იტვირთება

ნატო-ს აწ უკვე ყოფილმა გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა ახლახან რბილ ტონში, მაგრამ მაინც საკმაოდ გააკრიტიკა პრეზიდენტი ობამა. კონკრეტულად, მან გაიხსენა ის ეპიზოდი, როცა ობამა სირიის სამოქალაქო ომში ჩარევაზე ფიქრობდა და საბოლოოდ დააანონსა, რომ ჩარევა მხოლოდ მაშინ მოხდებოდა, თუკი ასადი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს გამოიყენებდა. როგორც ცნობილია, ასადმა გამოიყენა ქიმიური იარაღი, მაგრამ ობამამ გადაწყვიტა, მაინც არ ჩარეულიყო.

სადღეისოდ სირიაში ომობენ რუსები, ირანელები, თურქები, იქვე არიან ამერიკელებიც, თუმცა აქტიურად არ მონაწილეობენ. ობამას ბევრი აკრიტიკებს ჩაურევლობის გამო... სამოქალაქო ომს კი ბოლო არ უჩანს. ომის ფონზე რუსეთი სულ უფრო და უფრო აქტიურდება, ამის გამო კი კვლავაც ობამას აკრიტიკებენ. საინტერესოა, სადამდე უნდა მივიდეს ლოგიკურად ახლო აღმოსავლეთის კიდევ ერთი დიდი კრიზისი.

ისტორია

სირიას ახლო აღმოსავლეთში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეჭირა. დიდი ხნის განმავლობაში ეს მხარე ოტომანთა (თურქების) იმპერიაში შედიოდა. როგორც კი მე-19 საუკუნეში იმპერია დასუსტდა, სირიაზე მაშინვე განაცხადა პრეტენზია ეგვიპტემ – თურქების დაუმორჩილებელმა ვასალმა. სირია ერთგვარი კარიბჭე იყო აფრიკის კონტინენტიდან აზიაში და ამასთანავე, ხმელთაშუა ზღვაზეც გადიოდა. თურქებმა მაშინ სირია შეინარჩუნეს, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის შედეგად ოტომანთა იმპერია დაიშალა, ფრანგებმა და ინგლისელებმა კი ჯერ კიდევ ომის დასრულებამდე გაიყვეს იმპერიის სამფლობელოები და გარიგების შედეგად ერაყი ინგლისელებს დარჩათ, სირია კი – ფრანგებს.

არაბებმა, რომლებიც ომის დროს თურქებს აუჯანყდნენ, ეს გარიგება გააპროტესტეს – მათ ერთიანი არაბეთი სურდათ, ერაყის, სირიისა და ეგვიპტის ჩათვლით – ოღონდ, ცხადია, ამაოდ... თუმცა, საფრანგეთი მალე დასუსტდა და სირიაზე კონტროლიც დაკარგა.

1958 წელს ეგვიპტემ საწადელს მიაღწია – სირიასთან გაერთიანდა და ასე იშვა ე.წ. ერთიანი არაბული რესპუბლიკა. მაგრამ სირიელები მალე დააშინა ეგვიპტელთა ამბიციებმა და სამ წელიწადში ისინი რესპუბლიკას გამოეყვნენ.

იმ დროისთვის ცივი ომი პიკზე იყო და ამერიკასა და საბჭოთა კავშირს შორის დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ არენას სწორედ ახლო აღმოსავლეთი წარმოადგენდა. სირია მოსკოვის მხარეს გადაიხარა. ასევე, ერთი პერიოდი (1956 წლიდან მოყოლებული) მოსკოვის ბანაკში აღმოჩნდა ეგვიპტეც, მაგრამ ამ უკანასკნელს, თანდათანობით, მფარველზე გული აუცრუვდა და 70-იან წლებში საბოლოოდ გადაიხარა ვაშინგტონისკენ. სირია კი, ასე თუ ისე, მაინც მოსკოვის კლიენტად რჩებოდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც კი.

სირიის ეს მოკლე ისტორია უკვე საკმაოდ ბევრს ამბობს ამ ქვეყნის როლზე რეგიონულ და, საერთოდ, გლობალურ უსაფრთხოებაში. სტაბილური და დალაგებული სირია მეტად სასიკეთო როლს ითამაშებდა, მაგრამ თავის დროზე სირიის საზღვრები ხელოვნურად ჩამოყალიბდა და ამიტომ იქაურობას მშვიდობა არ ეწერა.

სირიის გასაკონტროლებლად ფრანგებმა მას ქრისტიანებით დასახლებული ტერიტორია ჩამოაჭრეს (ასე იშვა რუკაზე ლიბანი – სირიის კიდევ ერთი კონფლიქტის კერა), დარჩენილ ტერიტორიაზე კი უმრავლესობაში სუნიტები აღმოჩნდნენ, უმცირესობაში კი – ალავიტები, რომლებმაც საბოლოოდ ქვეყნის მართვის სადავეები აიღეს ხელში. დანარჩენი ისტორია ცნობილია.

ახლა ვნახოთ, რა ხდებოდა გასულ დღეებში სირიის გარშემო.

ირანული გამბიტი

პუტინის რუსეთისგან სიურპრიზები უკვე აღარავის უკვირს, მაგრამ ირანის მიერ რუსებისთვის ავიაბაზის დათმობამ უკვე ძალიან ბევრი ჩააგდო შოკში. ირანში დაუპატიჟებელი სტუმრები არ უყვართ და რუსები, ამ მხრივ, გამონაკლისს ნამდვილად არ წარმოადგენენ. უცხო სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების დაშვება ქვეყნის ტერიტორიაზე საერთოდაც ირანის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. რუსი სამხედროები ირანის ტერიტორიაზე 1946 წლის შემდეგ არ ყოფილან – იქ მეორე მსოფლიო ომის დროს შევიდნენ (და ინგლისელებთან ერთად მთელი ქვეყანა დაიკავეს), ომის დასრულების შემდეგ კი იქ დარჩენასა და ჩრდილოეთ ირანის აზერბაიჯანისთვის მიერთებას გეგმავდნენ და მხოლოდ ამერიკელების მკაცრი მოთხოვნის შედეგად დატოვეს ქვეყნის ტერიტორია.

ამ მცირე ისტორიული ექსკურსიდან კარგად ჩანს, რომ რუსეთსა და ირანს არც ისე კარგი ურთიერთობები უნდა ჰქონდეთ, მაგრამ სირიაში მათი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა: სუნიტური სახელმწიფოებით გარშემორტყმულ თეირანს ასადის ალავიტური რეჟიმის გადარჩენა სურს. რაც შეეხება რუსეთს, მისთვის ალავიტური თუ სუნიტური ფაქტორი მეორეხარისხოვანია, მაგრამ ასადი მისი უკანასკნელი ახლო მოკავშირეა რეგიონში, რომელიც, სხვა ყველაფერთან ერთად, რუსეთს ლამის სამუდამოდ ჰპირდება ტარტუსის ბაზას (ეს კი რუსეთის ერთადერთი ბაზაა მთელ ხმელთაშუა ზღვაზე). ასე რომ, რუსული ავიაციის მიერ ირანული ბაზის გამოყენებით სირიელი ამბოხებულების დაბომბვა თეირანმა სრულიად დასაშვებად მიიჩნია.

მაგრამ აი, ყველაფერი ისევ თავად რუსებმა გააფუჭეს. იცოდნენ რა, რომ მოსკოვისთვის ბაზების დათმობა საზოგადოებაში უკმაყოფილებას გამოიწვევდა, ირანელები ამ ამბის აფიშირებას ერიდებოდნენ და არაა გამორიცხული, საერთოდაც არ აპირებდნენ გახმაურებას. მაგრამ რუსებმა თავად ამცნეს ზარ-ზეიმით მთელ მსოფლიოს, რომ მათი ავიაცია ირანში დაეშვა.

ირანელ საზოგადოებაში ამ ამბავს უკმაყოფილება კი არა, აღშფოთებისა და ბრაზის ისეთი ტალღა მოჰყვა, რომ სულ რამდენიმე დღეში თეირანმა რუსების გასტუმრების შესახებ განაცხადა. თავდაცვის მინისტრმა პირდაპირ თქვა, რომ რუსეთმა მთელი ეს ისტორია შოუს დასადგმელად გამოიყენა, „რათა მთელი მსოფლიოსთვის დაენახვებინა, რომ ის კვლავაც ზესახელმწიფოა“. ირანის მთავრობამ საკუთარ მოსახლეობას აუხსნა, რომ რუსეთთან არც არანაირი შეთანხმება არ ყოფილა გაფორმებული, რომ ადგილი ჰქონდა თანამშრომლობას კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე და რომ ოფიციალური თეირანი თავად აპირებდა ამ თანამშრომლობის შესახებ განცხადების გაკეთებას, მაგრამ აი, მას მოსკოვმა დაასწრო, რაც მთლად ლამაზი ჟესტი არ იყო...

მოკლედ, რუსულ-ირანული თაფლობის თვე ჩაიშალა, თუმცა მხოლოდ ჯერჯერობით. საერთო ინტერესები სირიაში არსად გამქრალა და არაა გამორიცხული, რუსული ავიაცია ირანის ბაზებზე ისევ გამოჩნდეს, ოღონდ, ცხადია, ამაზე რუსებმა კრინტი აღარ უნდა დაძრან.

თურქული გამბიტი

ერდოღანის მოსკოვიდან სამშობლოში დაბრუნებიდან ორი კვირაც არ იყო გასული, რომ თურქული არმია ჩრდილოეთის მხრიდან შეიჭრა სირიაში. თითქმის ყველამ მაშინვე ჩათვალა, რომ ეს ამბავი პუტინთან შეთანხმების შედეგად მოხდა. მაგრამ სულ მალე რუსეთის საგარეო სამინისტრომ თურქეთის ქმედება გააკრიტიკა.

თურქეთის პრემიერ-მინისტრი ილდირიმი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს, ბაიდენს შეხვდა და მისგან დაპირება მიიღო, რომ ამერიკა არანაირად არ დაუჭერდა მხარს ქურთების პოზიციების გაძლიერებას ჩრდილოეთ სირიაში. მოკლედ, სირიის თაობაზე რუსეთი და თურქეთი აშკარად ვერ მორიგდნენ. სამაგიეროდ თურქეთი და ამერიკა, ბოლოს და ბოლოს, შერიგებისკენ მიდიან.

მაგრამ რას მოიტანს თურქების ახალი ინტერვენცია სირიაში?.. თუკი სხვების გამოცდილებას შევხედავთ, პერსპექტივები არც ისე დამაიმედებელია. რუსეთის ჩარევამ გარკვეული გარდატეხა შეიტანა, მაგრამ ჯერჯერობით ასადის ბედი კვლავაც ბეწვზე ჰკიდია. ალავიტებმა, გამომდინარე იქიდან, რომ უმცირესობაში არიან, ომის შედეგად გაცილებით მძიმე დანაკარგები ნახეს და თუკი კონფლიქტი გაგრძელდა (და ეს, ალბათ, ასეც იქნება), მათი პოზიციები კიდევ უფრო შესუსტდება. შესაბამისად, თუკი რუსეთს ასადის გადარჩენა სურს, უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს, მაგრამ ჯერჯერობით ის ძირითადად საჰაერო დარტყმებით შემოიფარგლება; მოსკოვში კარგად ხვდებიან, რომ სახმელეთო ოპერაციებს იმდენად დიდი დანაკარგები მოჰყვება, რომელთაც პუტინის პროპაგანდისტული მანქანაც კი ვეღარ დამალავს (როგორც ცნობილია, მხოლოდ საჰაერო ოპერაციებსაც კი უკვე არაერთი რუსი ემსხვერპლა).

სავარაუდოდ, დიდძალი მსხვერპლი ნახეს ირანელებმა, რომლებიც, რუსებისგან განსხვავებით, ხმაურისა და აფიშირების გარეშე მონაწილეობენ სირიის კონფლიქტში. ცხადია, ოფიციალური სტატისტიკა არ მოიპოვება, მაგრამ ახლახან ცნობილი გახდა, რომ ალეპოსთან მარტო ერთ შეტაკებაში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (ელიტარული და რეჟიმის ფანატიკურად ერთგული შეიარაღებული დაჯგუფება) 13 მებრძოლი დაიღუპა.

ცხადია, ერდოღანს ეს ყველაფერი კარგად ესმის, მით უმეტეს, რომ თურქებმა სირიაში უკვე ნახეს ზარალი. მაგრამ სასწორზე მათთვის კიდევ უფრო მეტი დევს, ვიდრე რუსეთისთვის. სირია, უბრალოდ, ოტომანთა იმპერიის ყოფილი მხარე არაა – აქ ცხოვრობენ თურქთა მონათესავე ხალხები, აქ იბრძვიან (და საკმაოდ წარმატებითაც) ქურთები, რომელთა გაძლიერებისაც ანკარას ძალიან ეშინია (აქვს რა ქურთული სეპარატიზმის პრობლემა), აქ არის ე.წ. ისლამური სახელმწიფოც.

წესით, თურქეთის არმიას შეზღუდული მისია უნდა ჰქონდეს – მოსაზღვრე რეგიონში, სირიის ჩრდილოეთში უსაფრთხოების სარტყლის შექმნა. ეს, რაც შეეხება წმინდა სამხედრო მისიას, თორემ, ცხადია, ამ ქმედებას სხვა მიზნებიც აქვს – მაგალითად, ჩავარდნილი პუტჩისა და მისი თანამდევი რეპრესიების შემდეგ საზოგადოების ყურადღების სირიაზე გადატანა, ჯარის ნაწილის მაინც ქვეყნის გარეთ გამწესება, მსოფლიო საინფორმაციო სააგენტოებში თურქეთზე ახალი, შედარებით პოზიტიური ნარატივის გაჩენა...

მოკლედ, სირიაში სამი დიდი სახელმწიფო იბრძვის. სირიის დაშლა, წესით, არც ერთს არ აწყობს – თურქეთსა და ირანს (აქვთ რა სეპარატიზმის პრობლემები) არც, ზოგადად, ასეთი პრეცედენტის დაშვება სურთ და არც ქურთების გაძლიერება. არც რუსეთს არ აწყობს – მას ურჩევნია, მისი მოკავშირე მთელი და უვნებელი იყოს... მაგრამ არის კი ვითარებიდან ლოგიკური გამოსავალი, სირიის დაშლის გარდა? როდემდე აპირებს ეს სამი ქვეყანა ომს?

და იქვე მეოთხე მოთამაშე – ამერიკა, კვლავაც ერთადერთი ზესახელმწიფო. ის ძირითადად ასადის ზომიერი ოპოზიციის (მათ შორის ქურთების) საჰაერო მხარდაჭერით შემოიფარგლება. შეიძლება ობამა აკრიტიკო იმის გამო, რომ თავის დროზე სიტყვას გადაუხვია, მაგრამ, მეორე მხრივ, ამერიკამ ახლო აღმოსავლეთში თავისი გაკვეთილი უკვე მიიღო – ერაყული კამპანია ზესახელმწიფოსაც კი მეტისმეტად ძვირი დაუჯდა: ათიათასობით დაღუპული და დაშავებული სამხედრო, წყალში გადაყრილი ასეულობით მილიარდი დოლარი და, რაც მთავარია, შელახული პრესტიჟი... ეს ყველაფერი საკმარისზე მეტი აღმოჩნდა ობამასთვის, რათა ერთი ჭეშმარიტება შეეცნო: ახლო აღმოსავლეთი მნიშვნელოვანი რეგიონია, მაგრამ იქ ომში ჩაბმა, ალბათ, მაინც არ ღირს. ასე რომ, დაე, ახლა ეს გაკვეთილი სხვებმა მიიღონ, მათ შორის, რუსეთმაც, რომელსაც (როგორც ირანის თავდაცვის მინისტრმა ზუსტად შენიშნა) ძალიან უნდა, რომ კვლავ ზესახელმწიფოდ ჩათვალონ...


მსგავსი სიახლეები

3069 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
24%
ყალბი ამბავი
15%
მეტწილად სიმართლე
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი