შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველოში არსებობს არა პენსიონერების, არამედ პენსიონერების შვილებისა და შვილიშვილების დასაქმების პრობლემა. უმუშევრების ნახევარზე მეტი ახალგაზრდებზე მოდის. 20-დან 29 წლამდე ახალგაზრდები, ფაქტობრივად, უმუშევართა თითქმის ნახევარს შეადგენენ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ინფორმაციით, 2015წელს საქართველოში 242 000 უმუშევარი იყო, რაც სამუშაო ძალის (მუშაობის უნარის და სურვილის მქონე 15 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობა) 12%-ს შეადგენდა. საქსტატი უმუშევართა რაოდენობას ასაკობრივ ჭრილშიც აქვეყნებს. გრაფიკი 1-დან ჩანს, რომ უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე (32%) 20-24 წლის ასაკის მოსახლეობაშია, შემდეგ 15-19 (26.2%) და 25-29 (20.7%) წლის ასაკის მოსახლეობა მოდის. უმუშევრობის დონე ასაკის მატების პარალელურად იკლებს და ყველაზე ნაკლები, 0.9%, 65 წლიდან ზემოთ მოსახლეობაშია. 60-64 წლის ასაკის მოსახლეობაში უმუშევრობის დონე 5.1%-ს შეადგენს. საქართველოში საპენსიო ასაკი ქალებისთვის 60 წლიდან, ხოლო მამაკაცებისთვის 65 წლიდან იწყება. შესაბამისად, ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა, რომ უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საპენსიო ასაკის მქონე მოსახლეობაშია.
გრაფიკი 1:
უმუშევრობის დონე ასაკობრივ ჭრილში 2015 წელს (%)
უმუშევრების რაოდენობრივი განაწილება ნაჩვენებია ცხრილი 1-ში. ყველაზე მეტი უმუშევარი, ჯამში 85 000 ადამიანი, 20-დან 29 წლამდე ასაკობრივ ჯგუფშია. თუმცა, მათი რაოდენობა უმუშევართა 35%-ია (და არა თითქმის ნახევარი, როგორც ეს გოცირიძემ განაცხადა). უმუშევრების მთლიანი რაოდენობის 91.5% კი 20-დან 60 წლამდე (არასაპენსიო ასაკზე) უმუშევრებზე მოდის.
ცხრილი 1: 15
წლის და მეტი ასაკის მოსახლეობის განაწილება დასაქმების მიხედვით (ათასი ადამიანი)
20-29 | 30-39 | 40-49 | 50-59 | 60-64 | 65+ | სულ | |
აქტიური მოსახლეობა (სამუშაო ძალა) | 332 | 370 | 416 | 440 | 170 | 257 | 2022 |
დასაქმებული | 247 | 314 | 374 | 401 | 162 | 255 | 1780 |
დაქირავებული | 147 | 170 | 178 | 154 | 52 | 45 | 753 |
თვითდასაქმებული | 100 | 144 | 196 | 247 | 110 | 209 | 1026 |
უმუშევარი | 85 | 56 | 42 | 38 | 9 | 2 | 242 |
მოსახლეობა სამუშაო ძალის გარეთ | 153 | 91 | 67 | 81 | 57 | 336 | 958 |
აქტიურობის დონე (პროცენტებში) | 68,4 | 80,2 | 86,1 | 84,5 | 74,8 | 43,3 | 67,8 |
დასაქმების დონე (პროცენტებში) | 51,0 | 68,1 | 77,4 | 77,1 | 71,0 | 42,9 | 59,7 |
პენსიონერებს შორის დაბალი უმუშევრობის დონე იმითაა განპირობებული, რომ მათი აქტიურობა დაბალია. საქსტატის მიხედვით, 65 წელს და ზემოთ მოსახლეობაში მხოლოდ 43.3%-ია ის ნაწილი, რომელსაც შრომის უნარი და სურვილი აქვს. 65 წლამდე მოსახლეობაში კი აქტიურობის დონე თითქმის ორჯერ მეტია. თუ სამსახურის მაძიებელთა და დასაქმებულთა თანაფარდობას ვნახავთ, ამ მხრივ ყველაზე ცუდი მდგომარეობა 20-დან 29 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაშია - ამ კატეგორიაში დასაქმებულია 74.5%. 65 წელს ზემოთ მოსახლეობაში კი 99%-ია დასაქმებული.
საქართველოში დასაქმებულთა 58% თვითდასაქმებულია. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ოფიციალურად დანიშნული ხელფასი არ აქვთ (მაგ. სოფლის მეურნეობაში დასაქმებულები, ტაქსის მძღოლები, რეპეტიტორები, ვაჭრობით დაკავებულები და სხვა), მაგრამ თავისი შრომით გარკვეულ შემოსავალს ფულადი ან ნატურალური ფორმით იღებენ. 60 წელს ზემოთ მოსახლეობაში მნიშვნელოვნად სწორედ თვითდასაქმებულთა წილი ჭარბობს. 20-დან 39 წლამდე მოსახლეობაში დაქირავებით დასაქმებული უფრო მეტია, ვიდრე თვითდასაქმებული, ხოლო 40 წლიდან სიტუაცია იცვლება და თვითდასაქმებულთა წილი იზრდება. თვითდასაქმებულთა ყველაზე მაღალი წილი 65 წელს და ზემოთ ასაკის მოსახლეობაშია - დაქირავებით მათ შორის მხოლოდ 18 %-ია დასაქმებული.
რაც შეეხება მთავრობის დაპირებას, რომ დამსაქმებელს, თუ ის საპენსიო ასაკის ადამიანს დაასაქმებს, საგადასახადო შეღავათები დაუწესდება, ეს აშკარად არჩევნებზე გათვლილი დაპირებაა. როგორც სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, უმუშევრობა ახალგაზრდებში უფრო მნიშვნელოვანი პრობლემაა. ზოგადად, თუ გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ როგორც უმუშევრობის შემცირებას, ასევე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, მაშინ დამსაქმებელს საგადასახადო შეღავათები ნებისმიერი ასაკის ადამიანის დაქირავების შემთხვევაში უნდა დაუწესდეს.
დასკვნა
საქსტატის ინფორმაციით, 2015 წელს საქართველოში უმუშევარი იყო 242 ათასი ადამიანი, აქედან 20-დან 29 წლამდე ასაკის უმუშევარი 85 ათასი იყო, რაც მთლიანი უმუშევრების 35%-ს შეადგენს.
ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ უმუშევრობა არასაპენსიო ასაკის მქონე მოსახლეობაში უფრო დიდი პრობლემაა. ეს, მნიშვნელოვანწილად, იმითაც არის განპირობებული, რომ 65 წლამდე ადამიანები მეტი შრომის უნარით და სურვილით გამოირჩევიან. ამასთან, პენსიონერების დიდი ნაწილი თვითდასაქმებულია (ამ კატეგორიაში სოფლის მეურნეობაში, საკუთარ მიწის ნაკვეთზე დასაქმება ჭარბობს).
მთავრობის დაპირება, რომ დამსაქმებელს საგადასახადო შეღავათები დაუწესდება თუ საპენსიო ასაკის ადამიანს დაასაქმებს, აშკარად არჩევნებზე გათვლილი დაპირებაა და უმუშევრობის რეალური პრობლემის შემცირებას არ ემსახურება.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.