იტვირთება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ერთ-ერთ მთავრობის სხდომაზე განაცხადა: "

ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ საგარეჯოში შარშანდელი ჩანაბარები ყურძნის თანხა მიითვისა რომელიღაც ბიზნესმენმა და თანხა არ არის მისული მევენახემდე. მინდა, სოფლის მეურნეობის მინისტრს ვთხოვო, ეს საკითხი მაქსიმალურად მოიკვლიოთ და თუ საჭირო იქნება ჩავრთოთ შესაბამისი უწყებები".

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ პრემიერს უპასუხა, რომ ამ საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ხოლო აღნიშნულ კომპანიას არ გააჩნია აქტივები დაზარალებულთა დასაკმაყოფილებლად. თუმცა, მინისტრის თქმით, "დავალებას მივიღებთ და ვეცდებით, გამოსავალი ვიპოვოთ ისე, რომ მინიმალური იყოს მევენახეთა ზარალი".

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რა ღონისძიებები გაატარა დაზარალებულთა დახმარების მიზნით.

საქმე 2014 წლის ყურძნის მოსავალს ეხება. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში - მანავში, კაკაბეთში, ხაშმში, ჩაილურში, მზისგულში, ვერხვიანსა და თოხლიაურში მცხოვრებმა მევენახეებმა შპს "ელიკას" ყურძენი ჩააბარეს და თანხა დღემდე არ მიუღიათ. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს თაღლითობას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. 2016 წლის დასაწყისში თელავის რაიონულმა სასამართლომ "ელიკას" დირექტორი ელიზბარ დათუაშვილი დამნაშავედ ცნო და დაუსწრებლად 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა,

შპს "ელიკას" საკუთრებაში არსებული 50 ტონამდე ღვინო კი დააყადაღა. სასამართლო დავა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გრძელდება.

"ორი წელია უშედეგოდ ვითხოვთ კუთვნილ თანხას. დაახლოებით 200 ათას ლარზეა საუბარი. გასაგებია, რომ შპს "ელიკას" დირექტორი ელიზბარ დათუაშვილი მიიმალა, მაგრამ სახელმწიფოს ხომ უნდა ჰქონდეს რაიმე ბერკეტი, რომ ჩვენი თანხა აგვინაზღაუროს. "ელიკაში" ყურძნის ჩასაბარებლად სოფლის რწმუნებულებმა რთველის საკოორდინაციო შტაბთან შეთანხმებით გაგვაგზავნეს. 50-ზე მეტი ადამიანი მოტყუებული დავრჩით, ხელში მხოლოდ ქვითრები შეგვრჩა, რომელიც ყურძნის საფასურის სანაცვლოდ მოგვცეს" - აცხადებდნენ

დაზარალებული მოქალაქეები - გენადი ჯავახიშვილი და ვაჟა რუსიშვილი.

ფაქტ-მეტრი კომენტარისთვის ერთ-ერთ დაზარალებულს, სოფელ ჩაილურში მცხოვრებ ნიკო ღვინაშვილს დაუკავშირდა. "ჩვენი სოფლიდან 7-8 ადამიანი დავზარალდით. პირადად მე, 9 ათასი ლარის ყურძენი ჩავაბარე. საგარეჯოში რომ აღარ იბარებდნენ ყურძენს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ რთველის პერიოდში შექმნილი შტაბის წარმომადგენლებმა მოგვცეს "ელიკას" მისამართი და ელიზბარ დათუაშვილის კოორდინატები. ახლაც, თბილისის სასამართლო იხილავს ჩვენს საქმეს,  ვითხოვთ ზარალის ანაზღაურებას" - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ღვინაშვილმა. მისივე თქმით, ამ საქმეს ორი ადამიანი ემსხვერპლა სოფელ მანავიდან, რომლებმაც ნერვიულობას ვერ გაუძლეს - ერთს 23 ათასი ლარი ჰქონდა ასაღები, მეორეს 19 ათასი.

ფაქტ-მეტრი შეეცადა აღნიშნულ ფაქტზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა კომენტარი მოეპოვებინა, თუმცა პასუხისმგებელი პირებიდან არავინ გვიპასუხა. მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის წარმომადგენელმა კი, მხოლოდ ის განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტიდან, მევენახეები "ელიკაში" არავის გადაუმისამართებია.

როგორც გავარკვიეთ, მევენახეებმა ვერც კომპანიისგან გადასახდელი თანხა და ვერც სახელმწიფო სუბსიდია მიიღეს, რადგან სუბსიდიას სახელმწიფო ღვინის კომპანიებს ურიცხავდა, რომლებიც, თავის მხრივ, მას მევენახეებზე ყურძნის ჩაბარების შემდგომ, საფასურთან ერთად გასცემდნენ.

ფაქტ-მეტრმა 12 ივლისს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეკითხვით მიმართა, თუ რის გაკეთებას აპირებს სამინისტრო დაზარალებულ მევენახეთა დასახმარებლად. უწყების ოფიციალური პასუხის თანახმად, სოფლის სამინისტრომ 2014 წელს დაზარალებულ მევენახეებს დახმარება სახელმწიფო სუბსიდიის თანხის ანაზღაურებით შესთავაზა. თუმცა, დაზარალებულებმა ეს შემოთავაზება არ მიიღეს. უწყება აღნიშნავს, რომ  სუბსიდიის მიღებისთვის დაზარალებულ ფერმერებს სსიპ "ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის" წერილობითი სახით უნდა მიემართათ, თუმცა, "აღნიშნულ შეთავაზებაზე დაზარალებული გლეხების ადვოკატმა უარი განაცხადა".

"

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ორ კერძო სუბიექტს შორის დავის პროცესში, დაზარალებული გლეხებისთვის სახელმწიფოს მხრიდან დახმარება მხოლოდ აღნიშნული ფორმით იყო შესაძლებელი. ასევე გაცნობებთ, რომ ფინანსურმა პოლიციამ აღნიშნულ საკითხზე მოკვლევა 2015 წლის მარტიდან დაიწყო და ამ ეტაპზე შპს "ელიკას" დირექტორის მიმართ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს" - აღნიშნულია უწყების მიერ გამოგზავნილ პასუხში.

დასკვნა 2014 წელს 50-ზე მეტმა საგარეჯოელმა მევენახემ 200 ათას ლარზე მეტი ღირებულების ყურძნის მოსავალი შპს "ელიკას" ჩააბარა. მეხენახეებს "ელიკასგან" თანხა დღემდე არ მიუღიათ და მათთვის ზარალი არც სახელმწიფოს აუნაზღაურებია. დაზარალებულები აცხადებენ, რომ აღნშნული კომპანიისთვის ყურძნის ჩაბარება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შექმნილ შტაბში ურჩიეს. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიმ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სამინისტრო ამ პროცესში ჩაერთვებოდა და მევენაახებისთვის ზარალის მინიმუმამდე შემცირებას შეეცდებოდა. სამინისტროში განგვიცხადეს, რომ უწყებამ  დაზარალებულ მევენახეებს დახმარება სახელმწიფო სუბსიდიის თანხის ანაზღაურების გზით შესთავაზა, რაზეც დაზარალებულთა ადვოკატისგან  უარი მიიღო. შესაბამისად, მევენახეთა ზარალის მინიმიზების დაპირება ჯერჯერობით შერულებული არ არის.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

3064 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი