ტურისტების მატებასთან ერთად, დადებითი ტენდენცია შეინიშნება სასტუმრო სექტორის ზრდის კუთხითაც. დღეს აჭარაში 328 რეგისტრირებული განთავსების ობიექტი და 15 764 საწოლი ადგილია. მნიშვნელოვანი ზრდაა საერთაშორისო მიმართულებითაც - ბათუმის აეროპორტში კვირაში 81 ფრენა 22 მიმართულებით ხორციელდება, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა".
ფაქტ-მეტრი ამ ინფორმაციის გადამოწმებას შეეცადა.
როგორც დეპარტამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, აჭარაში ტურისტების რიცხვმა მოიმატა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს 4 წლის სტატისტიკური მონაცემები აქვს გამოქვეყნებული,სადაც ტურისტების რაოდენობა ტურისტთა საინფორმაციო ცენტრების, რეგისტრირებული განთავსების ობიექტების, საწოლი ადგილების, საკრუიზო და საზღვრის კვეთის სტატისტიკის მიხედვით არის დათვლილი.
მონაცემების მიხედვით, აჭარაში რეგისტრირებულ სასტუმროებში საწოლი ადგილების და ვიზიტორების რაოდენობა 2012-დან 2015 წლის ჩათვლით მზარდია.
გრაფიკი 1:
სასტუმროებში საწოლი ადგილების რაოდენობა
წყარო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი გრაფიკი 2:სასტუმროებში ტურისტთა რაოდენობა
წყარო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
აღსანიშნავია, რომ გასულ წლებთან შედარებით, 2015 წელს შემცირების ტენდენცია ვლინდება უცხოელი ვიზიტორების მიერ საზღვრის (აეროპორტი, სარფი, პორტი) კვეთის სტატისტიკის მიხედვით:
გრაფიკი 3:
ვიზიტორების რაოდენობა საზღვრის კვეთის მიხედვით
წყარო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიაჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რეგისტრირებული განთავსების ობიექტების და საწოლი ადგილების რაოდენობა კვლევით დადგინდა. კვლევა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ განახორციელა, გამოკითხვა დეპარტამენტის მიერ შემუშავებული კითხვარით ჩატარდა. აღნიშნული კვლევა, როგორც დეპარტამენტის ოფიციალურ წერილშია ნათქვამი, 2015
წელს ჩატარდა, 2016 წლის აღწერა კი ამჟამად მიმდინარეობს და მონაცემები რამდენიმე თვეში განახლდება.
აჭარაში რეგისტრირებული სასტუმროების რაოდენობა, როგორც დეპარტამენტმა შეგვატყობინა, 2015 წელს 325 იყო, თუმცა მას წელს კიდევ სამი ობიექტი დაემატა და 328 გახდა. ამიტომ, მამუკა ბერძენიშვილის განცხადება, რეგისტრირებული განთავსების ობიექტების რიცხვის ზრდის შესახებ, სწორია.აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში ფაქტ-მეტრს ასევე განუმარტეს, რომ საზღვრის კვეთის სტატისტიკურ მონაცემებში ვიზიტორები და არა ტურისტებია ნაგულისხმევი (ტურისტად ის ვიზიტორი ითვლება, რომელმაც ქვეყანაში 24 საათზე მეტი გაატარა). ტურისტების შემოსვლის ზუსტი სტატისტიკა უწყებას ამ დროისთვის არ აქვს.
რაც შეეხება მამუკა ბერძენიშვილის განცხადებას საერთაშორისო ფრენების შესახებ, მისი გადამოწმების მიზნით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს დავუკავშირდით. ამირან მამალაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბათუმის აეროპორტში ფრენების რაოდენობა კვირეების მიხედვით განსხვავებულია. ივლისის ბოლო კვირას, როცა ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ აღნიშნული განცხადება გააკეთა, მართლაც, 81 საერთაშორისო ფრენა 22 მიმართულებით განხორციელდა. აგვისტოს პირველი კვირის განმავლობაში კი, ფრენების რიცხვი 85 იყო.
დასკვნააჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის განცხადება რეგისტრირებული განთავსების ადგილების (სასტუმროების) და საწოლი ადგილების ზრდის შესახებ დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს შეესაბამება. კვლევა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ჩაატარა, გამოკითხვა დეპარტამენტის მიერ შემუშავებული კითხვარით ჩატარდა.
მამუკა ბერძენიშვილის მიერ დასახელებული მონაცემები ბათუმიდან საერთაშორისო ავიარეისების შესახებ ზუსტია. რაც შეეხება ტურისტების რიცხვის ზრდის ტენდენციას, სასტუმროებში ტურისტების რიცხვის ზრდა მართლაც ფიქსირდება, თუმცა ტურისტების ზუსტი რიცხვის შესახებ სრული მონაცემები არც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს მოეპოვება და არც საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს. ცნობილია მხოლოდ აჭარაში შემომსვლელ ვიზიტორთა მიერ საზღვრის კვეთის მონაცემები, რომელიც 2015 წელს, წინა წლებთან შედარებით, შემცირებულია.
ამდენად, მამუკა ბერძენიშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.