სპეციალისტები აცხადებენ, რომ ქართული ელექტორატის სპეციფიკიდან გამომდინარე, სოციოლოგიური კვლევებით არჩევნების შედეგის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია

არჩევნების წინ სოციოლოგიური კვლევები და მისი შედეგები საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის ყურადღებას ორმაგად იპყრობს. ზოგი პოლიტიკური სუბიექტი, კვლევებში დაფიქსირებული შედეგებით კმაყოფილია, ზოგი კი პირიქით, სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს უკავშირებს და უნდობლობას უცხადებს. ამ მხრივ, გამონაკლისი არც მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებია.

საქართველოში საზოგადოებრივი აზრის ერთ-ერთი ბოლო კვლევა, მიმდინარე წლის 28 ივნისს გამოქვეყნდა. კვლევა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით, გერმანული კვლევითი კომპანია GFK-ის (Growth From Knowledge) მიერ ჩატარდა.

კვლევის შედეგების მიხედვით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, გამოკითხულთა 22.4% მხარს დაუჭერდა „ქართულ ოცნებას“, 21.7% კი – „ნაციონალურ მოძრაობას“. 7.8% ხმას მისცემდა პაატა ბურჭულაძის მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“, 6.2% კი – „თავისუფალ დემოკრატებს“. კვლევის მიხედვით, სხვა პარტიები 5%-იანი ბარიერის გადალახვას ვერ შეძლებენ.

კვლევის პროცესში პასუხზე უარი განაცხადა გამოკითხულთა 10%-მა, 19.4%-ს კი კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირდა, ან გადაწყვეტილება ჯერ არ ჰქონდა მიღებული.

კვლევის შედეგებს პოლიტიკურ სპექტრში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. შედეგები განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმაც შეაფასა. მისი თქმით, აღნიშნული ორგანიზაცია შეგნებულ გაყალბებაში, გადასახადებისგან თავის არიდებაში და მანიპულაციებში არაერთხელ იყო შემჩნეული.

სუბარის განცხადებით, კომპანია GFK-ის მიერ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ჩატარებული კვლევის შედეგები რეალურს 21%-ით ასცდა. მინისტრმა განაცხადა: „მე ვსაუბრობ ორგანიზაციაზე, რომელმაც დათვალა ყირიმში, მოსახლეობის რა პროცენტს უნდოდა უკრაინასთან ყოფნა და ეს პროცენტი აღმოჩნდა 4%“ და იქვე განმარტა, რომ კომპანიას მსგავსი საქმიანობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რომ განეხორციელებინა, მოქმედი კანონმდებლობით მასზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებოდა.

წინა არჩევნები და დამთხვევის ხარისხი

აღსანიშნავია, რომ 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებისთვის კომპანია GFK-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის საბოლოო შედეგების მიხედვით, პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს უჭერდა გამოკითხულთა 33%, 33% – „ქართულ ოცნებას“, 2% – „ქრისტიან-დემოკრატიულ“ მოძრაობას, 1% – „ლეიბორისტულ“ პარტიას. გამოკითხულთა 30%-მა კი პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 54.97% მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი – 40.34%. „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით, კომპანიის კვლევასა და არჩევნების რეალურ შედეგს შორის 22%-იანი სხვაობა დაფიქსირდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვლევის შედეგებზე 7%-ით მეტი მიიღო.

ზუსტი აღმოჩნდა „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ მაჩვენებლები. პირველმა ხმების 2.4% მიიღო, მეორემ – 1.24%. ეს, სავარაუდოდ, იმაზე მიუთითებს, რომ გამოკითხული მოსახლეობის 30%-დან, რომელმაც 2012 წლის არჩევნების წინ ჩატარებული კვლევისას პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა, უმეტესობამ არჩევნებზე ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა.

კომპანიამ უფრო ზუსტი შედეგები 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს აჩვენა. GFK-ს ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა – 66%, დავით ბაქრაძემ – 20%, ნინო ბურჯანაძემ კი 7.5% მიიღო. არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, კანდიდატებს შორის პროცენტები ასე გადანაწილდა: გიორგი მარგველაშვილი – 62.12%, დავით ბაქრაძე – 21.72%, ნინო ბურჯანაძე – 10.19%.

