"ქვეყნის ექსპორტი წინა წელთან შედარებით, შემცირდა 12%-ით. მაგრამ თუ გავიხსენებთ, რომ გასულ წელსაც ხდებოდა ექსპორტის კლება, 2014 წელთან შედარებით, 2016 წლის მიმდინარე შვიდ თვეში ექსპორტმა იკლო 33%-ით. ეს არის ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი".
ფაქტ-მეტრმა რომან გოცირიძის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
ექსპორტის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) აქვეყნებს. საქსტატის მონაცემებით,2016 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში, ექსპორტმა 1.12 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, 2015 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი 1.26 მილიარდი დოლარი იყო, 2014 წელს კი 1.66 მილიარდი. 2016 წლის შვიდი თვის მონაცემებით, ექსპორტი 2015 წელთან შედარებით 12%-ით, ხოლო 2014 წელთან შედარებით 33%-ით არის შემცირებული.
საინტერესოა, რომელ ქვეყნებთან შემცირდა ექსპორტი და რა პროდუქციაზე შეინიშნება მნიშვნელოვანი კლება.
2014წელთან შედარებით, ჩინეთის გარდა, ფაქტობრივად, ყველა ძირითად სავაჭრო პარტნიორთან ექსპორტი შემცირებულია. ჯამში, ექსპორტი 543 მილიონი დოლარით შემცირდა. აქედან, დსთ-ის ქვეყნებში ის 526 მილიონით, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებში 87 მილიონით შემცირდა. დანარჩენ ქვეყნებში კი, ექსპორტი 70 მილიონით გაიზარდა. ცალკე აღებულ ქვეყნებს თუ ვნახავთ, დიდი კლებაა აზერბაიჯანთან ვაჭრობაში. 2014 წელთან შედარებით, ექსპორტი 279 მილიონი დოლარით შემცირდა. სომხეთში გატანილი საქონელი 91 მილიონითაა შემცირებული, აშშ-ში 72 მილიონით, რუსეთში 59 მილიონით, უკრაინაში კი, 58 მილიონით. ექსპორტის ზრდა ფიქსირდება ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ჩინეთი - 65 მილიონი დოლარით, უზბეკეთი - 26 მილიონით, კანადა - 15 მილიონით.
2015წელთან შედარებით, ძირითად სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან, ექსპორტი გაიზარდა მხოლოდ რუსეთსა და ჩინეთში. ჩინეთში ექსპორტი 41 მილიონი დოლარით გაიზარდა, რუსეთში კი, 16 მილიონით. დანარჩენ ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან ექსპორტის მოცულობა შემცირებულია.
გრაფიკი 1:
ექსპორტის მოცულობა ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან (მლნ დოლარი)
წყარო: საქსტატი
მთლიანი ექსპორტის შემცირება ძირითადი საექსპორტო პროდუქციის შემცირების შედეგია. 2014 წელთან შედარებით, აღსანიშნავია მსუბუქი ავტობომილების ექსპორტის მნიშვნელოვნად შემცირება. 2014 წელს 331 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილები გავიდა ექსპორტზე, 2016 წელს კი 86 მილიონის ღირებულების. ეს, ძირითადად, 2014 წელს აზერბაიჯანში დაწესებული რეგულაციის შედეგია, რის მიხედვითაც, აზერბაიჯანში 2005 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი აიკრძალა. სწორედ ავტომობილების ექსპორტის შემცირებამ გამოიწვია აზერბაიჯანის ნომერ პირველი საექსპორტო ქვეყნიდან მეექვსე ადგილზე გადანაცვლება. 2014 წლიდან ყოველწლიურად მცირდება ფეროშენადნობების ექსპორტი. ასევე, ორი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით, ღვინის ექსპორტი 44%-ით არის შემცირებული, რაც რუსეთსა და უკრაინაში არსებული კრიზისითაა გამოწვეული. მინერალური და მტკნარი წლის ექსპორტი 45% შემცრიდა, სასუქის 43%-ით. 2014 წელთან შედარებით, 158%-ით გაიზარდა თხილისა და კაკლის ექსპორტი, 140%-ით ოქროს, 3%-ით კი, სპილენძის მადანის.
გრაფიკი 2:
ექსპორტის მოცულობა ძირითადი საქონლის მიხედვით (მლნ დოლარი)
წყარო: საქსტატი
დასკვნა
ფაქტ-მეტრმა ერთმანეთს 2014, 2015 და 2016 წლის იანვარ-ივლისის ექპორტის მონაცემები შეადარა. საქსტატის მონაცემებიდან ჩანს, რომ ექსპორტი უკვე ორი წელია მცირდება. 2016 წლის ექსპორტი 12%-ით ნაკლებია, წინა წლის მაჩვენებელზე, ხოლო 2014 წლის ანალოგიურ პერიოდს 33%-ით ჩამორჩება. ბოლო 2 წელიწადში, ექსპორტის კლებაში დიდი როლი ავტომობილების ექსპორტის 244 მილიონი აშშ დოლარით კლებამ ითამაშა. ჯამში კი, ორი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით, ექსპორტი 543 მილიონი დოლარით არის შემცირებული.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის სიმართლე.