სხვადასხვა ოფიციალური მონაცემების მიუხედავად, ქუთაისი დღემდე საქართველოს მეორე ქალაქად რჩება. მურღულიას თქმით, ქუთაისი სტუდენტების, მოსწავლეებისა და ლექტორ-მასწავლებლების რაოდენობით საქართველოში მეორე ადგილზეა. მერის განცხადებით, ქუთაისს მოსახლეობა ძირითადად 2011 წლამდე ტოვებდა და ახლა მსგავსი ტენდენცია აღარ არის.
ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
შოთა მურღულიას განცხადებით, იგი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მიერ ჩატარებული საყოველთაო აღწერის მონაცემებსეყრდნობოდა. მერი დასძენს, რომ ქუთაისის მოსახლეობა რაოდენობით ჩამორჩება ბათუმისას, თუმცა ეს ბათუმის მიერ ხელვაჩაურის ტერიტორიების მიერთების ხარჯზე მოხდა.
ჩვენ გადავწყვიტეთ გადაგვემოწმებინა, თუ როგორია ქუთაისის მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა 2002-დან 2015 წლის ჩათვლით, საქსტატის მონაცემების თანახმად.
ცხრილი 1:
ქუთაისის მოსახლეობის რაოდენობა (ათასი კაცი)
2002 | 2003 | 2004 | 2005 | 2006 | 2007 | 2008 | 2009 | 2010 | 2011 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 |
186.0 | 184.7 | 183.8 | 184.5 | 190.1 | 189.7 | 188.6 | 188.6 | 193.6 | 195.7 | 196.6 | 196.7 | 149.0 | 147.8 |
2011 წელს, საქართველოს მთავრობის განკარგულებით,
ბათუმს ხელვაჩაურის და მახინჯაურის მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში მყოფი დასახლებები მართლაც შეუერთდა. საქსტატის მონაცემებით, ბათუმის მოსახლეობა 2013 წლიდან იმატებს.
ცხრილი 2:
ბათუმის მოსახლეობის დინამიკა (ათასი კაცი)
2002 | 2003 | 2004 | 2005 | 2006 | 2007 | 2008 | 2009 | 2010 | 2011 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 |
121.8 | 121.0 | 120.2 | 121.2 | 122.1 | 122.2 | 122.2 | 122.5 | 123.9 | 125.0 | 147.8 | 160.0 | 153.3 | 153.8 |
მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის მოსახლეობის რიცხვი რამდენიმე ოლქის შეერთების ხარჯზე გაიზარდა,
საქსტატის მიერ საიტზე განთავსებულ საშუალო წლიურ სტატისტიკურ მონაცემებს თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ბათუმის მოსახლეობამ ქუთაისისას მხოლოდ 2014-2015 წლებში გადააჭარბა. შესაბამისად, 2014 წლიდან ბათუმი საქართველოში (თბილისის შემდეგ) სიდიდით მეორე ქალაქი გახდა.
ჩვენ მოსწავლეთა, სტუდენტთა და ლექტორ-მასწავლებელთა რაოდენობრივი მონაცემებიც მოვიძიეთ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, მოსწავლეთა რაოდენობა 2014-2015 სასწავლო წელს ქალაქ ბათუმში 26 621-ს, ქუთაისში - 26 644-ს, თბილისში კი 117 581-ს შეადგენდა. 2015-2016 სასწავლო წლის დასაწყისში ქუთაისი ბათუმსა და თბილისს ჩამორჩებოდა და რიგით მესამე იყო მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით - ბათუმში მოსწავლეთა რაოდენობა 27 239 იყო, ქუთაისში 27 070, ხოლო თბილისში 180 612. საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციისგათვალისწინებითაც, ქუთაისი მოსწავლეთა რაოდენობით მესამე ადგილზეა.
რაც შეეხება პედაგოგთა რაოდენობას, სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2 407, ბათუმში კი 2 219 მასწავლებელი ფიქსირდება. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან მოწოდებული ინფორმაციისთანახმად, ქალაქ ბათუმში 9 968 სტუდენტი და 719 პროფესორი, ხოლო ქუთაისში 12 054 სტუდენტი და 842 პროფესორი ფიქსირდება.
ქუთაისის მერი განცხადების ბოლო ნაწილში მოსახლეობის ქალაქიდან გადინების დინამიკაზეც საუბრობს და ამბობს, რომ 2011 წლიდან, ქალაქიდან გასული ხალხის რაოდენობამ იკლო. ზემოთ მოყვანილ ცხრილზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ 2011-დან 2013 წლის ჩათვლით ქუთაისის მოსახლეობა იზრდებოდა. დეტალური ინფორმაციისთვის ჩვენ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ქუთაისის ფილიალს დავუკავშირიდით. როგორც ორგანიზაციის მობილობის ცენტრის კოორდინატორმა ნუგზარ კოხრეიძემ ფაქტ-მეტრთან საუბრისას აღნიშნა, მიგრანტების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მოპოვება შეუძლებელია, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოდან საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული ადამიანები ქვეყნიდან გასვლის კანონიერ გზებს იშვიათად მიმართავენ. ორგანიზაციას არ გააჩნია ზუსტი მონაცემები, თუ რამდენმა ადამიანმა დატოვა ქუთაისი უცხოეთში სამსახურის ძიების მოტივით. რაც შეეხება საქართველოს სხვა ქალაქებში სასწავლებლად, სამუშაოდ ან საცხოვრებლად გადასულ ქუთაისელებს, მათი რიცხვი აქაც დაუდგენელია, რადგანაც უმრავლესობა რეგისტრაციის ადგილს არ იცვლის და მათ მუდმივ საცხოვრებელ ადგილად კვლავ ქუთაისი ითვლება.
2014 წელს საქართველოში ჩატარებული საყოველთაო აღწერის მონაცემებით, ქუთაისის მოსახლეობა 2011-დან 2014 წლამდე იმატებს, ხოლო 2014-2015 წლებში კლების ტენდენცია შეინიშნება. თუმცა, შეუძლებელია იმის დამტკიცება, რომ ამ წლების მანძილზე ადგილობრივების გადინება არ მომხდარა, ან პირიქით - ადგილი ჰქონდა დიდ მიგრაციულ ნაკადს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სტატისტიკის სამსახური არ ითვლის, თუ რამდენი ადამიანი გადის ამა თუ იმ ქალაქიდან. თუმცა, საქსტატის ვებგვერდზე შეგვიძლია ვნახოთ,თუ რამდენი ადამიანი გავიდა საზღვარგარეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 2002-დან 2014 წლამდე.
დასკვნა ქუთაისის მერის განცხადება სამი ძირითადი პუნქტისაგან შედგება, რომელთა საფუძველზეც იგი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ქუთაისი კვლავ საქართველოს რიგით მეორე ქალაქია. სიმართლეს შეესაბამება მერის განცხადება, რომ ქუთაისი სტუდენტებისა და ლექტორ-მასწავლებლების რაოდენობით ბათუმს უსწრებს (მაგრამ, თითქმის თანაბარია ბათუმსა და ქუთაისში რეგისტრირებულ მოსწავლეთა რაოდენობა). ასევე ის, რომ 2011 წლიდან ბათუმის მოსახლეობამ ორი ოლქის მიერთების ხარჯზე მოიმატა. თუმცა, საქსტატის განახლებული ინფორმაციით, გასული ორი წლის მანძილზე მოსახლეობის რაოდენობით საქართველოს ქალაქებს შორის პირველ ადგილზე თბილისია, მეორეზე ბათუმი, ხოლო ქუთაისმა მესამე ადგილზე გადაინაცვლა.
მერის განცხადების იმ ნაწილის გადამოწმება, რომელიც ქალაქიდან მიგრაციის შემცირებას ეხება, შეუძლებელი აღმოჩნდა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, შოთა მურღულიას განცხადება არის ნახევრად სიმართლე.