კომპანიამ, ასევე, ზუსტი შედეგები დააფიქსირა 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროსაც. ეგზიტპოლის შედეგებით, დავით ნარმანიამ ხმების 45.9% მიიღო, ნიკა მელიამ კი – 27.6%. შედეგად, ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერის არჩევნებისთვის მეორე ტურის დანიშვნა იქნებოდა მოსალოდნელი. არჩევნების პირველი ტურის რეალური შედეგები კი ასეთი იყო: დავით ნარმანია – 46.09%, ნიკა მელია – 27.97%.

GFK-სთან დაკავშირებული სკანდალები

2014 წელს რუსეთმა უკრაინის ყირიმის რეგიონის ანექსია განახორციელა. 2014 წლის მარტში ყირიმში „რეფერენდუმი“ ჩატარდა, რომელზეც კითხვას – „მხარს უჭერთ თუ არა ყირიმის რუსეთთან შეერთებას?“ 97%-მა დადებითი პასუხი გასცა. ზუსტად ერთი წლის თავზე, გერმანულმა კომპანია GFK-მ ყირიმში საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა. კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 82% რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას იწონებდა, 11% მეტწილად მხარს უჭერდა, 2%-ის პასუხი იყო „არა“, 2%-ს კი კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა.

უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლის მონაცემებით, ყირიმის მოსახლეობის 58.3% ეთნიკურად რუსია, 24.3% – უკრაინელი, 12.1% – თათარი, 1.4% კი – ბელარუსი.

სოზარ სუბარმა კომპანია GFK-ს მიერ გადასახადებისგან თავის არიდების ფაქტზეც ისაუბრა და აღნიშნულის მაგალითად რამდენიმე წლის წინათ თურქეთში ამ კომპანიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები მოიყვანა.

2013 წლის იანვარში გერმანულმა ორგანიზაცია GFK-მ თურქეთის ფილიალში თაღლითური სქემა გამოავლინა, რომელიც გადასახადების დამალვასთან იყო დაკავშირებული. კომპანიისთვის მიყენებული ზარალის საერთო მოცულობა 21 მილიონ ევროს შეადგენდა. კომპანიამ შიდა მოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ თურქული ფილიალის მენეჯმენტი გადასახადების თავიდან აცილების სქემით მოქმედებდა და წლების განმავლობაში თაღლითური გზით კომპანიისგან სარგებლის მიღებას ცდილობდა.

აღსანიშნავია, რომ თაღლითური სქემა თავად კომპანიამ აღმოაჩინა და ინფორმაცია თურქეთის ოფიციალურ ორგანოებს თავადვე მიაწოდა.

მდგომარეობა არჩევნებამდე 2 თვით ადრე

„რუსთავი 2“-ის დაკვეთით, კომპანია GFK-ს მიერ ჩატარებული კიდევ ერთი კვლევის შედეგები 23 აგვისტოს გასაჯაროვდა. კვლევა 2-დან 18 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში პირისპირ ინტერვიუ 2 200 მოქალაქესთან ჩატარდა. კითხვაზე: „თუ ჩავთვლით, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობთ, რომელ პარტიას მისცემთ ხმას?“ პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ – 25.8%

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 25.5%

„სახელმწიფო ხალხისთვის“ – 6.9 %

„ლეიბორისტული პარტია“ – 3.7%

„თავისუფალი დემოკრატები“ – 2.9%

„პატრიოტთა ალიანსი“ – 1.6%

„დემოკრატიული მოძრაობა“ – 1.4%

„რესპუბლიკური პარტია“ – 0.5%

„გირჩი“ – 0.4%

„ახალი საქართველო“ – 0.4%

არც ერთი – 0.3%

კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა გამოკითხულთა 7.7%-მა, გამოკითხულთა 19%-ს კი გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

აღსანიშნავია, რომ კვლევის პროცესში, საველე სამუშაოების დაწყების წინ „რესპუბლიკური“ პარტიის წარმომადგენლები ჯერ კიდევ მთავრობაში იყვნენ, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“, „გირჩი“, „ახალი მემარჯვენეები“ და „ახალი საქართველო“ კი ერთ პოლიტიკურ პლატფორმად კვლევის მიმდინარეობისას გაერთიანდნენ.

თუკი GFK-ს მიერ აგვისტოში ჩატარებული კვლევის შედეგებს იმავე ორგანიზაციის მიერ ივნისში ჩატარებულ კვლევის შედეგებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი 3.5%-ით (25.8%-მდე) გაიზარდა, „ნაციონალური მოძრაობისა“ კი – 3.58%-ით (25.5%-მდე) და „ქართული ოცნების“ პროცენტულ მაჩვენებელს მხოლოდ 0.3%-ით ჩამორჩება.

თითქმის 4%-ით შემცირდა „თავისუფალი დემოკრატების“ მხარდამჭერთა რიცხვი, თითქმის 1%-ით შემცირდა „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ რეიტინგიც. ყველა სხვა პოლიტიკური პარტიის პროცენტული მაჩვენებლები კი 5%-ინი ბარიერის ქვემოთაა. თითქმის უცვლელი დარჩა გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რიცხვიც (19%).

ამასთანავე, თუ GFK-ის მიერ ჩატარებული ბოლო ორი კვლევის ტენდენციებს გავითვალისწინებთ, არ არის გამორიცხული, რომ არჩევნებზე მთავარი დაპირისპირება სწორედ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის იყოს და გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმებიც სწორედ მათ შორის გადანაწილდეს.

კვლევის შედეგებს 5%-იანი ბარიერის მიღმა დარჩენილმა პარტიებმა უნდობლობა გამოუცხადეს. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ არჩევნებში რადიკალურად განსხვავებულ რეზულტატს დადებენ.

სოციოლოგების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქართული ელექტორატის სპეციფიკის გათვალისწინებით, ძალიან რთულია კვლევის შედეგებზე იმსჯელო და მასზე დაყრდნობით არჩევნების შედეგები განსაზღვრო.

„ჩვენ უფრო ემოციურ დონეზე ვიღებთ გადაწყვეტილებებს. მაგალითად, წინასაარჩევნოდ, თუკი რომელიმე პარტიის მიმართ რაიმე კომპრომატი გამოქვეყნდა, ამომრჩეველი, სავარაუდოდ, აქედან გამომდინარე, ემოციების გათვალისწინებით მიიღებს გადაწყვეტილებას და დიდი ალბათობით, კვლევის შედეგებისგან აბსოლუტურად განსხვავებულ სურათს მივიღებთ. ამიტომ, ამ კვლევით ძალიან რთული იქნება არჩევნების შედეგების პროგნოზირება“, – აცხადებს „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში სოციოლოგი ამირან ბერძენიშვილი.

CRRC საქართველოს დირექტორის კობა თურმანიძის თქმით, ბოლო კვლევებით ცალსახად იკვეთება ორი მთავარი პოლიტიკური ძალის ჭიდილი. თუმცა, არჩევნებამდე კიდევ დიდი დროა დარჩენილი და საბოლოოდ რა შედეგი დადგება, ამის წინასწარ პროგნოზირება ძალიან რთულია.

„პარტიები, ალბათ, დიდ დროსა და რესურსს დახარჯავენ, რომ ამომრჩეველი თავისკენ შემოაბრუნონ“, – ამბობს თურმანიძე.

მისივე თქმით, კვლავ მაღალია გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რიცხვი. ამასთანავე, ცნობილია ის მოთხოვნები, რაც ამომრჩეველს აქვს. შესაბამისად, გადამწყვეტი იქნება, რომელი პარტია შესთავაზებთ მათ სხვადასხვა საკითხების გადაჭრისა და პრობლემების მოგვარების საჭირო გზებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი შანსია, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის უმრავლესობა არჩევნებზე საერთოდ არ წავიდეს. დაბალი აქტივობის შემთხვევაში კი, ცხადია, არჩევნებისა და გამარჯვებული ძალის ლეგიტიმურობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

კობა თურმანიძის განმარტებით, ბევრ ოლქში, შესაძლოა, მეორე ტურის გახდეს საჭირო. სწორედ აქ იქნება გადამწყვეტი პატარ-პატარა პარტიების ამომრჩევლის არჩევანი.

„ფეხბურთის ჩემპიონატივით საინტერესო არჩევნები გველის, როდესაც ზუსტად არ იცი, ვინ გახდება ჩემპიონი“, – განაცხადა თურმანიძემ.