონებში, რაზეც ოპოზიცია უკვე საუბრობს. ამიტომაც საინტერესოა, რომელ რეგიონში რა ვითარებაა და რა მიმართულებით იკვეთება პრობლემები.

შიდა ქართლი

შიდა ქართლის ოთხივე (გორი, ქარელი, კასპი, ხაშური) მუნიციპალიტეტში არაერთგვაროვანი შეფასებები კეთდება. თუმცა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ძირითადად „ნაციონალური მოძრაობა“ და „თავისუფალი დემოკრატები“, კომისიების დაკომპლექტებას „ქართული ოცნების“ მიერ მართულ პროცესად აფასებენ და ამბობენ, რომ საოლქო კომისიის წევრებმა წინასწარ იცოდნენ, ვინ უნდა აერჩიათ საუბნო კომისიებში.

„თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის #41-სა (ქალაქის) და #42 (რაიონის) საოლქო საარჩევნო კომისიაში ეკა მელაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ გორის მუნიციპალიტეტში ყველა უბანზე ასარჩევი კანდიდატებიდან პირველი 6 ადამიანის სახელი და გვარი ზუსტად ემთხვეოდა საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატებს.

„ეს ბადებს ეჭვს, რომ წინასწარ იყო შეთანხმებული, ვინ იქნებოდნენ საუბნო კომისიებში არჩეულები“, – ამბობს ეკა მელაძე.

ამ ფაქტს ადასტურებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც“ და ამბობენ, რომ სიები „ქართული ოცნების“ აქტივისტებით არის დაკომპლექტებული.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტში საუბნო კომისიის დაკომპლექტების პროცესში თეა თედლიაშვილმაც დაადასტურა, რომ ეს პრობლემა არსებობს. თუმცა განმარტა: „დანამდვილებით ვერავინ იტყვის და მათ შორის, მეც ვერ დავადასტურებ, რომ შერჩეული წევრები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და აქტივისტები არიან“.

საუბნო კომისიების წინასწარი სიებით დაკომპლექტებაზე საუბრობენ კასპის მუნიციპალიტეტშიც.

„ქართული ოცნების“ შტაბში შემუშავდა ეს სია. საოლქო კომისიის გვერდით პატარა ბაღია, სადაც კომისიის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იჯდა. ამ ბაღში გაჰყავდათ კომისიის წევრები და ეუბნებოდნენ, ვინც უნდა შემოეხაზათ“, – განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა კასპის საოლქო კომისიაში.

მისი თქმით, ყველა წევრი, ვინც აირჩიეს, „ქართული ოცნების“ აქტივისტია.

„თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვახტანგ ბეჟიტაშვილი კი ჩვენთან საუბრისას ამბობს: „წინ ედოთ სია, სადაც უკვე მონიშნული ჰქონდათ იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც უნდა აერჩიათ“.

გარდა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა, კასპის მუნიციპალიტეტის საუბნო კომისიების დაკომპლექტებას „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი ირმა კიტრიაშვილიც ესწრებოდა. მან სახელმძღვანელო სიების არსებობა დაადასტურა და განმარტა, რომ, როგორც დამოუკიდებელ დამკვირვებელს, თავიდანვე გაუჩნდა კითხვა, რატომ იყო ეს სიები წინასწარ შედგენილი და რატომ იყო წინასწარ შემოხაზული სახელები და გვარები, რაზეც კასპის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ნანა ნონიაშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო სამუშაო სიები, რომელიც კომისიის წევრებს მუშაობის პროცესში სჭირდებოდათ.

ასეთივე ვითარება გახლდათ ქარელშიც, სადაც იგივე პრობლემაზე საუბრობენ „ნაციონალური მოძრაობის“, „თავისუფალი დემოკრატებისა“ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც პროცესს აკვირდებოდნენ.

რაც შეეხება ხაშურის მუნიციპალიტეტს, აქ ჩატარებულ კონკურსს მხოლოდ „სამართლიანი არჩევნებისა“ და ცესკოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ; „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორმა, მახო მიქელაძემ, განაცხადა, რომ ის, რაც გორსა და კასპში დაფიქსირდა, ხაშურში არ მომხდარა.

რუსთავი

რუსთავში საოლქოს მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების 503 წევრიდან სერტიფიცირებული 13-ია.

კანონმდებლობა საუბნო კომისიის წევრობისთვის სერტიფიკატს არ ითხოვს და ამაზე საოლქო კომისიას ვერც ვერავინ მოედავება. მაგრამ თავისთავად ფაქტი, რომ არჩევანი არასერტიფიცირებულებზე კეთდება, ცხადია, ეჭვს იწვევს. მით უმეტეს, რომ აქაც იგივე ეჭვებია, რაც სხვაგან – რომ კომისიებში მმართველი გუნდის სასურველი კანდიდატები ინიშნებიან.

რუსთავის მე-20 საოლქო საარჩევნო კომისიას გაგა აფციაური ხელმძღვანელობს, რომელიც ამბობს, რომ კანდიდატების არჩევისას მას არ ჰქონდა იმდენად დიდი წვდომა ინფორმაციაზე, რომ გაერკვია, რომელი კანდიდატი იყო პარტიული.

რაც შეეხება სერტიფიცირებული კანდიდატების არარჩევას, ის ამბობს: „სულ 17-მა სერტიფიცირებულმა კანდიდატმა შეავსო განაცხადი ამ პოზიციაზე, მათგან აირჩა 13. ზუსტად ვერ გეტყვით, რატომ ვერ მოხერხდა ჩვიდმეტივეს არჩევა“.

სერტიფიცირებულთა ნაკლებობას საეჭვოდ მიიჩნევს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი, მამუკა ჩიქოვანი. ის ფიქრობს, რომ საოლქომ წინასწარ მმართველი გუნდისგან მიღებული სიებით იხელმძღვანელა.

საოლქოს მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევისას რაიმე სახის მნიშვნელოვან დარღვევას ვერ ხედავენ რუსთავში ბურჭულაძის პოლიტიკურ გუნდში. ამბობენ, რომ მათ დარღვევა არ დაუფიქსირებიათ.

ამ დროისთვის ამ საკითხზე დარღვევები არ დაუფიქსირებიათ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. შესაბამისად, თემაზე ჯერჯერობით ცესკოში საჩივარი არავის შეუტანია.

აჭარა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პეტრე ზამბახიძემ „ფაქტ-მეტრს“ ის სიები წარმოუდგინა, რომლებითაც, მისი თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიის ცხრა წევრი ხელმძღვანელობდა და რომლებშიც დასანიშნი კანდიდატების ვინაობა იყო მითითებული.

ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე წინასწარი სიის არსებობას ადასტურებს პოლიტიკური პარტია „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი ქობულეთის #81 საარჩევნო ოლქში, სალომე ზაქარიაძე, რომელმაც პროტესტის ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

მისი თქმით, პეტრე ზამბახიძემ და მან ეს სია ერთდროულად შეამჩნიეს და გააპროტესტეს, თუმცა საოლქო კომისიის ცხრა წევრმა მათი შენიშვნა ყურადღების ღირსად არ ჩათვალა.

პეტრე ზამბახიძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის სასურველი კანდიდატების სიები ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებსაც წინასწარ დაურიგდათ, ოღონდ ამჯერად ქობულეთის მაგალითი გაითვალისწინეს და კანდიდატების ვინაობები ცალკე სიად კი არ მიაწოდეს, არამედ ერთიან სიებში სპეციალური ნიშნებით მიუთითეს.

„ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებასთან გარიგებული არიან და ამიტომ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისას არსებულ დარღვევებს ხმამაღლა არ აპროტესტებენ.

მართალია, საჯაროდ საკუთარი პროტესტი არ დაუფიქსირებია, მაგრამ „ფაქტ-მეტრთან“ კომენტარის დროს დარღვევების არსებობას ადასტურებს პოლიტიკური პარტიის „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციაც.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევის პროცედურების მიმართ პრეტენზია აქვს მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ ბათუმის ორგანიზაციის წარმომადგენელს.

ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევისას ყოველგვარ დარღვევას გამორიცხავს, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოა“. მისი წარმომადგენელი აცხადებს, რომ კომისიის წევრების კომპეტენციასა და პროფესიონალიზმში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს და ხელისუფლება არც საოლქო და არც საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობაში არ ერევა.

თუმცა, „სამართლიანი არჩევნები“ და საია ასე არ ფიქრობენ და საარჩევნო კომისიების სიების შესწავლა დამოუკიდებლად დაიწყეს. რამდენიმე დარღვევა უკვე აღმოაჩინეს კიდეც. მაგალითად, კომისიის წევრად სკანდალურად არჩეული რამდენიმე პირი 2014 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ წარმოადგენდა.

სამეგრელო

ზუგდიდში საარჩევნო კომისიის გასულ კვირას ჩატარებულ სხდომას „თავისუფალი დემოკრატების“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის ბრიფინგი უძღოდა, რომელიც მან ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიასთან გამართა. ჩიქოვანმა საოლქოს შენობიდან პრემიერს მიმართა და განაცხადა, რომ ზუგდიდში არჩევნებამდე 47 დღით ადრე „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების გაყალბება დაიწყო.

მისივე თქმით, ზუგდიდის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, კერძოდ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია და „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი მერაბ ქვარაია პირდაპირი კარნახის წესით მიუთითებდნენ, ვინ აერჩიათ საარჩევნო კომისიებში, როგორც ე.წ. პროფესიული წევრები.

ამ თემაზე ლაშა გოგიამ და მერაბ ქვარაიამ ჩვენთან კომენტარისგან თავი შეიკავეს. ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მირანდა მესხმა კი ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ჩიქოვანის მიერ გაკეთებული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.

ზუგდიდისგან განსხვავებით, მარტვილის #65 საოლქო საარჩევნო კომისიაში სიების დაკომპლექტებას ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ აბაშა-მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზაალ გოროზიას მეუღლემ, ოლგა ჩურკანოვამ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გრიგოლ ბართაია ასარჩევთა სიების წინასწარ შედგენაში დაადანაშაულა, რასაც ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტის შემდეგ სხდომა მაინც ჩატარდა, სადაც აბაშა-მარტვილის 59-ვე საარჩევნო უბანზე კომისიების ექვს-ექვსი წევრი აირჩიეს.

მარტვილში მომხდარ ფაქტზე შსს-ში განაცხადეს, რომ გამოძიება საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

ასევე, ხმაურის ფონზე ჩაიარა სენაკის #64 ოლქის საუბნო კონკურსანტების შერჩევის პროცესმა. სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირანდა მირცხულავამ. მისი განმარტებით, საოლქოს წევრები ე.წ. „შპარგალკებს“ იყენებდნენ.

არსებულ ხარვეზებსა და დარღვევებზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც ისაუბრეს და აღნიშნული პროცესი უარყოფითად შეაფასეს.

სამცხე-ჯავახეთი

ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში შემავალ 53 საარჩევნო უბანში საოლქო კომისიამ საუბნო კომისიების წევრები შეარჩია. თუმცა, ოპოზიცია ამ შერჩევაში მიკერძოებას ხედავს და შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს. საოლქო კომისიასთან კითხვები აქვს „სამართლიან არჩევნებსაც“.

„ნაციონალური მოძრაობის“ სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორის გელა დემეტრაძის განმარტებით, შერჩევა არაობიექტური იყო: „წინასწარ ჰქონდათ ინსტრუქციები და „შპარგალკები“, ვინ უნდა შემოეხაზათ. იქ ძირითადად სახელისუფლებო ძალის მხარდამჭერები არიან შეკრებილი. სამუშაო პროცესიც არაორგანიზებული იყო. ეტყობოდათ, რომ ეს ადამიანები დავალებას ასრულებდნენ“.

დემეტრაძე ამბობს, რომ მათ ახალციხე-ადიგენის საარჩევნო ოლქისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელების სახელზე საჩივრებიც დაწერეს.

საჩივარი არ დაუწერია, თუმცა პროცესმა კითხვები გაუჩინა „სამართლიან არჩევნებსაც“. ორგანიზაციის სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორს ნინო ბიბილეიშვილს კონკურსანტების სიებზე კალმით მონიშნული წერტილები აფიქრებს: „თუ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა წინასწარ განიხილეს მათი აპლიკაციები და განცხადებები, ეს არ წარმოადგენს პრობლემას, რადგან შეიძლება ერთ დღეში ვერ მოასწრო და წინასწარ გქონდეს წერტილით მონიშნული. თუმცა, მეორე მომენტია – ეს მათი მონიშნული იყო, თუ ასე მონიშნული დაურიგეს. ამას ჩვენ ვერ დავამტკიცებთ, უბრალოდ, ეს დავინახეთ“.

ბიბილეიშვილი განმარტავს, რომ, თუ საოლქო კომისიები წინასწარ აჯერებენ საკუთარ პოზიციას, სასურველია, პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, ცნობილი იყოს, როდის და რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეარჩია კომისიამ ესა თუ ის კანდიდატი: „ეს პროცესი ჩვენთვის, დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის, ღია უნდა იყოს, არანაირი ეჭვი არ უნდა გაჩნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობასთან დაკავშირებით შეიძლება დამატებითი კითხვები გაჩნდეს – ხომ არ ჰქონდა ადგილი კომისიის საქმიანობაში ჩარევას, ან ხომ არ იყო საუბნო საარჩევნო კომისიების კანდიდატებზე მესამე პირთა კონსულტაცია“.

„ჩანიშვნის აკრძალვა არსად არის. კომისიის წევრმა როგორც ჩათვალა საჭიროდ, ისე გააკეთა. 210 კონკურსანტს რომ ვერ დაიმახსოვრებდა, ეს ხომ გასაგებია. გარდა ამისა, ადიგენიც ასარჩევი იყო. ეს თუ ვიღაცის დავალება იყო, ყველას ხომ აქვს საკუთარი აზრი?! არც იმ დანიშნულს შემოხაზავდა საკუთარი სურვილის გარეშე“, – ამბობს #44 ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარული საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თეა გავაშელი და ამატებს, რომ კომისიის წევრთა შესარჩევი ვადა 19-დან 23 აგვისტომდე იყო და დაინტერესებულ პირს შეეძლო, სამუშაო პროცესს დასწრებოდა, მაგრამ „არავის გამოუთქვამს დასწრების სურვილი“.

იმერეთი

სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიაში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსი 19 აგვისტოს 16:00 საათზე დაიწყო. რამდენიმე საათით ადრე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივმა ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამტკიცებდა, რომ „ქართული ოცნების“ შტაბიდან საოლქო საარჩევნო კომისიას გადაეგზავნა მზა სია იმ ადამიანებისა, რომლებიც არჩეული უნდა ყოფილიყვნენ საუბნო კომისიების წევრებად.

„ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ემზარ შუბლაძე „ფაქტ-მეტრთან“ ამბობს: „სიის შემდგენლებმა ისიც ვერ გაითვალისწინეს, რომ სხვებიც ჩაეწერათ ამ სიაში, ეჭვი რომ არ გაჩენილიყო. გარდა ამისა, კომისიებში კონკურსის წესით გამოცდილი ადამიანები უნდა მიეღოთ, აქ კი ისეთები შეარჩიეს, რომელთაც არათუ გამოცდილება, წინა რამდენიმე არჩევნების დროს შენიშვნები და გაფრთხილებებიც აქვთ მიღებული“.

საბოლოოდ, საუბნო საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდა და 300 უბანზე წინასწარ გავრცელებული სიიდან 260 ადამიანი შეარჩიეს კომისიის წევრად.

სხვა ანალოგიურ შემთხვევებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ სამტრედიაში დაფიქსირებულ ამ ფაქტსაც იკვლევს. ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის წარმომადგენელი თეონა გოგიშვილი ამბობს, რომ ერთმნიშვნელოვნად ვერ დაადასტურებენ, არის თუ არა ეს სიები მმართველი გუნდის მიერ შედგენილი, თუმცა ფაქტია, რომ ისინი არსებობს, წინასწარ გავრცელდა და ემთხვევა საუბნო კომისიებში არჩეულ წევრთა გვარ-სახელებს.

საუბნო კომისიების წევრების ასარჩევ კონკურსთან დაკავშირებული ერთი საინტერესო შემთხვევა დაფიქსირდა ბაღდათში. სამაჟორიტარო ოლქებად ბაღდათისა და ხარაგაულის გაერთიანების გამო, საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება ორივე მუნიციპალიტეტში #52 ბაღდათის საოლქო საარჩევნო კომისიის პრეროგატივაა. მიუხედავად იმისა, რომ ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი უნდა გამართულიყო, ხარაგაულიდან ბაღდათის საოლქო კომისიაში გაგზავნეს სარეკომენდაციო წერილი, სადაც იმ პირთა ჩამონათვალი იყო, ვისაც ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისია რეკომენდაციას უწევდა საუბნო კომისიის წევრობაზე.

#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გია ცისკაძე არ უარყოფს, რომ ასეთი რეკომენდაცია მუნიციპალიტეტში არსებულ 37-ვე საუბნო კომისიის წევრობის კანდიდატს გაუწიეს.

„ვინაიდან ბაღდათის საარჩევნო კომისიისთვის ხარაგაულის კადრი ნაკლებად ცნობილი იყო, მათ გვთხოვეს, ჩვენ შეგვერჩია და გაგვეწია რეკომენდაცია. ჩვენ ეს წერილობით გავაკეთეთ“, – ამბობს ცისკაძე.

მისივე თქმით, მათ მხოლოდ იმ კანდიდატებს გაუწიეს რეკომენდაცია, ვინც წინა არჩევნებზე ობიექტურად მუშაობდა.

ბაღდათში საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა საუბნო კომისიების წევრთა ასარჩევად 23 აგვისტოს გაიმართა. სარეკომენდაციო წერილის გაგზავნის ფაქტის კანონიერებას საია იკვლევს. ასევე, საია არკვევს, რამდენი ადამიანი მოხვდა საუბნო კომისიებში წინასწარ შედგენილი „სარეკომენდაციო სიიდან“. თუმცა, დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ მათი აბსოლუტური უმეტესობა სწორედ ე.წ. „სარეკომენდაციო სიიდან“ „შეირჩა“.


მსგავსი სიახლეები

3212 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი