იტვირთება

"

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ტუღუში კონსტიტუციაში ევროატლანტიკური მისწრაფების განსაზღვრის ინიციატივას გამოეხმაურა და შემდეგი განცხადება გააკეთა: "რაც შეეხება უსუფაშვილის ინიციატივას, რომ კონსტიტუციაში დაფიქსირდეს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება და ევროკავშირში გაერთიანება, ეს ინიციატივა ენმ-ს 2013 წელს ჰქონდა, რომელსაც "ქართულმა ოცნებამ" და მასში შემავალმა "რესპუბლიკურმა პარტიამ" მაშინ მხარი ცალსახად არ დაუჭირა".

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

გიორგი ტუღუშის განცხადება პარლამენტის თავმჯდომარისა და რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, დავით უსუფაშვილის ინიციატივას ეხება, რომლის შესახებაც 12 აგვისტოს გახდა ცნობილი. უსუფაშვილის თქმით, მის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის შემთხვევაში, კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა ევროატლანტიკურ სისტემაში სრულყოფილი ინტეგრაცია, რაც წერტილს დაუსვამს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მოთხოვნას,

 საქართველოს ე.წ. "უბლოკო" სტატუსის შესახებ.

პროდასავლური საგარეო კურსის კანონმდებლობაში ასახვის ინიციატივა ადრეც გაჟღერდა. 2013 წლის 30 იანვარს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" სამპუნქტიანი საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინა, რომელის დამტკიცების შემთხვევაშიც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება და რუსეთის მეთაურობით შექმნილ ორგანიზაცებში შესვლის აკრძალვა კონსტიტუციით გარანტირებული უნდა ყოფილიყო. ამ საკითხს საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკშვილიც გამოეხმაურა

და ხელისუფლებას ენმ-ს მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდა. საბოლოოდ, კანონპროექტის ინიცირება საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ბარამიძემ მოახდინა.

ენმ-ის მიერ შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" მხარი არ დაუჭირა. საპასუხოდ კი, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ საერთო დოკუმენტის შემუშავების ინიციატივა დააყენეს. 2013 წლის 30 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში დავით უსუფაშვილმა საპარლამენტო ფრაქციებს ერთობლივი მუშაობისკენ და საგარეო კურსზე ინტერფრაქციული შეთანხმების მიღებისკენ

მოუწოდა. სახელისუფლებო კოალიციის წარმომადგენლები მიიჩნევდნენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების გატარება საჭირო არ იყო, ვინაიდან ინტერპარტიული დეკლარაცია ქვეყნის საგარეო კურსის კანონმდებლობაში დაფიქსირების მოთხოვნას ზუსტად პასუხობდა.

ენმ-ის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნის მიუხედავად, 2013 წლის 7 მარტს, საქართველოს პარლამენტმა 96 ხმით, ერთხმად მიიღო ცხრამეტპუნქტიანი რეზოლუცია,

რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტურ  მიმართულებებს განსაზღვრავდა.

დასკვნა

კონსტიტუციაში პროდასავლური კურსის განსაზღვრის ინიციატივა პირველად მართლაც "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" მოითხოვა და 2013 წლის 30 იანვარს პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივაც წარადგინა, რასაც კოალიცია "ქართული ოცნების" მხრიდან მხარდაჭერა არ მოჰყოლია. "რესპუბლიკური პარტია" იმ პერიოდში სახელისუფლებო გაერთიანებაში შემავალი სუბიექტი იყო, შესაბამისად, განსხვავებული პოზიცია არც მათ დაუფიქსირებიათ. ენმ-ის საკონსტიტუციო ცვლილებების მოთხოვნის საპასუხოდ, დავით უსუფაშვილი საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ ინტერფრაქციული დეკლარაციის მიღების ინიციატივით გამოვიდა, რაც მოგვიანებით პარლამენტმა ერთხმად მიიღო.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი ტუღუშის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

3044 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
ყალბი ამბავი
15%
მეტწილად სიმართლე
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი