იტვირთება

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ტელეკომპანია "რიონის" ეთერში, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას, ე.წ. მოძრაობის მარეგულირებელი კუნძულების თემა გაიხსენა და განაცხადა,

რომ მიუხედავად ოპოზიციის აქციებისა, დღეს ქუთაისში მოწყობილი მარეგულირებელი კუნძულები ყველას მოსწონს. "მარეგულირებელი კუნძულები – ჯვარს გვაცვეს პირდაპირ, როგორ შეიძლებოდა ამის გაკეთებაო – მიტინგებით გამოდიოდნენ, გვლანძღავდნენ. ახლა ყველას მოსწონს. რა ლამაზია თურმე, ჰექტარი სიმწვანე შეიქმნა ქალაქში, სიმწვანე, რომელიც ქალაქს აკლია. მოძრაობა დარეგულირდა, ავარიები მნიშვნელოვნად შემცირდა… ეს იაფი არ ჯდება, მაგრამ გაალამაზა ქალაქი" – აღნიშნა მურღულიამ.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რა ფართობის მწვანე საფარი შეემატა ქალაქს და გამოიწვია თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევების კლება ზემოაღნიშნული კუძულების მოწყობამ.

ქუთაისში მოძრაობის მარეგულირებელი კუნძულების ასაშენებლად საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2015 წლის დასაწყისში 400 ათასი ლარი გამოიყო. მერიამ 10 ადგილას 24 მარეგულირებელი კუნძულის მოსაწყობად ტენდერი ორჯერ გამოაცხადა. ორივე ტენდერი შპს "ზაზომ" მოიგო. მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე "ზაზომ" კუნძულების მოწყობა დაახლოებით ორ თვეში დაასრულა. ჯამში, სამუშაოები 358 172 ლარი დაჯდა. მარეგულირებელი კუნძულების მოწყობა ოპოზიციური პარტიის, "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელმა გოგი წულაიამ მალევე გააპროტესტა. "

მაღლაკის დასახელებაში, მას შემდეგ, რაც კუნძულები გააკეთეს, 8 ავარია დაფიქსირდა. კიდევ კარგი, ამას მსხვერპლი არ მოჰყოლია… ეს არის თვითნებურად გაკეთებული უსაფრთხოების კუნძულები. კუნძულების გაკეთებას შესწავლა სჭირდება, თუ სად, რა ზომის და ფორმის უნდა იყოს" – განაცხადა მაშინ გოგი წულაიამ.

ფაქტ-მეტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო წლებში ქუთაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების (ქუჩების მიხედვით) სტატისტიკის მოწოდება სთხოვა. უწყების მიერ გამოგზავნილი წერილიდან

 ირკვევა, რომ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მონაცემებს ცალკეული ქუჩების მიხედვით არ ითვლის. საერთო სურათი კი, ბოლო წლების განმავლობაში ასე გამოიყურება:

image

ქუთაისში მოძრაობის მარეგულირებელი კუნძულები ექსპლუატაციაში 2015 წლის მეორე ნახევრიდან შევიდა. შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, I-II კვარტალში 2012 წელს 77 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, 2013 წელს – 88, 2014 წელს – 99, 2015 წელს კი – 111. ხოლო, 2016 წელს, იმავე პერიოდში, 97 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ამდენად, 2014 და 2015 წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით წლევანდელი შემთხვევები რამდენიმე ერთეულით ნაკლებია. ამავე დროს, გასათვალისწინებელი ფაქტორია, რომ სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რაც დადებით კორელაციაშია ავტოსაგზაო შემთხვევების ოდენობასთან.

რაც შეეხება ქალაქს შემომატებულ ერთ ჰექტარ მწვანე საფარს, სამუშაოების წარმოების პერიოდში მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ საერთო ჯამში 2 472 მ2

 ფართობის მოძრაობის მარეგულირებელი კუნძული მოეწყობოდა. სამუშაოების შემსრულებელი ფირმის, შპს "ზაზოს" დირექტორმა მერაბ ტყეშელაშვილმა ფაქტ-მეტრთან საუბრისას აღნიშნა, რომ ზუსტად არ დაუთვლიათ, თუმცა კუნძულების გამწვანების ზონაში მითითებულ ფართობზე გაცილებით მეტი ტერიტორია მოექცა.

ქუთაისის მერიის მიერ ფაქტ-მეტრისთვის მოწოდებულ ოფიციალურ წერილში ქალაქისთვის დამატებით შექმნილი მწვანე საფარის ფართობი დაზუსტებულია. წერილში ნათქვამია, რომ კუნძულების მოწყობის შედეგად ქუთაისს ჰექტარზე მეტი მწვანე საფარი დაემატა – კერძოდ, გამარჯვების მოედანზე 2 472 მ2 და ნიკეას ქუჩაზე (რომელიც ჯერ კიდევ რეაბილიტაციის პროცესშია) – 7 780 მ2.

 როგორც ჩანს, შოთა მურღულია უკვე არსებული კუნძულების მწვანე საფარის ფართობთან ერთად, პროექტით გათვალისწინებულ, მომავალში მოსაწყობ გასამწვანებელ ადგილებსაც გულისხმობდა.

ქუთაისის მერიის ოფიციალურ ცნობაში ასევე წერია, რომ ქალაქი ახალი მარეგულირებელი კუნძულების მწვანე საფარის მოვლა-პატრონობისათვის დამატებით ხარჯს არ გასწევს. ამის გასარკვევად ქუთაისის ბოლო ორი წლის ბიუჯეტი

 შევადარეთ. 2015 წლის ბიუჯეტში გამწვანებისა და არსებული მწვანე საფარის მოვლა-პატრონობისთვის 662.7 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, 2016 წლის ბიუჯეტში ეს თანხა 37.3 ათასი ლარით გაიზარდა, თუმცა, ქუთაისის მერიის პრესცენტრში დაგვიზუსტეს, რომ ბიუჯეტს ამ პუნქტში თანხა ნინოშვილის სკვერის მოსაწყობად დაემატა და გაზრდილი მწვანე საფარის მოვლისთვის არ არის გამიზნული.

ქუთაისის გამწვანების, სკვერების მოვლა-პატრონობისა და კეთილმოწყობისათვის 2016 წლის ბიუჯეტში

 სულ 700 ათასი ლარია გამოყოფილი. ტენდერში გამარჯვების შემდეგ ამ საქმიანობას შპს "ქალაქსერვისი" ახორციელებს. "ქალაქსერვისის" დირექტორი დავით ბეშკენაძე ამბობს, რომ მათი მოვალეობაა ქალაქში არსებული სკვერების, გაზონების, გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობა, რაც დაახლოებით 300 000 კვ. მეტრს მოიცავს და ამაში მარეგულირებელი კუნძულების მომსახურებაც შედის. მათი მოვლისთვის ბიუჯეტში ცალკე  თანხა არ გაწერილა.

დასკვნა

ქუთაისის მერი 2015 წლის მეორე ნახევრიდან ექსპლუატაციაში შესულ მოძრაობის მარეგულირებელ კუნძულებზე საუბრისას აცხადებდა, რომ მათმა მონტაჟმა ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვი მნიშვნელოვნად შეამცირა. შსს-ს მონაცემებით, წინა წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით, ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევების კლება მართლაც ფიქსირდება, თუმცა, ფაქტ-მეტრი ცალსახად ვერ დაადასტურებს, რომ სტატისტიკურ მონაცემებში არსებული კლების მაჩვენებლები უსაფრთხოების კუნძულების მშენებლობის დამსახურებაა. ასევე, რთული სათქმელია, რამდენად "მნიშვნელოვნადაა" შემცირებული ეს მაჩვენებელი. ეს საკითხი დამატებით ინფორმაციას და უფრო დეტალურ კვლევას საჭიროებს, რასაც მომავალში შევეცდებით.

ქუთაისის მერიის ოფიციალური ცნობით და "ქალაქსერვისის" ინფორმაციით დასტურდება, რომ ქუთაისს შემომატებული მწვანე საფარის მოვლა-პატრონობისთვის ქალაქის ბიუჯეტი დამატებით ხარჯს არ გასწევს.

რაც შეეხება ქუთაისისთვის შემატებულ ერთ ჰექტარ სიმწვანეს, ნიკეას ქუჩის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ქუთაისი ამ ფართობის დამატებით მწვანე საფარს მართლაც მიიღებს.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, შოთა მურღულიას განცხადება არის სიმართლე.

რედაქტორის შენიშვნა: ამ სტატიის თავდაპირველი ვერსია მიმდინარე წლის 29 აგვისტოს გამოქვეყნდა. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ჩვენ ქუთაისის მერიიდან დაგვიკავშირდნენ და ქალაქის მერის, შოთა მურღულიას არგუმენტები მოგვაწოდეს. ფაქტ-მეტრის რედაქციამ აღნიშნული არგუმენტები გაიზიარა, შესაბამისად, სტატია განახლდა და ვერდიქტიც შეიცვალა.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

3212 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი