პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გოგი წულაიამ განაცხადა, რომ ქუთაისის მერია წინასაარჩევნოდ მოქალაქეებს სხვადასხვა ა(ა)იპ-ებში (არასამეწარმეო, არამომგებიანი იურიდიული პირი) ასაქმებს. მისი თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ა(ა)იპ-ებში მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" ის წევრები დაასაქმა, რომლებსაც სამსახურებს ჯერ კიდევ წინა არჩევნების დროს დაპირდნენ. "ამ ხელისუფლებას რამე მოთხოვო, ეს არის წყლის ნაყვა და მეტი არაფერი. მე მოსახლეობას მინდა მივაწოდო ინფორმაცია, რომ ქუთაისის მერიამ ა(ა)იპ-ებში "ქართული ოცნების" წევრები ჩვენი ბიუჯეტიდან დაასაქმა. ისედაც გადატვირთული მერია კიდევ უფრო დატვირთეს ახალი თანამშრომლებით... ოთხმოცდაათამდე ადამიანი მიიღეს, რადგან არჩევნები მოდის და გაბრაზებული მომხრეები შემოირიგეს" - აღნიშნა
წულაიამ.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ჩვენ ქუთაისში მოქმედი ყველა ა(ა)იპ-ის საშტატო განრიგით დავინტერესდით. ქუთაისში სულ 14 ა(ა)იპი-ა, რომლის დამფუძნებელი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაა. ჯამში, ამ ორგანიზაციებში (როგორც შტატიანი ისე შტატგარეშე) 4 ათასამდე ადამიანია დასაქმებული. ახალი ხელისუფლების პირობებში, ანუ 2012 წლიდან, 8 ა(ა)იპ დაფუძნდა. გასულ წელს მერიამ ორი ახალი ა(ა)იპ დააფუძნა - ქალაქ ქუთაისის ხელბურთის კლუბი "ქუთაისი 2015" და "ოქროს ჩარდახი". ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, მერიის მიერ მოწოდებულ საჯარო ინფორმაციაშიარ არის აღნიშნული მიმდინარე წელს რომელ ა(ა)იპ-ში რამდენი თანამშრომელი მიიღეს.
ჩვენ თავად განცხადების ავტორს, გოგი წულაიას დავუკავშირდით და მის მიერ მოყვანილი მონაცემების წყაროს შესახებ ვკითხეთ. როგორც წულაიამ განმარტა, აღნიშნული ინფორმაცია მან მერიიდან თავად გამოითხოვა. მერიის მიერ მისთვის 23 ივნისს მიწოდებულ საჯარო ინფორმაციაში 2016 წელს მერიასა და ა(ა)იპ-ებში ახალმიღებული თანამშრომლების შესახებ ცნობებია მოცემული.წერილის მიხედვით, რომელსაც ხელს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია აწერს, 2016 წელს ქუთაისის მუნიციპალიტეტსა და მის მიერ შექმნილ ა(ა)იპ-ებში მოვალეობის შემსრულებლად და შტატგარეშე თანამშრომლად 79 ადამიანი დაინიშნა.
ცხრილი 1: 2016
წელს ა(ა)იპ-ებში დანიშნულ თანამშრომელთა რაოდენობა
სამსახ. დასახელება | შტატგარეშე | დროებით მ.შ. |
ქუთაისის მერია | 3 | 10 |
ააიპ "სპეც. სერვისები" | 30 | 0 |
ააიპ "სახელოვნებო დაწეს." | 15 | 0 |
ააიპ "ბაგა-ბაღები" | 12 | 0 |
ააიპ "მადლიერების სახლი" | 2 | 0 |
ააიპ "სპორტული დაწეს." | 17 | 0 |
დასკვნა ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით დადგინდა, რომ მიმდინარე წელს ქუთაისის მერიაში და მასზე დაქვემდებარებულ ა(ა)იპ-ებში ახალი თანამშრომლები (ძირითადად შტატგარეშე პოზიციებზე) მართლაც მიიღეს. წელს მერიამ დროებით მოვალეობის შემსრულებლად და შტატგარეშე თანამშრომლად 79 ადამინი მიიღო. ფაქტ-მეტრი დანამდვილებით ვერ ამტკიცებს, რომ ეს ადამიანები "ქართული ოცნების" მხარდამჭერები არიან ან მათ სამსახურს წინა არჩევნებზე პირდებოდნენ. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ საარჩევნო წელს ქალაქის მერიის მიერ მასზე დაქვემდებარებულ ა(ა)იპ-ებში ოთხმოცამდე ახალი თანამშრომლის მიღება ნამდვილად დასტურდება, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ გოგი წულაიას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
თეგები: