აქციაზე ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარემ, თედო ბაგრატიონმა განაცხადა: "2013 წელს სკეიტპარკის მოსაწყობად გამოყოფილი იყო 300 ათასი ლარი, მაგრამ სამუშაოები ვერ დამთავრდა. ამის შემდეგ, სამუშაოების დასრულებაზე მეორე ტენდერი გამოაცხადეს, თუმცა სამუშაოები მაინც არ არის დსრულებული".
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ სსიპ "ბათუმის ბულვარსა" და ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ შპს "სამშენებლო კომერციულ კორპორაცია ხიდს" შორის 2013 წლის 6 ივნისს გაფორმდა. მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება (დღგ-ის ჩათვლით) 289 773 ლარი იყო. სამუშაოების შესრულების ბოლო ვადად 2013 წლის 12 სექტემბერია მითითებული. საერთო ჯამში, სამუშაოების ხანგრძლივობა ოთხმოცდაათი კალენდარული დღით განისაზღვრა. იმავე წლის 23 აგვისტოს ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა.ამ ცვლილებების მიხედვით, ბათუმის ბულვარში სკეიტპარკის მოწყობის სამუშაოებზე პასუხისმგებლობა შპს "გუმბათი 7"-ს დაეკისრა. სსიპ "ბათუმის ბულვარის" ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ირაკლი კოტია ამ საკითხზე საუბრისას აცხადებს, რომ ტენდერის მიმდინარეობისას შპს "ხიდს" არანაირი პრობლემა არ ჰქონია და პრობლემები მხოლოდ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ გამოიკვეთა, რაც საბოლოოდ შპს "ხიდის" ტექნიკურ და ფინანსურ რესურსებზე წვდომის შეზღუდვით გამოიხატა. როგორც ირაკლი კოტია აცხადებს, ამის შემდეგ შპს "ხიდმა", "ბათუმის ბულვარის" თანხმობით, სამუშაოები "გუმბათი 7-ს" გადასცა.
2013 წლის 11 სექტემბერს მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა და სამუშაოების დასრულების ბოლო ვადად 2013 წლის 30 ოქტომბერი განისაზღვრა. ამ ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე კომპანიამ ხელშეკრულებით ვადა კიდევ ერთი თვით გაიგრძელა, თუმცა სამუშაოების დასრულება ისევ ვერ შეძლო და ვადა კიდევ ერთხელ გაიხანგრძლივა, ამჯერად 25 დეკემბრამდე. ბოლო ვადის ამოწურვამდე კონტრაქტორმა მშენებლობის პროცესის გახანგრძლივება კიდევ ერთხელ მოითხოვა. "ბათუმის ბულვარმა", იმ მოტივით, რომ 2013 წლის ბიუჯეტში გამოყოფილი თანხის მომდევნო წლის ბიუჯეტში გადატანა არ შეიძლებოდა, კომპანიას ამ თხოვნაზე უარი უთხრა და ხელშეკრულება გაუწყვიტა. ჯამში, 289 773 ლარიდან, შპს "გუმბათი 7"-მა 254 450 ლარი გახარჯა.
2014წელს სსიპ "ბათუმის ბულვარმა" ორი ტენდერი გამოაცხადა - 29 აპრილს და 6 მაისს. ორივე ტენდერისთვის 24 290 ლარი იყო განსაზღვრული და ტენდერის საგანს სკეიტპარკის სამუშაოების დასრულება წარმოადგენდა. ორივე ტენდერი ჩაიშალა, რადგან მათში არცერთმა კომპანიამ მონაწილეობა არ მიიღო. ირაკლი კოტია შპს "გუმბათი 7"-თან კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზებზე საუბრისას ამბობს, რომ კონტრაქტორის მხრიდან შესაბამისი საბანკო გარანტიების წარმოდგენის შემთხვევაში ბულვარის ადმინისტრაცია მზად იყო, მისთვის ვადა ისევ გაეხანგრძლივებინა, თუმცა კომპანიამ ეს დოკუმენტები დროულად ვერ წარადგინა.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წევრები აცხადებდნენ, ობიექტზე, რომლის მშენებლობა 2 წლის წინ შეწყდა, ხშირად მოზარდები თამაშობენ და იქ დატოვებული რკინის შვერილები და მწყობრიდან გამოსული ბეტონის საფარი მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ირაკლი კოტია ირწმუნება, რომ სკეიტპარკი ლენტითაა შემოსაზღვრული და დაცვის პოლიცია აღნიშნულ ობიექტზე შეღწევის საშუალებას არავის აძლევს. ფაქტ-მეტრმა სიტუაცია ადგილზე შეისწავლა და ფოტოებიც გადაიღო (იხ. ფოტოები).დაცვის ობიექტი იქ ნამდვილადაა განთავსებული, თუმცა მოზარდები სკეიტპარკის ტერიტორიით სარგებლობას მაინც ახერხებენ. ობიექტზე ყოფნის 15-20 წუთის განმავლობში დაცვის პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.
დასკვნა
ფაქტ-მეტრის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 2013 წელს სსიპ "ბათუმის ბულვარმა" სკეიტპარკის მშენებლობისთვის 289 773 ლარი გამოყო. ამ თანხიდან 254 449 ლარი, მთლიანი თანხის 88% დაიხარჯა, თუმცა კონტრაქტორმა კომპანიამ მშენებლობის დასრულება ვერ შეძლო. მომდევნო წელს გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ არ მიიღო და მშენებლობები დღემდე დაუსრულებელია.
სკეიტპარკი უკვე მწყობრიდანაა გამოსული და მისი რეაბილიტაციისა და დასრულების კონკრეტული თარიღის დასახელება სსიპ "ბათუმის ბულვარის" ადმინისტრაციაში არ შეუძლიათ.
ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, "ნაციონალური მოძრაობის" განცხადება არის სიმართლე.